პატრიოტებით სავსე ერი - სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა დეფიციტს განიცდის

პატრიოტებით სავსე ერი - სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა დეფიციტს განიცდის

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, აქტუალური გახდა კითხვა, რატომ გადაიზარდა პატრიოტიზმი ცრუ პატრიოტიზმში, რატომ ვიბრძვით მონობისთვის, როცა სიტყვით თავისუფლებისთვის მებრძოლნი ვართ და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში მცირეა ნამდვილი პატრიოტების რაოდენობა, მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც განვითარების და წინსვლის ქვაკუთხედს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ნიშნავს სამშობლო, სახელმწიფო, პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრივად აზროვნება და ა.შ. სახელმწიფო არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მუდმივად სახლობენ ფიქსირებულ ტერიტორიაზე, აქვთ საერთო კანონი, ჰყავთ მთავრობა და ჩართულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებში. სახელმწიფო დაფუძნებული უნდა იყოს სამართლიანობასა და თანასწორობაზე, სახელმწიფო და ქვეყანა, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის სინონიმებს წარმოადგენს.

სამშობლო ეს გახლავთ ადგილი, სადაც დაიბადა ადამიანი, რომელ მხარესთანაც ის მჭიდროდ არის დაკავშირებული კულტურულად, რელიგიურად ისტორიულად. გარკვეული სახელმწიფოს (ქვეყნის) მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ ის შენი სამშობლო არის. პატრიოტიზმი, პირველ რიგში, სამშობლოს სიყვარულია. ის წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „პატრი“ რაც ქვეყანას ნიშნავს, პატრიოტიზმი უფრო ემოციური მოვლენა არის და ადამიანი ფსიქოლოგიურად მიჯაჭვულია საკუთარ სამშობლოს.

ისევე, როგორც სხვა ტერმინების, ერთი კონკრეტული განმარტება არ არსებობს, ასევე არ აქვს კონკრეტული განმარტება სახელმწიფოებრივად აზროვნებას, ზოგადად, კი, ის კანონმორჩილ მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანს ნიშნავს, რომლის უმაღლეს ღირებულებას სახელმწიფო წარმოადგენს. სახელმწიფოებრივად აზროვნების დადებით შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ თუ ის მასობრივი იქნება და საკუთარ თავში გააერთიანებს ადამიანთა საკმაოდ დიდ ჯგუფს.

პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრივად აზროვნება, ეს ორი ცნება განვითარებულ საზოგადოებაში, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენა გახლავთ. ამ მხრივ რა ხდება საქართველოში? გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის 95% „პატრიოტია“ (10% სახელმწიფოებრივად მოაზროვნე) მათმა დიდმა რაოდენობამ რეალურად არც კი იცის, რას ნიშნავს პატრიოტიზმი. ეს ნიშნავს საქმეს და არა სიტყვას. (ჩვენ კი ხშირ შემთხვევაში სწორედ სიტყვით გამოვხატავთ პატრიოტიზმს და არა საქმით) პატრიოტიზმის საკმაოდ ვრცელი და მრავალმხრივი გამოვლინება გვხვდება იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, კერძოდ კი ქართულ სუფრაზე. ასევე ჩვენს პატრიოტებით სავსე ერისთვის უცხოა სახელმწიფოებრიობის ცნება, არ იციან ანბანი, ცნობილი ისტორიული მოვლენები, საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების გზა და ა.შ.

პატრიოტიზმი ნიშნავს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს და არა სიძულვილს, ჩვენი „პატრიოტებით“ სავსე ქვეყანა მწვავედ განიცდის სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა დეფიციტს. ეს პარადოქსი, მაგრამ რეალობა გახლავთ. თუ გადავხედავთ და შევიცნობთ ჩვენს წარსულს, დავინახავთ, რომ ჩვენი ისტორია სხვა არაფერია, თუ არა მაგალითი სახელმწიფო აზროვნებისა და პატრიოტიზმის.

მავანი იტყვის, რომ ჩვენი სახელმწიფო აქამდეც არსებობდა და ამის შემდგომაც გააგრძელებს ცხოვრებას, ამისათვის კი საჭირო სულაც არ არის მავნმა რაიმე ღირებული გააკეთოს ქვეყნისათვის. ვინც ასე ფიქრობს, ის მწარედ ცდება. გავიხსენოთ კენედის სიტყვები, რომლითაც მან ამერიკელ ხალხს მიმართა: „ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რას გვაძლევს ჩვენ ამერიკა, არამედ რას ვაძლევთ ჩვენ მას“, - აი, სწორედ, ასე უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება, რომლის უმაღლეს ღირებულებას და უპირველეს ფიქრს სახელმწიფო და მასზე ზრუნვა წარმოადგენდეს.

მსოფლიო ისტორიისათვის უამრავი ფაქტია ცნობილი, რომელიც კონკრეტული ადამიანის სახელმწიფოებრივად აზროვნების მაგალითს წარმოადგენს. ამის არაერთი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში, სწორედ ამიტომ არ დავიწყებ მსოფლიო ანალოგიების მოყვანას, არამედ გესაუბრებით ქართველი, სახელმწიფოდ მოაზროვნეების შესახებ.

ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი? ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვენგანი, თავმდაბალი ადამიანი, რომლისთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენდა სამშობლო და არა სტომაქის ამოვსება. რაც მას ჩვენგან განასხვავებდა, ეს გახლდათ სიყვარულის გამძაფრებული უნარი, მას უყვარდა სამშობლო. დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ მას ყველაზე მეტად ვუყვარდი, არ გიცნობდათ, მაგრამ საზრდოობდა თითოეული თქვენგანის სიყვარულით. სწორედ მომავალზე ფიქრმა და მომავლის სიყვარულმა შეაძლებინა მას, ჩვენთვის შემოენახა უნიკალური საგანძური, რომლითაც დღეს ვამაყობთ.

მისი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია სახელმწიფოებრივად აზროვნების, უცხო მიწაზე ყოფნის მიუხედავად, მუდამ ზრუნავდა და ფიქრობდა ჩვენზე (ჩვენს სამშობლოზე და სახელმწიფოზე) ექვთიმემ თავისი ცხოვრების გზით გვიჩვენა, რომ პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრივად აზროვნება განუყოფელი ცნებებია. ჩვენ კი რა ვთქვათ? ვისაც ვიცნობთ, ის არ გვიყვარს და სამშობლოს სიყვარულზე როგორ ვსაუბრობთ? სამშობლოზე, რომელსაც არც კი ვიცნობთ.... ვერ შევძელით მისი შეცნობა...

გავიხსენოთ დემეტრე მე-II, შეიძლება ვთქვათ, რომ მისი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო რაიმე სასიკეთო ცვლილების მოხდენა, რაც ხელს შეუწყობდა ხალხის მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას, ის, დიდი ალბათობით, ისტორიის ფურცლებს შემორჩებოდა, როგორც ერთი ჩვეულებრივი მეფე, რომლის მსგავსიც საქართველოს არაერთი ჰყავდა, მაგრამ ერთმა გადაწყვეტილებამ მას უკვდავება მოუტანა და სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც უდიდესი პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი.

მას სამშობლოს და საკუთარ სიცოცხლეს შორის უნდა გაკეთებინა არჩევანი. მან საკუთარ სიცოცხლეს სახელმწიფოს და ქვეყნის კეთილდღეობა არჩია. დიდებულების შეკრების დროს საერთო აზრი გახლდათ, რომ დემეტრე II არ უნდა წასულიყო მონღოლთა კარზე, მაგრამ დემეტრემ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას“, - ის წავიდა და გადავიდა მარადისობაში.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება როგორც ჩვენი უახლესი, ასევე შორეული წარსულიდან, მაგრამ ვთვლი ეს მაგალითები საკმარისია, ახლა კი ვთქვათ თუ რა არის ქართველობა (შეგნებულად არ ვამბობ თუ რას ვთვლით ქართველობად დღეს) ქართველობა ეს გახლავთ მოყვასის სიყვარული, სახელმწიფოს სიყვარული, ერთმანეთის დაფასება, გვერდში დგომა და პატივისცემა.

სახელმწიფოებრივად აზროვნების ნაკლებობის შედეგია თუნდაც ის, რომ არ ვიცავთ კანონებს, არ ვუფრთხილდებით სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ უძრავ თუ მოძრავ ობიექტს, რადგან ვერ გაგვითავისებია, რომ სახელმწიფოს საკუთრება, ნიშნავს ჩვენს საკუთრებას, ხოლო მისი დაზიანება ნიშნავს დამატებით ხარჯს, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვწევთ. შეუძლებელია იყო პატრიოტი და შეიყვარო სამშობლო (სახელმწიფო) თუ შენ არ გიყვარს მოყვასი შენი, მშობელი, მეგობარი და ა.შ.

როდესაც შენ აგინებ საკუთარ ბიოლოგიურ მშობელს და შემდეგ იწყებ პატრიოტიზმზე საუბარს, რბილად რომ ვთქვათ, ეს უკვე გახლავთ საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შევიტანო თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებში. პარადოქსია, აგინებთ მშობელს, სამშობლოს და საუბრობთ მათ სიყვარულზე, უცნაური სიყვარული გცოდნიათ ბატონებო, უცნაური!!! ეს გახლავთ უმეცრება და არა სიყვარული.

ბოლო ორი ბუმბერაზი ქართველის სიტყვებს გავიხსენებ: ნოდარ დუმბაძე: „სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორით კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან“.  

ილია ჭავჭავაძე: „ქვეყანა სახელოსნოა, საცა კაცი უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“ 

ვისურვებდი, თითოეული ჩვენგანი უკეთესი გავმხდარიყავით და უკეთ შეგვეგრძნო ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე. გვახსოვდეს „უსამშობლოდ კაცი არა ხარ“. ვეცადოთ ფსევდო პატრიოტებიდან გადავიქცეთ ნამდვილ პატრიოტებად, გვახსოვდეს სახელმწიფოებრივად აზროვნება ჩვენი ვალდებულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას უკეთესი გავხადოთ თითოეული ჩვენგანის მომავალი ცხოვრება.

trampi იმიტომ.........იმიტომ

წლებია ამას ვამტკიცებ --------ადამიანის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ტელევიზიას ატომური ბომბის მოქმედების ძალა აააქვს--მეთქი
ხოოდა ................ აი იმიტომ
ერთი და იგივეს(ცრუ იდეოლოგიას) ადამიანებს რომ გამუდმებით ჩასჩიჩინებ--ჩასძახი აბა სხვას რას ელოდებით???
არადა კომუნისტების დროს ყველაფერი (იდეოლოგია მორალი-ზნეობა, განათლება), გაცილებით გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იყო ვიდრე
დღეს
ეეჰ .................. წერაც მეზარება იმდენად იასნია ყველაფერი...
.და ისიც ნათელია თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი......რაც რუსეთმა დაგვაკლო მეგობრებმა გადაგვითავეს.........
4 თვის უკან