სოციალური კაპიტალი და „არშემდგარი სახელმწიფოები“

სოციალური კაპიტალი და „არშემდგარი სახელმწიფოები“

მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები, სოციოლოგები და ფილოსოფოსები უკვე ცალკე გამოყოფენ ე.წ. „სოციალური კაპიტალის“ კატეგორიას - არამატერიალურსა და უხილავს, მაგრამ განსაკუთრებულს, რომელიც სახელმწიფოს განვითარებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე თვით ეკონომიკური რესურსები და ყველა სხვა სახის მატერიალიზებული კაპიტალი.

„მეორე მსოფლიოს“ ქვეყნების განვითარების შესაძლებლობათა სპექტრში, აქცენტი, როგორც წესი, გადატანილია სტანდარტულ მიდგომებზე: კონცეფციებზე, პროექტებზე და დემოკრატიული გარდაქმნებისთვის აუცილებელ ინიციატივებზე. მაგრამ, არ ხდება თავად მოქალაქეთა ტრადიციული ღირებულებების გათვალისწინება, არ განიხილება საკითხი: არის თუ არა ამ ქვეყნებში საზოგადოება გარდაქმნებისთვის მომზადებული?! რა სიახლე და ფასეულობა შეუძლია მიიღოს (შეითვისოს) მან და რა - არა?! რამდენად „მოწესრიგებული“ და მოტივირებულია ეს საზოგადოება შინაგანად განვითარებისთვის?!

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელება და მისი ეფექტიანი დანერგვა-ფუნქციონირება დამოკიდებულია საზოგადოების წევრებს შორის ჩამოყალიბებულ თანამშრომლობის კულტურაზე, ნდობაზე, შეთანხმებაზე, მათ ლიბერალურ ფასეულობებზე. ასე ყალიბდება მტკიცე სოციალური კავშირები, ქცევის ნორმები და პარტნიორობის განცდა, რაც ქმნის მყარ საზოგადოებრივ წესრიგს, აძლიერებს ინტეგრაციას და სოლიდარობას. ასე იქმნება ქმედუნარიანი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები.

საზოგადოებრივი ურთიერთობის ამ ასპექტებს ახასიათებენ ტერმინით - „სოციალური კაპიტალი“. ის გვიჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია საზოგადოება, რამდენად „ჯანმრთელია“ ის. როგორც აღმოჩნდა, სწორედ სოციალური კაპიტალის „დაგროვება“ განაპირობებს ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და კეთილდღეობის მაღალი დონის მიღწევის შესაძლებლობას. ეს „რთული და იდუმალებით მოცული კულტურული პროცესია“ (ფრენსის ფუკუიამა).

ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში, სოციალური შეთანხმებით ჩამოყალიბებული „კავშირები ყალიბდება მორალიდან და არა გათვლებიდან გამომდინარე. ქორწინება, ოჯახები, სამოქალაქო ასოციაციები, მეგობრობა არის შეთანხმებაზე დაფუძნებული ურთიერთობები“. ასეთი კავშირების დარღვევა ადვილი არ არის, თუნდაც მაშინ, „როცა ადამიანს აღარ მოსწონს ეს იდეა. ასეთი კავშირი გრძელდება მაშინაც, როცა სიამოვნება აღარ არის, როცა საჭიროებები და სურვილები არ კმაყოფილდება და საჭირო ხდება საკუთარი ინტერესების მსხვერპლად გაღება“. ეს ფუნდამენტური კულტურული ღირებულებაა, რაც საზოგადოების განვითარებასთან ერთად ვითარდება, სოციალურ ურთიერთობათა მთელ სპექტრზე აისახება და უკვე პოლიტიკურ ღირებულებას იძენს.

სოციოლოგები მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივი (სოციალური) კაპიტალის გაზრდის მისწრაფება ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი კაპიტალის. თანაც, სოციალური კაპიტალი, სხვა რესურსებისგან განსხვავებით, მისი ხშირი მოხმარებით იზრდება და არ მცირდება. პირიქით, იგი მცირდება, თუ ამ კაპიტალით არ სარგებლობენ.

როგორ აისახება ამ „კულტურული პროცესის“ არსებობა ან დეფიციტი სხვადასხვა კატეგორიის ქვეყნების სწრაფვაზე და შედეგებზე გარდაქმნების მიმართულებით?

ცალკეული სახელმწიფოების განვითარების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ერთი ქვეყანა სწრაფად აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას, მეორე კი ათწლეულების განმავლობაში რჩება სიღარიბის ტყვეობაში. უფრო მეტიც, პარადოქსულია სიტუაცია, როცა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი მარაგის მქონე ქვეყანა, ეკონომიკური განვითარებით და ცხოვრების დონით ჩამორჩება ქვეყნებს, რომლებსაც ბუნებრივი რესურსები თითქმის არ გააჩნია. მაგალითად, შევადაროთ ახლოაღმოსავლეთის ქვეყნები და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. წარუმატებლობის მიზეზი სოციალური კაპიტალის დეფიციტია.

ადამიანთა შორის ნდობას, როგორც სოციალური კაპიტალის ფორმას, ფრენსის ფუკუიამა განიხილავს ეფექტიანი ეკონომიკური სტრუქტურის შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობად. მისი მტკიცებით, აშშ-სა და იაპონიას გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ამას ფიქრობდნენ. „ორივე ქვეყანის მოქალაქეებს ახასიათებთ მაღალი უნარი ენდონ არანათესავებს, დაიქირაონ პროფესიონალი მენეჯერები და ასე შექმნან დიდი ინდუსტრიული კორპორაციები. ნდობის დაბალი დონის მქონე ქვეყნებში კი, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში, ბიზნესი თითქმის მთლიანად ოჯახური საწარმოს სახით შენარჩუნდა“ და ამიტომ ვერ ვითარდება. ამგვარად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ჩამორჩენილობის დიდი ნაწილი უნდა აიხსნას ერთმანეთისადმი ნდობის არარსებობით.

რა ფაქტორები განაპირობებს სოციალური კაპიტალის დეფიციტს?

უიღბლო ქვეყნები, სადაც სახელმწიფოებრიობა სუსტია ან არ არსებობს, სტანდარტული ან მსგავსი ნიშნებით ხასიათდებიან:

მმართველი ელიტა თანამდებობებზე ყოფნისას ხელმძღვანელობს ძირითადად პირადი მოტივაციით, თავის შენარჩუნების განცდით, კარიერის შექმნით და ა.შ.;

საზოგადოებაში დაბალია ადამიანთა შორის ნდობის დონე, მაღალია დაპირისპირების, განცალკევების, გათიშულობის ხარისხი;

ადამიანები მტრულ პატარ-პატარა ჯგუფებად, კლანებად, პარტიებად იყოფიან;

ყველა სახის კონფლიქტი - სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, - მწვავე და შეურიგებელ ფორმებს იღებს;

გაუფასურებულია ზნეობრივი და მორალური ღირებულებები. წარმატებას აღწევენ უზნეო, უტიფარი ადამიანები. საზოგადოების გონიერი და მაღალზნეობრივი ნაწილი კი „დაკარგულია“ - არ ჩანს, არ აქტიურობს;

სხვადასხვა დონის არჩევნები, ასევე დასაქმების შესაძლებლობა და საჯარო კონკურსები ფორმალური ხასიათისაა, რაც მოტივირებულ ადამიანს უიმედობის დაღს ასვამს.

შედეგად, საზოგადოებაში რღვევის ტენდენცია ძლიერდება, გამოუყენებელი რჩება არსებული ეკონომიკური, ბუნებრივი შესაძლებლობები და განვითარების პოტენციალი.

ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებს არა აქვს, ზოგადად, „საზოგადოების მსახურების“ განცდა, სოციალური კაპიტალის დაგროვების სურვილი, მოტივაცია და მიზანი. აქ ადამიანები „ბუნებრივ მდგომარეობაში“ მიდრეკილები არიან დესტრუქციული კონფლიქტებისკენ.

საერთაშორისო პრაქტიკაში ახალი პოლიტიკური ტერმინი დამკვიდრდა - „Failed State” – “ქმედუუნარო, არშემდგარი, ვერშექმნილი სახელმწიფოები“. სახელმწიფოს ასეთი მდგომარეობის მაგალითებად ასახელებენ სომალის, ჰაიტის, ზიმბაბვეს, სუდანს, ავღანეთს. ესენი ღარიბი, ან ღატაკი ქვეყნებია, რომლებიც ნადგურდებიან და ვერ ვითარდებიან პოლიტიკური ელიტის სიხარბის, კორუფციის, ომის და სხვა მიზეზების გამო. ხელისუფლებაში მოდიან ძალით ან იმიტაციური არჩევნებით. ასეთ ქვეყნებს ძირითადად მართავენ ექსცენტრიული ლიდერები.

შეგვიძლია გავაგრძელოთ მსგავსი სახელმწიფოების ჩამონათვალი, სადაც სოციალური კაპიტალის მწვავე დეფიციტია. ასეთებია ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, ზოგიერთი აზიის და მთლიანად პოსტკომუნისტური (მ.შ. ყოფილი სსრ კავშირის შემადგენელი) ქვეყნები, რომლებსაც სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ასეთივე სუსტი და ბოლომდე ვერშექმნილი სახელმწიფოს კარგი მაგალითია რუსეთი, მთელი თავისი პოტენციალით და ისტორიით. ევროპა-აზიის ეს გიგანტი პულსირებს: ძლიერდება და სუსტდება, და ასე გაგრძელდება ალბათ უახლოეს 50-100 წელი. აქ პროგნოზიც კი რთული საქმეა, მხოლოდ ტენდენციების შეფასება შეიძლება რაღაც ეტაპზე.

შეიძლება თუ არა შეიქმნას ქვეყნის „წარმატების ელექსირი“, საზოგადოების „ლიმფა“ (შემაკავშირებელი) - სოციალური კაპიტალი იქ, სადაც ის არ არსებობს? რა თქმა უნდა, სოციალური კაპიტალის გაზრდის სპეციალური ფორმულა არ არსებობს. თუმცა, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია გვიჩვენებს, რომ საზოგადოების გამაერთიანებელი და მომწესრიგებელი საწყისი ლიბერალური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და აუცილებელი „ცოდნის“ დაგროვებაშია, რაც თანდათანობით, სოციალური კაპიტალის შექმნაში უნდა აისახოს. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს ეპოქის გამოწვევების ზეგავლენით, ან შეფერხდეს ხანგრძლივი პერიოდით - გააჩნია, რა ღირებულებითი ფასეულობებია ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ პერიოდში, ადამიანთა მოტივატორი წარმატებისკენ სწრაფვაში.

ადამიანის მისწრაფება საზოგადოებაში თვითდამკვიდრების და „სიცოცხლით ტკბობის“ პროცესში სამ განსხვავებულ ღირებულებით სურვილს აერთიანებს: არსებობის სიხარულის განცდა, კმაყოფილების განცდა და ბედნიერების განცდა. „სიცოცხლით ტკბობის“ თვალსაზრისით, მთელი ადამიანური მოტივაცია ამ კატეგორიებში თავსდება. და მაინც, რა არის არსებითი და გამაერთიანებელი ამა თუ იმ საარსებო გარემოში?!

ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანთა ცხოვრების ძირითადი მოტივატორი წარმატებისკენ სწრაფვაა, რომლის მთავარი მიზანიც საკუთარი თავისუფლების განხორციელებაა.

საზოგადოების განვითარების „რთულ და იდუმალებით მოცულ კულტურულ პროცესში“ ადამიანთა წარმატების ორი სახე შეიძლება გამოვყოთ: გარეგანი და შინაგანი, მატერიალური და არამატერიალური. გარეგანი წარმატება ხილული და ხელშესახებია, შინაგანი კი დაფარული და განსაჭვრეტია. პირველი სამოქმედო გზის მიმდევართა მიზანი მარტივი არჩევანია: მათ სამოქმედო გარემოში არსებული მატერიის გადანაწილება მხოლოდ თავის სასარგებლოდ. მეორესი - ღირებულებათა არჩევანში მატერიალურზე უფრო მეტის სურვილი: არამარტივი, არამატერიალური ფასეულობის ძიება, მიგნება და მიღება, რაც საზოგადო წარმატებისკენ - აღიარებისკენ სწრაფვაში გამოიხატება. ასეთები არიან მაძიებლები: ჰუმანისტები, შემოქმედი ადამიანები და პოტენციური ლიდერები, ქარიზმატული პოლიტიკოსები. ასეთია ადამიანთა განსხვავებული ბუნება „საკუთარი თავისუფლების განხორციელებაში“ და სწორედ ამ განსხვავებული პოლუსების გამაერთიანებელი საარსებო გარემოს შექმნა და მოწესრიგებაა მნიშვნელოვანი წარმატებული საზოგადოებისთვის.

მაგრამ, საქმე უფრო რთულადაა. წარმატებულ ადამიანსაც კი ყოველთვის რჩება უკმარისობის განცდა და ჩნდება მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა: რა არის სიცოცხლის კონკრეტული აზრი, როგორ დაგეგმოს და წარმართოს მან სიცოცხლის გზა, რომ მიიღოს შედეგი: საკუთარი თავისუფლების განხორციელება?! კაცობრიობის უდიდესი ლიდერი - იესო გვასწავლის, რომ სიცოცხლე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გართობა, კეთილდღეობა და ბოლოს - საფლავი. ე.ი. აქ (აზრის ძიებაში) მატერიალიზებული სიკეთე სრულიად არასაკმარისია. და მაინც, ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს „საფლავამდე“ მიიღოს ყველა სიკეთე: დიდება, სიმდიდრე და ა.შ. რაც სრულ ბედნიერებაში მაინც ვერ აისახება. მარტივი გაგებით „სრული ბედნიერებაც“ კი, აუცილებლად ტოვებს ადგილს სიცარიელისთვის და ის მატერიალური სიკეთით ვერასდროს შეივსება. ამას უმდიდრესი და უპოპულარესი ადამიანები ადასტურებენ. უნდა ვიფიქროთ, რომ თვითკმარი, სრული ბედნიერება საზოგადოებრივი ხასიათისაა, რადგან ადამიანი არსით პოლიტიკური (საზოგადოებრივი) ცხოველია („ზოონ პოლიტიკონ“), მისთვის აუცილებელია ორგანიზებული პოლიტიკური ერთობლიობის წევრობა (არისტოტელე), მათ შორის და მათთან ერთად წარმატება.

მხოლოდ განსაზოგადებული შინაგანი წარმატება შეიძლება იყოს თვითკმარი ბედნიერების საწინდარი, გარეგანი და განცალკევებული კი მხოლოდ უკმარი კმაყოფილების დროებითი განცდაა. ორივე პოლუსის საერთო ნიშანი კი არსებობის სიხარულის განცდაა. აქაც, არსებობის სიხარული, მარტივი კმაყოფილებიდან ბედნიერებად რომ გარდაიქმნას, და ეს განცდა (მდგომარეობა) მთელ საზოგადოებაზე აისახოს, ლიბერალური სოციალური საწყისების (ნდობის, თანადგომის, სოლიდარობის) ხელშეწყობა და დამკვიდრება, შესაბამისი „ცოდნის“ დანერგვა და განვითარებაა აუცილებელი, რაც საზოგადოების გამაერთიანებელ და გამაძლიერებელ ლიმფად გარდაიქმნება. ეს მისია სახელმწიფოთა ახალი თაობის ლიდერებმა, ზოგადად, ახალგაზრდა, თანამედროვე ცოდნის მატარებელმა საზოგადოებამ უნდა ითაოს.

თუ ადამიანთა ასაკს და განათლების დონეს ლიბერალური დასავლური ფასეულობის შექმნის კრიტერიუმებად განვიხილავთ, საზოგადოების „ჯანმრთელობის“ ხარისხი (და ის, თუ რა კატეგორიის ადამიანები არიან გარდაქმნებისთვის მოტივირებული და „მოწესრიგებისკენ“ მიდრეკილი) კარგად შეიძლება შევაფასოთ თუნდაც უკრაინის მაგალითზე, რომელიც დღეს „თვითმოწესრიგების პროცესშია“ და „სიმწიფის ატესტაციას“ გადის. დონეცკის ოლქში ჩატარებული კვლევების მიხედვით, შეკითხვაზე, უნდა ვისწრაფოდეთ თუ არა ევროკავშირისკენ, ევრაზიული რუსული პროექტი უნუგეშოდ აგებს სამ ასაკობრივ ჯგუფში: ანგარიშით 44:25 „ევროპელები“ იგებენ მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის 18-25 წწ ასაკობრივ ჯგუფში; 43:30 – 25-36 წწ ჯგუფში და 48:32 – 36-45 წწ. ვინც 50 წელთან ახლოსაა, ის ახლოა საბაჟო კავშირთანაც (40% 31%-ის წინააღმდეგ). და მხოლოდ მოხუცებულთა კატეგორია უგებს „ევროპელებს“ დამაჯერებლად 73:35-ს. ევროპა იგებს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა კატეგორიაშიც 54:33-ს და აგებს არასრულ საშუალო და დაწყებითი განათლების ჯგუში 11:53-ს. (РИА Новости).

გავიხსენოთ მისია, რაც სახელმწიფომ, როგორც ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს: მოქალაქეთა საზოგადოებრივი ინტერესების რეალიზება. ესაა წარმატებული სახელმწიფოს არსი, ფუნქცია.

რა არის ადამიანთა საზოგადოება? - სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი, ვარსკვლავთა ცოცხალი მტვერი, რომელიც საყოველთაო ქაოსიდან სწორედ მომწესრიგებელმა საწყისმა აქცია სამყაროში ყველაზე სტაბილურ, ცოცხალ მატერიად. არაცოცხალი მატერიისგან განსხვავებით, მხოლოდ მას გააჩნია უნიკალური მასტაბილიზებელი შემადგენელი - გონება, ცოდნა, აზროვნების, შეფასების და არჩევანის უნარი, ემოცია და ნება - უძლიერესი შემოქმედი და დამანგრეველი ძალა, რაც კი ამ სამყაროში ღმერთის შემდეგ არსებობს. ამ ძალას მხოლოდ დროის ფაქტორი არ ემორჩილება. ეს ძალა ცივილიზაციის ისტორიაში ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს.

სამწუხაროდ, მიუხედავად უძლიერესი პოტენციალისა, ჩვენს სინამდვილეში ჯერ კიდევ არსებობენ ძლიერი და სუსტი საზოგადოებები, წარმატებული და უიღბლო ქვეყნები, გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებული და მის მიღმა დარჩენილები. საზოგადოების ნაწილმა მოახერხა სოციალური კაპიტალის შექმნა და დაგროვება, და ეს მათი მძლავრი განვითარების საწინდარი გახდა. ნაწილმა ეს ჯერ ვერ შეძლო და წარსულში, ახალი ისტორიის მიღმაა ჩარჩენილი.

პრობლემის გადაწყვეტა არამატერიალური, ღირებულებითი კატეგორიების - კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების - შექმნაში, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და უბრალოდ - ლიბერალური ქრისტიანული ფასეულობების რეალიზებაშია. ეს არის გზა, რომელიც ყველა ქვეყანაში მოწესრიგებული სახელმწიფოს მშენებლობამდე მიდის. ამის ნათელი მაგალითებია ევროპის უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები და ამ სახელმწიფოთა პირველსაწყისი ნაკრები, მსოფლიოში ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყნებში ქრისტიანული ლიბერალური კულტურა დემოკრატიის უძველეს ბერძნულ პრინციპებს შეერწყა და ეს ნაერთი სოციალური კაპიტალის შექმნა-დაგროვებით, უძლიერეს სახელმწიფოებრიობაში ტრანსფორმირდა. დღევანდელ მსოფლიოში სწორედ ამ სახელმწიფოებს უწევთ ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირება და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის მცდელობით, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება.

ეს სოციალური კაპიტალის გადანაწილების გლობალური გამოვლინებაა, და ეს მხოლოდ ისტორიის დასაწყისია.