„უნგრეთი არ დაუშვებს, რომ საქართველო უსამართლოდ დაისაჯოს“

„უნგრეთი არ დაუშვებს, რომ საქართველო უსამართლოდ დაისაჯოს“

1 ივლისს უნგრეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყანაა, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც მემარჯვენე ნაციონალისტი და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსია, ევროკავშირს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის გამო კი დასავლეთში ღრმავდება შეშფოთება ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების შესახებ, მთელი კონტინენტის მასშტაბით. თუმცა ისმის კითხვა, საქართველოსთან მიმართებაში რა როლი შეიძლება ორბანმა შეასრულოს, როცა ცნობილია, რომ ევროკავშირი ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვის სხვადასხვა სახის სანქციების და შეზღუდვებზე მუშაობს.

როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, ვიქტორ ორბანს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირში ამ 6 თვის განმავლობაში. ასევე არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ორბანმა შეძლოს და სხვა ქვეყნების გადაბირებაც მოახერხოს. შესაბამისად, მისი როლი ჩვენი ქვეყნის საკითხთან დაკავშირებით მნიშვენლოვანი იქნება.

ორბანი უნგრეთს საპარლამენტო უმრავლესობით 2010 წლიდან მართავს და მან ბევრჯერ გამოიწვია ბრიუსელის სიბრაზე - ევროკავშირის ლიდერები თვლიდნენ, რომ ის თავს ესხმოდა დემოკრატიას და ბლოკის ფუნდამენტურ პრინციპებს. ბრიუსელის უკმაყოფილებას ასევე იწვევდა ორბანის წინააღმდეგობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და მისი სიახლოვე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან. აღნიშნული განცხადება მათ ვენაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ორბანმა, ბაბიშმა და კიკლმა დადეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც განაცხადეს, რომ „ევროკავშირი ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ისეთ ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 ივნისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ახალი ერა იწყება“.

„ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში. უძლიერესი ავსტრიული, უნგრული და ჩეხური მემარჯვენე ძალები ახლა თქვენ წინაშე სხედან“, – აღნიშნა ორბანმა.

ევროპარლამენტის ფრაქციებმა შემადგენლობა 15 ივლისამდე უნდა გამოაცხადონ, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, 23 პარლამენტარი ევროკავშირის, მინიმუმ, შვიდი ქვეყნიდან. ამრიგად, ორბანის, ბაბიშისა და კიკლის ალიანსს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის, სულ მცირე, ოთხი ქვეყნის ევროპარლამენტარების მხარდაჭერა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერს აკრიტიკებენ ის პოლიტიკური ლიდერები და მედია საშუალებები, რომლებიც ლიბერალების მხარეს არიან. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მათ არ მოსწონთ ორბანის პრინციპულობა და საუბარი იმაზე, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში მეტი სუვერენიტეტი უნდა ჰქონდეს.

„სანამ მორიგე თავმჯდომარე გახდებოდა უნგრეთი, ორბანმა დაწერა, რომ ჩვენ გვინდა ერთიანი და ძლიერი ევროპა, რადგან უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც კონტინეტზე გვაქვს. რასაკვირველია ამან ევროპაში პოლიტიკურ -ეკონომიკური მდგომარეობა იგულისხმა, ასევე ევროპაში ჭარბი მიგრაცია და სხვადასხვა თემები, რომელიც ევროპაში ძალიან მწვავედ დგას.

სწორედ ამაზე პასუხის გაცემა იყო ამომრჩევლებს მხრიდან, როცა ულტრამემერჯვენეებმა ამ ევროპარლამენტში უფრო მეტი რაოდენობით გაიმარჯვეს. ვნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა საფრანგეთის ელექტორატს და ამის გამო მაკრონმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებიც კი დანიშნა, რომლის პირველი ტურიც წააგო და მესამე ადგილას გავიდა. უფრო ადრე ნიდერლანდების ელექტორატმა გასცა ევროპას ამ პრობლემების გამო პასუხი. ამიტომ უნდა დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ბრიუსელში. ისინი ევროპელების პრობლემებს ყურადღებას ჯეროვნად არ აქცევენ და სწორედ ამაზე საუბრობს ორბანი“,-ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება საქართველოსთან დამოკიდებულებას და იმას, იმოქმედებს თუ არა სანქციების საკითხზე უნგრეთის პოზიცია გადაწყვეტილებებზე, აბაშიძე ამბობს, რომ ორბანი წლებია ჩვენი ქვეყნის მეგობარია და არაერთი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებები უნგრეთმა დაბლოკა. აბაშიძე ამბობს, რომ ხანდახან მას ამაში მხარს სლოვაკეთიც უჭერს.

„ორბანი ევროპაში საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშველოვანი ფლაგმანია. 6-თვიანი პერიოდი, ბუნებრივია, იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც მანამდე ორბანს ჰქონდა. უნგრეთი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო უსამართლოდ დაისაჯოს, იქნება ეს სანქციები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით თუ სხვა მიმართულებებზე. თუმცა ამის მოწინააღმდეგე არა მხოლოდ ორბანია, არამედ ბრიუსელის ჩინოსნებსაც არ უნდათ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ინტერესის საზიანოდ. დიდი ალბათობით, უნგრეთი შეძლებს საქართველოსთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების პოზიციაც შეცვალოს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ევროპის ულტრამემარჯვენეები საკმაოდ ძლიერ პოზიციებზე გრძნობენ თავს ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ. ამიტომ ის ქვეყნები, სადაც მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაციის მთავრობები არიან, ცხადია, ერთმანეთს კოლეგიალურად ეპყრობიან და ერთსულოვნები არიან.

„არაერთხელ ითქვა, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მათ შორის ჩეხეთის, სლოვაკეთის მთავრობათა მეთაურების მიერ, რომ საჭიროა ერთი პოლიტიკური გემოვნების ადამიანების გაერთიანება. ეს კი მხოლოდ ევროპარლამენტში არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ ველი, რომ გარკვვეული ალიანსები იქნება და საქართველოსთან მიმართებაში პოზიციები გაიყოფა“,-ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ევროპაში შეშფოთების მიზეზი აქვთ, რადგან ორბანმა პირდაპირ განაცხადა, რომ მემარჯვენე ფრაქციის ჩამოყალიბებას აპირებს. ეს კი ანალიტიკოსის აზრით, მაქსიმალურად შეზღუდავს ევროპულ ბიუროკრატიას და მის ელიტას.

„რეალურად, ევროპის თითქმის ყველა დიდი ქალაქში მემარჯვენეებმა მოიპოვეს გამარჯვება და აღმოჩნდა, რომ თურმე პრობლემა ბორელში ყოფილა მხოლოდ და ლიდერშიპში ერთი კაცი შეცვალეს, დანარჩენი ყველა ისევ ისე დატოვეს. ეს ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ორბანი ევროპის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას ხედავს და ხვდება რა არის მათი უკმაყოფილების მიზეზი. კარგად იცის ბრიუსელის ელიტასთან ამომრჩეველს რა დამოკიდებულება და პრობლემაც აქვს. რა თქმა უნდა, თავად ორბანს აქვს გაცხადებული, რომ ამ ყველაფერს დაუპირისპირდეს. ამას ახლა ლეგიტიმაციაც უფრო მაღალი ექნება. რაც შეეხება საქართველოსთან დამოკიდებულებას, მას ღიად აქვს გაცხადებული,რომ საქართველოს ყველანაირად მხარს უჭერს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც ქვეყნის სუვერენიტეტზე გადის. ერთი ხელის დარტყმით ბრიუსელს რომ უნდა ყველას და ყველაფერს უდირიჟოროს, ასე არ გამოვა. ამას ორბანი ხედავს და პატივს სცემს ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს სწრაფვას სუვერენიტეტისკენ. ამ შემთხვევაში რამდენად დავლაგდებით, ისედაც დალაგებულ ორბანთან, ამას მომავალი გვანახებს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ორბანმა ევროკავშირს და ევროპარლამენტს 6 თვე უნდა უხელმძღვანელოს და ეს არ არის არც ცოტა და არც დიდი დრო. ქადაგიძე აბობს, რომ ევროპაში დიდი ძვრები ამ თვეების განმავლობაში იქნება და ეს ნეოლიბერალური მმართველობა დასრულდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირი ამერიკის ნარატივების პირდაპირი გამტარებელია. შესაბამისად, იქ დაგეგმილი არჩევნების შედეგად ბევრი რამ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც შეიცვლება.