„რა უნდათ? ვინმემ იცის კონკრეტულად რას ითხოვს აშშ და კონკრეტულად ბლინკენი? - მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ ჩერთო მეორე ფრონტში“

„რა უნდათ? ვინმემ იცის კონკრეტულად რას ითხოვს აშშ და კონკრეტულად ბლინკენი? - მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ ჩერთო მეორე ფრონტში“

ენტონი ბლინკენი ისევ იმუქრება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, შეშფოთების გამოსახატავად ზომები მიიღეს, რომლის შესახებაც უფრო მეტის ნახვა იქნება შესაძლებელი. ბლინკენის განცხადებით, კანონი აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის უმრავლესობას აშკარად სურს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის შეეხო ბლინკენის დაწესებული სანქცია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის გარშემო შექმნილი ვითარება იქითკენაა მიმართული, რომ ოპოზიცია ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ. „ზოგადად, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ამ კანონის გარშემო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უჭირს. თუ ჩვენ პროპაგანდისტულ ლოზუნგს მოვხსნით, საქმე მიდის იქამდე, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია. საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს და აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა. ეს, ძირითადად, მაინც იქითკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სანქციებს არ ელოდება ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როდესაც უცხოელი მაღალი რანგის თანამდებობის პირი რაიმეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო. ჩემი და სახელმწიფოს პოზიციაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს“, - ამბობს ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური.

„მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები. ჩვენი გასაკეთებელი 26 ოქტომბერს იქნება დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო, ერთხელ და სამუდამოდ, გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“.

ექსპერტის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში არის „ვენესუელის სცენარის“ ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.

„სულ რაღაც 3,5 წლის უკან აშშ-მ (და მისი ზეგავლენით ევროპამ) ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო სცნო. ამერიკელები ერთხანს ეკურკურებოდნენ გუაიდოს როგორც ვენესუელის „გარდამავალ პრეზიდენტს“, უკვე ლიდერად მიიჩნევდნენ და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებაზე საუბრობდნენ. ანუ, დაახლოებით ის რიტორიკა, რაც დღეს მათგან საქართველოს მიმართ ისმის. ვერ გეტყვით ზუსტად, განმეორდება თუ არა საქართველოში „ვენესუელის სცენარი“, თუმცა არის ამის გარკვეული ნიშნები. არადა, რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ „იქ“, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ვენესუელა ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ენტონი ბლინკენი არის გასაოცარი პერსონა, რომელიც უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამს და შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან, ანალოგიურად, აბსურდულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ის ავრცელებს ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ჩინეთი და რომელსაც განუწყვეტლივ ემუქრება და ეს მუქარა ერთგვარ ტრადიციად გადაიქცა.

„ბლინკენი და სალივანი ემუქრებიან ჩინეთს და მერე ჩინეთი ამას მრისხანედ პასუხობს, ასეთი საოცარი ურთიერთობები აქვთ და სულ უფრო ფუჭდება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა და მათ შორის ევროპულ ქვეყნებთან, არაფერს ვლაპარაკობ რუსეთთან ურთიერთობაზე, სადაც ომი მიმდინარეობს და როდის გადავა ესკალაციაში, არავინ იცის. ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში და ძალიან ბევრ ქეყანაში მიმდინარეობს მძიმე პროცესები და ამაში ადანაშაულებენ აშშ-ის პოლიტიკას.

„ავიღოთ ჩვენი შემთხვევა - რა უნდათ? ვინმემ იცის კონკრეტულად რას ითხოვს აშშ და კონკრეტულად ბლინკენი? საბაბი არის კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ. რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მთავრობა არ დაყვა აშშ-ის სურვილს და არ ჩერთო მეორე ფრონტში. ბლინკენი არის ანეკდოტური, მტრულად ავადმყოფური და საშიში ფიგურა, რომელიც გვემუქრება.

მისი ერთადერთი არგუმენტი არის მუქარა. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ ზეწოლას და იმედი ვიქონით, რომ ამერიკაში მოხდება ცვლილებები და ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. თავიდანვე, როდესაც ბაიდენი მოვიდა, ვამბობდი, რომ ესენი არიან ჯგუფი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა ატარებდა მსოფლიო ომის უდიდეს საფრთხეს. როდესაც ამერიკელმა ხალხმა ვერ დაიცვა თავისი არჩევანი და მოვიდა ეს ნახევრად მკვდარი ბაიდენი, თავისი ანეკდოტური კამალა ჰარისითა და მთელი ამ გუნდით, ამით მსოფლიო დადგა დიდი საფრთხის წინაშე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.