ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ულტრამემარჯვენეები საფრანგეთში დომინირებულ პოლიტიკურ ძალად გადაიქცნენ“ (ავტორი - ჰიუ სკოფილდი), რომელშიც გაანალიზებულია ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია - ვინ აღუდგება წინ მარინ ლეპენის ოდესღაც არაპოპულარულ და „სამარცხვინო“ ულტრამემარჯვენე პარტიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“, ამჯერად უკვე ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის (ეროვნული კრების/ასამბლეის) არჩევნებში, მორიგი გამარჯვება მოიპოვა და თავისი მიზნის შესრულების გზაზე იმყოფება - ფრანგული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებისაკენ.
უახლოეს დღეებში ბევრი ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ არჩევნების მე-2 ტურში (7 ივლისს) ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები ერთად გამოვლენ, რათა ძალების კონცენტრირება მოახდინონ და თავიანთი მხარდამჭერების ხმების მარინ ლეპენის „ეროვნული გაერთიანების წინააღმდეგ მიმართონ. საფრანგეთში ბევრს მოსთქვამენ იმის გამოც, რომ მეხუთე რესპუბლიკის დროს, 1990-იან წლებში შექმნილი ყოფილი „რესპუბლიკური ფრონტი“ - რამდენიმე პარტიის გაერთიანება, რათა ულტრამემარჯვენეების გამარჯვება არ დაეშვათ - გაქრა და აღარ არსებობს.
ასეა თუ ისე, უკვე ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს იმაში, რომ ხმის მიცემის პირველ ტურში მარინ ლეპენისა და ჟორდან ბარდელას პარტია საფრანგეთში უდაოდ დომინირებული პოლიტიკური ძალა გახდა.
და მაინც, იმას, რაც მომდევნო კვირის განმავლობაში მოხდება, ძალიან არსებითი მნიშვნელობა აქვს.
არსებობს განსხვავება ულტრამემარჯვენე მთავრობის (როცა მას მოქმედების სრული თავისუფლება აქვს იმის გამო, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს ეროვნულ კრებაში) და იმ მთავრობას შორის, რომელსაც დიდი არაფრის გაკეთების უნარი არ აქვს (ეროვნულ კრებაში არასკმარისი მხარდაჭერისა და განხეთქილების გამო).
დღეისათვის პროგნოზები ასეთია: „ეროვნულ გაერთიანებას“ ეროვნულ კრებაში 260-დან 310-მდე ადგილი რქნება. იმის გათვალისწინებით, რომ 289 ადგილის მოპოვება უკვე აბსოლუტურ უმრავლესობას ნიშნავს, აშკარაა, რომ ბრძოლას აზრი აქვს.
იმ მიზნით, რომ ზარალი როგორმე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია და მემარცხენე ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ (რომელმაც 30 ივნისს გამართულ პირველ ტურში ხმების 28,1% მოაგროვა), მეორე ტურში თავიანთ მომხრეებს ტაქტიკური ხმის მიცემისათვის მოუწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ხმა მისცენ არა კონკრეტულად თავიანთ პარტიულ კანდიდატს, არამედ იმას, რომელიც ძლიერია წინ აღუდგება ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენის პარტიის წარმომადგენელს. მაგრამ ასეთი პარტიული წესების უბედურება იმაშია, რომ მსგავს მოწოდებებს სულ უფრო ნაკლები ადამიანი უსმენს.
ფრანგები სირცხვილად თვლიდნენ რადიკალური იდეების მქონე „ეროვნული ფრონტისადმი“ ხმის მიცემას და ამიტომ მათ ცნობიერებაში ასეთი გრძნობის აღმოფხვრას დიდი დრო დაჭირდა. დღეს უკვე დამაჯერებლად ჩანს, რომ ტრანსფორმაციის პროცესი თითქმის დასრულებულია.
კიდევ ერთ სირთულედ „ეროვნული გაერთიანების“ მოწინააღმდეგეებისათვის შეიძლება გახდეს ე.წ. „სამკუთხა ხმების“ დიდი რაოდენობა მეორე ტურში - ანუ არჩევანის გაკეთება იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც იქნება არა ორი, არამედ სამი კანდიდატი (მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტი). ასეთი „სამკუთხედების“ არსებობის მიზეზი ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობაა, რომელიც ქვეყნის მომავლისათვის არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
გარდა ამისა, ელვისებურმა (მოკლევადიანმა) საარჩევნო კამპანიამ შესაძლებლობა უფრო მცირე პარტიებს , რომ მათ ძალა მოეკრიბათ და არჩევნებში აქტიურად ჩართულიყვნენ. ასე რომ, ხმები სამ ბლოკზე აღმოჩნდა კონცენტრირებული
აშკარაა, რომ თუ საარჩევნო ოლქში სამი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის სამი კანდიდატი ერთმანეთის კონკურენტია, მაშინ ანტიმემარჯვენეებს (ანუ მარინ ლეპენის პარტიის მოწინააღმდეგეებს) ხმების კონსოლიდირება გაუჭირდებათ. ბევრ ოლქში ან ცენტრისტი, ან მემარცხენე კანდიდატი იქნება, მაგრამ ყველგან არა.
მთლიანობაში ისე ჩანს, რომ ქვეყანაში მემარჯვენეების გამარჯვების გარდაუვალობა იგრძნობა. ის, რაც ადრე წარმოუდგენელი და არასერიოზული ჩანდა, დღეს რეალურ კონტურებს იძენს. ეს ყველაფერი კი ფრანგი ამომრჩევლების დიდ ნაწილს უკმაყოფილობის გრძნობას აღუძრავს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და უპირველესად პარიზში. აქედან გამომდინარე, უახლოს დღეებში, ალბათ, მოსალოდნელია საპროტესტო აქციები.