პუტინის „პროქართულ–ანტიქართული“ აღლუმი

პუტინის „პროქართულ–ანტიქართული“ აღლუმი

[ირ. ტორონჯაძე]
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვლ.პუტინი ორშაბათს 5 ივლისს საღამოს ეწვია გამოფენას, სადაც დაათვალიერა იმ მემორიალის პროექტები, რომელიც ქუთაისში აფეთქებული ძეგლის სამახსოვროდ დაიდგმება. პუტინს ახლდნენ “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზ.ნოღაიდელი, რუსეთის ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მ.ხუბუტია, ასევე მოსკოვის ვიცე-მერი ვ.ვინოგრადოვი.

ასე პომპეზურად გრძელდება მოსკოვში კონკურსი, რომელიც არანაკლებ საზეიმოდ დაიწყო 8 მაისს, როდესაც ვლ.პუტინმა მუხლმოყრის მთის დიდების ხეივანში მომავალი ძეგლის საძირკვლის ქვა გახსნა. მაშინ მის ამალაში ნოღაიდელისა და ხუბუტიას გარდა კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციური ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნ.ბურჯანაძეც იყო, ხოლო ქ.მოსკოვს თავად მერი ლუჟკოვი წარმოადგენდა.

წითელი გრანიტისგან გამოთლილ ჩასატანებელ ქვაზე ვკითხულობთ: Здесь будет установлен памятник В борьбе против фашизма были вместе, символизирующий неприкосновенность монументов воинам, павшим в Великой Отечественной войне. Заложен 8 мая 2010 года в память о Мемориале славы, варварски разрушенном в Кутаиси 19 декабря 2009 года.* მომავალი ძეგლი არა დაღუპულ მეომართა, არამედ იმ ბარბაროსობის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც 2009 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში იქნა ჩადენილი.

ძეგლი იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც სააკაშვილის უმსგავსო საქციელის მხილება, რამაც წარწერაშიც გაიჟღერა. სწორედ საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაფისდასხმაა ამ მემორიალში მთავარი და არა ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა ხსოვნა.

რუსეთის ხელისუფლებას ხსოვნის თემა სინამდვილეში რომ ანაღვლებდეს, მაშინ მოუწევდა მოსკოვში საბჭოთა მებრძოლის იმ ძეგლის აღდგენაც, რომელიც ქუთაისზე ერთი თვით ადრე ტაშკენტის ცენტში მოხსნეს. თუმცა ეს შეიძლება მთლად კარგი მაგალითი არაა: უზბეკეთზე თვალის დახუჭვა შესაძლებელია “ეროვნული ინტერესებიდან” გამომდინარე დიპლომატიურ საქციელად ჩაითვალოს.

2007 წელს სტავროპოლში აიღეს გენერალ ლევ დოვატორის მეთაურობით მებრძოლი კაზაკების ხსოვნისადმი მიძღვნილი 30 მეტრიანი სტელა. ძეგლი თურმე “სულმთლიანად დალპა” და საგზაო კვანძის რეკონსტრუქციასაც უშლიდა ხელს.

ალბათ გვახსოვს როგორი რისხვა გამოიწვია ბრინჯაოს მეომრის გადატანამ ტალინში 2008 წელს, რამდენმა მგზნებარე და ხმამაღალმა გამოსვლამ გაჟღერა. არადა იმავე 2008 წელს იქვე მოსკოვში, ხიმკებში, საბჭოთა მეომრების ძეგლი უჩუმრისპირად გაანადგურეს. ჩუმათ გათხარეს საფლავები და სხვაგან გადაასვენეს – მემორიალი ლენინგრადის გზატკეცილის გაფართოებას უშლიდა ხელს.

იმავე პერიოდში განადგურდა მფრინავ ვასილი პოიდენკოს ძეგლი, რომელიც მოსკოვითან მდებარე აპრელევკაში კიევის გზატკეცილის გაფართოებას აფერხებდა.

სულ რამდენიმე თვის წინ “ოხტა-ცენტრის” მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაამსხვრიეს და სამშენებლო ქვაბულში მოისროლეს ბლოკადაგამოვლილთა ხსოვნის მემორიალური დაფა.

რად ღირს სიტუაცია, რომელიც შეიქმნა გამარჯვების პარკთან დაკავშირებით პეტერბურგში, სადაც ბლოკადის დროს მიცვალებულებს წვავდნენ. 1990-იან წლებში პარკი ბაზრად აქციეს, ახლანდელმა ადმინისტრაციამ კი, რომელსაც ვალენტინა მატვიენკო ხელმძღვანელობს, იგი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანა.

საკუთარ ქვეყანაში ფაშიზმთან მებრძოლთა მემორიალებთან მოპყრობის მოყვანილი მაგალითების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ძეგლის აღებისთვის თათხვისა და ქუთაისის მემორიალის სამახსოვრო მემორიალის აგების პუტინისეული წამოწყება უხამს სპექტაკლად გამოიყურება. თუმცა, კი არ გამოიყურება არის და, რეჟისორთა ჩანაფიქრით, ქართველ კოლაბორაციონისტთა მონაწილეობა ამ სპექტაკლში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის წარმატებას.

სტატიის დასაწყისში ხსენებულ გამოფენაზე მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა: “საქართველოში ბევრი ძალაა, რომელსაც რუსეთთან და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს”. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ძალა, რომელსაც არ სურს ეს, ყველას გვესმის თუ ვინ და რა იგულისხმა და საერთოდ რატომ თქვა ეს რუსეთის პრემიერმა.

სულ რამდენიმე თვის წინ აფრთხილებდა ქართულ ოპოზიციას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ახლა თავადაც ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილი: “ოპოზიციის სახელით ვინმეს რუსეთში წასვლა არ არის მართებული. პუტინს შეუძლია ამით მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მოლაპარაკებისთვისო... იმ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, არ შეასრულა პირობები, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი, აღიარა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა და არ ცნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ყოველგვარი პირობების გარეშე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?!”

ნოღაიდელმა თავი იმართლა: კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩავდივარ, ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც კი იძულებული არიან ეს აღიარონო. მითუმეტეს, რომ მაშინ მის ვიზიტს, მისივე განმარტებით, მოყვა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის საკითხის პრინციპული გადაწყვეტა, ქართული საქონლის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საქმის წინ წაწევა და “იედინაია როსიასგან” მიღებული დაპირება:

ქართველი დევნილების სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაში დახმარების შესახებ. არანაკლებწონიანი არგუმენტები აქვს მოსკოვში თავისი ვიზიტების გასამართლებლად ქართული ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს. “მოსკოვში ჩასვლის მიზანი იყო პატივი მიმეგო იმ ადამიანებისთვის, ვინც ფაშიზმთან ბრძოლას შესწირა თავი... მიმაჩნია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავდა, საქართველოც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი”.

საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყნას, საზღვარგარეთ წარმოადგენს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პირი, რომელიც კონკრეტული მისიის შესასრულებლად მთავრობამ საგანგებო რწმუნებით აღჭურვა. ეს დიპლომატიის ანაბანია.

ახლა ორიოდ სიტყვით იმ ზეიმის შესახებ, რომელზე დასწრებაც ბურჯანაძეს სავალდებულოდ მიაჩნია.

9 მაისს რუსეთი ზეიმობს საბჭოთა კავშირის გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. ეს ომი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო. დანარჩენი მსოფლიო, ანუ დასავლელი მოკავშირეები ზეიმობენ 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ევროპაში. ეს ომი მათთვის 1939 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. მაშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბჭოთა კავშირი გერმანიის ფაქტობრივი მოკავშირეც კი იყო, როდესაც III რაიხთან ერთად პოლონეთში შეიჭრა.

შეიძლება ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა თავის საკუთარ ომში გამარჯვება ეზეიმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის ძირითადი ნაწილი მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა.

2010 წლის 9 მაისს მოსკოვში აღინიშნა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში გამარჯვება, გამარჯვება, რომელიც მოიპოვა იმ დროს საბჭოთა კავშირში შემავალმა 15 ქვეყანამ.

საქართველო, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყანა, ღირსეულად წარმოდგენილი ამ ზეიმზე მხოლოდ ქართული სამხედრო შენაერთის აღლუმში მონაწილეობით შეიძლებოდა ყოფილიყო. ცნობისთვის, სტუმართა ტრიბუნაზე გერმანია და ნაცისტების იმდროინდელი მოკავშირეებიც იყვნენ წარმოდგენილი.

გვესმის, რომ სასიამოვნო საცქერია რუსი სამხედროების პრუსიული ნაბიჯი, რომელშიც აგვისტოს ომის შემდეგ მეტი სიმტკიცე იგრძნობა, მაგრამ, ის ფაქტი, რომ “პარადზე” საქართველო არ იყო წარმოდგენილი იმ 700 ათასზე მეტი მეომრის შეურაცხყოფაა, რომლებიც საქართველომ წარგზავნა ამ ომში და რომელთაგან ნახევარიც კი ვერ დაბრუნდა. მ.სააკაშვილის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტია, დამცირების მცდელობები კი, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს დაკნინებას ემსახურება.

წითელი მოედნის ქვაფენილზე ამაყი მარშით გაიარეს ბრიტანელებმა და ამერიკელებმა, რომელთა წვლილი დიდ სამამულო ომში მხოლოდ იმ მოწოდებული აღჭურვილობით განისაზღვრება, რომლის ფასსაც სსრკ ოქროთი იხდიდა. ასევე ფრანგებმა, რომლებსაც, თუ არ ჩავთვლით საავიაციო პოლკ “ნორმანდია-ნემანსა” და რამდენიმე გმირულ ბრძოლას ჩრდილო აფრიკაში, მეორე მსოფლიო ომში არაფრით გამოჩენიათ თავი. ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს გარემოებები და ამ ქვეყნების ნატოს წევრობა მოსკოვმა ტყუილუბრალოდ დაივიწყა?

“ამ ომმა ჩვენ ძლიერ ერად გვაქცია” – მედვედევის ეს ფრაზა ნათელს ჰფენს რუსეთის ხელისუფლების განზრახვას მოახდინოს გამარჯვების მითვისება, წამოაჩინოს საკუთარი თავი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთობლივი მემკვიდრეობის ერთადერთ მემკვიდრედ და ცივილიზებული ქვეყნების ერთადერთ პარტნიორად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

გამარჯვების დღესასწაულის ისტორია ამ თანმიმდევრობის მხოლოდ ერთი რგოლია, ხოლო ამ ზეიმის ფარგლებში გამართული “მიშას ჯინაზე” ასაგებ მემორიალთან დაკავშირებული ღონისძიებები – “მოსკოვურ წესრიგში” საქართველოსთვის განზრახულ ადგილზე გვიქმნიან წარმოდგენას.