სად გაქრა წიგნის პალატის მილიონნახევრიანი უნიკალური ფონდი?

სად გაქრა წიგნის პალატის მილიონნახევრიანი უნიკალური ფონდი?

სად გაქრა წიგნის პალატის მილიონნახევრიანი უნიკალური ფონდი, ამის გასარკვევად წიგნის პალატისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები გაერთიანდნენ და წლების წინ სარჩელი შეიტანეს პროკურატურაში. ეროვნული ბიბლიოთეკისთვის წიგნის პალატის ფონდის გადაბარების შემდეგ წიგნის პალატის მილიონნახევრიანი ფონდი რატომღაც არ დაემატა ბიბლიოთეკის ფონდს. 

რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს, მისი რაოდენობა ბიბლიოთეკის ვებ-გვერდის მიხედვით, 4 მილიონია. თუკი ამას დაემატებოდა წიგნის პალატის მილიონნახევრიანი ფონდი, ეს მაჩვენებელი გახდებოდა 5 მილიონნახევარი, თუმცა არსად არ დევს ეს ინფორმაცია და გამოდის, წიგნის პალატის შეერთების შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ 4 მილიონი დარჩენილა.

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ამ საკითხით როცა დაინტერესდნენ, აღმოჩნდა, რომ თვითონ ბიბლიოთეკის ფონდიც სადავო ყოფილა. მათ მოიძიეს მტკიცებულებები, გამოკითხეს მოწმეები, ძველი თანამშრომლები, საბუთები შეისწავლეს, მათ შორის, 80-იან წლებში გამოშვებული ბიბლიოთეკის ბროშურა, საიდაც წერია, რომ ინვენტარიზაციის საფუძველზე საბიბლიოთეკო წესით დათვლილი ფონდი 13 მილიონზე მეტია. ამის შემდეგ დაიბეჭდა ინტერვიუები ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორთან, სადაც ერთი მათგანი ამბობს, ბიბლიოთეკის ფონდი ამჟამად 16 მილიონიაო, მეორე ამბობს, 19 მილიონიაო. ამ ნათქვამის მიუხედავად, არავინ ინტერესდება, ეს ფონდი როგორ ჩამოვიდა 16 და 19 მილიონიდან 4 მილიონზე?! ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოითხოვეს საბუთები, მაგრამ დირექციამ ვერც ერთი საბუთი ვერ წარადგინა, 16 ან 19 მილიონიანი ფონდი როგორ გახდა 4 მილიონი?!

ფონდების გაქრობასთან დაკავშირებით For.ge-ს ესაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი, რეგისტრატურის განყოფილების ყოფილი გამგე, ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების გამგე ირმა დოლიძე.

თქვენ საუბრობთ წიგნის პალატისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლების ნაწილის სახელით, ვინც აგრძელებთ ფონდებთან დაკავშირებით დავას. ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ ნახეთ სამართალი და უშუალოდ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექცია თუ არის დაინტერესებული ფონდების გაუჩინარების საქმის გამოძიებით?

- პიროვნულად მაქვს ამის უფლება, ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ დირექტორს ვუთხრა, ჩემთვის ისინი ერის, ბერის, ქვეყნის წინაშე არ არიან დამსახურებული ადამიანები, რა გვარის და სახელის ადამიანებიც, ვისი შთამომავლებიც არ უნდა იყვნენ. არ მივცემ უფლებას არც კონსტანტინე გამსახურდიას, მომაყენოს შეურაცხყოფა და გააგრძელოს დისკრიმინაცია. რაც შეეხება სადავო საკითხს, წიგნის პალატისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა თანამშრომლებმა 2009 წელს ერთად დავიწყეთ დავა საბიბლიოთეკო ფონდების თაობაზე. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მოვლენებს, ჯერ კიდევ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა სულხან საბას სახელობის წიგნის პალატა. ეს ისეთი დაწესებულება იყო, სადაც ინახებოდა 1709 წლიდან მოყოლებული, სამსაუკუნოვანი ბეჭდური პროდუქცია. წიგნის პალატა 1924 წელს დაარსდა. ამ დაწესებულებაში ბეჭდური ერთეულების სავალდებულო საკონტროლო ცალების მიღება ხდებოდა და დიდი დანიშნულება ჰქონდა ამ ფონდს. ჩემთვის ეს ქართული ბეჭდური სიტყვის მუზეუმი იყო. გეორგიკის სექტორის ფონდში 2852 ერთეული უნიკალური გამოცემა ინახებოდა, მათ შორის, ვეფხისტყაოსნის, ბიბლიის, სახარების გამოცემები და ხელნაწერები. მთლიანი ფონდი ოფიციალური საბუთით, წიგნის პალატის დირექტორის, რევაზ ღლონტის მიერ ხელმოწერილი სათანადო რეკვიზიტებით მილიონ ნახევარია, რაც ინვენტარიზაციის საფუძველზე დაითვალეს. წიგნის პალატის გაუქმების შემდეგ კი ამ ფონდის გადაცემა მოხდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციისთვის, რომელმაც გადაიბარა შენობა. აღნიშნული ფონდების გადაბარება მოხდა ფორმალურად მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. საბიბლიოთეკო კანონის შესაბამისად, დათვლილი არ ყოფილა გადაბარების დროს, რაზეც 2-3 საათში პროტესტი გამოთქვეს თანამშრომლებმა, მაგრამ ეს დარჩა პროტესტად. სად გაქრა წიგნის პალატის მილიონნახევრიანი ფონდი, არსად არ ჩანს და ეს მილიონნახევარი უკვე არსად არ არის დაფიქსირებული.

ეჭვობთ, რომ ეს რარიტეტული მასალა ვიღაცის კერძო კოლექციაში მოხვდა?

- გონივრული ეჭვი ყველაფრის მიმართ გვაქვს. 2007 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები ვიწყებთ ჩვენი უფლებების დაცვას. კორუფციული გარიგება-დისკრიმინაციით ჩატარებული იყო ატესტაცია და რეორგანიზაცია. ასევე, დარღვეული იყო ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის უამრავი მუხლი. ჩვენი უფლებების დაცვა დასრულდა იმით, რომ მოვიგეთ ორი სასამართლო პროცესი, თუმცა არც ერთის აღსრულება არ მომხდარა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობა დადგა, დაევალათ შეცდომის გამოსწორება, რადგან მთელი ეს პროცესი ჩატარებული იყო დისკრიმინაციულად. დისკრიმინაციის საკითხი შესწავლილი აქვს სახალხო დამცველის აპარატს და ხელმოწერილი აქვს სოზარ სუბარს. რაც შეეხება წიგნის პალატას, რომელიც 2005 წელს გაუქმდა, 2005 წელსვე მათ დაიწყეს დავა, სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართეს და არა სასამართლოს. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა კი დავა დავიწყეთ 2007 წელს, ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვფლობდით, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხდებოდა, მაგრამ ვიყავით თანამშრომლები და დირექციასთან ვახდენდით ჩვენი უფლებების დაცვას. პირადად მე 1992 წელს ნოდარ წულეისკირის მიერ ვარ მიღებული. შემდეგ იცვლებოდნენ გენერალური დირექტორები.

როდის შენიშნეთ დარღვევები ეროვნულ ბიბლიოთეკაში?

- ლევან ბერძენიშვილის დროს დაიწყო საბიბლიოთეკო წესის დარღვევა და გაგრძელდა ბოლომდე. 2007 წლიდან ჩვენთან დაიწყო პიროვნულ პოლიტიკური ნიშნით წმენდა და დევნა. მოგებული სასამართლო ორი პროცესიდან არც ერთი არ აღასრულა დირექციამ. 2009 წელს ჩვენ უკვე ვიწყებთ ფონდებთან დაკავშირებით დავას, ამ დროს ჩვენ გავერთიანდით წიგნის პალატის თანამშრომლებთან. ეს იმიტომ, რომ 2006 წელს უკვე წიგნის პალატის ფონდები გადმოცემულია ბიბლიოთეკისთვის და დარღვევები ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს. ამიტომაც გავაერთიანეთ ეს საქმეები.

პროკურატურას მიმართეთ?

- მთავარ პროკურატურას 2012 წელს მივმართეთ ჩვენი მტკიცებულებებით და ფაქტებით. 2012 წელსვე მთავარმა პროკურატურამ ჩვენი განცხადება და მტკიცებულებები გადაუგზავნა ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას, რომელმაც გადაუგზავნა შს სამინისტროს სამმართველოს მეშვიდე განყოფილებას. 2013 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ქვეპუნქტით, სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით. თუმცა 2013 წლის შემდეგ რეალური გამოძიება არც კი დაწყებულა.

რით ახსნეს ის ფაქტი, რომ საქმე მხოლოდ აღიძრა და გამოძიება აღარ დაუწყიათ?

- რეალურად არაფერი გამოუძიებიათ, არადა, ორი საქაღალდე მტკიცებულებებია მოგროვილი. საქმის გამოძიებას ვითხოვდით ყოველთვის, როცა იცვლებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, იცვლებოდა გენერალური დირექტორი, ვიწყებდით მთავარი პროკურატურიდან და მივდიოდით სამმართველომდე, ვიწყებდით პრემიერ მინისტრიდან, პრემიერი აგზავნიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარე აგზავნიდა მთავარ პროკურატურაში და წრეზე ტრიალებდა ეს საქმე.

მიზეზს რას გეუბნებიან, რატომ არ იძიებენ?

- საქმეც ეს არის, რომ მიზეზს არ გვეუბნებიან. წინა ხელისუფლების დროს მთავარ პროკურატურაში როგორღაც ვახერხებდით მთავარ პროკურორთან, მის თანაშემწესთან შესვლას, გამოძიებას გვპირდებოდენ და გვეუბნებოდნენ, საქმე მიმდინარეობსო, თუმცა რა ეტაპზე იყო საქმე, არ ვიცოდით, რადგან ჩვენ თურმე არ ვიყავით დაზარალებულად ცნობილი. სახელმწიფოს ქონებაზე ჩვენ ვერც ვიქნებოდით დაზარალებულნი, რადგან სახელმწიფოა დაზარალებული და ბიბლიოთეკაა დაზარალებული. ბიბლიოთეკის დირექციაა კორუფციაში გარეული. რიტორიკულად რჩება ჩვენი კითხვა, ვინ მფარველობს კრიმინალს?! ამდენი წლის განმავლობაში დავა მიმდინარეობს, ველოდებით პასუხებს, რომელიც არ ჩანს, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ადმისტრაციას განცხადებით მივმართეთ, რადგან შეიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და იმედი გვქონდა საქმე დაიძვრებოდა. წერილები პრემიერიდან ისევ მიდის პარლამენტში, ბატონ შალვა პაპუაშვილთან, არანაირი წერილობითი თუ ზეპირი პასუხი, შეხვედრასა და საჯარო სივრცის დათმობაზე გვეუბნებიან უარს როგორც პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, ასევე, ბიბლიოთეკაში. მივდივართ ჩვენი სასამართლო გადაწყვიტილებებით და სამართლის აღსრულების მოთხოვნით ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიასთან. კონსტანტინე გამსახურდიამ მიგვიღო ორი თანამშრომელი და გავოცდით, როცა აქეთ დაგვისვა შეკითხვა, რატომ არ აღსრულდა სასამართლო გადაწყვეტილებაო?! მოგვთხოვა განცხადების და მტკიცებულებების მასთან შეტანა, რასაც დავთანხმდით. კონსტანტინე გამსახურდიას ყველა შემოთავაზებას დავთანხმდით - საჯარო განხილვას, კრებას, ძველ დირექციასთან შეხვედრას, გამსახურდია გვეუბნება, დაიწყეთ თავიდანო. ამ დროს რა უნდა დავიწყოთ, როცა სასამართლო პროცესი უკვე მოგებულია. ჩვენ ვეუბნებით, აღასრულეთ სამართალი. კონსტანტინე გამსახურდია რომ დაინიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად, საქართველოს ხელისუფლებამ იმედის არხზე წინმსწრებად განაცხადა, ეს არის ეროვნული საგანძურის მცველიო. ეს სტატუსი კონსტანტინე გამსახურდიამ შეიფერა, მას აქვს პრეტენზია, იყოს გენერალური დირექტორი და საგანძურის მცველი, ჩვენც არ გვაქვს მისი ვალი, ის ჩვენთვის ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფლების წარმომადგენელია.

კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესშიცაა გაუჩინარებული ფონდების საქმის დაბლოკვა?

- დიახ, ასე რომ არ იყოს, რას ნიშნავს მისი ნათქვამი, შემოიტანეთ განცხადება, ჩვენც შეგვაქვს განცხადება, გადის ორი თვე და არ გვაძლევს წერილობით კომპეტენტურ პასუხს.

საკონსტიტუციო სასამართლოს და შემდგომ უკვე სტრასბურგს თუ განიხილავთ?

- არავითარი ბერკეტი საკონსტიტუციოს არ ექნება. რაც შეეხება სტრასბურგს, ჯერ ფონდებთან დაკავშირებით დავა საქართველოში უნდა გავაგრძელოთ.

თუკი აღსრულება ძალაში შევა და მისი განხორციელება დაიწყება, ვისი პასუხისმგებლობა დადგება?

- საიდანაც უნდათ, იქიდან დაიწყონ აღსრულება. ამაზე არ გვაქვს პრეტენზია, ეს ხანდაზმული საქმე არ არის. თუ 2003 წლიდან ჩადენილი დანაშაულები არ ითვლება ხანდაზმულად და მიმდინარეობს გამოძიება-დაპატიმრებები, რატომ არის 2007 წლიდან 2023 წლამდე ჩადენილი დანაშაულები ხანდაზმული?!

კონკრეტულად რა შეკითხვები გიჩნდებათ?

- სად არის წიგნის პალატის მილიონნახევრიანი უნიკალური ფონდი? გადმობარების შემთხვევაში, დარღვეულია კანონი და ფონდის რაოდენობა არ დამატებია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის რაოდენობას. ვებგვერდზე -ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი მითითებულია 4 მილიონი, ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური საბუთის საფუძველზე კი, ანუ 80-იან წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე ბიბლიოთეკის საერთო ფონდი იყო 13 მილიონზე მეტი. როგორ შემცირდა და გახდა 4 მილიონი? დღემდე ვერც ერთ საბუთს ვერ გვაწვდის დირექცია.

ფონდის შემცირება ვისი ხელმძღვანელობის დროს მოხდა?

- ბერძენიშვილის დროიდან დაიწყო, ჩვენ ვართ კატალოგებიდან ბარათების ამოღების მოწმენი.

იმ პერიოდში რეაქცია თუ გამოხატეთ?

- ჩვენ რიგითი თანამშრომლები ვიყავით. არის სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც ლევან თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობს, ლევან ბერძენიშვილმა თაქთაქიშვილს ჩააბარა საცავის ყველა გასაღები, მას მისცა ყველა უფლება, ის იყო მისი ფავორიტი, ბერძენიშვილის წასვლის შემდეგ გენერალურ დირექტორად უნდოდა დაენიშნათ და არ დანიშნა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ პირადად ვამბობ, დიახ, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველი დირექციის დროს გენერალური დირექტორი არის ლევან თაქთაქიშვილი. დღევანდელი დირექტორის ჩათვლით, ყველა დირექტორი სიმბოლური და არაკომპეტენტური აღმოჩნდა, მიუხედავად სახელებისა და გვარებისა, ესენი იყვნენ საბიბლიოთეკო საქმის არმცოდნენი, კრიმინალთან გარიგებაში მყოფნი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიტიკური გარიგებებით ინიშნება და იხსნება ყველა გენერალური დირექტორი. გამოდის, რომ ჩვენ, დისკრიმინაციის სუბიექტები და დაზარალებული ხალხი, წინა დირექტორების დამცველნი გამოვდივართ. დღევანდელმა გენერალურმა დირექტორმა ასეთი პასუხი გაგვცა, მოიტანეთ საბუთები, მტკიცებულებებიო, მაგრამ არც ერთი არ შეასრულა ორი თვის განმავლობაში. დღესაც ბიბლიოთეკას მართავს ლევან თაქთაქიშვილი. დაწყებულია ჩვენს დროს გაშვებული თანამშრომლების მიღება, რომელთაც უამრავი გადაცდომა დაუფიქსირდათ, ზოგიერთი მათგანი ჩაჭრილია, ზოგი გაგდებული, ყველას მიღება დაწყებულია და ყველა მათგანი პირველად მადლობას უხდის ლევან თაქთაქიშვილს, შემდეგ-გენერალურ დირექტორს. ეს ნიშნავს, რომ უცვლელ დირექციასთან შეთანხმებით ხდება თანამშრომლების მიღება. მაშინ რა ფუნქცია აქვს გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას? რისთვის ჩავაბარეთ მტკიცებულებები და საბუთები? კონსტანტინე გამსახურდიასთან როდესაც ვიწყებთ ფონდებზე საუბარს და ვეკითხებით, კარგით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პოლიტიკური ნება არ გაქვთ, მაშინ რა ხდება იმასთან დაკავშირებით, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული? პასუხად გამსახურდია გვეუბნება, მე არ მეხება, რაც ჩემამდე მოხდა და ყველაფერზე მორატორიუმს ვაცხადებ.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციას თუ აქვს პასუხი, სად გაქრა წიგნის პალატის მილიონნახევრიანი უნიკალური ფონდი?

- ყველა გენერალურ დირექტორთან შეტანილი გვაქვს ოფიციალური მოთხოვნა, პროკურატურას აქვს გაგზავნილი მოთხოვნა, საგაზეთო სტატიები გვაქვს, სად არის აღნიშნული ფონდი? 4 მილიონს მივუმატოთ მილიონნახევარი, 5-მილიონნახევარი ხომ უნდა იყოს? ამათ კი ისევ ოთხი მილიონი დატოვეს. ყველაზე მთავარი, გადმოდიან პიროვნულ შეურაცხყოფაზე და თავდაცვის უფლებასაც გვართმევენ. გენერალური დირექტორი გვესაუბრება მათი ენით, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და არ გვისმენს. არ მივცემ უფლებას არც კონსტანტინე გამსახურდიას მომაყენოს შეურაცხყოფა, გააგრძელოს დისკრიმინაცია, ჩვენთვის უკვე აღარ არის რიტორიკული კითხვა, ვინ მფარველობს ამ ადამიანებს. მოდით, ვთქვათ, ვინ არის ხელისუფლებაში, ვის დაქვემდებარებაშია ბიბლიოთეკა, ვინ ნიშნავს და ხსნის გენერალურ დირექტორებს? ცხადია, პარლამენტის თავმჯდომარე. თუ ცხრა წლის განმავლობაში ის არ ხსნიდა გიორგი კეკელიძეს და არც ერთ მტკიცებულებას არ გადახედა, უცბად გაახსენდა არჩევნების წინ კეკელიძის მოხსნა? თან მადლობას უხდის და თან ახალი გენერალური დირექტორი გვეუბნება, უმძიმესი მდგომარეობა დამხვდა ბიბლიოთეკაშიო. ლოგიკურად ვინ მფარველობს ამ ადამიანებს? გვარები და სახელები ვთქვათ მაინცდამაინც? მითხრეს მაღალი თანამდებობის პირის ვინაობა, ვინც მფარველობს ამ საქმეს, მაგრამ მე მგონია, ამ ჭორს თვითონ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექცია ავრცელებს.

წიგნების გაქრობის საქმე შეიძლება სააკაშვილამდეც მივიდეს?

- იქიდან იწყება ყველაფერი და მოდის დღემდე. მამული, ენა, სარწმუნოება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რით არ არის ეს ფონდები მამულის, ენის, სარწმუნოების საქმე? სიმბოლური გენერალური დირექტორები ვის სჭირდება? ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ უკვე აღარ გვაქვს არც გენერალური დირექტორის, არც კორუმპირებული დირექციის იმედი. სახელმწიფო სტრუქტურები რიგითი მოქალაქისთვის უნდა არსებობდეს. დღეს, როდესაც იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერზე გვესაუბრებიან, თვითონ საქართველოსა და თბილისში საბიბლიოთეკო ფონდებთან დაკავშირებით რა ხდება? არსებობს სტრუქტურა, ვინც ამას არეგულირებს და აწესრიგებს? მეცნიერებათა აკადემიასაც მივმართეთ, ეროვნულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც გაეცნო, მიხვდა, რაზეც ვსაუბრობდით, დანიშნა სხდომა, ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა გამსახურდია არ მოვიდა მოსასმენად. სხვათა შორის, ამ კომისიის საპატიო თავმჯდომარე პატრიარქია. ნუთუ არ შეიძლება, ისეთი სტრუქტურა მოიძებნოს, რომელიც მიხედავს ამ საკითხს. პატრიარქს ხომ ვერ შევაწუხებთ ყველაფერზე. კულტურის და სპორტის სამინისტროსაც აქვს გარკვეული ვალდებულება ფონდებთან დაკავშირებით. არის კანონი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, სადაც თავები და მუხლებია, რომლის მიხედვითაც, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ევალება კოორდინაცია. ჩვენ მივმართეთ თეა წულუკიანს და პასუხი მოვიდა, ჩვენ არ გვექვემდებარება და ექვემდებარება პარლამენტსო. ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრს - ფაქტები, მტკიცებულებები და სიმართლე. კულტურა, ზრდილობა და ინტელექტი - ამას ვითხოვთ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორისა და დირექციისგან და ვერ მივიღეთ პასუხი. გრძელდება მფარველობა და სახელმწიფო სტრუქტურები არ ფუნქციონირებს რიგითი მოქალაქისა და ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის. თქვენი ინტერნეტგამოცემის ხელმძღვანელებს ბატონ გიასა და ქალბატონ როზის დიდ მადლობას მოვახსენებ, რადგან სხვა მედიასაშუალებებში დაიბლოკა ჩემი ინფორმაცია. წინა დირექტორის-ბორის გაგუას დროს ქართუ ფონდმა ბიბლიოთეკის რესტავრაციისთვის გამოყო თანხა, რომელიც მიზნობრივად არ არის გახარჯული. ამას მტკიცებულებაც არ სჭირდება, ვიზუალურად შეხედონ პირველ კორპუსს და ყველა დააფიქსირებს, რა მდგომარეობაშია ცხრასართულიანი მთავარი წიგნთსაცავი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლებზე ჯერ კიდევ რკინის ჭიშკრები და გისოსებია დაკიდებული, ამ თანხით შეძენილია ანტიკვარული ავეჯი, გვაქვს ფოტოები, ვიდეომასალა, გვყავს მოწმეები, არსებობს ოფიციალური საბუთები, რომ წიგნის პალატის შენობაში დაწყებული იყო ე.წ. საავარიო სამუშაოები მაშინ, როცა საცავში იყო წიგნები. ამის შესახებ მიმართეს პარლამენტს, პარლამენტმა-პროკურატურას, ჩვენი დიდი ეჭვია, ამას უკავშირდება ხანძრის გაჩენის მცდელობა. არავის არ აინტერესებს, ქართუ ფონდის ფული გაიხარჯა თუ არა მიზნობრივად? მაშინ კონსტანტინე გამსახურდიამ ის კითხვა მაინც დასვას, უმძიმესი მდგომარეობა თუ დახვდა, რატომ არის პირველი კორპუსი და მთავარი წიგნთსაცავი ასეთ მდგომარეობაში? საიდან დაიწყო რესტავრაცია - დირექტორების კაბინეტებიდან?! შემთხვევით გავიგე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობები უნდა დაიცალოს და ბიბლიოთეკისთვის შენობა შენდება დიღომში. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ბენდუქიძეს ჰქონდა ამგვარი ინტერესი, ჩვენ დაგვეცალა ბიბლიოთეკის შენობები. ეს ზაზა აბაშიძესაც შესთავაზეს, მაგრამ თანამშრომლები წინააღმდეგნი წავიდნენ და გაჩერდნენ. შემდეგ უკვე გაგუას დროს შესთავაზეს ბიბლიოთეკის დაცლა, მაგრამ გაჩერდნენ, დღეს კონსტანტინე გამსახურდიას ხელით აკეთებენ ამას. გამსახურდიამ მე პირადად მითხრა, დარჩენილ ფონდს ვერ დავითვლი, რადგან ალტერნატიულ სივრცეში გავიტან ფონდებსო.

ლევკოთეა კონსტანტინე გამსახურდია უნიკალური პიროვნებაა. ბრენდული სახელი-გვარით იოლად გადის მთელი ცხოვრება. :)
ხან მთავარი მეტროლოგია შვეიცარიაში (მეტეოროლოგიაში არ აგერიოთ) ხან მთავარი ბიბლიოთეკარი.
1 დღის უკან
Gami კოშმარული აბსურდი -- ეს თაქთაქიშვილი მარჯვნივ და მარცხნივ რომ არიგებს ინტერვიუებს, ერთხელ მაინც ეთქვა ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ სულ "მეორე კაცად" ყოფნამ ეტყობა .... ეს კოკო კიდევ, ვერ შემდგარი გამსახურდიაა@
1 დღის უკან