„საქართველოში ტერაქტი შესაძლოა არავინ მოაწყოს, მაგრამ სატრანზიტო გზად გამოგვიყენონ, ან ჩვენი მოსახლეობა ჩართონ ამ ქსელში“

„საქართველოში ტერაქტი შესაძლოა არავინ მოაწყოს, მაგრამ სატრანზიტო გზად გამოგვიყენონ, ან ჩვენი მოსახლეობა ჩართონ ამ ქსელში“

არსებობს თუ არა დაღესტნის ტერაქტის შემდეგ, ტერორისტული აქტების განმეორების საფრთხე და რამდენად უნდა იყოს ქართული სპეცსამსახურები ყურადღებით? როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტან მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რისკები არსებობს და ამის ნათელი მაგალითი, ბოლო დროს, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტებია. ის არ გამორიცხავს, რომ ტერორისტებისთვის დაღესტნის ტერაქტი სხვა უფორ მნიშვნელოვანი რაღაცის გადასაფარად დაგეგმეს, ამიტომ საქართველოც ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს.

დაღესტანში 23 ივნისს მომხდარი სისხლიანი ტერაქტების სერიის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოლქის ყოფილი გამგებლის, მაგომედ ომაროვის 6 ვაჟიშვილი. დაკავებულებს ამ ეტაპზე 13-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.

ომაროვის 2 შვილი და 1 ძმის შვილი დაღესტნის ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. ტერაქტებიდან მცირე დროში თანამდებობიდან მოხსნეს და დააკავეს თავად ოლქის გამგებელიც.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავებულები ბოდიშს იხდიან თავისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამო. ვიდეოში მხოლოდ 5 ეჭვმიტანილი ჩანს.

ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი (მედია Baza-ს ცნობით - 23), აქედან 16 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.

დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.

რა აჩვენა დაღესტნის ტერაქტმა და რამდენად არსებობს ჩრდილო კავკასიის აფეთქების რისკი. ცნობილი ხდება რომ კადიროვმა ჩეჩნეთშიც და დაღესტანშიც ადგილობრივებს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ნათესავების დახოცვისკენ მოუწოდა. რა მოვლენების განვითარების რიკის წინაშე დგას ჩრდილო კავკასია?

- სამწუხაროდ, ისლამურმა სახელმწიფომ უკვე დაიწყო ისევ აღორძინება და ცენტრალურ აზიაში აპირებენ კვლავ ახალი ცენტრების შექმნას. „დაეშის“ ლიდერმა მოუწოდა თავიანთ მომხრეებს, რომლებიც ავღანეთში ვერ ჩავიდოდნენ, მოქმედება ადგილებზე განეხორციელებინათ. ამიტომაც, როგორც ჩანს, კავკასიის რეგიონში, როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში მოქმედებს ისლამური სახელმწიფოს კავკასიის ვიალეთი.

„დაეშს“ გააჩნია მიძინებული, ნახევრად მიძინებული და აქტიური ქსელები. კავკასიაში უკვე 2020 წლიდან მიძინებული ქსელების სისტემაზე გადავიდა და სხვათა შორის როცა ახმეტ ჩატაევმა სირიიდან ვოიაჟი დაიწყო, მიძინებული ქსელების წევრებმა ის საქართველოში გადამოიყვანეს. კორიდორები შეუქმნეს და აქ ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ის საქართველოში მიძინებული ქსელის მეშვეობით ახერხებდა საცხოვრებლის შეცვლას, იარაღის მიღებას და ა.შ. თუმცა ჩატაევს სერიოზული ჯგუფი გადმოჰყვა და აქ საუბარი 20 კაცამდეა. დანარჩენმა 16 კაცი სად გაიქცა და დაიკარგა, არავინ იცის. აბუ ჯიჰაბი, რომელიც ჩატაევის მოადგილე იყო, ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა და იქ აგრძელებდა საქმიანობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაღესტანში სწორედ აბუ ჯიჰაბის მიძინებული ქსელის ამოფრქვევა მოხდა.

რუსებმა მაშინვე სცადეს უკრაინის ომის ფაქტორის დასახელება და ამ ტერაქტის უკან უკრაინელების და ამერიკელების კვალის დანახვა. როგორ ფიქრობთ, უკრაინის ომის და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფაქტორებმაც განაპირობეს ეს ტერაქტი?

- დაღესტანში საკმოდ ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და რა თქმა უნდა, ძალიან რთული და საკმაოდ ფეთქებადსაშიში სიტუაცია არსებობს. თუმცა უკრაინელების და ამერიკელების კვალი აქ ნაკლებად ჩანს. დაღესტანში კავკასიური ისლამური მიმართულება კარგად აქვთ ათვისებული, ტრადიციული ისლამისტები არიან ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა არიან რადიაკლური ჯგუფები, რომელთაც თავიანთი მისიები გააჩნიათ. „დაეში“ მოქმედებს დამოუკიდებლად, ამიტომ მისთვის მოკავშირე დასავლეთი და უკრაინა ვერ იქნება. „დაეში“ ევროპაში ფეხბურთზეც ცდილობდა ტერაქტის მოწყობას.

ვნახეთ გერმანიაში მოკლული პოლიციელიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ევროპამ მათი განეიტრალება შეძლო. ახლა ახლოვდება პარიზის ოლიმპიადა და „დაიშს“ აქაც აქვს, როგორც ჩანს, საკუთარი მიზნები. ამიტომ ძალიან სახიფათოა მათი მოქმედებები და არავინ იცის, როდის რა მოხდება. იმედია საფრანგეთის სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდებიან. „დაიშის“ წევრებისთვის ახლა რუსეთი ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ქვეყანა გახდა. რუსების სპეცსამსახურები ურთულეს სიტუაციაში იმყოფებიან და საშიშროება რომ არსებობს, ეს დაღესტნის ტერაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა. რუსებს კონტრტერორისტული მიმართებითაც ძალიან დიდი ჩავარდნა აქვთ.

არსებობს ტერაქტების განმეორების შანსი რუსეთის ტერიტორიაზე?

- რა თქმა უნდა, არსებობს და ეს უკვე მესამე ტერაქტია ამ მოკლე ხანში. გვახსოვს მოსკოვის ტერაქტი და ასევე სამართალდამცველების ტყვედ აყვანა როსტოვში. საკმაოდ რთული სიტუაციაა და, როგორც ჩანს, „დაეშმა“ გასცა ბრძანება კავკასიის რეგიონში მოქმედებაზე გადასვლაზე. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. მათ ქსელები გააჩნიათ, არა მხოლოდ ჩრილოეთ კავკასიაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც.

ჩვენ ვნახეთ ბათუმში ქართულმა სპესცამსახურებმა ისლამური სახალიფოს სამი მებრძოლი დააკავა. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და არ ვიცით რას აპირებდნენ ეს ადამიანები. როგორც ირკვევა, ისინი ბაზარში საქმიანობდნენ და მათ დანაშაულში, ერთი შეხედვით, ეჭვი არავის ეპარება. რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეზეა საუბარი?

- რაც ვიცით ამ ეტაპზე ის არის, რომ მათ ჰქონდათ შეიარაღება, ლიტერატურა და გადმოდიოდნენ სირიის ტერიტორიიდან და რთულია იმაზე საუბარი, რას აპირებდნენ. ეს, როგორც ჩანს, კავკასიის მიძინებულმა ქსელმა გააკეთა და მათი ამ ქსელში ჩათრევა მოხდა. ასეთი ქსელი შესაძლოა, რამდენიმე არსებობდეს. სამხრეთ კავკასიაში ყველას თავისი ფუნქცია, მიზანი და ამოცანა აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ დაღესტნის ტერაქტი ემსახურებოდა იმას, რომ „დაეშის“ ტერორისტებმა სირიიდან ავღანეთში გადაჯგუფება მოახერხონ. ეს უფრო ტესტი იყო იმისთვის, რომ შესაბამისი სტრუქტურების შემოწმება მოეხდინათ, ან ღმერთა არ ქნას და შესაძლოა, უარესსაც ამზადებენ. ტერორისტების გადაჯგუფება შეძლეს და ყურადღება ამ საშინელი ტერაქტით გადაიტანეს.

საქართველოსთვის რა საფრთხეზე შეიძელბა იყოს საუბარი?

- მე ადრე მედიასთან ვისაუბრე ჩატაევის და მისი მებრძოლების საქართველოში შესაძლო შემოსვლაზე. მაშინ მე დამცინეს და საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ჩამაყენეს. ამაზე ევროპარლამენტშიც კი იყო საუბარი და მე სრულიად დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღე მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილისგან. არადა ზუსტად რამდენიმე თვეში, ჩვენს ქვეყანაში, უმძიმესი ამბავი გავიგეთ და ჩატაევმა პირდაპირ შუა ქალაქიდან თავის მებრძოლებთან ერთად ჩვენს პოლიციას სროლა აუტეხა. საქართველოს ძალიან დიდი სატრანზიტო დანიშნულება აქვს. ჩვენ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ კორიდორში, საიდანაც ტერორისტების გადაადგილება ხელსაყრელია. მე დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სამართალდამცველები დიდი ყურადღებით არიან. ჩვენ საინტერესო ვართ, როგორც ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაადგილებისთვის. ამიტომ აქ ტერაქტი შესაძლოა არავინ მოაწყოს, მაგრამ ჩვენ სატრანზიტო გზად გამოგვიყენონ. ან ჩვენი მოსახლეობა ჩართონ ამ ქსელში. რისკები არსებობს და მისი გაანალიზება უნდა მოხდეს.

trampi ამან ჭკვა ვერ ისწავლა, არაფერი ეშველება ----მაინც კალტენბრუნერის აგენტია
5 საათის უკან