„უტრიალებენ ამ საქართველოს დასავლეთიდან - რუსეთზე გაქვს ორიენტაციაო და ამ დროს, რუსი მაღალჩინოსანი ამბობს, მივესალმებით მოლაპარაკებების აღდგენასო...“

„უტრიალებენ ამ საქართველოს დასავლეთიდან - რუსეთზე გაქვს ორიენტაციაო და ამ დროს, რუსი მაღალჩინოსანი ამბობს, მივესალმებით მოლაპარაკებების აღდგენასო...“

ჯერ იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი, ახლა მარია ზახაროვა - რუსეთის დუმის წარმომადგენელიც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანიც ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება.  ზახაროვამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ერის ინტერესებს შეესაბამება და რუსეთი მზად არის, ამ გზით იაროს. ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ არც ერთი და არც მეორე არ ამბობს, ვისთან აწარმოებს რუსეთის ხელისუფლება მოლაპარაკებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვთვლით, რომ ეს ურთიერთობების ნორმალიზება შეესაბამება ჩვენი ორი ერის ინტერესებს. მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება რუსულ-ქართულ ნორმალიზებას. ამ კონტექსტში, მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. მზად ვართ ამ გზით ვიაროთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

კრემლის მესვეურები აცხადებენ, რომ დიპურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესშია, თუმცა ღიად რჩება მთავარი კითხვა - გაითვალისწინებს თუ არა თბილისი იმას, რაც დღემდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს? ეს სწორედ ის წითელი ხაზია, რომელსაც ოფიციალური თბილისი არასოდეს გადავა და საქართველოს ტერიტორიების იმ ნაწილის, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომებისა თუ ავანტურის შედეგად არის ოკუპირებული, არასოდეს აღიარებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

შესაბამისად, ერთი მხრივ, რუსეთის ეს ე.წ. ულტიმატუმი და მეორე მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც რუსეთი, როგორც წესი, ეხმარება საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას. ამჯერად, ზატულინი და ზახაროვა მაშველი რგლის რანგში მოევლინენ ქართულ ოპოზიციას. ოფიციალური თბილისის პოზიცია ცნობილია - სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს საუბარი.

აღსანიშნავია, რომ 1992 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და დაიწყო კომპრომისული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. 1993 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო მეგობრობის ხელშეკრულება და უკვე 1994 წელს საქართველო შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, 1995 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების განთავსებას აფხაზეთში.

2004-2005 წლებში წარმატებით დასრულდა რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან. 2006 წელს საქართველოში რუსეთის აგენტური ქსელის გაშიფვრა მოხდა. ამ ფაქტს მოჰყვა რუსეთის მიერ ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან, ემბარგოს დაწესება რუსეთში ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე, ღვინოსა და ხილზე, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.

საქართველოში რუსეთის საელჩომ შეწყვიტა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიწვია რუსეთის ელჩი თბილისში ვიაჩესლავ კოვალენკო და თბილისიდან სასაწრაფო წესით გაიყვანეს საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები. გარდა ამისა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შეაჩერა საქართველოსთან ყველა სატრანსპორტო კავშირი, ხოლო რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტრომ შეაჩერა საფოსტო კომუნიკაციები.

ამის შემდეგ კი იწყება საომარი კონფლიქტი - 2008 წლის აგვისტოს ომი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ფაქტობრივი ოკუპაციის პირობებში, მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. 2008 წლის შემდეგ რუსეთი უკვე აღარ არის ფორმალურად მედიატორი, არამედ ოკუპანტია. შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთის ჯარი განლაგდა ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები. 2019 წელს გავრილოვის ღამის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა სავიზო რეჟიმი.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრიდან ერთ წელიწადში, 2023 წლის 10 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით რუსეთში უვიზო მიმოსვლა აღდგენილად გამოცხადდა და აღდგა პირდაპირი ფრენები, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ რუსული პოლიტიკური ელიტა პირველად არ იძლევა ამ შინაარსის პოლიტიკურ მესიჯს, რომ რუსეთი მიესალმება მოლაპარაკებებს და ყველა შემთხვევაში, გარკვეული თვლსაზრისით, ეს იყო ქართული ოცნებისთვის ნასროლი ქვა - საქმის გაფუჭება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში იგივე ხდება.

„კერძოდ, უტრიალებენ ამ საქართველოს დასავლეთიდან - რუსეთზე გაქვს ორიენტაციაო და ამ დროს, რუსეთის მაღალი წრეებიდან გამოდის ქალი და ამბობს, რომ მივესალმებით მოლაპარაკებების აღდგენასო. ეს წყალს ასხას იმ ვერსიაზე, რომ საქართველო რუსეთთან აუმჯობესებს ურთიერთობას. ანუ, იმ ვერსიას, რაც ერთი მხრივ უკავია ქართულ ოპოზიციას და მეორე მხრივ ამერიკას და ევროპას, ახლა ემატება რუსეთის მხრიდან წყლის დასხმა ამ წისქვილზე. ამ შემთხვევაში წისქვილი არის ხიდის ჩატეხვა დასავლეთსა და საქართველოს შორის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოს კონფლიქტში რუსეთი არის მხარე და შესაბამისად, საქართველოს მოუწევს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საყვარელიძის შეფასებით, უმჯობესი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს იმ მხარის წარმომადგენელი, ვისაც რუსეთი ვერ აუხტება.

„ოპოზიციას მიაჩნია, რომ ასეთი მხარე არის დასავლეთი, მაგრამ ეს საეჭვო ვერსიაა და უკარაინის შემხედვარე ფაქტობრივად, დაუფარავი ომი აქვს დასავლეთს და რუსეთს. ასევე, ქართული ოპოზიცია იძახის, რომ არ შეიძლება ერთი-ერთზე მოლაპარაკება, რომ რუსეთმა მერე ტყუილი არ თქვასო. ასეთი რუსეთის მიმართ პატარა ქვეყნის შიში ბუნებრივია, მაგრამ ამ შიშით დასავლეთი რომ მოიწვიო, რუსეთი კიდევ უფრო უარესად მოიქცევა. ხომ ხედავთ რა დღეშია დასავლეთთან ურთიერთობაში, აგრესიულია და ნერვები ეშლება, როცა დასავლეთი ერევა პოსტსაბჭოთა თემატიკაში.

ამიტომ მგონია, რომ უკეთესი იქნება ასეთ მაგიდასთან მესამე მხარედ იჯდეს ჩინეთი, რომელთანაც რუსეთი უფრო მორიდებულია. თუმცა, ჯერ პოლიტიკური ვითარება იმ რანგში არ არის ორ სახელმწიფოს შორის, რომ მოვიწვიოთ კონფლიქტის მოგვარების კუთხით. ჯერ ჩინური თემა კონტინეტზე არ არის ასეთად კოპირებული. ამიტომ, მგონია, რომ ჯერ არის დრო, დაველოდოთ, როდესაც ჩინეთის წვდომა კიდევ უფრო გაიზრდება კონტინენტზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის კუთხით, აუცილებელია დახურული კვლევებით იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. დახურული კვლევის მონაწილეები კი უნდა იყვნენ როგორც სპეცსამსახურები, ასევე მაღალი დონის მეცნიერები, რომლებიც უნდა შეჯერდნენ, რამდენად მომგებიანია ნებისმიერი გადაწყვეტილება და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან.

„რაც შეეხება ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია იმ ოკუპირებულ რეგიონთან, მე მაინც ვფიქრობ, რომ კონკრეტული მოლაპარაკების გარეშე იმ ავტორთან, რომელიც კონფლიქტის ძირითადი ავტორი არის, პრობლემების მოგვარება, პრაქტიკულად, გაჭირდება. ამაში განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ იმის გამო, რომ რეალურად, მიმდინარე მოვლენები გვაჩნებს იმას, რომ პრაქტიკულად, ერთი ქვეყანა, რომელზეც ჩვენ საუბარი გვაქვს, უძლებს ამ დონის საომარ მოქმედებას, რომელშიდაც მეორე მხარეს, ანუ უკრაინის მხარეს, პრაქტიკულად, იბრძვის კოლექიური დასავლეთი, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად, შეირაღებით და პოლიტიკით.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძირითადი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მ ჯგუფს, რომელშიც შესული იქნება როგორც სპეცსამსახურები, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი წვდომა დახურულ ინფომრმაციაზე და, რა თქმა უნდა, ანალიტიკური პროცესის და სხვა მიმართულებებით აუცილებელია გამოყენებულ იქნას კომპეტენტური და ზოგადად, აპოლიტიკური მეცნიერები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.