„თუ გახარია ახლა ისევ გააქტიურდება, ორ პოლუსს შორის შუალედის დაკავების პერსპექტივა აქვს - მისი პლატფორმის ძირითადი განაცხადი იყო - არც „ნაცები“ და არც „ოცნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამ ხელმოწერას არ შეუერთდა „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“. რა პერსპექტივა აქვს დღეს გიორგი გახარიას, როგორც დამოუკიდებელ ფიგურას?
- როგორც კი გახარიას პარტია შეიქმნა, მაშინვე გააჩინა ვერსია, რომ იგი სწორედ იმ მესამის ფუნქციას შეასრულებდა, რომელიც გადმოქაჩავდა ხმებს ორივე მხრიდან და უფრო მეტად „ქართული ოცნებიდან“. ბევრის ფავორიტი იყო გახარია, თუმცა, შემდეგ მას ჰქონდა ძალიან დიდი პასიურობის პერიოდი, ამიტომ მისდამი ოპტიმიზმი ნელ-ნელა ჩაქრა. ახლა თუ გააქტიურდება ისევ, ორ პოლუსს შორის შუალედის დაკავების პერსპექტივა აქვს - ეს მისი ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანია, ბევრ სხვა პარტიათა შორის.
საკმარისია მან ოპოზიციის რაიმე გაერთიანებაში ადგილი დაიკავოს, ის ამ უპირატესობას დაკარგავს და მართლაც, დაყვანილი იქნება ამომრჩევლის დამოკიდებულება იმაზე, თუ ვის რა გარეგნული ნიშნები მოსწონს მასში. მისი პლატფორმის ძირითადი განაცხადი იყო - „არც ერთი და არც მეორე“, ანუ არც „ნაცები“ და არც „ოცნება“. გეოპოლიტიკური მხარეების არჩევანში ან შიდაპოლიტიკური სიტუაციის შესახებ რაიმე სპეციფიური პლატფორმა მას არ ჰქონია.
ანალიტიკოსთა ნაწილი პროგნოზირებს, რომ თუკი გიორგი გახარია არ გაერთიანდება რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ, (უფრო აქტიურად „ლელოსთან“ გაერთიანებაზე იყო საუბარი), მას ნაკლები შანსი აქვს იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს არჩევნებში. თქვენი პროგნოზი როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, პირიქით მოხდება - თუკი ის არავისთან გაერთიანდება, მაშინ მას მეტი შანსი აქვს, რომ ბარიერი გადალახოს. თუ გაერთიანდება, ის იქნება ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციური პარტია და ვიცით, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ სიმპათიები დიდი არ არის. არსებობს ადამიანების უზარმაზარი პროცენტი, დაახლოებით 50% (თუ მეტი არა), რომელსაც არც ერთი არ უნდა და არც მეორე. გახარიამ ამ რესურსიდან შეიძლება შეივსოს მისი დანაკლისი და ეს ძალიან დიდი რესურსია.
საუბრობენ, რომ ეს ერთგვარი დაყოფა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია - დანარჩენი, ყველა ოპოზიციური პარტია იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“. გახარიას გარდა, რომელსაც დამოუკიდებლად სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ოპოზიციური სპექტრი დღეს ასე იყოფა: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“...
- მოდით, ამომრჩევლები დავყოთ: „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები 30%-ზე მეტია, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს 20%-ოს ფარგლებშიაო, ამბობენ, ხოლო ორივესგან დისტანცირებული ამომრჩეველი, დაახლოებით, 50%-ია. ამ ამომრჩევლებიდან, მესამე ჯგუფია ისეთი, საიდანაც შეიძლება ბევრი დადგეს გახარიას გვერდით. გამოდის, რომ გახარიას პარტიის რესურსი, დანარჩენ ორ პარტიაზე დიდია.
როდესაც გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, ბევრი საუბრობდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის „პროექტი 2“ არის, მაგრამ შემდეგ თითქოს მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა, როგორც ვხედავთ, გახარია არც „ერთიანობის დეკლარაციას“ აწერს ხელს და სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაზეც“ უარი თქვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ წამოიწია წინ ამ საკითხმა და გამოითქვა მოსაზრება, რომ ის ასეთი სტრატეგიით „ქართულ ოცნებას“ უქმნის კომფორტს. რამდენად არის ასე, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- 12 წლის განმავლობაში, სულ გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით - იმდენად არ უნდა მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“, რომ გარბიან და „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას. გახარიას „ქართული ოცნების“ ხმები მიაქვს. ასე რომ, თუ ვინმე არის დისკომფორტის შემქმნელი „ქართული ოცნებისთვის“, ეს სწორედ გახარიაა.
თავად „ერთიანობის დეკლარაციაზე“ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერას როგორ შეაფასებდით? რა პერსპექტივა აქვს მას?
- სახელმწიფოს მართვაში, პარტიებს პრეტენზია ჰქონდეთ და მათ სხვა რაიმე სტრატეგიული არაფერი განაცხადონ, გარდა იმისა, რომ ერთიანდებიან თუ ცალ-ცალკე გადიან, ღიმილის მომგვრელია. ან საგარეო პოლიტიკური ხაზი უნდა ჰქონდეთ, ან შიდა პოლიტიკური გეგმები - ანუ რაღაც, რითაც ის არჩევნებს მოიგებს. რითი აპირებენ არჩევნების მოგებას, გაუგებარია.
ამ „დეკლარაციის“ მიხედვით, ამ პარტიების გამარჯვების შემთხვევაში, მათ პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი წარადგინონ, როგორც პროდასავლური ლიდერი და პოლიტიკოსი. თქვენი აზრით, როგორია ზურაბიშვილის პოლიტიკური რეიტინგი დღეს?
- ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს დიდი რეიტინგი ჰქონდეს. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს, როგორც დასავლური ორიენტაციის მქონე ფიგურა, მათ შესაძლოა, წინა პლანზე სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ, თუმცა, რას ითვალისწინებს ეს? ისევ პრეზიდენტად აირჩიონ, მაგრამ პრეზიდენტს ხომ არანაირი ფუნქციები არ აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში?! თუ პრემიერად აირჩიონ, როგორც გაერთიანებულმა ოპოზიციამ? - პრეზიდენტი არ არის რეალური ძალის მქონე. ასე რომ, რისი და რა სახის ლიდერი შეიძლება იყოს ზურაბიშვილი, ეს გაუგებარია.