ვენეციის კომისია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს

ვენეციის კომისია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს

საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი ქართველი ხალხის დაკვეთაა. ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებს. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე კი მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კანონპროექტები ოპონენტებისთვის პრობლემური თემაა.

ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრისთვის ეს პრობლემური თემაა, განსაკუთრებით გარკვეული საერთაშორისო ფორუმების ფორმატში ამ საკითხების მიმართ მიდგომის გათვალისწინებით.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას ოდესმე დაუჭერენ მხარს. ჩვენთვის კი ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გეი-მემორანდუმზე ხელმომწერი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. თავის მხრივ, ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება. ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტების, ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობების პერიოდში მოხდა. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI თემის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირებადი გარემოს კიდევ უფრო გამწვავების რისკს აჩენს.

„აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ დაინიცირებული საკანონმდებლო შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება ზემოხსენებული მიზეზების გამო და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI ხალხის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირირებადი გარემოს კიდევ უფრო გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს აძლევს რეკომენდაციას, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, რომელიც ლგბტ-ს თემის წარმომადგენელია, იგი X-ზე წერს, რომ „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია.

„საქართველოს მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია“, - წერს მაიკლ როთი.

ვენეციის კომისიას უპასუხა უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ქვეყანაში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ თქვა ის, რის თქმასაც ვერც ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ბედავენ და ამ მიზეზით, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.

„ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. როცა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, არათუ ეს არ მოსწონს რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის, ისიც ამოშალეთ, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით.

ისინი ვერ ბედავენ ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას, რომ თქვან არ მოსწონთ, საკუთარი რეალური განწყობა დააფიქსირონ, ქართველი ხალხი დასჯის, რომ თქვან მოსწონთ, პატრონების ეშინიათ. ამიტომ გაერიდნენ პარლამენტს ამ კვირაში, რადგან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე მიდის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი გაერიდნენ პარლამენტს და ბოიკოტი გამოაცხადეს.

დღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო მათი პოზიციის გასამყარებელი. ისინი ვერ ბედავენ ამის თქმას და გარედან თქვა ვენეციის კომისიამ. თუმცა საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ. დეპუტატი მიუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოვიდნენ და თქვან, ეთანხმებიან თუ არა ვენეციის კომისიას. მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები დუმილს შეინარჩუნებენ, დუმილი თანხმობის ნიშანია და ლგბტ დროშა კიდევ უფრო დიდად აფრიალდება მათ რიგებში.

„ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა. ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს მოუწოდებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ახლა გამოვიდეს ოპოზიცია თავისი ლგბტ დროშით და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, თუ არა. ამას ისინი ვერ გაექცევიან და ვერც გაექცნენ დღემდე.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მხოლოდ ქალი და კაცი არის ოჯახი, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ახლა ოპოზიცია ეთანხმება ვენეციის კომისიის ამ დასკვნას თუ არა, გამობრძანდნენ და თქვან. თუ დუმილს შეინარჩუნებენ, დუმილი თანხმობის ნიშანია და ის ლგბტ დროშა კიდევ უფრო დიდად აფრიალდება ოპოზიციის რიგებში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა რომელიც შედგება კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან და რომლის შექმნის სამართლებრივი საფუძველია მისია - დაეხმაროს და რჩევები მისცეს ცალკეულ ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებში, რათა გაუმჯობესდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების დაცვა.

„ვენეციის კომისია ძირითადად განიხილავს კონსტიტუციების პროექტებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ასევე განიხილავს არაკონსტიტუციურ კანონებს. კომისიას მოსაზრების მომზადების თხოვნით მიმართავს მონაწილე სახელმწიფო, ევროპის საბჭოს რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია. კომისიის მიერ მიღებული მოსაზრებები არ არის სავალდებულო.

ქართული სახელმწიფო მიუხედავად კომისიის მოსაზრებების გაზიარების არასავალდებულობისა, როგორც პასუხისმგებლიანი სუბიექტი, პატივს სცემს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, ამის ფაქტობრივი დადასტურებაა ის, რომ არაერთხელ იქნა გათვალისწინებული მათი სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტიზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება - არა! ისტორიული ღირსების მქონე ზნეობრივ, მართლმადიდებლურ სახელმწიფოსა და ხალხს ესაუბრებიან და უმორჩილესი თხოვნაა, ტონი შეარბილონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გრძელდება კანონებით ჭიდაობა და, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ადამიანთა უფლებების დაცვაში არის პრობლემა. პოლიტოლოგის განცხადებით, ჩნდება სააკითხი ადამიანთა უფლებების დაცვა მარტო სექსუალური უმცირესობით ხომ არ შემოფარგლება, მაგალითად, პატიმრების უფლებების დაცვაც ხომ აუცილებელია ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე.

„პატიმრების მოღვაწეობის და ცხოვრების პროპაგანდა ხომ არ არის წახალისებული, მართალია, თავშიც არავის არ მოუვა, მაგრამ, ალბათ, პატიმრების ცხოვრების წესის წახალისებას პროტესტი უნდა მოჰყვეს. ანუ, ერთი რამეა უფლებების დაცვა და მეორე რამეა პროპაგანდა. უფლებების დაცვა ყველაზე საჭიროა, მაგრამ არის სფეროები, რომლის პროპაგანდაც შეიძლება და ამა თუ იმ კულტურაში მისაღებია, მაგრამ ქართულ კულტურაში მიუღებელია“, - აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, თუკი აღმოჩნდება, რომ ქართული კულტურისთვის ამ კანონის მიუღებლობა არის ევროპაში ყოფნის ალტერნატივა, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ხელისუფლებას მოუწევს რეფერენდუმის ჩატარება - რა გირჩევნიათ, ევროპაში ყოფნა, თუ სექსუალური გადახრების პროპაგანდა.

„მაგ კანონში დასავლეთისთვის, ალბათ, ისიც არის მიუღებელი, რომ ანალოგიური პოზიცია აქვს რუსეთს და ეგრევე გვაიგივებენ რუსეთთან. ახლა, ასე საკითხის დაყენებით ეს კანონი გეოპოლიტიკურ ჟღერადობას იძენს და არა მგონია, ამ ჟღერადობის მინიჭება იყოს მიზანშეწონილი. მით უფრო, რომ თუკი პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე დავა საკითხი, მაშინ ისიც გასარკვევია, ევროპულ სტრუქტურებს საქართველო უნდა თავისი კულტურით და ტრადიციით, თუ უნდა ზუსტად იმავე ტრადიციებით მოქმედი, როგორიც თვითონ არის?

თუ მისთვის მიღებელია, რომ საქართველომ თავის საკუთარი ტრადიციებით იცხოვროს, მაშინ დაისვას საკითხი - მოსახლეობას რა უნდა. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით ეს კანონი გამოდის ბარიერი ევროპისაკენ, რასაც ის ქართველები ვინც ევროპაზე ორიენტირებული არიან, სულ უსვამდნენ ხაზს, რომ ევროპა არ არის მარტო ასეთი ტიპის კანონმდებლობა.

სწორედ იმიტომ, რომ იცოდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აგერ, ვენეციის კომისია თუ აცხადებს, რომ ევროპაში შესასვლელად ევროპისთვის ასეთი კანონმდებლობა აუცილებელია, მაშინ დადგეს თავიდან საკითხი, არის თუ არა ევროპაში უკუღმართად შესვლა ქართველისთვის სასურველი?“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.