„მახსოვს, როგორ აყვირდნენ რურუები, ბოკერიები, ეს ღალატი იქნება, აგვისტოს ომის საქმე არ გამოიძიოთო, მაგრამ გახსოვთ ივანიშვილის განცხადება? ჩვენი მოსახლეობა ერთხელაც გაიგებს, როგორი საშინელი ღალატი ჩაიდინა სააკაშვილმა“

„მახსოვს, როგორ აყვირდნენ რურუები, ბოკერიები, ეს ღალატი იქნება, აგვისტოს ომის საქმე არ გამოიძიოთო, მაგრამ გახსოვთ ივანიშვილის განცხადება? ჩვენი მოსახლეობა ერთხელაც გაიგებს, როგორი საშინელი ღალატი ჩაიდინა სააკაშვილმა“

2008 წლის ომში აშშ-ის როლთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები უჩნდება ხალხის ძალას. მათი აზრით, ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული ფინანსური დახმარება, მაგრამ მანამდე ამერიკის აგენტურამ, სააკაშვილის რეჟიმის სახით, მოაწყო აგვისტოს ომის უმძიმესი პროვოკაცია და მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ხალხის ძალა თვლის, რომ აგვისტოს ომი აშშ-ის ინტერესებში შედიოდა.

თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა, არ იქნებოდა ასობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35 ათასი ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა, - ხალხის ძალის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალს უყენებენ.

იკვეთება თუ არა აგვისტოს ომში ამერიკის ინტერესი, თუ ეს მხოლოდ საკუთარ ნებაზე მიშვებული სააკაშვილის თვითშემოქმედება იყო, ამის შესახებ ეჭვები არსებობს. იმ პერიოდში ისიც ითქვა, რომ აგვისტოს ომის დაწყებით პერსონალურად დაინტერესებული იყო ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო. კრემლის მტრად მიჩნეული მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დარჩა აგვისტოს ომის დროს წარმოთქმული მისი სიტყვები -დღეს ყველა ქართველები ვართ.

თუ რას აკეთებდა ამერიკა აგვისტოს ომის წინ და ომის მსვლელობისას, ამის შესახებ ვიკილიქსის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომლის საიდუმლო მასალებიც ასახავს ამერიკელი დიპლომატების (საქართველოში აშშ-ის ელჩების - ჯონ ტეფტის და ჯონ ბასის, ასევე, რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის) მიმოწერას სახელმწიფო დეპარტამენტთან. ჯერ კიდევ 2006 წელს უილიამ ბერნსი სახელმწიფო დეპარტამენტს ატყობინებდა, რომ ყველა რუსი უმაღლესი დონის ჩინოვნიკი დარწმუნებული იყო, საქართველო ცხინვალში შესაჭრელად ემზადებოდა და მას აშშ აქეზებდა.

ბერნსი იხსენებს, რომ აგვისტოს ომამდე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს. პუტინმა პირდაპირ ხისტად გააფრთხილა კონდოლიზა რაისი, რომ თუ აშშ-ის მარიონეტი სააკაშვილი ძალას გამოიყენებდა, რუსეთიც ძალითვე უპასუხებდა და ორი რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობდა.

თავად კონდოლიზა რაისი ირწმუნება, რომ მწვანე შუქი არასოდეს მიუცია სააკაშვილისთვის. ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდიც იხსენებს, რომ პირადად ესწრებოდა შეხვედრას, სადაც კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს.

კონდოლიზა ურჩევდა სააკაშვილს, არ წამოგებოდა რუსულ პროვოკაციას. თუმცა სააკაშვილმა ამ ორიოდე წლის წინ კონდილიზაც ამხილა, რომ თურმე კონდოლიზა სიმართლეს არ ამბობს, პირიქით, სააკაშვილი ეუბნებოდა კონდილიზას, კარგი, კონდი, არ წამოვეგები პროვოკაციას, მაგრამ რა მოხდება, თუ თავს დაგვესხმებიან? არ დაგესხმებიან, მშვიდად იყავით, - იყო კონდოლიზას პასუხი. სააკაშვილი კი ამით ასკვნის, რომ ამერიკაში მცდარად ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა მსოფლიო წესრიგის შეცვლას.

შეიძლება თუ არა მართლაც გამოიკვეთოს ამერიკის ინტერესები აგვისტოს ომში?

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმე იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს ამ მოვლენას და გამოძიებულ იქნას ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი საერთო ქმედებები. გარდა ამისა, თამარ კიკნაძის აზრით, თვითონ ამერიკაშიც კონდოლიზა რაისი შეიძლება ერთს ეუბნებოდა სააკაშვილს, მაკკეინი კი მეორეს ეუბნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამერიკელების იმედი ჰქონდა. ის კი არა, საქართველოს მოსახლეობაშიც იყო განწყობა, რომ ნატოს ჯარები შემოვიდოდა შავ ზღვაში და რუსეთი ვერაფერს გაბედავდა.

მოკლედ, ამერიკული დახმარების მოლოდინი არსებობდა. მე, მაგალითად, მაშინაც ვამბობდი, არავითარი ნატოს ჯარები არ შემოვა და ერთი ატომური ქვეყანა არ დაეტაკება მეორე ატომურ ქვეყანას. ისე, ამერიკაშიც ერთი ძალა არ არის, იქ სხვადასხვა გავლენის ძალების ინტერესია. ფაქტია, ამ ომის შედეგად მაკკეინის რეიტინგი ამაღლდა. მახსოვს, საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მაკკეინის გვარის აღმნიშვნელი ნომრით დადიოდა. ძალიან უმეცარი უნდა იყოს ადამიანი, რომ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა ასეთი რისკის ქვეშ დააყენოს, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ არაერთხელ დაიწერა, მათ შორის, ძალიან ცნობილი ამერიკელი მეცნიერების მიერ, რომ სააკაშვილი ამერიკასთან ურთიერთობას ღებულობდა, როგორც გარანტს იმისას, რომ თუ განახორციელებდა სამხედრო პოლიტიკურ ავანტიურას, მაშინ უკვე რუსეთი ანგარიშს გაუწევდა ამერიკას და ეს შერჩებოდა.

პეტრე მამრაძის თქმით, ამას არც მალავდა სააკაშვილი. კონდოლიზა რაისი რომ ჩამოვიდა 2009 წლის ივლისში და პრესკონფერენციაზე განაცხადა შემდეგი სიტყვები -რამე რომ იყოს, ხომ იცით, ბატონო პრეზიდენტო, ამერიკა ყოველთვის იბრძვის თავისი პარტნიორების დასაცავად, სააკაშვილმა ეს მიიღო პირდაპირი გაგებით, თუმცა კონდოლიზა რაისი გულისხმობდა, რომ ამერიკა გაიბრძოლებდა ნატოს შიგნით, რომ საქართველო ნატოში მიეღოთ. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ, ამ შემთხვევაში, კონდოლიზა რაისი არ გულისხმობდა ფიზიკურ ბრძოლას რუსეთთან და სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა ამას კიდეც უხსნიდაო, მაგრამ კონდოლიზა რაისის ეს განცხადება სააკაშვილმა სათავისოდ გაიგო. როგორც აღნიშნავდა ლინკოლნ მიტჩელი, სააკაშვილმა იმდენჯერ შეაწუხა ამერიკის ადმინისტრაცია, სანამ არ მიიღო პასუხად რაღაც ისეთი, რისი ინტერპრეტაციაც შეძლო თავისი ზრახვების სასარგებლოდ. ასე რომ, თვითონ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ აგვისტოს ომის საქმეში მათი ადმინისტრაციის ბრალი დიდია, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ აგვისტოს ომის შესახებ პირადად მას ვრცელი დოკუმენტური წიგნი აქვს დაწერილი, სათაურით, ავანტიურა 08.08.08, სადაც სულ დოკუმენტებია, მაგრამ დღემდე არავინ ინტერესდება. პეტრე მამრაძე იმასაც იხსენებს, რომ აგვისტოს ომის გამოძიებას ეწინააღმდეგებოდნენ ნაცები.

მახსოვს, როგორ აყვირდნენ ნაცები, რურუები, ბოკერიები და სხვები და ყვიროდნენ, ეს ღალატი იქნება, აგვისტოს ომის საქმე არ გამოიძიოთო. თუმცა გახსოვთ წლების წინ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება? ჩვენი მოსახლეობა ერთხელაც გაიგებს, როგორი საშინელი ღალატი ჩაიდინა სააკაშვილმა 2008 წელს, როდესაც წამოიწყო ეს ავანტიურა. მართლაც, ეს იყო საშინელი ღალატი. ამ ფონზე კი გადის წლები და არ იძიებენ აგვისტოს ომის საქმეს. ლაფანყურიც კი არ არის გამოძიებული, აქ სერიოზული კითხვები ისმის, რატომ არ იძიებენ, -განმარტავს პეტრე მამრაძე.

 

petrekupry რატომ არ გამოიძიეს? ალასანიამ დააპირა ომის გამოძიება და ისე გადაკარგეს, კაციშვილი მის კვალს ვერ აგნებს ....
5 თვის უკან