„ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური ვითარება, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც გეოპოლიტიკამ განაპირობა“

„ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური ვითარება, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც გეოპოლიტიკამ განაპირობა“

24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. ჯოზეფ ბორელის ინფორმაციისთვე, მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. მისი თქმით, მონიტორინგს გააგრძელებენ და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ ზომებს, რაც პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას გულისხმობს.

ბორელის განცხადებებსა და ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

შეხვედრის დაწყებამდე, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე კურს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი დაზარალდება. თქვენ პირადად, ელოდებით თუ არა ევროკავშირის მხრიდან მსგავსი, რადიკალური ნაბიჯის გადადგმას?

- ბორელის გარდა, სხვა ევროპელ მაღალჩინოსნებსაც აქვთ გაკეთებული ეს განცხადება. ეს არის განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის - კიდევ ერთი გამაფრთხილებელი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინონ - თუ ის არ ხედავს მის პოლიტიკას და არ გაიწვევს კანონს, არ შეცვლის ხისტ რიტორიკას დასალეთის მიმართ, მოლაპარაკებები ევროკავშირში წევრობაზე არ გაიხსნება. დღეს შედგა ერთგვარი მოთელვა იმ შესაძლო გადაწყვეტილებების, რაც შეიძლება ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში მიიღოს.

ის ვარიანტები, რაც მას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაუდო, განიხილება - არც ისე მოხდეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები შეუქცევადად დაზიანდეს და ევროსკეპტიკური განწყობები გაღვივდეს, თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი, გამაფრთხილებელი სიგნალები გაუგზავნოს საქართველოს ხელისუფლებას წერტილოვანი, დამსჯელი ღონისძიებების სახით.

ერთ-ერთ ვარიანტად გაჟღერდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობა...

- უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება უკიდურესი ზომა და ჯერჯერობით, არაფერი საუბრობს იმაზე, რომ ეს მოხდება ახლა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სამომავლოდ, არჩევნების წინ, თუკი საქართველოს ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც ამას ევროკავშირი მოელის. სავიზო შეზღუდვების დაწესება საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ წევრებზე, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა და სამხედრო და უსაფთხოების სფეროში ფინანსური დახმარების გაყინვა - ეს იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი ზომები.

ვფიქრობ, დაელოდებიან საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და შემდეგ უკვე უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ, რომ უფრო მტკივენული იყოს ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის და რაც მთავარია, მოსახლეობა განაწყონ ისე, რომ არჩევნებზე აღარ დაუჭირონ მხარი ქართულ ოცნებას“. მაგალითად, მიიღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, დაარტყამს საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ყველაფერი დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. თუკი დასავლეთი ჩათვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაზე იქნება აგებული საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. იზიარებთ ამ მოსარებას?

- გააჩნია როგორი გეოპოლიტიკური ვითარება ჩამოყალიბდება ოქტომბრისთვის. გადაწყვეტილების მიღების პროცესს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური ვითარება, რადგან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა.

ევროკავშირს შეუძლია არ აღიაროს არჩევნების ლეგიტიმურობა და ამისთვის შეიძლება ბევრი მიზეზი მოიგონოს. შესაბამისად, აქ ხელი შეუწყონ ისეთ პროცესებს, რომელიც შემდეგ ხელისუფლების ცვლილებამდე მიიყვანს, ან შეეგუონ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს და დაიწყონ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობა, როგორც არჩეულ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ, ქართული ოცნების მხრიდანაც შეიძლება ვიხილოთ პოზიციების შერბილება ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით.

ოქტომბრამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, ვგულისხმობ უკრაინაში მიმდინარე ომს, როგორ მოიქცევა რუსეთი, როგორ დასრულდება არჩენები აშშ-ში და .. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, ვის აირჩევენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელებად - ეს საკითხიც მნიშვნელოვანია და ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე.