„ივანიშვილი არ გახდება ზურაბიშვილის ტოლი და მის საპირწონედ თავის კანდიდატურას არ დააყენებს“

„ივანიშვილი არ გახდება ზურაბიშვილის ტოლი და მის საპირწონედ თავის კანდიდატურას არ დააყენებს“

თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი იქნება, ხომ არ დაასახელებს „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს? - ოპოზიცია ამ თემით მას შემდეგ სპეკულირებს, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მათ აქვთ ვერსია, რომ შესაძლოა, ივანიშვილს პრეზიდენტობა სურდეს. თუმცა ამ ინფორმაციას „ოცნებაში“ აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ თემით გარკვეული სპეკულირება ოპოზიციური ფლანგის ნარატივია და მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება მართალია, როცა ამ თემით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობს. მათი აზრით, ოპოზიციას სურს ამ თამაშში “ოცნების“ შეტყუება, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არ წამოეგება. მათ მიაჩნიათ, რომ თუკი ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილს დაუყენებენ, მაშინ ეს წაგებული თამაში იქნება. ივანიშვილის და ზურაბიშვილის ერთმანეთთან გაიგივება, ივანიშვილს დააზიანებს.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობას - ამის წინასწარი არანაირი ინფორმაცია, ან წინასწარი რაიმე ინდიკაცია არ ხდება. ძირითადად, ამ თემით გარკვეული სპეკულირება, ალბათ, უფრო ოპოზიციური ფლანგის ნარატივი იქნება და სხვა არაფერი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ვინ იქნება „ქართულ ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ“, - ამბობს გია ვოლსკი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის საკითხს, ვოლსკის თქმით, ეს მოგონილი თემაა.

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავალის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამს. ოპოზიციის დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითი და ხისტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება მის კანდიდატობას პრემიერად, პრეზიდენტად, რაზეც საუბრობენ, ეს შემოტანილი თემებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენებს, არ ელის რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას დაუპირისპირებს. მისი აზრით, ივანიშვილი და ზურაბიშვილი ერთი წონის პოლიტიკური ფიგურები არ არიან.

„სალომე ზურაბიშვილს საზოგადოებაში, მიუხედავად ბოლო დროინდელი მისი აქტიურობისა და ვითომ პროდასავლელ ლიდერად თავის წარმოჩენისა, არა აქვს ის პოლიტიკური ავტორიტეტი და წონა, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს. მით უმეტეს, „ოცნებას“ ამ ეტაპზე, მიუხედავად ქუჩაში მიმდინარე საპორტესტო გამოსვლებისა, არა აქვს ისეთი გაჭირვება და პრობლემა, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის დასახელების შეეშინდეს და ასპარეზზე ივანიშვილის გამოყვანა გახდეს საჭირო. პირიქით, ზურაბიშვილის დასახელება თავად ოპოზიციას დააზიანებს, რადგან ყველას კარგად ახსოვს, მას ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი როგორ მოიხსენიებდა. განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე „ახალის“ ლიდერები, თუნდაც მელია და თუნდაც ნიკა გვარამია. ივანიშვილს ისედაც აქვს იმხელა ავტორიტეტი, რომ მისმა ფიგურამ თუნდაც წინასაარჩევნოდ ორჯერ გამოჩენითაც კი ეფექტი მოახდინოს. მას არ სჭირდება ასე ღიად პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ასევე, არ მგონია, რომ თავად ივანიშვილს სურდეს ხმოსნების მიერ იყოს არჩეული. ვიცით, რომ აღარ არის პირდაპირი არჩევნები და პრეზიდენტს 300 ხმოსანი ირჩევს. ამიტომ ამას გამოვრიცხავ“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამაზე საუბარი ოპოზიციას აწყობს. უნდათ, რომ მუდმივად ყველა და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირონ. ამიტომ ახლა მანიპულაციას ცდილობენ, თითქოს ხელისუფლება საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილის დასახელებას აპირებს.

„პრეზიდენტის ფუნქციები ახლა ჩვენს ქვეყანაში იმდენად მინიმალურია, რომ ის ვერ იქნება იმ წონის ფიგურა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ეს ყველაფერი მაინც ოპოზიციის მხრიდან დაწყებული სპეკულაციები მგონია. მათ უნდათ, რომ ივანიშვილი მუდიმივად რაღაცასთან დააკავშირონ. ივანიშვილი ხშირად გულახდილ განცახდებებს აკეთებს და ის არ ცდილობს მხოლოდ დიპლომატიური ენით ისაუბროს. ამას კი ოპოზიციაც და დასავლეთიც იყენებს.

ჩვენ ვნახეთ ამერიკის განცახდება, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმიტომ არ მიიღეს აღლუმში მონაწილეობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს და ეს განაცხადაო. ანუ მისი სიტყვები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენეს. ოპოზიციის მიზანიც ეს არის, უნდათ, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ და მუდმივად დღის წესრიგში ჰყავდეთ. მისი დაბულინგებით და ყველაფრის დაბრალებით, ჰგონიათ, რომ პოლიტიკურ დივიდენდებს იღებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

ანლიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციას უნდა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი თამაშში შეიტყუონ. ამიტომ მუდმივად აპელირებენ იმით, რომ ივანიშვილი შესაძლოა „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. თუმცა ხელისუფლება ამ თამაშში არ აჰყვება, რადგან ჯერ ერთი, საკმაოდ ჭკვიანი მრჩევლები ჰყავს და მეორეც, ივანიშვილი არ არის გამოუცდელი პოლიტიკოსი, რომელსაც ამ მახეში გააბამენ.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია მუდმივად აპელირებს იმაზე, თითქოს „ოცნება“ იავნიშვილის კანდიდატურის დაყენებას აპირებს, რაც რეალობას არ შეესაბამება, რადგან ასეთ წამგებიან პოლიტიკურ თამაშში „ოცნება“ არ შევა. წაგებულს ვგულისხმობ არა იმას, რომ ზურაბიშვილს აქვს ივანიშვილზე მეტი ავტორიტეტი, არამედ პირიქით, ივანიშვილი არ გახდება ზურაბიშვილის ტოლი და მის საპირწონედ თავის კანდიდატურას არ დააყენებს. მეორე მხრივ, ხელისუფლებას საერთდ არაფერში აწყობს წინასწარ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება. „ოცნება“ ამბობს და დარწმუნებულია იმაში, რომ ის უმრავლესობას აიღებს, ამიტომ საპრეზიდენტო კანდიდატსაც მერე დააყენებს, რა ეჩქარება. მათი მხრიდან ეს სწორი ტაქტიკაა, რადგან ოპოზიციას არ აძლევს საშუალებას, რომ თამაშში ჩაითრიოს. ივანიშვილის დასახელება-არდასახელებით „ოცნება“ ვერც ამომრჩევლის მომატებას შეძლებს და არც დაკარგავს. ივანიშვილი „ოცნებასთან“ და მის ლიდერად ახლაც ასოცირდება და ამისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელება არაა საჭირო. ხელისუფლება იტყვის, რომ ივანიშვილის გარდა სხვა ბევრი კანდიდატურა ჰყავთ, რომლის არჩევასაც შეძლებენ. ამ თემას „ოცნება“ უფრო იუმორში გაატარებს ან იტყვიან სად ივანიშვილი და სად ზურაბიშვილი, თუ კაცი ხარ ერთიო... „ოცნება“ არ აჰყვება ოპოზიციას ამ თამაშში და მშვენივრად ხვდებიან ოპოზიციას მათი ხაფაგში შეტყუება რომ უნდა“, - ამბობს ძაბირაძე.

 

Gami რა გამაზა ცალტვინა ხუხაშვილმა -- სალომეს თანაწონადი მხოლოდ ბიძინა არისო.
1 კვირის უკან
ლაზი უჭკვიანესი ხალხის მიერ არის განსაზღვრული აშშ-ის სახემწიფოს ფუნდამენტური დაბულებები. ტყუილად კი არ არის პრეზიდენტისათვის სავალდებულო დაბადების ცენზი. დომინანტური ეროვნების ქვეყანა არ არის აშშ თორემ, ეროვნებასაც მოითხოვდნენ.
ორივე ცენზი განმსაზღვრელია, ქვეყნის ინტერესებთან მიმართებით დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ადამიანის ცნობირებისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, როგორც დაბადებისა და აღზრდის ადგილს ასევე გენეტიკურ კუთვნილებას. ეროვნული სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობებისათვის ორივე სავალდებულოა.
ისტორიის განსაკუთრებული გამონაკლისების განზოგადება ამ საკითხში არ გამოდგება, რადგან ჩვენ გენიოსების ხანაში არ ვცხოვრობთ და ლიდერებს, რიგით ადამაინებს შორის ვეძებთ.
1 კვირის უკან
მერაბ.g ვთქვათ და საპირწონეზე მიდგა საქმე, ზურაბიშვილის მეტოქედ ოცნება ზარქუას, ან მაწარაშვილს დააყენებს, თუმცა ესეც ზღაპარია - არცევნების სემდეგ არც ვინმე იქნება სალომას გამყენებელი და არც ზალა ექნება საიმისო ცოცხისტანს
1 კვირის უკან