ლილუაშვილი რადიკალების წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებების გამოქვეყნებას აანონსებს

ლილუაშვილი რადიკალების წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებების გამოქვეყნებას აანონსებს

ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის სცენარებთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მტკიცებულებებისა, რომლითაც დასტურდება, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება.

დესტაბილიზაციისა და არეულობის სცენარები იყო ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც სუს-ის უფროსმა ისაუბრა. ლილუაშვილის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სუს-ის ეფექტიანი მუშაობის შედეგია, რომ სცენარები, რომელსაც მათი ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოლო წლების განმავლობაში გეგმავენ, სისრულეში არ მოდის.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება.

„ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა სიტუაცია, როგორც შარშან, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა, იქ „კანვასზე“ იყო საუბარი, იქ კონკრეტულ აქტორებზე იყო საუბარი, რაც ბრიფინგიდან ერთ კვირაში თუ ათ დღეში უკვე პრაქტიკაში განხორციელდა. მეტი რა უნდა გვექნა?! მტკიცებულებათა იმ ნაწილს კარგად გაეცანით ალბათ, საჯარო სივრცეში მოხვდა. იმის იქით არის კიდევ უამრავი მასალა, რომელიც თავის დროს ელოდება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსმა თქვა, რომ აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი, რომელიც დაინტერესებულია დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით. მანამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა თქვა, რომ გამოვლენილია ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში, მაგრამ მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არ არის. მთავარი ამოცანა არის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული ქმედებების ამოცნობა და იდენტიფიცირება, კავშირების დადგენა, მოქმედების ხერხები და მეთოდები, რომ მოხდეს პრევენცია და ეს გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის სცენარებზე ლაპარაკით ხელისუფლება საზოგადოების განწყობებზე მანიპულირებს, სუს-ის ხელმძღვანელს კი ამ საკითხზე გამოძიების შედეგებს სთხოვენ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ე.წ. გადატრიალების სცენარების შესახებ ბევრი განცხადება ვიხილეთ, თუმცა არც ერთი გამოძიება კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა და შესაბამისად, მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება.

„ლილუაშვილის ამ განცხადებას სერიოზულად არ მივიჩნევ. ეს უკვე მოძველებული, ვადაგასული და არასერიოზული განცხადებაა. 12 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი განცხადება ვიხილეთ ე.წ. გადატრიალების რაღაც სცენარების შესახებ. ამ განცხადებას სერიოზულად არ ვუყურებ. არც ერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ვინაიდან ასეთი საკითხი არ არსებობს. საკუთარი განცხადებების არასერიოზულობაში ეხვევიან და ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სუს-ის უფროსის განცხადებას არ იზიარებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, რომლის განცხადებით, ვერ წარმოუდგენია როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ. ხვიჩიას თქმით, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას აწყობდნენ, რაზეც ლილუაშვილმა ისაუბრა, არ შეიძლება, რომ ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი.

„ბატონმა სუს-ის ხელმძღვანელმა ჩვენ შემოგვთავაზა ვერსია, რომ სუს-მა აგვარიდა ტერორისტულ აქტებს, არეულობას და რევოლუციურ მცდელობებს და სუს-მა დაგვიცვა უცხო ქვეყნის ძალებისგან, რომლებიც ცუდ რამეს გვიპირებდნენ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, არ დასახელებულა კონკრეტული მონაცემი, რითაც ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება შეგვეძლებოდა. მაგალითისთვის, ხომ შეიძლება, რომ ტერორისტული აქტი იმიტომ კი არ მოხდა, რომ სუს-მა აღმოფხვრა, არამედ იმიტომ, რომ ტერორისტებს ადამიანური სიცოცხლის ჩვენზე დახარჯვა არ უღირდათ.

ან როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. და თუ მართლა აწყობდნენ, როგორ შეიძლება ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი? აქედან გამომდინარე, მთელი ეს ბოლო პერიოდის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, რაღაცნაირად მაგონებს იმას, რომ თავისუფლების მოედანზე თითქოს ნიანგებს ვაფრთხობდეთ და მერე გვეგონოს, რომ ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ დავაფრთხეთო“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მუშაობის შედეგად, ქვეყანაში რევოლუციური გეგმები ვერ შედგა, რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერორისტული აქტისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდება საქართველოს გავლით ვერ მოხდა და ვერ გაიხსნა „მეორე ფრონტი“.

„რომ არა სუს-ის პროფესიონალური მუშაობა - პოლიტიკური ტერორის პოლიტტექნოლოგების ვიზიტზე საქართველოში დღემდე გვექნებოდა დეზინფორმაცია, რომ „ბავშვთა ონკოლოგიის“ საკითხებზე ჩამოსული სპეციალისტები გვიტარებდნენ ტრენინგებს. რომ არა სუს-ი სახელმწიფო გადატრიალების, როგორც მინიმუმ, ორ დაგეგმილ მცდელობას, წარმატება თუ არა, მძიმე შედეგების დადგომის რეალური პერსპექტივები ექნებოდა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოსმენა რადიკალური ძალების წარმომადგენლებისთვის უმძიმესი ტვირთი იქნებოდა. მით უმეტეს იმის შესახებ ინფორმირებულობა, რომ სუს-ის მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ მისი დასავლელი პარტნიორები, რომლებთანაც კოორდინირებული საქმიანაობა ერთი წამით არ შეჩერებულა“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შიდა და გარე მტრების შემოტევების მოგერიება ეფექტურად ხდება, მათი და სამართალდამცველების პროფესიონალიზმით, საქართველოს მშვიდად განვითარების საშუალება აქვს.

„გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა უმთავრესი გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშეა - რუსული ოკუპაცია, დესტაბილიზაციის გამოწვევის, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალების მხრიდან. მოგვიანებით, ლილუაშვილმა მედიასთან განმარტა, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას“, - აცხადებს გია აბაშიძე.

 

Gami ხვიჩიას ნიანგი ნანახი ჰყავს?
1 კვირის უკან