არც ეკონომიკას შეტყობია რამე და არც ინვესტორები აპირებენ არსად წასვლას

არც ეკონომიკას შეტყობია რამე და არც ინვესტორები აპირებენ არსად წასვლას

საუბარი, რომ გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემდეგ ეკონომიკა ჩამოიქცეოდა და ლარი მკვეთრად გაუფასურდებოდა, არ გამართლდა. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება. ის კი არადა, სწორედ აქციების სიმწვავით გამორჩეულ აპრილის თვეში ქვეყნის მშპ თითქმის 12%-ით გაიზარდა. ახლა მანიპულაციები მიდის იმ კუთხით, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ინვესტორები დაფრთხებიან და კაპიტალდაბანდებებისგან თავს შეიკავებენ. შესაბამისად, ფულადი ნაკადი დაიკლებს.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თითოეულ კანონს სჭირდება აღსრულების პირობებში გარკვეული გამოცდა. შესაბამისად, დადგინდება მისი გავლენა ეკონომიკაზეც და ბიზნესზეც.

ყველა იმ პროცესზე, რაც ქვეყანაში ხდება და უკავშირდება მთავრობის და მმართველი გუნდის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებელი მთავრობაა და ამის შესახებ არაერთხელ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, მოველი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდება ძალიან შედეგიანი, ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ თანამშრომლობას ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დავითაშვილმა ასევე კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება ნეგატიურად აისახა საქართველოს უცხოური ინვესტიციების შემოსვლის პროცესში. „ეს კანონი სხვა რამეს ეხება და ვფიქრობ, არ არის კავშირში ინვესტიციებთან. ყველაფერი დროში გამოჩნდება. დროს ნუ დავკარგავთ, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, დაველოდოთ შედეგებს და მერე შევაფასოთ და ვისაუბროთ, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მთავრობის მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტების ერთი ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ინვესტიციებთან და ფულად ნაკადთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები შეფერხება არ იქნება. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, უცხოეთიდან ფულადი ნაკადები მკვეთრად არ შემცირდება, თუმცა არასამთავრობო სექტორი არასასურველ შედეგს ნამდვილად იგრძნობს.

ნებისმიერი ფულის ერთეულს აქვს მულტიპლიკატორული ეფექტი, მას შეუძლია დააჩქაროს, მოემსახუროს ეკონომიკის სუბიექტების სამეწარმეო აქტიურობას, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მეტი დოვლათისა და სამუშაო ადგილის შექმნას. ეს კანონი არ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან ფული არ შემოვა ან ტაბუ დაედება და აიკრძალება, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე, ამ კანონის მიღების შემთხვევაშიც, ნაკადი არ უნდა შემცირდეს. ფულადი რეზერვი მიმართულია არა მხოლოდ არასამთავროებისკენ, ეს შეიძლება იყვნენ საფინანსო ინსტიტუტები, საკრედიტო დაწესებულებები და სხვა. კომერციულ ბანკებში აქტივების დიდი ნაწილია, რომელსაც უცხოელი რეზიდენტები ფლობენ. არსებობს ერთობლივი საწარმოები, რომლებიც ასევე ქმნიან დოვლათს და ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთი სფეროა, სადაც უცხოური ფული მიედინება, თუმცა ამავე დროს ყველაზე ყველაზე თვალში საცემი სფეროა. ფული რომელიც შემოდის ამ გზით, ცხადია, ეკონომიკური დოვლათის შექმნაში იღებს მონაწილეობას, თუკი უკან არ გაედინება, იხარჯება საქართველოში რესურსის შეძენის, გამოყენების კუთხით და საკმაოდ მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი გააჩნია, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ხელისუფლების შეხედულებას ეთანხმებაიან ფინანსისტებიც. როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძე აღნიშნა, პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

უკვე მესამე თვეა, რაც მიტინგების ტალღის ზეგავლენის ქვეშ ვართ. სხვა ქვეყნების მაგალითსაც თუ ავიღებთ, ქუჩის აქციები და ზოგჯერ პოლიციასთან ხელჩარული დაპირისპირება, არ ზემოქმედებს ეკონომიკაზე, თუ მას არ აქვს კონსტიტუციური სივრციდან გასვლის ფორმა. ზოგადად, პროტესტი სასურველი და კარგი საყურებელი არავისთვის არის, მაგრამ თუ, მაგალითად, ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკას ავიღებთ, უნდა დავაკვირდეთ, რა პერიოდში შეიძლება მიმდინარეობდეს აქციები და რომელ საქტორზე იმოქმდოს უფრო მეტად.

აქციები ბევრ ქვეყანაში იმართება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფოების ეკონომიკა იქცევა. სამწუხაროდ, ამ კუთხით არის ხოლმე სპეკულაცია, რომ ჩვენგან ინვესტორები გაიქცევიან და ..

საერთოდ, ინვესტორები წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც თავს იკავებენ, მაგრამ არც ეს ფაქტორი მგონია იყოს სერიოზული ზეგავლენის მომხდენი“, - განუცხადაბიზნეს-რეზონანსსგიორგი ცუცქირიძემ.