პრეზიდენტის „ქართული ქარტია“ და ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა წინასაარჩევნოდ - რა პერსპექტივა აქვს სალომე ზურაბიშვილის წამოწყებას?!

პრეზიდენტის „ქართული ქარტია“ და ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა წინასაარჩევნოდ - რა პერსპექტივა აქვს სალომე ზურაბიშვილის წამოწყებას?!

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ არათუ ღიად უპირისპირდება, არამედ მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარ კონკურენტადაც კი გვესახება. ფაქტია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებამ და მისმა მიღებამ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური გარემოს შექმნას შეუწყო ხელი - ახალ პოლიტიკურ თამაშში პრეზიდენტიც ერთვება და შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედაც კი გვევლინება.

ვიცით, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციას „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა და ორბელიანების სასახლეში 2 ივნისს პარტიებთან მიღებაც გამართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც ქარტიაზე კონსულტაციები დაიწყო, აღნიშნულის შესახებ მმართველ პარტიას და მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებდა ევროკავშირის 9 ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა და „ქართულ ქარტიის“ მიზანია, 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერდეს.

ანალიტიკოსმა, ზაალ ანაჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში თქვა, რომ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის ინტერესების გატარებას. ანჯაფარიძის შეფასებითვე, პრეზიდენტს სურს ოპოზიციონერ ლიდერად ჩამოყალიბდეს და ეს როლი მოირგოს.

„ეს დიდწილად ისევ ემსახურება სალომე ზურაბიშვილის პირად პოლიტიკურ ინტერესებს, რომ იმ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ის პროევროპულად მიაჩნია და რაღაცნაირად, სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს, შექმნას ერთგვარი პროდუქტი ამ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიების გაერთიანებით, რომლის არაფორმალური ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება - ეს პროდუქტი დასავლეთს წარედგინება განსახილველად, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მათ მხარდაჭერის ობიექტი ჰქონდეთ.

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები სტრატეგიულ-პოლიტიკური არჩევანია რუსეთსა და ევროპას შორის, შესაბამისად, ეს ქარტია ემსახურება იმას, რომ დასავლეთში შეიქმნას აღქმა - არსებობს პროევროპული, პროდასავლური ძალა, რომელიც იმისთვის იბრძვის, რომ საქართველო რუსეთისკენ არ წავიდეს. ეს ქარტია ასევე ორიენტირებულია საქართველოს საზოგადოების პროევროპული, ლიბერალური ნაწილის კონსოლიდაციისთვის, მაგრამ ამის არგაცხადებული მიზანი სწორედ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ლიდერის ფუნქციის შეთავსებაა.

როდესაც ამ ქარტიას ხელი მოეწერება, ამ პარტიებს შორის გაჩნდება მეტი კოორდინაციის და თანამშრომლობის სურვილი და შესაძლებლობები - ხელმოწერის შემდეგ ვერავინ დაიწყებს ერთმანეთში საქმეების გარჩევას. არჩევნებამდე მივალთ იმით, რომ ეს პარტიები საკუთარი თავის პრეზენტაციას მოახდენენ როგორც პროევროპული, პროდასავლური ძალა - ეს არის ამ ქარტიის მიზანი, სადაც ასევე ჩადებულია 9 რეკომენდაცია და მათი შესრულება, რაც არ არის შემთხვევითი.

მეორე საკითხია, ეს პოლიტიკური პარტიები რამდენად მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს ლიდერად?! ახლა მათ აწყობთ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ევროპაში ნდობით აღჭურვილი ფიგურა, მაგრამ რამდენად გაიზიარებენ ისინი მოთხოვნას, რომ არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, ხელახალი არჩევნები ჩატარდეს?! სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ისევ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს, რის გამოც შესაძლოა გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს - სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად განუჭვრეტადი პერსონა და ვეჭვობ, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ქარტიაზე ხელის მოწერა მოუწიათ, სურვილი ჰქონდეთ სალომე ზურაბიშვილის კაპრიზები აიტანონ საპრეზიდენტო ვადით.

თუკი ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, არ არის გამორიცხული, რომ მან ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარი განაცხადოს. თუმცა, ჯერ იქამდე უნდა მივიდეთ, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს, რისი შანსიც დღევანდელი მოცემულობით არ აქვს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ამ ყველაფრის ფონზე და არსებული ვითარების გათვალისწინებით ჩნდება შეკითხვა, ექნება თუ არა იგივე წონა სალომე ზურაბიშვილს, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ? - ამის შესახებ ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ წონას მისი სტატუსი განაპირობებს.

„როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს და ორბელიანების სასახლიდან გამოვა, ის გადაიქცევა ერთ ჩვეულებრივ, რიგით პოლიტიკოსად - ყველამ ვიცით, რომ დღეს მისი სტატუსი განპირობებულია სახელისუფლებლო ქარიზმით, რასაც მას პრეზიდენტის სტატუსი აძლევს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მან უარი განაცხადა ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებაზე. სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს ის მისია, რა მისიაც მას დაკისრებული აქვს - ოპოზიციას დაეხმაროს, რომ ის მოვიდეს ხელისუფლებაში და „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალოს არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვოს. ხოლო, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ბერკეტია ის, რომ მან არჩევნები გამოაცხადოს არალეგიტიმურად, რისი სურვილი მის გამოსვლებშიც იკითხება“, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.

მერაბ.g ძველებისგან გამიგია, გაზაფხულისპირზე, როცა ბალახი ჯერ არაა და ზამთრის საკვები ილევა,მეცხვარე გამომხმარ გუდაში სვამს კატას და ჰკიდებს ფარეხის ჭერზე; კატა ფხაჭუნობს, ხცვარი ცოხნას ანელებს და მისჩერებია გუდას ... ასე გადის დრო. ასეა ეს ქარტია - წყალწაღებულ მეცოცხეებს აძლევს სალაპარაკოს და ტუფტა იმედს... მოვა 26 ოქტომბერი და დალაგდება ყველაფერი ... როგორც ჩანს არჩევნების შედეგების ცნობას და როცა პანდორას ყუთი ადრე გაიხსნა, მათ არცნობას ფასი ეკარგება და ჩინეთის, ყაზახეთის უზბეკეთის, თურქმენეთის ირანის, თურქეთის აზერების სომხების უნგრეთის, სლოვაკების, სავარაუდოდ ავსტრიის, ბულგარეთის და რუმინეთის დადებითი პოზიცია სავსებით საკმარისი იქნება ქარავნის თავის გზაზე სასიარულოდ
მეცოცხეები? ისინი ჭკვიანური გაერთიანების შემთხვევაში აიღებენ 30-მდე მანდატს ... დანარჩენს ქოცები და გახარია (ეს უკანასკნელი ალბათ 20-მდე) ვოტას - გაერთიანების შემთხვევაში პ/ალიანსი და სხვანი ... ეგაა და ეგ
6 თვის უკან
მერაბ.g ეტყობა გამომრჩა: "როგორც ჩანს არჩევნების შედეგების ცნობა-ს" მერე უნდა იყოს - კოლექტიური დასავლეთი არ აპირებდა ომში არჩართვის გამო
6 თვის უკან