რა უფრო მოსწონს ხალხს - დემოკრატია თუ დიქტატურა?

რა უფრო მოსწონს ხალხს - დემოკრატია თუ დიქტატურა?

ვაგრძელებთ ინტერვიუს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან. ბოლოს და ბოლოს, იქნებ  გავარკვიოთ, რატომ არ ვართ პრაგმატულები და რატომ არ გვიყვარს ფიქრი, როცა ქვეყანა თავზე გვემხობა. ფაქტია - საქართველო ყველაზე არაპრაგმატულად მიუდგა პროცესს, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია...

 

რამაზ საყვარელიძე: „ის, რომ ჩვენ დავიქირავეთ ეს ხელისუფლება და პირველივე შეცდომაზე რაღაც რეაგირება უნდა გვქონოდა, ეს განცდა არასდროს გაგვჩენია... ერთ-ერთი ფრაგმენტი, სადაც ხალხმა რეაქცია მისცა, არა შეგნებულად, არამედ იმპულსურად - იყო პიონერთა სასახლის ამბავი... აქამდე ტრიალებს ეგ ისტორია, იმის საილუსტრაციოდ - თუ ხალხს რეაქცია ჰქონდა, ხელისუფლება დაინახავს ამას, გაიგებს და უკან დაიხევს.

 

აი, ამის კი ხალხს ნამდვილად არ სჯერა... არადა, ძლიერი პროტესტი, თუნდაც ეს არ იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბის, ყოველთვის იძლევა თავის შედეგს.

- მაშინ, კიდევ გავიხსენოთ ასეთივე ისტორია: დიდი ამბავი ატყდა მარჯვენასაჭიან მანქანებზე და მინების დაბურვაზე... უკმაყოფილო ადამიანებს მრავალათასიანი მიტინგიც კი არ ჩაუატარებიათ, მცირე შეკრება იყო... სიტუაცია შეიცვალა ხომ? იგრძნობა ხოლმე, როცა ხალხში რეალური პროტესტია. ჰოდა, იგრძნო ხელისუფლებამ პროტესტი და ეს თემაც გაქრა...

 

და სულ არ დაჭირვებიათ ამისთვის პოლიტიკური პარტიები... ხალხმა უკარნახა ხელისუფლებას, რა უნდაგაეკეთებინა“...

- აბა, რა... ასეთ კარნახს ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს. გეთანხმებით, ამ პროცესს არ დასჭირვებია არცერთი ოპოზიცური პარტია. როგორც კი პოლიტიკური პარტია იწყებს თუნდაც სოციალურ პრობლემაზე აქცენტის გაკეთებას, იქ მაშინვე სიჯიუტეს იჩენს ხელისუფლება. როცა ხალხი იწყებს გაპროტესტებას, ხელისუფლება თმობს. სადაც ხალხი ამოძრავდება (ყველა ქვეყანაში), იქ შედეგის მიღწევა შეიძლება...

 

თუნდაც დევნილებს რომ გამოეხატათ თავიანთი მძაფრი პროტესტი, ვიდრე გამოსახლებები დაიწყებოდა, გაიგებდა ეს ხელისუფლება?

- აუცილებლად გაიგებდა... ეს ხელისუფლება როგორც ჩამოყალიბდა, თავისი პლიუსებითა და მინუსებით, ჩვენს ხელში ჩამოყალიბდა. ჩვენ შევქმენით ის. პროტესტის ნაცვლად ხალხი გაჩუმებულია და აძლევს მას საშუალებას, აკეთოს რაც უნდა... აქედან გამომდინარე, ისიც გააკეთებს იმას, რაც სურს...

 

რადგან ჯანსაღი საპროტესტო გამოსვლები ძალიან ცოტაა, ამიტომ ამბობთ, რომ  რევოლუცია არ მოხდება?

- რევოლუციას სჭირდება ეკონომიურად და ინტელექტუალურად ძლიერი ფენები. არც არაბებზე ჰქონდა ვინმეს იმის მოლოდინი, რომ ამხელა ტალღა აგორდებოდა, რადგან სხვათა შორის, დიქტატურა ძალიან კომფორტული მოვლენაა..

 

კი, თუ გაჭმევს...

- დიახ, თუ გაჭმევს. გადაწყვეტილების მიღება არ გჭირდება, წყნარად გაქვს ნერვები. იცი, რომ გემი თავისით მიდის, სად მიდის - სულ არ გაინტერესებს. ნუ ჩავთვლით ისე, რომ დიქტატურა მმართველობის ის ფორმაა, რასაც ადამიანი ვერ აიტანს. აიტანს კი არა, მშვენივრადაც იქნება. რასაც ადამიანი ვერ აიტანს, სწორედაც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ამ შემთხვევაში, იმათ ვედავები, რომლებიც ამბობენ, რომ აი, დიქტატურაზე ხალხს რეაქცია ექნებაო. სწორედაც რომ  დიქტატურასა და ავტოკრატიაზე არ ექნება რეაქცია ხალხს. აქ რაღაც სხვა მოვლენებზეა საუბარია და მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, ვის აქვს რეაქცია...

 

მოდით, განვიხილოთ ტუნისის სიტუაციები, რადგან პირველი მღელვარება სწორედ იქ მოხდა, დანარჩენი უფრო ტუნისის მიბაძვა იყო. ტუნისში ეროვნული შემოსავალიდან ერთ სულ მოსახლეზე წლიურად მოდის 9 500 დოლარი. ეს ფული პირდაპირ კი არ შესდის ამ მოქალაქეს, მაგრამ იმხელააა ეროვნული შემოსავალი, რომ გადაანაწილო ერთ სულ მოსახლეზე, იღებ ამ თანხას. ანუ, ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ. განათლების დონეც, სხვა ანალოგიური ქვეყნებისგან განსხვავებით, ტუნისში მაღალია. უკეთესად მაცხოვრებელი და მაღალი განათლების მქონე ადამიანი იწყებს რევოლუციას.

 

ანუ, 24 წლის განმავლობაში დიქტატურამ ეს ხალხი კვება, გაანათლა და შემდეგ დაიწყო ხალხმა ფიქრი?

- განათლების მაღალმა დონემ ფიქრსაც შეუწყო ხელი... ოქსფორდსა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში რომ მიიღეს განათლება, ის თაობები მოვიდა.  თვითოეული ადამიანის ცხოვრებაში მიკრორევოლუცია ისაა, შვილები რომ უჯანყდებიან მშობლებს. შვილებს რაღაც სხვანაირად ესახებათ მომავალი, მერე ან მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს შვილის აზროვნებაზე, ან შვილი ცალკე იწყებს ცხოვრებას.

 

უკეთეს ვარიანტში შეჯერება ხდება.

- დიახ. ან კიდევ ძველის ჭკუაზე გადადის  და შესაბამისად, შვილი „მუდმივ შვილად რჩება“ და ა.შ. რამოდენიმე ვერსიაა. როდის ხდება ეს? სადღაც 16-17 წლის ასაკიდან. უფრო ადრე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი დიქტატია მშობლების მხრიდან ერთი წლის, ორი წლის და ა.შ. ასაკში, მაგრამ ამ დროს პროტესტი არ მოდის შვილის მხრიდან.

 

პროტესტი იწყება მაშინ, როცა ადამიანი გააცნობიერებს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა. ანუ მაშინ, როცა ამის ინტელექტი მოუმწიფდება, განათლებას იღებს, შეხედავს ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ სხვა ადამიანებს და დაფიქრდება...  ამას თუ ისიც დაემატება, რომ მუშაობა დაიწყო, უმაღლესში სწავლა გააგრძელა, სოციალურად დამოუკიდებელი გახდა, მით უმეტეს - გაუჩნდება ეს პროტესტი.

 

თუ უდღეურია, მათხოვარია, ყოველი კაპიკით სხვაზეა დამოკიდებული, თავის თავი ვერ გაუცნობიერებია, რომ რაღაცას წარმოადგენს, მიაჩნია,  რომ დუხჭირი და უბედურია, ის ოჯახში რევოლუციას დაიწყებს? ვერ დაიწყებს. იმდენად წარმოუდგენელია მისთვის, რომ შეიძლება, თავისი აზრი გაატაროს... ნაბიჯსაც არ გადადგამს და არც კი ცდის... ამდენად, დაბეჩავებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ იწყებს ჯანყს თავისი პირადი მიზნებისთვის და დაბეჩავებულ მდგომარეობაში მყოფი ერიც არ დაიწყებს ამბოხს...

 

სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს, აზროვნების მხრივ,  უარესობისკენ მისდის მდგომარეობა. აზროვნების კულტურა სულ უფრო დაბლა მიიწევს, დაბლა მიექანება მისი ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელიც. ეს ორი პარამეტრი - ინტელექტუალური და ეკონომიური - მაღლა უნდა წავიდეს, რომ მიიღოთ ჯანყი. ამ დროს კი, ხელისუფლებაში მოსულია გუნდი, რომელმაც ბრწყინვალედ იცის მართვა და პოლიტიკა. ეს სახელისუფლებო გუნდი ძალიან მობილურია და შეკრული… სხვა ხელისუფლებების დროს თბილისი სავსე იყო ხოლმე ჭორებით - სახელისუფლებო განხეთქილების თაობაზე. ახლა, ხელისუფლების მანქანა ისე ადის ყველა ახალ საფეხურზე, რომ პრაქტიკულად, ინფორმაცია გარეთ არ გამოდის. ამავდროულად, ენერგიულები არიან და არ ეზარებათ ფიქრი.

 

ოღონდ, სათავისოდ.

- კი, სათავისოდ, მაგრამ ამ ხალხმაც სათავისოდ იფიქროს, ხომ შეიძლება? მე ხომ არ ვლაპარაკობ რაღაც იდეალებზე? შენ სათავისოდ ფიქრის პრობლემა გაქვს საქართველოში, თორემ - სასხვისოდ ფიქრს ვიღა ჩივის? ჩვენი სიზარმაცითა და კომფორმულობით ვუწყობთ ხელს ხელისუფლებას, რაც უნდა ის აკეთოს.  ფსიქოლოგები კომფორმულობას ვუძახით ამ ყველაფერს, როცა გეზარება შენი გადაწყვეტილების მიღება და სხვის გადაწყეტილებას მიყვები...  თან ჩვენ, ბოლომდე კი არა, შუამდეც არ მიგვყავს საქმე... ეს სიზარმაცის გამო არ მოგვდის, უბრალოდ, განწყობილებების ხალხი ვართ. ხშირად გვეცვლება ხოლმე ხასიათი. იცით, რა არის - ცოტა ბავშვური ხასიათი გვაქვს. ოღონდ, ამას რომ ვამბობთ, ზოგიერთს სიამოვნებს მოსმენა, რადგან ბავშვი დადებითთან ასოცირდება. ბავშვი სწორედ იმის ბავშვია, რომ მას ბოლომდე საქმის მიყვანა  არ შეუძლია. ისტორიულად გვქონდა ასეთი ხასიათი...

 

მაშინ, დაველოდოთ ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც ჩვენს ნაცვლად შეცვლის...

- ქარიზმატული ლიდერის დალოდებაც არ მოიტანს შედეგს. ერთ-ერთი ომის დროს მთა დავიპყარით, ღამე უკან დავბრუნდით და ვიქეიფეთ. მეტოქემ, ამასობაში,  დაიკავა ის მთა, მერე ისევ დავიპყარით და კიდევ ვიქეიფეთ, ისევ დაიბრუნა ეს სტრატეგიული ობიექტი მოწინააღმდეგემ. ეს არ არის საბჭოთა პერიოდის გავლენა, არც დღევანდელობის, ეს ისტორიული ქართველის ქცევებია. სიამოვნების პრინციპით ცხოვრება ჩვენთვის უფრო ბუნებრივი იყო.

 

ანუ არ ვართ პრაგმატულები, არ ვართ ორგანიზებულები და არ გვიყვარს თავისთვის ცოტათი მაინც ძალის დატანება, რათა შედეგი დავდოთ... მოდით, კონკრეტულად ვუთხრათ ადამიანებს, რა, როდის როგორ გააპროტესტონ, რომ მიხვდნენ... ბავშვი ვერ ხვდება და უნდა ასწავლო, ხომ?

- დიახ, არ ვართ, ჯერჯერობით, პრაგმატულები...  უნდა ასწავლო, კიდევ ერთია, მაგრამ მეორე ისაა, ბავშვს უნდა ელოდო, ვიდრე მას იმის უნარი არ გაუჩნდება -  ისწავლოს. ამის სურვილი უნდა გაუჩნდეს. თითქმის მთელი საქართველო ღამე დადის მანქანით, რომელსაც ანთებული აქვს შორი განათების ფარები. ეს შუქი კი შემხვედრ მანქანას მოძრაობაში უშლის ხომ ხელს? მძღოლს აბრმავებს... პროჟექტორის მინათების ტოლფასია და შემხვედრი მანქანაც შეიძლება, დაგეჯახოს. ეს იცის ყველამ, მაგრამ მაინც მთელი საქართველო დადის ანთებული შორი ფარებით. ეს რა ხელისუფლების ბრალია? არის ხოლმე რაღაც პროტესტი, ჩვენი კულტურა მოსპო ხელისუფლებამ, აი, ინგლისური შემოიტანა, თავს გვახვევს ამ ენასო... კი მაგრამ, ყველა მაღაზიას მარკეტი რომ დავაწერეთ, რომელიმე ხელისუფლების ბრალი იყო?

 

თანაც ქართული ასოებით...

- დიახ, თანაც ქართული ასოებით. ანეკდოტური ქვეყანა ვართ. მანქანის მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ქართველი ხშირად ისეთ რაღაცაზე მიდის, რაც მისთვისაც სახიფათოა. სხვას ანათებ თვალებში და ამის გამო შეიძლება, შენვე დაგეჯახოს ის, ვისაც შენ ანათებ... რატომ აკეთებს ამას, კაცმა არ იცის... ან ეზარება გადართვა, ან აფიშირება უნდა, აი, რა მაგარი ვარ...  მთელი საქართველი დადის ჯიპებით...

 

ქვეყანაში, სადაც ყველანაირი ეკონომიკური პარამეტრები დაბლა მიექანება...

- დიახ, და ამ „ჯიპებს“ ბენზინის ხარჯვის დონე მაქსიმალური აქვთ. სარგებელზე ფიქრობს ქართველი? არ ფიქრობს. რომანტიზმი გამოიხატება ამაში, „ჯიპზე“ რომ ვზივარ, ხომ „მაგრად“ გამოვიყურები, გადავიხდი ბენზინის თანხას, თუნდაც მერე არაფერი მქონდეს... ამ აზროვნების ხალხი, ხშირად გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც მისთვისაც სახიფათოა - როგორც მანქანაში, ისე - პოლიტიკაში. ეს ხალხი აირჩევს ლიდერს, რომელიც მას გადათელავს... ასე რომ, პრობლემა სააკაშვილში არ არის...

 

ისიც ტიპიური ქართველია...

- ტიპიური ქართველია, ოღონდ, კიდევ უფრო ნიჭიერი და პრაგმატული. ის კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვყავდეს. პრობლემა ისაა, სააკაშვილი რომ შეცვალო (უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ), ამ ხასიათის მქონე ამომრჩევლების პირობებში ახალი არჩევანი შეიძლება  გაცილებით უფრო უარესი იყოს...

 

ავირჩიოთნაღდიქართველი, „ნაღდიქართული მთავრობა, თავი დავანებოთ აშშ-, ევროპას - ძალიან ხშირად ისმის სოციალურ ქსელებში ასეთი მოწოდება. არადა, ჩვენ ამ წუთში ვსაუბრობთ, რაც არის ნაღდი ქართველი, სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ხასიათის ცვალებადობით...

- „ნაღდი“ ქართველი იმ პიროვნებასთან არის ასოცირებული, კონკურეტულ პოლიტიკოსებს შორის, რომლის მიმართ დიდი სიყვარულის გარდა ვერაფერს ვიტყვი და საერთოდ, „ნაღდი“ ქართველი კაი რამეა, მაგრამ ავადმყოფი რომ გყავს სახლში, „ნაღდ“ ქართველს ეძებ, თუ კარგ ექიმს? ხელოსანი რომ მოგყავს ბინის გასარემონტებლად - შესანიშნავი ხელოსნები არიან სწორედ რუსები, სომხები, თათრები და რა, იწუნებ, იმიტომ, რომ ქართველი არ არის? მოიყვანე ქართველი და გააფუჭებინე, კი ბატონო, შენია ბინა...

 

პრესაგე.ტვ- ფორუმზე შეიძლებაჩაგვქოლონ“,  სომეხი უნდათ პრეზიდენტადო...

- რაც უნდათ, ის იფიქრონ... უნდა მოიყვანო ადამიანი იმ ნიშნით, რისთვისაც გჭირდება და არა - გულის მოფხანვისთვის. „ნაღდი“ ქართველი ის ნიშანი არ არის, გავარკვიოთ, პრეზიდენტად გამოდგება თუ არა. ქვეყანა ეკონომიკურად წაფორხილებულია. წესით, ამ ხალხს  აქამდეც კი უნდა მოეყვანათ ხელისუფლებაში ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკის აზრზე არიან. არცერთ არჩევნებში  ეკონომისტებს არ გაუმარჯვიათ საქართველოში, არადა,  ასეთი პარტიები არჩევნებში მონაწილეობდნენ, მაგ: „მემარჯვენეები“, „მრეწველები“...

 

დამაფიქრებელი შენიშვნაა - არცახალი მემარჯვენეებსდა არცმრეწველებსარ ჰყავდათ ქარიზმატული ლიდერები, მაგრამ, ჰქონდათ პრაგმატული საარჩევნო პროგრამა...

- როცა ერი მიყვება ქარიზმას და არა საკუთარ ინტერესს, მას კარგად არსდროს აქვს საქმე. ქარიზმა იმისაა, ანკესი უნდა გადმოგიგდოს და წაგიყოლოს, თან არა იმით, რაც შენ გჭირდება. როცა სხვისი გადმოგდებული ანკესი უფრო მოგწონს, ვიდრე შენი საკუთარი ინტერესის სწორი გააზრება, აქ რაზე შეიძლება საუბარი?

 

თუ ხალხმა არ გააგებინა რა უნდა, არცერთი ხელისუფლება მსოფლიოში თავისი სურვილით არაფერს გაიგებს...  სადაც სამწევრიან  ოჯახში ბავშვმა უნდა იტიროს, რომ მიხვდე, რაღაცა უნდა, ქალმა უნდა ქმარს მოსთხოვოს, ქმარმა ცოლს.  როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოში სხვანაირად ხდება? ეს დიალოგი უნდა შედგეს, მოთხოვნების გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს...

 

ანუ, ხელისუფლებას ჩვენ თავადვე ვრყვნით და სხვა ნუ ვაბრალებთ?

- ყოველ შემთხვევაში, დავიწყოთ საკუთარ თავზე დაბრალება... ჯერ გავარკვიოთ, რა გვჭირდება, შემდეგ - გავიაზროთ, როგორ მივაღწიოთ იმას, რაც გვჭირდება და მერე უკვე ხელიც გავანძრიოთ. ლიდერი ყოველთვის თავის თავზე იზრუნებს, ასევე იქცევა პოლიტიკური ორგანიზაციაც. რატომ იზრუნებს ჩემზე? ამიტომ არსებობს ინტერესთა ჯგუფები, როცა მე, თქვენ და ივანეს ერთი პრობლემა გვაქვს, ამ პრობლემაში გავერთიანდებით და ვიბრძვით... დამთავრდება პრობლემა, დავიშლებით. თემებზე ქართველები არ ერთიანდებიან და ერთმანეთს არ უჭერენ მხარს. ვიდრე ასეთი ხასიათი გვაქვს და ჩვენს ერთობას მხოლოდ ის ქმნის, რომ მე შენ უნდა მომწონდე, როგორც „ჯიგარი“ ქართველი, მანამდე არაფერი გამოგვივა.

 

ქარიზმატული ლიდერი, როგორც წესი, ლაპარაკობს იმას, რაც მე გულს მხვდება და წამიყოლიებს ამითი. მპირდება, მაგრამ მე თუ არ ვკითხე, როგორ გააკეთებ - არაფერსაც არ გააკეთებს. ხშირად, გვჯერა, რახან დაგვპირდა, იმან იცის, რა უნდა აკეთოს... ეჭვი რომ შევიტანიო, მაშინ მეც აზრზე უნდა ვიყო, როგორ კეთდება... მე უნდა ვაიძულო თავი, ვიფიქრო იმაზე, როგორი გაკეთებული სჯობს, მატყუებს  - თუ არა. მერე ვიცით თქმა, მომატყუაო,მანამდე სად იყავი, რატომ არ სვამდი  კითხვას, რომ გაგერკვია, მართალს ამბობდა თუ არა? ამიტომ, სულ მოტყუებული დავრჩებით, ვიდრე ასეთ ჭკუაზე ვიქნებით და სხვის შეძახილზე ვიმოქმედებთ...

 

ერი, რომელსაც უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო, არ უნდა იყოს მუდმივად ორიენტირებული რევოლუციაზე. რა უნდა ქნას მან ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ძალადობის შემთხვევაში?

- რა და, რასაც არჩევნებზე ორიენტირებული ალასანია იძახდა, თუ გინდათ ხელისუფლების შეცვლა, მიდით არჩევნებზე, იმდენი ხმა მიეცით ოპოზიციას, რომ გაყალბება არ მოხდესო. თუმცა, მე მგონი, ალასანიას ის ეშლება, რომ მას უკეთესი წარმოდგენა აქვს მოსახლეობის მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე.

 

საზოგადოებას იქნებ, ისიც ვუთხრათ, რომ ხალხის გარეშე, თუნდაც უცხო ქვეყნის დაგეგმილი რევოლუციებიც კი არ ხდება...

- ისევ ტუნისი. იქ არც პოლიტიკური პარტიები იყო, არც ამერიკა იყო აზრზე, ისე მოხდა ის, რაც მოხდა. „ვარდების რევოლუცია“ ამერიკისა და რუსეთის ერთობლივი პროექტი იყო. 5 წელი ამ ხალხს აცხობდნენ საიმისოდ, რომ აყოლოდნენ ლიდერს. თუმცა, გეთანხმებით - ხალხის გარეშე ვერავინ ვერაფერს გამოაცხობდა. ხალხი აყვა მათ. ეს ხალხი შესანიშნავად დაემორჩილა იმ ზემოქმედებას, რომელიც მეთოდურად ხორციელდებოდა მასზე. როდესაც ქვეყანა აწყობილია და ძლიერია, იქ ხალხის კომფორმულობა დასაშვებია. ასეთი რამ ხდება ამერიკაშიც, მაგრამ როცა ქვეყანაა ასაწყობი და ბევრი რამ შენზე, ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული - აი იქაა, რომ კომფორმულობა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს.

 

გამოდის, რომ სააკაშვილი 2033 წლამდე მართლა იქნება ხელისუფლებაში.

- რატომ 2033 წლამდე? ზუსტ თარიღს ვერა, მაგრამ მასეთ მკაფიო რიცხვს მე ვერ ვხედავ და  კიდევ იქით გადავწევ ამ თარიღს...

 

რეზიუმეს სახით ვთქვათ, მაინც რა არის გამოსავალი - შევცვალოთ აზროვნება?

- არ შევცვალოთ აზროვნება. მოდით, დავიწყოთ აზროვნება. ჯერჯერობით, პოლიტიკურ ცხოვრებაში, დიდი ჭკუა ვერ გამოვავლინეთ, ვერცერთ საფეხურზე. ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს და მით უმეტეს, პოლიტიკური ცხოვრება. ჭკუის გარეშე ჭადრაკს ვერ მოიგებ... გათვლა, მიზნის შერჩევა და ამ მიზნისკენ მიზანმიმართულად სვლა - ესაა სქემა, რაც უნდა გავაკეთოთ.

უმიზნოდ ბორიალი არ შეიძლება. სახლში რომ მიხვიდეთ, ხომ ზუსტად იცით, რომელ ტრანსპორტს დაელოდებით? თქვენ რომ ყველა ტრანსპორტში ახვიდეთ, რომელიც გამოივლის, სახლამდე მიხვალთ? გვჭირდება სახელმწიფოს აღმშენებელი და ამ დროს ვაჯდებით ტრანსპორტს, რომელსაც „ნაღდ“ ქართველს ვარქმევთ. ასე არ შეიძლება...