ჩინეთი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს

ჩინეთი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას კომპანია - China Communications Construction Company Limited სანქციებთან დაკავშირებით. ჩინურ კომპანიაზე, რომელმაც „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ წინანადება წარადგინა, საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.

დავითაშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამარჯვებული გამოცხადდება და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.

„კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სამშენებლო სამუშაოების მიმართულებითაც. ზუსტად ამიტომ ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იქნება თანამონაწილე იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს. ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს, სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო.

განაცხადების მიღება დაახლოებით, ერთი თვის წინ დავასრულეთ. სამი განაცხადია მიღებული. ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები (ეს არის ბელგიური კომპანია) სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია და აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფოს დაფინანსებებს, როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში არის ასიგნებები ამ პროექტის სახელმწიფოს ნაწილის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ საუკუნის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება. სახელმწიფო უკვე წელს დაიწყებს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას, მაგრამ ყველაზე აქტიურად გაგრძელდება 2025 და 2026 წლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ამ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღებს. დამატებით დეტალებზე საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო გუნდი ამ ეტაპაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ, საუბრობს ოპოზიცია, რომელმაც იცის, რომ ეს პროექტი „რუსულია“ და, რომ ჩინური კომპანიის უკან რეალურად, თურმე რუსეთი დგას.

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ამ ხელისუფლების რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების ბოლო წერტილია. მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკაა ის ფაქტი, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„მინდა ნათლად და ცალსახად ვთქვა! ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს განცხადებები - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში“?! დიახ, სწორედ ანაკლიის ჩაგდება იყო პირველი ნათელი გზავნილი, რომ რუსული მთავრობა და რუსული ძალები მართავს ამ ქვეყანას. დღეს ჩვენ ყველა ნათლად ვხედავთ რეალობას.

გავრილოვი, რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰესბოლას“ გვერდით დგომა, დიახ, ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით - ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ბოლო წერტილია ამ ხელისუფლების რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების. ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს მის გახვევას, თუმცა არ გაუვათ! საქართველოს თავისუფლებისთვის ასიათასობით ახალგაზრდა იბრძვის. რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც თავის მხრივ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„მრავალვექტორული პოლიტიკა - სწორედაც რომ ამის გამოვლინებაა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს არის ჯერჯერობით ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში. რა თქმა უნდა, ცნობილი შემადგენლობა და ფსევდო-მედასავლეთეები დაიწყებენ ახლა წიკვინს და შუბების მტვრევას, მაგრამ მათი დამტვრეული შუბები ბევრი გაუხვეტია ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, იმის ფონზე, რომ ჩინეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს უუქმებს, აშშ საქართველოს სანქციებით ემუქრება, ხოლო შვეიცარიის ბანკი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების დატყვევებას. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, საქართველოს ბაზარზე სოციალურად ორიენტირებული ჩინური საბანკო სისტემა შემოდის და აქვე აანონსებს, რომ გაგრძელება აუცილებლად იქნება.

„ამერიკა იმედგაცრუებულია. ჩინეთმა ევროკავშირისთვის განკუთვნილი ტვირთებით, პირველი ავტოტრანსპორტი გამოუშვა საქართველოს გავლით. ამერიკა აღშფოთებულად შეშფოთდა. საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენს დემოკრატიულ უკუსვლას ხაზი გაუსვა. საქართველოში „საუკუნის პროექტი“ - ჩინური კონსორციუმის მიერ, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება.

ევროკავშირის რიგი ქვეყანა თავის უარყოფით გაოცებას ვერ მალავს. მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირისთვის განკუთვნილი და საქართველოზე გამავალი ინტერნეტ და ელექტროკაბელის გასაჭიმად 35 მილიონი გამოყო. ამერიკა სანქციებით გვემუქრება. ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შვეიცარიის ბანკი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების დატყვევებას. საქართველოს ბაზარზე სოციალურად ორიენტირებული ჩინური საბანკო სისტემა შემოდის. გაგრძელება აუცილებლად იქნება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

 

mamuka ე.ი ხაზარაძე რომ ფართხალებდა ანაკლიის თაობაზე ,ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა თურმე....რა არის ეს თუ არა ვირეშმაკობა?
6 თვის უკან
დეა ვითომ რამე იცის ამ ანჯაფარიძემ, ამის ანალიტიკოსობა არ გაიშვა. ძაან სიღრმისეულად ლაპარაკობს, მაშა. :))
6 თვის უკან
დეა მეტა არ ბოდიალობდეს :))))
6 თვის უკან