ეკლესიას პასუხი მაშინ უნდა მოვთხოვოთ, თუ ამას არ გააკეთებს!

ეკლესიას პასუხი მაშინ უნდა მოვთხოვოთ, თუ ამას არ გააკეთებს!

"მთავრობის შემუშავებული თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტი წარმოადგენს ქვეყნის დაშლის საფრთხეს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას და ხელისუფლებას მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს პროექტს. პატრიარქის ასეთი პოზიცია ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნია, ირაკლი მელაშვილმა კი ივარაუდა, რომ პატრიარქს კოდექსი წაკითხულიც არა აქვს და არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ დავით შარაშენიძეს.

- პირველ რიგში მოგახსენებთ საპატრიარქოს პოზიციას იმის შესახებ, რაც მოხდა 5 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ებრაულ დღესასწაულ "ხანუკასთან" დაკავშირებით მენორას დადგმა და მერიის კედელზე გაკრული პლაკატით ხალხისათვის დღესასწაულის მილოცვა მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა გააპროტესტა, ორმა ახალგაზრდამ კი ბანერი ჩამოხია, რის გამოც ისინი დააკავეს. საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. მით უმეტეს, მოქმედი კანონმდებლობით, რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა, ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია ხალხთა შორის ურთიერთობაც, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონით მინიჭებული უფლებები. ფაქტია, რომ ქართველი და ებრაელი ხალხების ოცდაექვსსაუკუნოვან კეთილ ურთიერთობაში სწორედ ეკლესიამ შეიტანა დიდი წვლილი, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი აყალიბებდა საზოგადოებრივ აზროვნებას. ვფიქრობთ, არც ჩვენ და არც ქართველ ებრაელთა თემს არავისგან გვესწავლება, როგორ შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობა.

- მამა დავით, მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა პატრიარქის განცხადებასაც თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. რა დაიწუნა კოდექსის პროექტში პატრიარქმა? სად ჩანს საფრთხე?
- თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თვითმმართველობის გაძლიერების წინააღმდეგნი არ ვართ და წარმოდგენილი კანონპროექტიც კარგი და მოსაწონია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ნაკლები პრობლემაა და არც ტერიტორიული მთლიანობა აქვთ აღსადგენი. ჩვენთან კი ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ყველა საკითხს, რა თქმა უნდა, ვერ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ ორ მომენტს: ა) საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მეორე მუხლში წერია: ,,საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ბუნებრივად ისმის კითხვა: რას ნიშნავს ამ პუნქტის იგნორირება და რატომ ხდება ეს? ბ) ამ კოდექსის VII კარის მიხედვით განსაზღვრულია "მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების" შექმნა, რაც თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ჰგავს - ჰყავს მოსახლეობა, აქვს ტერიტორია, საზღვრები, მას გადაეცემა ქონება, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. რეგიონული სტრუქტურების ამ სახით შექმნა, ჩვენი აზრით, დროთა განმავლობაში ყველგან ხელს შეუწყობს დეზინტეგრაციული პროცესების განვითარებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ერთიანი ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის რღვევას. მით უმეტეს, რომ ამისი ხელშემწყობი გარე ფაქტორებიც არსებობს.

- ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, უწმინდესს, ალბათ, კოდექსი არ წაუკითხავსო. არადა, საპატრიარქოში არაერთხელ განიხილეს ეს საკითხი. იქნებ გვითხრათ, როგორი იყო განხილვის პროცესი, ვისთან ერთად განიხილავდა პატრიარქი კოდექსს?
- მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქის დატვირთული რეჟიმისა, ის ამ თემაზე ესაუბრა პოლიტიკოსებს, იურისტებს, სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ზოგიერთი ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ვერ ერკვევა საკითხის არსში, სხვას მიაჩნია, რომ ამ თემაზე იგი არ უნდა საუბრობდეს და არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეში, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ მისი განცხადება ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება. კათოლიკოს-პატრიარქიც და ეკლესიაც ყოველთვის გამოხატავენ პოზიციას ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი კულტურა, განათლება... მით უმეტეს - ქვეყნის მოწყობა. ეკლესიას პასუხი მაშინ უნდა მოვთხოვოთ, თუ ამას არ გააკეთებს! ასე რომ, მათ აზრს ვერ გავითვალისწინებთ.

- უწმინდესმა ქადაგების დროს ისაუბრა ერთსქესიანი ქორწინების შესახებაც. ახლა რატომ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხზე? ხომ არ მზადდება რაიმე კანონპროექტი, რომლის შესახებ საზოგადოებამ ჯერ არაფერი იცის?
- ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგეგმება ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა. რაც შეეხება სექსუალური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას, ეკლესია ასეთი მიდრეკილებების ადამიანებს მძიმე ცოდვაში მყოფებად მიიჩნევს, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა - მათი ცხოვრების წესის წახალისება.


პ.ს. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა დავით უსუფაშვილმაც: - მოვისმინე გასაოცარი მიდგომები ამ თემაზე. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო ყველასია - პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, რელიგიური მოღვაწის. პატრიარქი მიბრძანდება არჩევნებზე და ხმას აძლევს, იხდის მოქალაქეობრივ ვალს და ამიტომ მას აქვს სრული თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია. მისი მოსაზრების ჩარევად შეფასება გადაჭარბებულია. ჩარევა იქნება მაშინ, თუ ხელისუფლება ჩარევს ვინმეს თავის საქმეში. პოზიციის გამოთქმა ჩარევა არ არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი აზრით, როდესაც ვმსჯელობთ კონსტიტუციურ საკითხებზე, შესაძლოა, არსებობდნენ ადამიანები, ვინც უწმინდესის მოსაზრებას არ გაიზიარებს და დავით უსუფაშვილისთვის ასეთ პირთა მიმართ "ატეხილი ალიაქოთიც" მიუღებელია. მისივე თქმით, "უმეცრება და უსინდისობაა" იმის თქმა, თითქოს თვითმმართველობის კოდექსი ქვეყნის ფედერალურ მოწყობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, "თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაიწუნა და კატეგორიულად მოითხოვა საქართველოში ახალი რეგიონული ავტონომიების შექმნის შესახებ მუხლის ამოღება. პრემიერმა ასევე უარყოფითად შეაფასა ეთნიკური ნიშნით ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის შესაძლებლობა.