„ჩვენ გვჭირდება არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია, რადგან კარგად ვნახეთ, რაც მოგვიტანა რევოლუციებმა“

„ჩვენ გვჭირდება არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია, რადგან კარგად ვნახეთ, რაც მოგვიტანა რევოლუციებმა“

დღეს, 28 მაისს „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას აპირებს. უკვე ცნობილია, რომ ვეტოს დაძლევა უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე, რის შესახებაც მიანიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად ხელისუფლებას ორ გამოსავალს სთავაზობს: ხელისუფლებამ ან უნდა გადადოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული პრეზიდენტის ვეტოს განხილვა, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1-ელი იანვარი.

პოლიტოლოგი, პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სოსო ფხაკაძეს სიტუაციიდან გამოსვლა სურს, მაგრამ სიტუაციიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებით.

„თუ მიაქციეთ ყურადღება, „ქართული ოცნების“ მომხრეები ამ კანონს შემოკლებით ეძახიან „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, არასდროს არ ამბობენ „უცხო გავლენის კანონს“, ანუ მხოლოდ გამჭვირვალობას ახსენებენ და არა „უცხოურ გავლენას“. სინამდვილეში, გამჭვირვალობაში პრობლემა არავის აქვს, ყველა მომხრეა გამჭვირვალობის. პრობლემაა ტერმინ „უცხოურ გავლენაში“, ვინაიდან ეს კანონი აღიარებს დასავლეთს-ამერიკას და ევროპას მტრად. ამიტომაცაა ეს კანონი რუსული. რუსეთი თვლის ამერიკას და ევროპას მტრად, ამიტომ რუსული კანონი უფრო პატიოსანია, ვიდრე ქართული, რადგან რუსები პირდაპირ ამბობენ, ამერიკა და ევროპა ჩვენი მტრები არიან და იქიდან წამოსული ფული მტრული ფულიაო, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, ამერიკა და ევროკავშირი ჩემი მეგობარია, საქართველო ისწრაფვის როგორც ევროპისკენ, ისე ამერიკისკენო, მაგრამ ევროპიდან და ამერიკიდან წამოსული ფული მტრულიაო. სწორედ ასეთი მიდგომაა აბსურდული“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას. მისი აზრით, არ უნდა მოხდეს ვეტოს გადალახვა, რადგან ვეტო თუ გადაილახება, ამით პრობლემა შეექმნება საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანები ვეღარ ივლიან ევროპაში, ახალგაზრდები ვეღარ ისწავლიან დასავლეთში, უწინდებური ურთიერთობა ნამდვილად ვერ გაგრძელდება ევროპასთან, ამერიკასთან. ისინი პირდაპირ გვეტყვიან, თუკი მტრად გვსახავთ, კარგად იყავითო. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, დასავლეთი არ გვკარნახობს, თუ როგორი კანონი უნდა მივიღოთ, მაგრამ დასავლეთი გვეუბნება, თუ ასეთ კანონს მიიღებთ, ჩემთან აღარ გექნებათ ურთიერთობა, წადით მაშინ და აფრიკაში იცხოვრეთო. არაა გამორიცხული, სტატუსიც შეუჩერონ საქართველოს. თუ ჩვენ აღარ ვმეგობრობთ ევროპასთან და მათ ვთვლით მტრებად, რატომ უნდა მოგვცენ რაღაც სიკეთეები?!

პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში, 2025 წლამდე არ უნდა გადაიდოს „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედება, რადგან ეს კანონი დროულადაა მიღებული. უფრო მეტიც, თამარ კიკნაძის აზრით, ოპოზიციურ ძალებს ძალიან კარგად ესმით, რომ გამჭვირვალე და პატიოსანი არჩევნებით ისინი ვერ მოიგებენ და ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ამიტომ ისღა დარჩენიათ, ჩაებღაუჭონ ფინანსური წყაროებს, რომლებიც მათ სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.

„სწორედ ამ ფინანსური წყაროების მიღებაში ექმნებათ პრობლემა. თორემ რა პრობლემაა დეკლარირებაში. თუ შენ წესიერი ფული გაქვს და მიზანმიმართულად ხარჯავ, ამ ფინანსების დეკლარირებასაც უპრობლემოდ მოახდენ. მათი რეაქციიდან გამომდინარე, აშკარაა, მათ რაც აწუხებთ. ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს გარედან შემოსულ ფინანსებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ფერადი რევოლუციები ამ სცენარებით ვითარდებოდა და 2003 წლის ვარდების რევოლუციაც მეტწილად იმ არასამთავრობოების მეშვეობით განხორციელდა, რომლებიც წვრთვნიდნენ ახალგაზრდა თაობას, ამ ყველაზე აქტიურ, პასიონარულ ძალას. ზოგადად, ახალგაზრდა თაობას პასუხისმგებლობა ნაკლებად აქვს მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ამ გაკვეთილისგან მიღებული მწარე გამოცდილება ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს, შემთხვევითი არაა, რომ გამოქვეყნდა სუს-ის კადრები, როდესაც „გირჩი“ და მისი მეგობრები პირდაპირ ასწავლიდნენ ახალგაზრდებს მოლოტოვის კოქტეილის გაკეთებას და სცენარებს თხზავდნენ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დესტაბილიზაცია. ამიტომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ყურით მოთრეული არ არის, არსებობს საფრთხე იმისა, გაუკონტროლებლად შემოსული ფინანსებით მოხდეს დესტაბილიზაცია“,-აღნიშნა თამარ კიკნაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ დამაფიქრებელია ის რიტორიკა, რომლითაც წინასწარ კეთდება განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები არ იქნება გამჭვირვალე და კანონიერი. ეს ნიშნავს, რომ მზადდება რევოლუციური სცენარი. ამდენად, ძალიან სწორია გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოტანა, რაც ფინანსების გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს და რევოლუციურ სცენარებს შეაჩერებს. ჩვენ გვჭირდება არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია, კარგად ვნახეთ, რაც მოგვიტანა რევოლუციებმა.

ლაზი ეს კანონი, აპრიორი, არავის არ აღიარებს, არც მტრად და არც მოყვერედ, რაც სრულად შეესაბამება დოქტრინას - პოლიტიკაში არ არსებობენ მტრები და მეგობრები, არსებობენ მხოლოდ პარტნიორები.
კანონი თავის სახელს არქმევს ქმედებას. მტრულს ან მეგობრულს. ვინც ჩემი ბოსტნის შეღობვას მიკრძალავს, მისმა თხამ რომ შიგ თავისუფლად იბალახოს, ჩემი მოკეთე ვერ იქნება, რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ მისი თხა ბოსტანს კი არ აპარტახებს, არამედ სამომავლოდ ანოყიერებს.
6 თვის უკან