მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
ლარა
მას სამი სახელი აქვს - როგორც იტყვიან, პასპორტით, ნადეჟდა ჰქვია, ნაცნობებისთვის ლარისა. აი, იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც გვიყვარს, - ლარა.
სიცილის, ხალისისა და მხიარულების დიდოსტატია. ქართველი არაა, ბერძენია, მაგრამ სულით ქართველი, კახური ზნისა და ჩვეულებების მატარებელია.
ქიზიყში ერთი სოფელია - ქვემო ქედი, გაშლილი შირაქის განაპირას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ მხარეში, ვაჟა ფშაველას ინიციატივით, ფშავის, მთიულეთისა და ხევსურეთის მოსახლეობა ჩასახლდა - მეცხოველეობის გასანვითარებლად და მეცხვარეებისთვის ზამთრის საძოვრების ასათვისებლად, არაჩვეულებრივი იდეა გამართლდა. მე-20 საუკუნის დასაწყისსვე უკავშირდება კახეთში ბერძნების ჩასახლებაც - ქვის გამოთლისა და ხის ტიკების დამზადების ტექნოლოგია სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს. ასე რომ, ქვემო ქედი მთის ქართველებითა და ბერძნებითაა სავსე.
სწორედ ამ სოფლიდან ჰქონდა ფესვები ლარას. როცა ციხის გრძელი და მგლისფერი ღამეები ძილს დაგვიფრთხობდა ხოლმე, პატიმრები ერთმანეთს „გარდასულ დღეთა“ ისტორიებს ვუყვებოდით.
მახსოვს, მორიგი ეტაპირების დროს, 12 დღე “კარანტინში” გამოგვამწყვდიეს. “კარანტინი” ის უბედურებაა, როცა საკანში ჩაგკეტავენ, გასეირნების უფლებას გართმევენ, ტელევიზორი და რადიო არ არსებობს და, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, არც ყავა გაქვს და არც - სიგარეტი. წიგნს და ჟურნალს ჩვენ არავინ მოგვიტანდა. ამიტომ, რიგ-რიგობით ერთმანეთს ჩვენს ამბებს ვუყვებოდით. ლარას რიგიც დადგა:
- 90-იანი წლების უბედურების ქარიშხალი გრიგალივით დაბორიალებდა ყველა ოჯახში. საღამოობით მეზობლები ვიკრიბებოდით, ლამპაში ნავთს ზომიერად ვასხავდით და „კერასინკაზე“ უბედურებით ვთბებოდით. საბერძნეთიდან ნათესავებმა დამირეკეს, მანდ თავს რას აკვლევინებ გაჭირვებას, ჩამოდი, იმუშავებ და ფულიც გექნებაო. გავყიდე მამაჩემის დანატოვარი მანქანა და იმ ფულით საბერძნეთში წავედი, მაგრამ ზუსტად სამი კვირა გავძელი: არ ვიცი, იქაურობას რას ვერჩოდი, მაგრამ ფაქტია: სამი კვირის მერე, თბილისში ჩემი დის კარს მივუკაკუნე. ბნელოდა, ზღურბლზე რომ დამინახეს, გამოშტერდნენ, რა მოხდაო? შევაბიჯე ოთახში, გამჭვარტლულ ლამფის შუშას ვაკოცე, ერთი გულიანად შევუკურთხე გაჩახჩახებულ ათენს, ღვინო მოვითხოვე და ჩაბნელებული თბილისი ვადღეგრძელე...
ამ ამბავზე გოგოები მთელი ღამე ვკისკისებდით.
- ოჰ, ლარა, რატომ ნოდარ დუმბაძე ცოცხალი არ არის, „ჰელადოსს“ მეორედ დაწერდა! - ვეუბნებოდი სიცილით.
ლარას ცხოვრების ღრუბელი სულ ერთი ფერით არ ყოფილა ამღვრეული.
ყველა პატიმარი საკუთარ თავში პასუხს ეძებს, სინამდვილეში, რატომ მოხვდა ციხეში, რა მისიით მოიყვანა ღმერთმა აქ... ყველა პატიმარი ჩუმად, საკუთარ გულში, თავს ეკითხება: რა უნდა მოვინანიო ყველაზე მეტად?
„ზნედაცემული ორი გრამი“
ლარა ნარკომანი იყო...
საერთოდ, ციხეში ნარკომანების ორი კატეგორია არსებობს: ერთი, რომელიც მოყვარულია. მეორე, რომელიც “წამალზე წევს”.
ლარა მოყვარულთა წევრი გახლდათ. ყველას უკვირდა, ბუნებით მოქეიფეს, ხალისიანს, ყარაჩოღელ ქალს “წამალთან” რა უნდოდა. ლარა კი ერთი სიტყვით ხსნიდა - ინტერესი! - და ამ სიტყვას მოკლედ თავის ამბავს აყოლებდა:
- ცხონებულ მამაჩემს ოთხი შვილი ვყავდით. დაჭერამდე რამდენიმე წლით ადრე, თითქმის ყველა დავკარგე: ჯერ მამა მომიკვდა, მერე, ძმა მომიკლეს. ერთი ძმის დატირება ვერ მოვასწარი, მეორე ძმაც მომიკვდა. მერე, მეგონა, ძმების დაკარგვით ტრაგედია დასრულდებოდა, მაგრამ ბუნებამ დაც წამართვა. ალბათ, სასოწარკვეთამ, დაღლამ და ტირილმა გონება ამიმღვრია და “ჰეროინი” ვიგემე. “ჰეროინმა” კი ციხის “ბალანდა” მაგემა. ციხეში მოსულმა, “ნარზე” წამოწოლილმა გამოვიტირე დედა. ისე დაიმარხა ჩემი ტკბილი მოხუცი, რომ ცრემლი მიწაში ვერ ჩავატანე, თუმცა ყველაფერი უფლის ნებაა. მადლობა უფალს, არაჩვეულებრივი შვილების დედა მქვია! - ამ სიტყვების მერე, ლარა კედლისაკენ მიბრუნდებოდა და გულს აღუწერელი სევდით იჭამდა.
უფლის მადლი
ერთ დასავლეთელ პატიმარს ვაცილებდით თავისუფლებაზე. გაცილებისას, ტრადიციულად, არ ვტირით. მხოლოდ ტაშს ვუკრავთ და ვყვირით: „ნახვამდის! უკან არ მოიხედო!“
ლარა პატიმარს ჩაეხუტა, აკოცა, ყურში რაღაც უთხრა... ის ქალი ატირდა... ლარაც ტიროდა... მოგვიანებით გავიგე - გათავისუფლებული პატიმარი სიხარულით ტიროდა, ლარას კი მონატრების საიდუმლო ცრემლები სცვიოდა...
...რამდენიმე თვის მერე, ლარამ მიამბო:
ის ცამეტი წლის იყო, მაგრამ სულ არა ჰგავდა ცამეტი წლის გოგოს - ატმის ყვავილივით აფეთქებული, ვნებაანთებული და, როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, თვალში საცემი ქალი იყო... სწორედ ნაადრევმა მოჩიტებამ და ქალიშვილობამ ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.
მოეწონა, შეუყვარდა და მოიტაცა...
მერე?
ეს არ იყო 21-ე საუკუნის საქართველო... ეს მე-20 საუკუნის 70-იანი წლები გახლდათ... და ასეთ ქალებს უკან აღარ იღებდნენ ოჯახში. უბრალოდ, ათხოვებდნენ და არ კითხულობდნენ, უნდოდა კი ქალს ვაჟი?!
ლარა ქალს ჰგავდა, თორემ ბუნებითა და ფსიქიკით ბავშვი იყო. რას იზამდა? - დაუჯერა დედას და მამას. ძმის იმედი ჰქონდა, მაგრამ ძმაც არ იყო საქართველოში - შორეულ ციმბირში სასჯელს იხდიდა. დამაც არ მოუსმინა, ალბათ და... დაერქვა გათხოვილი ქალი!
მგონი, გათხოვებიდან მეორე თვეშივე დაფეხმძიმდა. დედა თბილისში ცხოვრობდა, თვითონ შორს, - დასავლეთ საქართველოში!
ქმარი ყოველ დღე ზიზღდებოდა!
არა, ეს მარტო ზიზღი არ იყო!
ისე, როგორც უმეტეს ქალს მოსდის ორსულობისას, ქმრის სუნი გულს ურევდა...
დედამთილს ვერ გაუმხილა...
დედა იქ არ ჰყავდა...
დას ტელეფონით ვერ მოუყვა...
შერცხვა და... შეზიზღდა...
გოგო ეყოლა...
და როგორც მაშინ, 70-იანებში იყო მოდაში, ნინო დაარქვა...
დედამ, ტრადიციულად, 40 დღით, თავისთან წაიყვანა.
ლარა ბავშვი იყო და ბავშვივით ტიროდა.
მეზიზღება, არ მიყვარს, თავს მოვიკლავ! - ამბობდა.
თითქოს დედამ გაუგო... და ქმარს უკან აღარ გაჰყვა.
სახლში ორი ბავშვი ცხოვრობდა - დიდი ლარა და პატარა ნინო...
დიდმა ბავშვმა მუშაობა დაიწყო, მგონი, - ფაბრიკაში; დედა ერქვა და ყველა დედის ვალი შრომაა...
...ერთხელ, სამსახურიდან დაბრუნებულს, ქმრის ნათესავები დახვდნენ, უშვილო ცოლ-ქმარი...
ლარა ვერაფერს მიხვდა...
დედა კი, სტუმრებს გულიანად ემსახურებოდა...
სტუმრები ნინიკოს ეთამაშებოდნენ...
წავიდნენ...
ისე, როგორც მაშინდელ ოჯახებში იქცეოდნენ, საღამოს მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდნენ, დედამ და მამამ გადაწყვიტეს:
ის ცოლ-ქმარი ბავშვის გაზრდაში დაეხმარებოდნენ, ლარა იმუშავებდა, მათთან, ოჯახში ყოველ დღე ივლიდა და შვილსაც მოუვლიდა...
ლარა ბავშვი იყო, დიდი ბავშვი და ვერ შეეწინააღმდეგა...
თავიდან ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც მრგვალ მაგიდასთან მოითათბირეს..
ლარა დილით - ფაბრიკაში...
მერე, - ნინოსთან სათამაშოდ...
იქ ყველა თბილად ხვდებოდა...
მერე, შინ გვიან ბრუნდებოდა...
...ერთხელაც, მივიდა ნინიკოსთან, ბევრი აკაკუნა, ძალიან ბევრი, მაგრამ კარი არავინ გაუღო...
კაკუნისაგან შეწუხებულმა მეზობელმა გამოხედა და მკვახედ უთხრა:
- წავიდნენ, სამუდამოდ წავიდნენ რუსეთში!
იმ წამიდან ლარა ბავშვი აღარ იყო...
მას უკვე გულმოწყვეტილი დედა ერქვა...
შინ მომხდარი არ გაჰკვირვებიათ...
ლარა უცებ გაიზარდა და... გლობუსი დაატრიალა - რუსეთს ეძებდა, იქ კი, წითლად უშველებელი ქვეყანა ეხატა...
ლარა ბავშვი იყო, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის გამო ცხოვრება მშობლებმა დაუნგრიეს...
ლარას საზოგადოება არ აინტერესებდა...
მხოლოდ იმას დარდობდა, რა ეთქვა ძმისთვის...
იმ ღამეს არ ეძინა...
კაცობრიობა სძულდა...
დილით ჩაიცვა და, როცა მის ტრადიციულ ოჯახს ეგონა, სამსახურში მიდისო, ლარამ სხვა გზა აირჩია - უბრალოდ, გაჰყვა ტრამვაის, მხოლოდ იმ ხალხს ერიდებოდა, ვინც მის ძმას იცნობდა და აფასებდა...
ლარას ოჯახი ცაში მოჭედილი ვარსკვლავები იყო...
მხოლოდ მათ უყვებოდა უსიტყვოდ ტკივილს და მონატრებას.
მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც უყურებდა შორს, დიდი რუსეთიდან ნინიკოც და... სადღაც აქ, თბილისის გარეუბნიდან ლარაც...
...ციმბირის მკაცრი სასჯელი დაუმთავრდა ძმას... შინდ დაბრუნებულმა და მოიკითხა...
დედამ შვილს ყველაფერი უამბო...
კაცი დადუმდა... მხოლოდ უფროს ძმას შეხედა და ჰკითხა:
- შენ რა ქენი?
მან მხრები აიჩეჩა.
ისევ დუმილი..
- ესენი ქალები არიან, წესით, პასუხი კაცებს მოგეთხოვებათ, შენი ბრალია, - უთხრა ძმას, მამას კი აგრძნობინა.
მერე, დას მიუბრუნდა:
- სად არის შენი და?!
დამ თავი ჩაღუნა.
- საღამოს, რვა საათზე, შინ იყოს, შენ მოიყვან! - მეტი არაფერი უთქვამს, სახლიდან გავიდა... კიბეზე რომ ჩაირბინა, ალბათ, 5-ათასკაციანი ციხე მცემდა პატივს და ნახევარზე მეტი თბილისი ითვალისწინებდა ჩემს აზრს, ოჯახს კი “ვკიდივარო”...
ექვსი საათისკენ ლარა დამ იპოვა.
ლარას შეეშინდა, გაიფიქრა: „მომკლავს“!
და შეეხვეწა:
- ყველას დაგვხოცავს, თუ სახლში არ წამოხვალ!
ლარა გაჰყვა, მაგრამ ვაი, იმ გაყოლას...
საძინებელში დაჯდა ჩუმად, არც დედას, არც მამას, არც დედას და არც უფროს ძმას არ დალაპარაკებია. ყველა ელოდა ძმას, რომლისაც ნახევარ თბილისს ეშინოდა.
რვაზე ისიც მოვიდა... ხელები დაიბანა, უფროს დას შეხედა, ჰკითხა:
- ლარა სად არის?
- იქ, - მიანიშნა საძინებელზე.
შევიდა, მოეხვია, აკოცა და ერთადერთი შეკითხვა დაუსვა:
- ჩემს ძმაკაცებთან ხომ არ შემრცხვება?
- არა, - თავის გაქნევით უპასუხა დამ. ძმამ ხელი მოკიდა და ხმამაღლა დაიძახა:
- დედი, გვშია, გვაჭამე!..
***
გავიდა წლები. ლარას, ალბათ, შეუყვარდა... გათხოვდა, ოღონდ აქ, საქართველოში - არა, აზერბაიჯანში...
წარსულის დავიწყება უნდოდა... მხოლოდ ღამემ, ვარსკვლავებმა და ლარამ იცოდნენ, რას გრძნობდა ნინოს დედის გული...
ორი ქალიშვილი შეეძინა...
წლები გადიოდა... ახლაც ისე მოხდა, როგორც ჭორიკანა ნათესავებმა იციან: საქართველოდან აზერბაიჯანში ჩასულმა ნათესავმა, ლარას დედამთილს და მულს ყველაფერი უამბო... ქმარმა იცოდა, თუმცა მალავდა...
ისე აყაყანდნენ, სოფელში რომ იციან ყაყანი...
ლარა გაბრაზდა, თავის თავზე გაბრაზდა...
ამდენი წელია, ნინო არ მოუძებნია, ესენი კი, ლანძღავდნენ არა იმაზე, რაზეც უნდა ელანძღათ, არამედ, თურმე, თავი მოეჭრათ...
ადგა და იქიდან წამოვიდა, შვილები მამასთან დატოვა...
ლარა ბავშვი აღარ იყო და აღარც ცხოვრების ეშინოდა...
შრომობდა, შვილებსაც იქით ინახავდა, თავის ბუდესაც იკეთებდა და... ნინოსაც ეძებდა...
მიაგნო...
ძმას უთხრა...
გადაწყვიტეს, ენახათ...
ლარამ ნახა...
შვილმა მიიღო...
სიხარულისგან ლამის გაგიჟდა...
მერე, ერთი ძმა მოუკლეს...
მერე, მეორე მოკვდა...
მერე, და დაეღუპა...
შვილმა დაურეკა და... გაებუტა.
ნინოსთვის ლარას ოჯახი არაფერს ნიშნავდა...
ნინოს მხოლოდ დედისთვის შეეძლო პატიება...
ლარა... ლარა... ლარა...
მერე, ლარა გახდა ნარკომანი...
“კაიფში” ყველაფერი ავიწყდებოდა...
და მოხვდა ჩემთან, ციხეში...
იმ დღეს, როცა ერთ პატიმარს ვაცილებდით, ლარამ მას ყურში რაღაც უთხრა, მერე მითხრა:
- მე ნინოს დედა ვარ!
ლარა ტიროდა...
ის პატიმარიც ტიროდა...
რამდენიმე დღეში სასწაული მოხდა: შვილმა, რომლისთვისაც დედას 34 წლის განმავლობაში არ უკოცნია, მოაკითხა...
მას მერე, ყოველ შაბათს, ნინო ტელეფონთან ზის და დედის ზარს ელოდება...
ლარა კი, ციხის ტელეფონის რიგში დგას და ერთი სული აქვს, ჰკითხოს:
- შვილო, როგორ ხარ?
P.S. ლარა ძალიან დიდებული ქალია, მაგრამ მას თავისზე დიდებული შვილები ჰყავს.
დღეს ნინოს დედისერთა აღარ ჰქვია...
დღეს ნინოს დები ჰყავს, რომელთაც ის ქვეყანას ურჩევნიათ...
დაილოცოს, ღმერთო, შენი განაჩენი, რომ კაცობრიობას ლოცვა ასწავლე - ამ ადამიანებმა მხოლოდ ლოცვით იპოვეს ერთმანეთი!