2024 წლის 3-4 ივნისს ცაზე მზის სისტემის 6 პლანეტა ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივდება.
ამ იშვიათ მოვლენას ასტრონომიაში ციური სხეულების აღლუმს უწოდებენ, რომლის დროსაც ერთ ხაზზე განლაგებულ მერკურის, მარსს, იუპიტერს, სატურნს, ნეპტუნსა და ურანს ვიხილავთ. მათ გვერდს ნამგალა მთვარეც დაუმშვენებს, თუმცა ვენერა არ გამოჩნდება.
აღლუმად იწოდება ყველა ის შემთხვევა, როცა ცაზე 3 ან მეტი პლანეტაა ჩამწკრივებული. როდესაც მათი რაოდენობა 5 ან 6-ია, ეს უკვე დიდ აღლუმად მოიხსენიება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 5 ციური სხეულის განლაგება შედარებით ხშირია, 6-ისა კი — საკმაოდ იშვიათი.
რა თქმა უნდა, ცაზე მათი ამგვარი მდებარეობა არ ნიშნავს, რომ ისინი კოსმოსურ სივრცეში მართლაც გვერდიგვერდაა. რეალურად, ამ ობიექტებს ერთმანეთისგან მილიონობით კილომეტრი აშორებს, თანაც თითოეული მათგანი მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე მოძრაობს, შესაბამისად ერთ ხაზზე ფიზიკურად ვერ მოექცევა.
აღლუმს ის განაპირობებს, რომ ყველა პლანეტა მეტ-ნაკლებად ერთნაირ სიბრტყეზე გადაადგილდება, რომელსაც ეკლიპტიკა ეწოდება. ეს სიბრტყე მზის გარშემო ძველად არსებული იმ დისკოს ორიენტაციას ემთხვევა, რომელშიც დედამიწა და სხვა პლანეტები წარმოიქმნა. აქედან გამომდინარე, პერიოდულად რამდენიმე ციური სხეული მზის ერთ მხარეს ექცევა ხოლმე, რაც ცაზე ჩამწკრივებული ობიექტების სახით მოჩანს.
სწორედ ეს მოხდება ივნისის დასაწყისში. მერკური, მარსი, იუპიტერი და სატურნი საკმარისად იკაშკაშებს იმისთვის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც დავინახოთ. ურანი და ნეპტუნი სიშორის გამო უფრო მკრთალია, ამიტომ მათ დასაფიქსირებლად ბინოკლი ან ტელესკოპი იქნება საჭირო.
6 პლანეტის აღლუმს 2024 წლის 28 აგვისტოსა და 2025 წლის 18 იანვარსაც უნდა ველოდოთ. 2025 წლის 28 თებერვალს კი 7 პლანეტის აღლუმზე დაკვირვების შესაძლებლობა გვექნება.
რაც შეეხება მოახლოებულ აღლუმს, მისთვის თვალის მისადევნებლად 3 ივნისი ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ამ დროს პლანეტები მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან გამოჩნდება. შეგიძლიათ, ციური სხეულების ადგილმდებარეობის შესამოწმებლად სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო გამოიყენოთ. ასეთია, მაგალითად Time and Date, Stellarium და აპლიკაცია Sky Tonight.