„ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, ეს იციან მყრალი ნაცსექტის სპიკერებმა, თუმცა მათი ზნეობა ფსკერზეა“

„ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, ეს იციან მყრალი ნაცსექტის სპიკერებმა, თუმცა მათი ზნეობა ფსკერზეა“

ჯანმრთელობის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც გავრცელებულ განცხადებაში თავად აღნიშნავს, შესაძლოა, მისი მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაბამისად, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით, მის მიერ თანამდებობის დატოვება, შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი სწორი გამოსავალია.

„უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ, მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. აღნიშნულ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში და, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მე მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად დაუყოვნებლივ იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. „პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გრძელდება. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს და პარლამენტი გენერალურ პროკურორს, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეცვლის შოთაძეს, თუმცა პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, შოთაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი შეცვლის, რომლის განცხადებით, მისი კანდიდატურის დასახელების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი დღეს თავსებადია სტანდარტებთან, დასკვნა ვენეციის კომისიასაც აქვს დაწერილი და ამ მოდელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნიშნავს თავის დროზე კონკრეტული დასკვნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

„კომიკური იყო, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება, რომ 6 თვის თუ 1 წლის ვადით გენერალური პროკურორის არჩევა იქნებოდა ევროპული სტანდარტი, გვითხარით ევროკავშირის რომელ ქვეყანაში ხდება გენერალური პროკურორის არჩევა 1 წლის ვადით. ასეთი მოდელი არ არსებობს. ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ და არა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც კოლაფსს გამოიწვევს დევნის ორგანოში, გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობის გარანტიებს შეამცირებს და წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მიდგომებთან. აქედან გამომდინარე, არ იქნა ეს გაზიარებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად, გარბის ქვეყნიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება. ვაშაძის თქმით, მან იცის, რომ ირაკლი შოთაძე ჯანმრთელია და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან წასვლით უარი უთხრა ივანიშვილის პარტიას.

„დარწმუნებული ვარ, სისტემის ჩამოშლა დაიწყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს. 26-შიც ბევრი უნდა ვიყოთ. გენერალური პროკურორი როდესაც, ფაქტობრივად, გარბის ქვეყნიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება. ასე სათითაოდ დაიშლება „ქართული ოცნება“. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მეგობრებო, გენერალური პროკურორი წავიდა, ჯობს, თქვენც უარი თქვათ ვეტოს გადალახვაზე ხმის მიცემაზე. ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი შოთაძე ჯანმრთელია. ჯანმრთელად იაზროვნა და უარი უთხრა „რუსულ კანონს“ და ივანიშვილის პარტიას“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოპოზიციის განცხადება არის სწორედ არაადამიანობა, რადგან იციან იმის შესახებ თუ რა დაავადებას ებრძვის ირაკლი შოთაძე. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ეს არის სწორედ გათახსირება, გარყვნა, არაადამიანობა, უღმერთობა და უზნეობა.

„აი, ეს არის სწორედ გათახსირება, გარყვნა, არაადამიანობა, უღმერთობა, უზნეობა! სწორედ ასეთების შესახებ ამბობდა ილია: „გათახსირებულის კაცებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი!“ აგერ ბატონებო შედეგი! კაცმა განაცხადა მძიმედ ავად ვარ და თანაც იციან დანამდვილებით ამ ავაზაკებმა, რომ ბ-ნი ირაკლი შოთაძე ნამდვილად ავადაა და მაინც წერენ სიბინძურეს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას და ეს იციან „ნაცსექტის“ სპიკერებმა.

„მათი მორალი, ზნეობა დიდი ხანია ფსკერის ფსკერზეა, მათთვის მთავარია ბოღმის ნთხევა, უბინძურესი პოლიტიკანური სპეკულაციები. რომელ დეპოლარიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მარგინალი რადიკალები არათუ უსამშობლოები არიან, არამედ არაადამიანები. მათთვის მთავარია ბოღმის ნთხევა, უბინძურესი პოლიტიკანური სპეკულაციები და რევანშიზმი. გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, მისმა საახლობლომ და კოლეგებმა ეს იციან, ისევე როგორც მყრალი ნაცსექტის აქტიურმა სპიკერებმა, თუმცა ამ უკანასკნელთა მორალი, ზნეობა დიდი ხანია ფსკერის ფსკერზეა“, - აცხადებს გია აბაშიძე.

 

amo ვაშაძის ამომრჩეველო, მოგწონთ თქვენი არჩევანი?
6 თვის უკან
არაგველი641 ვაშაძის ამომრჩეველიც ვაშაძისნაირი იქნება ალბათ!
6 თვის უკან