გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება - ასეთ წარწერებს მაღაზიები მალე ვეღარ გააკეთებენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კანონპროექტი უკვე მზად არის.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წარწერის გაკეთება კანონმდებლობით აკრძალული არ იქნება, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იგი უბრალოდ აზრს დაკარგავს, რადგან მომხმარებელს საქონელის უკან დაბრუნებაც შეეძლება.
მაგალითად, თუ თქვენ შარვალს, ან მაისურს იყიდით და სახლში აღმოაჩენთ, რომ ფერი აღარ მოგწონთ, ან უბრალოდ ზომაში ოდნავ პატარა გაქვთ, ან სხვა მიზეზი გექნებათ მის დასაბრუნებლად, გადაცვლის უფლება მაინც გექნებათ მიუხედავად იმისა, რომ ნაყიდ სამოსს ნაკლი არ აქვს.
ახალი კანონი მათთვისაც სიახლე იქნება, ვინც ონლაინში ვაჭრობს. თუ თქვენ საზღვარგარეთიდან ფეხსაცმელს გამოიწერთ, რომელიც მხოლოდ ფოტოზე გაქვთ ნანახი, მისი მიღებიდან გექნებათ ორი კვირა, რომ თუ არ მოგერგოთ, მასზე უარი თქვათ.
რაც შეეხება ნაკლიან პროდუქტს, დღესაც მოქმედებს კანონი, რომ თუ პროდუქციას აქვს ნაკლი, მომხმარებელს შეუძლია ეს ნაკლი კომპანიას, ან მაღაზიას გამოასწორებინოს, მაგრამ ამ უფლების გაუქმება, ან შეზღუდვა კერძო ხელშეკრულებით ე.წ. საგარანტიო წერილით შესაძლებელია. ახალი კანონის მიღების შემდეგ, მომხმარებელს უფლება ექნება ნაკლის შემთხვევაში, მაღაზიას ნაკლის გამოსწორების, დაბრუნების, ან გაცვლის მოთხოვნით 2 წლის განმავლობაში ან ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე მიმართოს. ამ უფლების შეზღუდვა შეუძლებელი გახდება კერძო ხელშეკრულებით, რაზეც არ უნდა მოაწერინონ მოქალაქეს ხელი პროდუქციის ყიდვისას. მტკიცების ტვირთი კი, თუ ვინ დააზიანა ნივთი, მეწარმეზე გადადის.
სიახლე ფასდაკლების მოყვარულთათვისაც არის. მაგალითად, თუ მაღაზია გამოაცხადებს ფასდაკლებას, სინამდვილეში კი პროდუქციას ჩვეულებრივ ფასად გაყიდის, ან თუ რომელიმე მაღაზიაში შექმნიან შთაბეჭდილებას, რომ ლიკვიდაციაა, ან რაიმე სხვა მსგავს მარკეტინგულ ხრიკს მიმართავენ. მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი ნაკლად ჩაითვლება - ანუ, ნაკლის განმარტება ფართოვდება.
ჯერჯერობით კანონპროექტი მეწარმებისთვის ასეთ შემთხვევებში სანქციებს არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება საკვებ პროდუქტს, თუ თქვენ იყიდით საკვებს, მისი დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდა ნაკლი. ასეთ შემთხვევაში, ან ფული უნდა მოითხოვოთ, ან უნდა გამოაცვლევინოთ.
"ნაკლიანი ყველაფერი ექვემდებარება დაბრუნებას, ან გამოცვლას", - განმარტავს ლია თოდუა, რომელიც კანონპროექტის შემუშავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
თუ მაგატყუეს, დეფექტიანი სამოსი იყიდეთ და მაღაზია მას აღარ იბრუნებს, ან თუ გამოაცხადეს Sale, ნივთი იგივე ფასად იყიდეთ, რაც ფასდაკლების გამოცხადებამდე იყო და თქვენს უფლებებს სათანადოდ ვერ იცავთ, ან თუ ზოგადად ფიქრობთ, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლება დაირღვა, ამისთვის თქვენ ომბუდსმენი მოგემსახურებათ. მომხმარებელთა დავების გადაწყვეტისთვის სახელმწიფო ახალ თანამდებობას შექმნის.
P.შ. ნივთი, რომელსაც დააბრუნებთ, ნახმარი არ უნდა იყოს და მას გასაყიდი სახე უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული.