გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლიკვიდაციით ემუქრებიან?!

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლიკვიდაციით ემუქრებიან?!

პრემიერ-მინისტრი დუმილს არღვევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ“... ვინ იყო ის ევროკომისარი, რომელიც პრემიერს, პაქტიკულად, ლიკვიდაციით დაემუქრა, კობახიძეს საგანგებო განცხადებაში არ უსაუბრია. თუმცა, მოგვიანებით, მუქარის ავტორი თავად გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომელიც  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აღმოჩნდა.  

„რადგანაც კარგად ვარ გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროპული განწყობების შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, რომ პრემიერის ყურადღება მიმეპყრო ამ კანონის მიღებით ისედაც მყიფე ვითარების არგამწვავების მნიშვნელობაზე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავება, შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია.

„ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ, წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც „გლობალურ ომის პარტიასთან“ განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა.

რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ, „გლობალური ომის პარტიის“ სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი. დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რაც შეეხება შანტაჟს, რომელიც გაისმა ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავის დააშანტაჟებენ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, არის გუნდის მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, მთავრობის მეთაურის თქმით, ამაზე ნამდვილად აქვთ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს „გლობალურ ომის პარტიას“, რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში ქვეყანაში, მათ შორის თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით.

რაც შეეხება კობახიძის ამ განცხადებას, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება სისტემატურად ირწმუნებოდა, რომ გლობალური ომის პარტია ჩვენი ომში ჩართვას ცდილობს, მაგრამ კონკრეტიკა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ. for.ge წერდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშივილის პრემიერობის დროს, ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დაგნანმა საელჩოს სპეცრაზმელებთან ერთად, პირდაპირ რომ ვთქვათ, კაბინეტში ჩაკეტა პრემიერი და მოითხოვდა მისგან, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომ ცა გაეხსნათ ქართველი მებრძოლებისთვის.

პარალელურ რეჟიმში, იგივე სცენარით აიძულებდნენ თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ომში სამხედროების გაგზავნას, იგივე ხდებოდა ვეტერანთა დეპარტამენტშიც და ამ შემთხვევაში ითხოვდნენ ვეტერანების მობილიზაციას. ინფორმაცია, რომელზეც პრემიერი საუბრობს, საქმის კურსშია საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციაში თვლიან, რომ კობახიძის ბრალდება ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ სრული აბსურდია და ამ შემთხვევაში კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა.

„მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტიკის მეციერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ გამაოგნებელია ევროკავშირის კომისრის ქმედება და ლიკვიდაციის მუქარა საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართ.

„ველოდებით ამ კომისრის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის უახლოეს სხდომებზე. ევროპელი პოლიტიკოსები არ უნდა გაჩუმდნენ. ყველა ვალდებულია ასეთ ამორალურ პერსონებს შეფასება მისცენ. სრული მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

ბლოგერი, ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის მიზანია რუსეთს მოუგოს ცეცხლოვანი რკალი და ამ რკალში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს, რაც ყველასთვის ნათელია. როგორც ადეიშვილი აცხადებს, დადასტურებულია, რომ აშშ ლობირებს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას. კერძოდ, შეძლოს რუსეთის გამოწვევა, რომ მოაწყოს ინტერვენცია საქართველოში.

„პუტინმაც თქვა, რომ ამერიკას უნდა რუსეთმა ინტერვეცია მოაწყოს აქ და ახლა თვითონ არის პროვოკაციაზე გადასული. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ - თუ ჩვენ გავჩერდებით, რა თქმა უნდა, უმოქმედოდ უარესი გველოდება, ვიდრე ჩვენ გავბედოთ და გავაკეთოთ. ამიტომ, მთავრობამ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, დააპატიმროს მოთავეები, ის ბავშვებიც, რომლებიც ჩართულნი არიან რადიკალიზმში, მიაყოლონ ზედ და აშშ-დან საკონსულტაციოდ გამოიწვიონ ელჩი.

რადგან, თუ აქ მოხდა არეულობა, ამერიკა აქ ჯარებს ვერ შემოიყვანს, ეს გამორიცხულია, რაც შეიძლება გააკეთონ, ეს არის ტერორისტების შემოგზავნა და ამას შეძლებს მაშინ, როცა აქ არეულობა და საომარი მოქმედება დაიწყება. ამიტომ, ჩვენმა მეზობლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან იმაში, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა მკაცრად უნდა დაიცვან საქართველოსთან საზღვარი, გააკონტროლონ, რომ ამერიკამ არ შემოაგზავნოს მისი გამოზრდილი და გამოწვრთნილი ტერორისტები.

ასევე, რუსეთმა უნდა მოახერხოს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გაჩნდეს მათი შემოსვლის საფრთხე. მათ შეუძლიათ საზღვაო აკვატორიის გადაკეტვა. შეიძლება ეს რისკიანი გზაა, მაგრამ გაჩერებამ შეიძლება კიდევ უარეს ვითარებამდე მიგვიყავნოს. ეს არის პრევენცია იმისათვის, რომ ამერიკის მოქმედების გამო თვითონ რუსეთი არ აღმოჩნდეს აქ შემოყვანილი, როგორც ეს მოხდა 2008 წელს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ის ინფორმაციული ნაკადები, რაც ჟღერდებოდა ხელისუფლების მხრიდან, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ხელისუფლებას, მაღალი ალბათობით, გააჩნდა ისეთი ტიპის ჩანაწერები, რომელიც პრაქტიკულად, ძალიან ცუდ სურათს შექმნიდა სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, აუცილებელია და მიზანშეწონილია ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი მასალები გასაჯაროვდეს, რამე თუ მას ექნება არა მარტო კონტრსადაზვერვო, არამედ სადაზვერვო ფუნქცია და ვფიქრობ, შესაძლებელია გარკვეული სისხლის სამართლებრივი დევნაც კი დაიწყოს იმ პირებზე, ვინც გარკვეულ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა მაღალი რანგის თანამდებობის პირზე, სუვერენული სახელმწიფოს პრემიერ მინისტრზე“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისივე თქმით, თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ გარემოებაზე, რა ოფიციალური განცხადება კეთდება პრემიერ-მინისტრის და სახელისუფლებო გუნდის მიერ, ეს არის ორჯერადი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

„ეს არის პოლიტიკური პარტიების, მასმედიის და არასამთავრობო სექტორის იმ მიზნით დაფინანსება, რომ მომხდარიყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. თუ ასეთი დონის მტკიცებულებითი დოკუმენტი არსებობს, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენელი ძალადობს სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე და ის აკეთებს მოწოდებას საომარ მოქმედებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს სათანადო რეაგირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

Aburjga Tasmanieli მე კი ვფიქრობ, რომ ოლივერ ვარჰეი ძალიან სწორად მოიქცა, კაცური საქციელი იყო! საკუთარი პოლიტიკური კარიერის საზიანოდ საქვეყნოდ გამოიტანა ევრომტარველებსი და აშშ-ს ზრახვები, თუ რაზე, რა სიბინძურეზე არიან წამსვლელები, რომ კოლექტიური დასავლეთის ნდობა არ შეიძლება! მადლობა მას!
6 თვის უკან