"არ არის გამორიცხული, ჩინეთი მალე ვიხილოთ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ დასავლეთის წინააღმდეგ"

"ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი, ზიანის მოსატანად ერთიანდებიან", - ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსი და ჩინელი პირველი პირების ინიციატივას "უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის" შესახებ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდა. "მხარეები გამომდინარეობენ იქიდან, რომ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებით", - ნათქვამია ჩინურ-რუსულ დოკუმენტში.

როგორ აპირებენ მოსკოვი და პეკინი­ თავიანთი ინტერესების დაცვას, როგორ გაუწევენ წინააღმდეგობას საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვის ცდებს, როგორ აისახება მათი ერთობა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და რა კავშირი შეიძლება ყოველივე­ ამას ჰქონდეს საქართველოსთან, ამის შესახებ საერთო ურთიერთობის სპეციალისტი, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ვიზიტის გამართვასა და ხელშეკრულების გაფორმებაში მთავარი დაინტერესებული მხარე ჩინეთია, იმიტომ, რომ მოსკოვისგან ძალიან იაფად იღებს ყველაფერს - გაზს, ხეტყეს, ნავთობს და სანაცვლოდ აძლევს იმ ელექტრონულ საშუალებებს, რომელთაც რუსეთი ფრთოსანი რაკეტების ასაწყობად იყენებს. ჩინეთი ძალიან იაფ სამხედრო ტექნიკას ძალიან ძვირად ყიდის. ამერიკულ პოლიტიკაში მკვიდრდება მოსაზრება, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის ავტოკრატიებისა და დემოკრატიების დაპირისპირების გამოხატულება. პროცესებს ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს არ არის განკერძოებულად რუსულ-უკრაინული საკითხი. ამაში ჩართული არიან აგრესიული მოთამაშეები: ჩინეთი, ირანი, მიანმარი, ჩრდილოეთი კორეა და ა.შ. ანუ ის ძალები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ წარმოადგენენ ავტოკრატიას. დასავლელ პოლიტიკოსებს თანდათან უმყარდებათ აზრი, რომ უფრო მეტად უნდა ჩაერთონ რუსეთ-უკრაინის სამხედრო მოქმედებებში. ამ პოზიციას თანაბრად იზიარებენ ამერიკაში­ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები. უკრაინელები და აღმოსავლეთევროპელები უფრო ადრეც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება კი არა, რეჟიმების დაპირისპირებაა. რაც შეეხება ტრამპს, ის ანტიჩინური მოთამაშეა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ გულუბრყვილობის გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა რეალისტურად აღიქვამს პროცესებს და ხვდება, რომ ჩინეთი რუსეთისგან განკერძოებული მოთამაშე არ არის.

- რას შეიძლება ველოდოთ ახლა ჩინე­თისგან, რომელიც დასავლეთმა უკვე გააფრთხილა, რომ რუსეთის დახმარების შემთხვევაში დასანქცირდება?

- ჩინეთი დიდხანს აკვირდებოდა დასავლეთის რეაქციას, დამოკიდებულებას და გადაწყვიტა, რომ მას ახლა კარტ-ბლანში აქვს. შესაბამისად, მზად არის რუსეთთან ერთად დასავლეთის გავლენებს ბევრგან და ბევრნაირი მეთოდით დაუპირისპირდეს. ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უფრო გააქტიურდება. ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს, როცა ყურადღება ახლა რუსეთისკენ არის მიმართული, დროს იგებს. ისიც მშვენივრად იცის, რომ დასავლეთს ერთ ფრონტზე ბრძოლა, უკრაინის იარაღით მომარაგებაც უჭირს და მეორე ფრონტზე ვეღარ ჩაერთვება. არ არის გამორიცხული, სამხედრო თვალსაზრისით არა მხოლოდ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც გააქტიურდეს, რისიც დასავლეთს ძალიან ეშინია.

- რა შესაძლებლობები აქვს დასავლეთს ჩინეთის დასასჯელად?

- ახლა ჩინეთის დასჯა ცოტა რთულია, იმიტომ, რომ თუ რამის გამოტანა და გამოყვანა შეიძლებოდა ჩინეთიდან (ტექნოლოგიებსა და ქარხნებს ვგულისხმობ), ყველაფერი გამოტანილი და გამოყვანილია. რუსეთისგან განსხვავებით ბევრად კარგ პოზიციაშია და დასავლეთიც მოერიდება პეკინთან ურთიერთობის გამწვავებას. არ არის გამორიცხული, ჩინეთი მალე ვიხილოთ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ დასავლეთის წინააღმდეგ.

- რუსეთს ჩინეთთან შეთანხმება რა უპირატესობას აძლევს უკრაინის ფრონტზე?

- ჩვენ უკრაინაში რუსეთის ბოლო გაბრძოლებას ვუყურებთ. ამ ეტაპზე ხარკოვს უტევს და არ არის გამორიცხული, მალე სუმის ოლქსაც დაესხას თავს. არა მგონია, მოსკოვის მიზანი ხარკოვის აღება იყოს, უბრალოდ, უკრაინელი ჯარისკაცების გადა­ღლა და გამოფიტვა სურს, რათა საშუალება მიეცეს დონბასსა და ლუგანსკში ფართო ოპერაციები ჩაატაროს და უკრაინა აიძულოს, რომ მოლაპარაკების­ მაგიდასთან დასვას. ვფიქრობ, 2025 წლისთვის უფრო ნათელი იქნება საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება და უკრაინაც საკმარისად შეიარაღებული იქნება იმისათვის, რომ რუსეთს გასცეს შესაბამისი პასუხი. საუბრები იმის შესახებ, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს მოპოვებული, საინფორმაციო პანიკაა, სინამდვილეში იქ სერიოზული არაფერი ხდება, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის არსებულ ბუფერულ ზონაში 11 კილომეტრი დაიკავეს რუსებმა, სადაც უკრაინელებს საფორტიფიკაციო ნაგებობები არ ჰქონდათ გაკეთებული. ვოლჩანსკი არის ერთადერთი დასახლება, სადაც რეალური შეტაკებები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინელებს არც ეს დასახლება­ ჰქონიათ გამაგრებული. სხვა პრობლემა უფროა, ეს არის ძალიან დიდი კორუფცია. უკრაინელებს ხელი მოწერილი ჰქონდათ უფრო მეტი თავდაცვითი საშუალების მიღებაზე, ვიდრე სინამდვილეში გამოიყენეს. როგორც გაირკვა, ხარკოვის ოლქში საინჟინრო ფორტიფიკაციები არც გაკეთებულა. რაც არსებობს, იმ საფორტიფიკაციო ნაგებობებზე უკრაინელები გამაგრებული არიან, მაგრამ არც ისე კარგად, როგორშიც, წესით, უნდა იყვნენ. დღეს უკრაინაში კორუფციას ყველა მიმართულებით ებრძვიან. ფაქტია, უკრაინას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ერთი ფრონტი კი კორუფციასთან ბრძოლაზე გადის. კორუფცია რომ არა, უკრაინა ბევრად უკეთეს პოზიციაზე იქნებოდა. თუმცა ამ მიმართულებით არც რუსეთს აქვს ნაკლები პრობლემა, ამიტომაც გაჭიანურდა ასე ომი.

- პუტინის ჩინეთში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ რუსეთი არ ცვლის მოლაპარაკებების პირობებს და ის ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის პირობის გარეშე. კიევის პოზიციაც ძველებურად უცვლელი იქნება?

- ხარკოვში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი კიდევ ხუთი ოპერაციაც რომ ჩაატაროს რუსეთმა, კიევი მოლაპარაკებების ამ პირობებს არ დათანხმდება.

- ჩინეთს რაში აწყობს უკრაინაში გამარჯვებული რუსეთი?

- გამარჯვებული რუსეთი არა, მაგრამ ის კი აწყობს, რომ რუსეთმა უფრო მეტი რესურსი დახარჯოს ამ ომში. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას,

ჩინეთში მშვენივრად აქვთ გაცნობიერებული, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთი სამართლებრივად და პოლიტიკურად გამარჯვებული ვერ იქნება და კიდევ მეტად ჩამოეკიდება ჩინეთს. შეიძლება ითქვას, ამ მოცემულობით რუსეთი ჩინეთის უმცროსი ძმა ხდება.

- ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება ჩვენ მეტი ლავირების შესაძლებლობას გვაძლევს თუ პირიქით, ჩვენს წინაშე არსებულ რისკებს უფრო ზრდის?

- მსოფლიო შეიცვალა, აღარ არის ის მოცემულობა, როდესაც შეგეძლო რამდენიმე ბანაკში ერთდროულად ყოფილიყავი. საქართველომ ახლა უნდა აირჩიოს, რომელ­ ბანაკში აპირებს ყოფნას - ავტოკრატიულ ანუ რუსულ-ჩინურ ბანაკში თუ დასავლურ ბანაკში.