ხელისუფლების მიერ დაპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა გადაიდო. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლის იანვრიდან დაიწყო და მას უკანონობის მსხვერპლი ათასობით ადამიანის ბედი უნდა გადაეწყვიტა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადავადების მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნაზე უარის თქმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს დაუშვებლად მიაჩნია, თვლის, რომ ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არა აქვს და მალე თავად მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი მექანიზმის შექმნის მოთხოვნით.
- ბატონო უჩა, საპატიმროებში ჯერ კიდევ რჩებიან წინა ხელისუფლების პერიოდში უსამართლოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც სამართლიან გადაწყვეტილებებს და საქმეების გადახედვას ითხოვენ. სულ ახლახან კი იუსტიციის მინისტრმა დაპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადების შესახებ გვაუწყა. ხომ არ ნიშნავს ეს ირიბ უარს ამ ინიციატივაზე?
- გაურკვეველი დროით გადავადება, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვს, ხომ არ ამბობს მთავრობა უარს ამ პროცესის გაგრძელებაზე? კომისიის შექმნა იყო ლეგიტიმური მოლოდინი მოსახლეობისგან. არაერთხელ ითქვა, რომ სამინისტრო ამზადებდა კანონს და აპირებდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ვინაიდან ეს არ მოხდა, ჩვენ ვიტოვებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომ თვითონ მივმართოთ პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით, რათა იქ დაიწყოს დისკუსია და შეიქმნას მართლმსაჯულების ხარვეზის შემსწავლელი გარკვეული მექანიზმი.
- დამეთანხმებით, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება და განაჩენების გადახედვა ახალი მთავრობის ღირსების საქმეა, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ პროცესს შეგნებულად ამუხრუჭებს?
- სამართლიანობის აღდგენა მართლაც ხელისუფლების ღირსების საქმეა. სწორედ ამ დაპირების საფუძველზე მოვიდა კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლების სათავეში. ეს დანაპირები არის ერთგვარი კაპიტალი და ის თუ არ შესრულდა, ამას შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს. ეს პროცესი რაღაც ფორმით უნდა დაიძრას, უკან დასახევი გზა, ვფიქრობ, აღარ არსებობს. ამ საკითხის ასე გაურკვევლად გადადება დაუშვებელია. ვენეციის კომისიის დასკვნაში ლაპარაკია იმაზე, რომ მართლმსაჯულების კომისია არ უნდა იყოს ახალი სასამართლო ორგანო, რასაც ჩვენც ვიზიარებთ. შეიძლება რაღაც მექანიზმის მოფიქრება, მაგალითად, მართლმსაჯულების რომელიმე ორგანომ განიხილოს ეს საქმეები. ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის ანგარიშშიც კი პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოში უსამართლობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა. არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი მექანიზმი და როგორი მოდელი დამტკიცდება საბოლოოდ. არ ვიცი, საით მიდის პროცესები, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან შეეშინდა იმ შედეგების, რაც შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს.
- რას გულისხმობთ? ვის რისი შეეშინდა?
- გადავადების მიზეზად დასახელდა ფინანსური მხარე და კომპენსაციები. გამოდის, ამ კომისიის შექმნის შეჩერების ერთადერთი მიზეზი ის ყოფილა, რომ ქვეყანა მზად არ არის მოსალოდნელი კომპენსაციების გასაცემად, მაგრამ ეს პასუხი ჩემთვის გაუგებარია - ჯერ არავის დაუთვლია, ზოგადად რა თანხაზეა ლაპარაკი, არც ის, თუ ვინ მოითხოვს კომპენსაციას.
ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც ფინანსურ კომპენსაციას კი არა, საქმის გადახედვას, გათავისუფლებას, ან თუნდაც, სახელის რეაბილიტაციას - ნასამართლობის სტატუსის მოხსნას მოითხოვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ხელისუფლების მხრიდან ეს პროცესი შეჩერებულია, რაც დაუშვებელია. ვფიქრობ, ეს სადღაც პოლიტიკური საკითხიც არის.
- ამას წინათ ბრძანეთ, ხალხი შერჩევით სამართალზე ალაპარაკდა, მე კი პასუხი არ მაქვსო. დღეს თუ გაქვთ ამაზე პასუხი?
- იმისათვის, რომ ამ მოსაზრებას გამოეცალოს საფუძველი და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში გაგრძელდა შერჩევითი სამართალი, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მექანიზმის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს და გამოძიებას წასწევს წინ. დღესდღეობით არის საქმეები, რომლებზეც რეაგირება ნაკლებად ან დაგვიანებით ხდება. მოქალაქების თქმით, აქამდე ძირითადად ის საქმეები გამოიძიეს, რომელთანაც "ქართული ოცნება" იყო დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არ არის მიყვანილი არც ერთი გახმაურებული საქმე.
- ბატონო უჩა, თქვენი აზრით, როგორი იქნება შეწყალების კომისიის თავისუფლების ხარისხი? ხომ არ იქნება ის ისეთივე პოლიტიზებული, როგორიც "ნაციონალების" ხელში იყო?
- კომისიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარანტიას, პირველ რიგში, მისი შემადგენლობა იძლევა. წინა შემადგენლობაში ნაკლებად იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები. ახალ კომისიაში არც ერთი პოლიტიკოსი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კომისია დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან და ის დამოუკიდებლად შეისწავლის საქმეებს.
- ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაჩანა ახალაია ციხის ბუნტის საქმეზე შეიწყალა და როგორც ჩანს, ეს ადამიანი მალე დატოვებს საპატიმროს. ამაზე რას გვეტყვით?
- გამოძიებაში რომ ნამდვილად იყო ხარვეზები პროკურატურის მხრიდან, ეს ფაქტია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ის პრივილეგია, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გამოიყენოს პრეზიდენტმა, თავისუფლად დაარიგა და ბევრი ისეთი ადამიანი გაათავისუფლა, ვისაც არც ერთი დღე საპატიმროში არ გაუტარებია. ახალაია კი განჩენის გამოტანისთანავე შეიწყალა. სააკაშვილმა მართლმსაჯულებაზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დააყენა. თუკი მართლმსაჯულება რამდენიმე ბრალთან დაკავშირებით ამართლებს ახალაიას და ერთ ბრალთან დაკავშირებით ამტყუნებს, მაშინ ხომ დგება გამამართლებელი განაჩენის სამართლიანობის საკითხი? ადამიანს თუ არ სჯერა გამამტყუნებელი განაჩენის, მაშინ რატომ სჯერა გამამართლებელის, როცა ერთი და იგივე მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას? ამას რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, რომ ციხის ბუნტთან დაკავშირებით გამოძიება ბოლომდე მისულიყო, დამთავრდა გამოძიება, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ხდება ამ რეკომენდაციებზე გადაბიჯება. სააკაშვილს რომ შესძლებოდა, ალბათ, შეიწყალებდა ვანოს მერაბიშვილსაც, რომელსაც თავი პოლიტიკურ დევნილად წარმოუდგენია. მისი სასამართლო პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, საზოგადოება აკვირდება მას, ყველა მტკიცებულება რენტგენზე გადის, თითქმის პირდაპირი რეპორტაჟები მიდის და ყველა კარგად ხედავს და დაინახავს, პოლიტიკურია თუ არა ეს პროცესი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამოჩნდება, რამდენად მყარია მის მიმართ არსებული არგუმენტები და მტკიცებულებები.
- დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში "ქურდები დაბრუნდნენ". ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსნის დაწესებულებაში პატიმარი სკაიპით "მონათლეს" ქურდად, რასაც სამინისტროს მაღალჩინოსან ვარდიძის თანამდებობა შეეწირა. ეს საქმე თუ გამოიკვლიეთ?
- იმედი მაქვს, დამოუკიდებელი გამოძიება გასცემს პასუხს, რა გახდა ვარდიძის გათავისუფლების მიზეზი. გარკვეულ დაწესებულებებში იყო პრობლემები, მაგრამ სიტუაცია ისეთ შავ ფერებში და საგანგაშოდ არ წარმომიდგენია, როგორის დახატვაც ბევრს სურს. განსაკუთრებულ პრობლემას მე ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ვერ მოვისმენ ასეთ კრიტიკას ჩემი მისამართით იმ ადამიანებისგან, რომელთაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ მსგავსი პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით. რაღაც ჭორებსა და მითქმა-მოთქმაზე დაყრდნობით ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, არ აქვთ შეხება სისტემასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან. შიგნით რა ხდება, არ იციან. ამიტომ, თუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, გამოვლინდეს. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დაწესებულებებს კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ.