მოშიმშილე პატიმრები განაჩენების გადახედვას ითხოვენ

მოშიმშილე პატიმრები განაჩენების გადახედვას ითხოვენ

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებებში, უკანონო განაჩენების გადახედვის მოთხოვნით, 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს. როგორც მინისტრმა სოზარ სუბარმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მოშიმშილე პატიმრები ცალკე საკნებში არიან გადაყვანილი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ადვოკატებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პატიმრები შიმშილობით აპროტესტებენ „მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის“ შექმნის გადავადებას. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას?

ლაშა გეთიაშვილმა და ზურაბ ხაჩიძემ მშრალი შიმშილობა რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამშაბათს, 3 დეკემბერს, დაიწყეს. როგორც მათი ადვოკატი ნანა ფილაური განუმარტავს რადიო თავისუფლებას, პატიმრების შიმშილობის საფუძველს უკანონო განაჩენის გადახედვის მოთხოვნა წარმოადგენს, რადგანაც, მართალია, სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფების სასჯელი რამდენიმე წლით შეამცირა, მაგრამ მოშიმშილე პატიმრებს გამართლების იმედი ჰქონდათ:

”საქმეში არ არსებობს აბსოლუტურად არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ ჩადენილი აქვთ დანაშაული. უფრო მეტიც, ჩვენს მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს იმას, რომ მათ ჩადენილი არ ჰქონდათ დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ მალე გათავისუფლდნენ ისინი, მაგრამ, თავიდანვე, დღემდე, უფრო მაღლა დგას ინტერესი იმისა, რომ ისინი გამართლდნენ. მათ დაბრალდათ მკვლელობა, მათ დაბრალდათ ყაჩაღობა, მათ დაბრალდათ პენსიონრების თანხების გატაცება... ჩვენ არ გვინდა ასეთი იარლიყი. ჩვენ გვინდა გამართლება”.

ადვოკატ ნანა ფილაურის თქმით, თუკი მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია არ შეიქმნება, ამ ეტაპზე არ არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რაც გეთიაშვილისა და ხაჩიძის განაჩენების გადახედვას განაპირობებდა. საუბარია მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2004 წლის 28 დეკემბერს საინკასაციო ავტომანქანაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც ჟურნალისტური გამოძიება აქვს ჩატარებული სტუდია ”მონიტორსაც” და მიღებული აქვს დასკვნა, რომ დაპატიმრებული პირები უდანაშაულონი უნდა იყვნენ. ამასთან, საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც არის  გაგზავნილი, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ადვოკატი ფილაური დარწმუნებულია, რომ უდანაშაულო გეთიაშვილი და ხაჩიძე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებული თავმოწონების მსხვერპლად იქცნენ და საწყენი ის არის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისინი ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში სარგებლობენ.

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს საპატიმროებში კიდევ არაერთი ისეთი ადამიანი ეგულება, რომლებიც ამაოდ ელოდნენ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას. გავიხსენოთ, რომ 28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა ბოლო კვირებში მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ გაურკვეველი ვადით შეჩერდა ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის” შექმნა და რომ ამის ერთადერთ მიზეზს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს, რადგანაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ გასწვდება გამართლებული ადამიანებისთვის საკომპენსაციო თანხების გაცემას. ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ნანა კაკაბაძე, ყველა გაწბილებულს 15 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შეკრებისკენ მოუწოდებს და პარალელურად მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეისმინოს მოშიმშილეთა მოთხოვნა:

”ეს ხალხი მოითხოვს, რომ სამართლიანმა, დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ გადახედოს განაჩენებს. ამიტომ არის საჭირო ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა ამ განაჩენებში მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები, თუ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები”.

”კომისიის შექმნა-არშექმნის საკითხები შიმშილობით ვერ გადაწყდება და თანაც კომისია პანაცეა არ არის”, - უთხრა 4 დეკემბერს რადიო თავისუფლებას სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ახალი ხელისუფლების პირობებში გვარიანად შეეხო სასჯელაღსრულების სისტემას და საყოველთაო ამნისტიისა თუ შეწყალების პროცესში 25 ათასიდან საპატიმროებში 7 ათასი პატიმარი დარჩა. ხოლო მათთვის, ვინც შესაძლოა კვლავაც უსამართლოდ იმყოფება საპატიმროში, მინისტრის თქმით, სახელმწიფო ფიქრს განაგრძობს:

”ვეძებთ დამატებით მექანიზმებს და ეს მექანიზმები რა ფორმით, როგორ ჩამოყალიბდება, ამაზე მიდის სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ ეს იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ერთი სიკეთის გაკეთებით ათი ზიანი არ მოვუტანოთ არც ქვეყანას და არც ადამიანებს”.

იმას, რომ კონსულტაციების პროცესი მიმდინარეობს, კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი დეპუტატი თინა ხიდაშელიც ადასტურებს. როგორც მან აღნიშნა გაზეთ ”ყველა სიახლესთან” საუბრისას, მას ძალიან გაუკვირდა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილება, მისი ინფორმაციით, მიღებული არ არის. ”არ ვიცი, რა ერქმევა - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია თუ სხვა რამ, მაგრამ ეს პროცესი სასწრაფოდ დასაწყებია. ასე რომ, გადადებაზე ლაპარაკიც ვერ იქნება“, აცხადებს თინა ხიდაშელი საგაზეთო ინტერვიუში.

რაც შეეხება უშუალოდ შიმშილობის პროცესს, სოზარ სუბარის თქმით,”თითოეული შემთხვევა, თითოეული მოშიმშილის მდგომარეობა კონტროლდება და დეზინფორმაციაა ზოგიერთი წყაროს მიერ გავრცელებული ცნობები, რომ თითქოს მოშიმშილე პატიმრებზე ძალადობა ხორციელდება”.