"როგორც "ალიას" აცნობეს, ყოფილი კონტროლის პალატა, ანუ აუდიტის სამსახური მისმა დღევანდელმა ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ ნაციონალების თავშესაფრად აქცია და ისე მოკალათდნენ, ახალი ხელისუფლება ცივ ნიავს არ აკარებსო. და კიდევ, ამ ადამიანებს შორის თურმე ყველაზე კომფორტულად თავს "ჯალათი" ნათია მოგელაძე გრძნობს, რომელმაც უამრავი ადამიანი გააღატაკა უზარმაზარი ჯარიმებითა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად დაუწინაურებიათ კიდეც. რა ხდება აუდიტის სამსახურში? "ალიას" აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი ნინო წიკლაური ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ჯალათი" ნათია მოგელაძე "საოცნებო" ხელისუფლებამ დააწინაურა?
"რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, აუდიტის სამსახურში თითქმის არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ. ალბათ, იცით, რაც ხდებოდა ლევან ბეჟაშვილის დროს იქ, საოცრებები იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვილს რომ გააჩენდი, ბიულეტენზე თუ წახვიდოდი, უხელფასოზე გთანხმდებოდა მხოლოდ. საფინანსო საკითხებს წლების მანძილზე სულ რამდენიმე კაცი განაგებდა, თანამშრომელს ხელი არათუ არ მიუწვდებოდა ხელშეკრულებებზე, არამედ თავის იურისტებს არ ატანდნენ, რომ გვერდით ოთახში გაეტანათ. არადა, ეს ის იურისტები არიან, რომლებიც უფროსების შავ საქმეებს აკეთებდნენ სულ", - აცხადებს ნინო წიკლაური.
"ჯერ კიდევ ბეჟაშვილის დროს შეიქმნა სსიპი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ერქვა სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუტი, რომელიც ყველამ სათავისოდ გამოიყენა. ეს სსიპი ისე შეიქმნა, რომ სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა, თორემ მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნდა, არაფერს აკეთებდა. მის შექმნას ჰქონდა ასეთი მოტივი და გამართლება - მას ვითომდა უნდა მოემზადებინა აუდიტორები, რომლებსაც კონტროლის პალატა მისცემდა სერტიფიკატს და შეამოწმებდნენ სახელმწიფო სექტორს. გაირკვა, რომ ეს სსიპი იყო აფიორა. ერთი ადამიანიც არასდროს გადაუმზადებია, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მიღევა, როგორც ცნობილი გახდა. რეალურად, აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან ამ სსიპ-ში ხდებოდა ფულის გადადინება. იგივე ნათი9ა მოგელაძე, რომელსაც მეგონა, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, მოკლავდნენ, გადავიდა სსიპ-ში და ბევრად უკეთესად, მშვიდად და კომფორტულად არის იმ სამსახურში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო წიკლაური.
"მოგელაძე იცით, როგორ კომფორტულადაა? მე არ მახსოვს, მისთვის ბეჟაშვილს როდესმე რამე შენიშვნა მიეცეს, როგორც ჩანს, ის მუდმივად იმართებოდა გარედან. რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხი რომ იყო გადასაწყვეტი, ხელმძღვანელები მოგელაძესთან იკეტებოდნენ და ისე მუშაობდნენ. რას საქმიანობდნენ, იურიდიული სამსახურისთვისაც უცნობი იყო ბოლომდე. საჩქარო რომც ყოფილიყო, ერთ ფურცელს არ ანდობდნენ თანამშრომელს. როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდნენ და ამიტომაც იყვნენ ფუფუნებაში, ძვირფასი მანქანებით დაწყებული და უზარმაზარი ხელფას-პრემიებით დამთავრებული. მოგელაძეს არავინ არ აწუხებს, აღარც კი ახსენებს ვინმე, მშვიდად არის თავისთვის, ცხოვრობს ტკბილად, ირგებს ხელფასს იმდენივეს, რამდენიც ჰქონდა ისე, რომ კაპიკი არ დაკლებია. სამაგიეროდ, მისი ხელფასის უზრუნველსაყოფად ვიღაცების შემცირება გახდა საჭირო და 21 კაცი გაათავისუფლეს. ის ფული დაიზოგა ისე, რომ ხელმძღვანელების ხელფასს არაფერი დაჰკლებოდა. მე არ ვარ პარტიული, არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ 12 წელია, ვარ ამ სტრუქტურაში და დავინახე, რომ ყველა თამაშგარე, უსამსახურო ნაციონალი მოდიოდა ამ სისტემაში სამუშაოდ. ბეჟაშვილის დროს პირდაპირ გთხოვდნენ და ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ნაციონალი უნდა გამხდარიყავი. თუ პარტიული გახდებოდი, ხელფასიც გარანტირებული გქონდა, პრემიაც გერიცხებოდა, უფრო მარტივად იცხოვრებდი, დაგვიანებაც შეგეძლო, წინ წახვიდოდი. სამაგიეროდ, პრემია მე არასდროს ამიღია", - დასძენს რესპონდენტი.