„შავი ოთხშაბათი“ ლარისთვის - ეროვნული ვალუტა ამჯერად პოლიტიკურმა სპეკულაციებმა გააუფასურა

„შავი ოთხშაბათი“ ლარისთვის - ეროვნული ვალუტა ამჯერად პოლიტიკურმა სპეკულაციებმა გააუფასურა

ლარი კატასტრფულად გაუფასურდა და მარტო ერთ დღეში 13 პუნქტით დაეცა. ასეთი ვარდნა ეროვნულ ვალუტას უკვე წლებია აღარ განუცდია. ვითარება ძალიან სახიფათოა, მით უფრო, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დაძაბულობაზე მიბმულ ხელოვნულ პანიკას ჰგავს. შესაბამისად, საფინანსო ბაზარს ამჯერად პოლიტიკურ ველზე ცეცხლის ჩაქრობა თუ დაუბრუნებს სიმშვიდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე დარწმუნებულია, რომ სებ-ს აქვს საშუალება შეაჩეროს კურსის ვარდნა მის ხელთ არსებული სავალუტო რეზერვების გაყიდვით, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად სწორი იქნება ახლა დიდი რაოდენობის რეზერვების დახარჯვა.

„ეროვნული ბანკს ორი მექანიზმი აქვს: ერთი - ღია აუქციონზე თუ გაყიდის დოლარს და ჯერჯერობით არ ჩანს, რომ გაყიდა და მეორეზე დახურულია ინფორმაცია და არც გვექნება წვდომა ამ დღეებში რას აკეთებს სებ-ი. ეროვნულ ბანკს ვალუტის რეზერვები აქვს, თუმცა თვე-ნახევრის წინ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ოქრო იყიდა, რომელსაც ასეთ დროს ვერ გამოიყენებ. ოქრო იყიდა იმიტომ, რომ შეეშინდა სანქციები ეროვნული ბანკის რეზერვებსაც რომ არ შეხებოდა, რომელიც ძირითადად ინახება დასავლეთის ქვეყნებში. ეს ფული გადაიტანა ოქროში და შეუმცირდა 500 მლნ დოლარით ის რესურსი, რაც შეუძლია ამ დროს გამოიყენოს.

იმდენი რესურსი ნამდვილად აქვს, რომ გააჩეროს ვალუტის ვარდნა, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად სწორია, რომ ასობით მლნ დოლარი დახარჯო ამისთვის. ვფიქრობ, ალბათ, თუ კურსი ძალიან მაღლა წავა, გარკვეულ რეზერვებს დახარჯავენ. მაგალითად, შესაძლოა, გამოიყენონ რეზერვები თუ 2.80-ს ასცდება, რათა მეტზე არ გაუშვან“, - განაცხადა „ბიპიენთან“ ბესო ნამჩავაძემ.

ახლა პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით, რასაც დამშვიდება სჭირდება. ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილის აზრით, თუ ერთჯერად ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს უფრო სწრაფად დაამშვიდებს სიტუაციას.

„ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და ეს ჩვეულებრივი ფაქტია. პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით. ასეთი სამჯერ არის დაფიქსირებული მარტში, ორჯერ არის - აპრილში. დინამიკაში უნდა შევხედოთ. როცა ვამბობთ, რომ ლარი არის თავისუფლად მცურავი ვალუტა, ეს ბუნებრივია, ავტომატურად ნიშნავს, რომ რეაგირებს გარკვეული ტიპის მოვლენებზე, მაგრამ ლარმა რომ თვისობრივად შეიცვალოს მისი სავალუტო პოზიცია და გაუფასურდეს, ამას სჭირდება, რომ რაღაც ტიპის ფუნდამენტური ფაქტორები შეიცვალოს. შეუძლებელია ერთ დღეში ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილება.

ეს არის უბრალოდ აჟიოტაჟური სიტუაცია, რასაც დამშვიდება სჭირდება. მარტში მომიწია ამ თემაზე საუბარი, როდესაც იყო უფრო მეტი ე.წ. რყევა. ასე რომ, თუ ამგვარ ერთჯერად ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს უფრო სწრაფად დაამშვიდებს სიტუაციას“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ლარის თავბრუდამხვევი გაუფასურება რომ პანიკის ბრალია, ამას ყველა ეკონომისტი ადასტურებს. სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, ინვესტორები უყურებენ ყველაფერს, აფასებენ ეკონომიკურ სიტუაციას და ეს არის შეფასების შედეგი.

„ლარის გაუფასურება, ამ ეტაპზე დიდი ალბათობით, მხოლოდ მოლოდინის და პანიკის გამოა და ეგ თავისთავად დარეგულირდება თუ სხვა ფაქტორები დარეგულირდა, მაგრამ ეს ფაქტორები ვერ დარეგულირდება თუ გააგრძელეს ამ კურსის საბოლოო გატარება და გატანა“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

ეკონომისტი ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში მოკლევადიანად შესაძლოა, ლარის კურსთან მიმართებაში მერყეობა შეინიშნებოდეს. „აისეტის“ მკვლევარის გიორგი პაპავას მოსაზრებით, გრძელვადიანი ეფექტი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ რისკებზე, მიმდინარე მოვლენებზე, საბოლოოდ მიიღებს თუ არა მმართველი პარტია ვეტოს შემდეგ კანონს და როგორ ჩაატარებს არჩევნებს.

„პროგნოზი გაუფასურებასთან დაკავშირებით რთულია, რაც უფრო მერყევი იქნება გარემო ქვეყანაში, ეს მერყეობებიც ორივე მიმართულებით უფრო მეტი იქნება. ხან შეიძლება პოზიტიურად შეიცვალოს, ხან ნეგატიურად, მაგრამ რისკები არსებობს.

ვფიქრობ, გაცვლითმა კურსმა შესაძლოა, მოკლევადიანად ნიშნები გამოაჩინოს და რაღაცები „გადაითარგმნოს“ ვალუტის კურსში, მაგრამ გრძელვადიანად უფრო სხვა მიმართულებით გვაქვს რისკი. მოლოდინი თუ გაჩნდა, რომ ნაკლები თანხები შემოვა ქვეყანაში, ბუნებრივია, ეს ვალუტაზე აისახება, მაგრამ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ უკვე რაღაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ მერყეობებში შევდიოდეთ. ბოლო პერიოდში საკმაოდ სტაბილური იყო ლარი.

საფრთხე არსებობს, ოღონდ ამაზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, მაგალითად, ბოლომდე გაიტანენ თუ არა კანონს, არჩევნებს როგორ ჩაატარებენ, რამე შეთანხმებაზე წავლენ თუ არა დასავლეთთან თუ გაამწვავებენ და რისკები უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა პაპავამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა კი მიიჩნევს, რომ კურის დასტაბილურებაში ეროვნული ბანკი აუცილებლად ჩაერევა.

„რადგან ლარის კურსი ეცემა, ესე იგი კომერციულ ბანკებს წარმოეშვათ უცხოური ვალუტის გარკვეული დეფიციტი და ეროვნული ბანკი ამ დეფიციტის შევსებას შეეცდება ე.წ. ინტერვენციებით. ეს არის კომარციული ბანკებისთვის ვალუტის მიყიდვის პროცესი. სწორედ იმიტომ ვარდება ლარის კურსი, რომ კომერციულ ბანკებს აკლით უცხოური ვალუტა.

რატომ გაჩნდა უცხოური ვალუტის დეფიციტი, ეს მეორე საკითხია. არასტაბილური პოლიტიკური ვითარების დროს, მდიდარი ადამიანები (კომპანიები), ვისაც საკმაოდ დიდი თანხა გააჩნიათ უცხოურ ვალუტაში, ცდილობენ ქვეყნიდან თავიანთი დანაზოგი გაიტანონ; ანუ ქვეყნიდან „გარბის“ ვალუტა და როგორც კომერციულ ბანკები ისე ეკონომიკაც უცხოური ვალუტის მარაგის თვალსაზრით ხდება მოწყვლადი“, - განაცხადა ლია ელიავამ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი აუცილებლად დაეხმარება კომერციულ ბანკებს მათი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკურ სტაბილურობას.