უსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დასავლურ პოლიტიკურ წრეებში უკვე უწოდეს გეოპოლიტიკური შანტაჟისტი. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, პუტინმა ჯერ სომხეთს გადააფიქრებინა ევროკავშირთან დაახლოება (სავარაუდოდ, ყარაბაღის თემით დაშანტაჟებით) და ის საბაჟო კავშირში გაწევრებაზე დაითანხმა. შემდეგ აზერბაიჯანსაც მიადგა და სავარაუდოდ, ასევე ყარაბაღის თემით მოახერხა ის, რომ ოფიციალურმა ბაქომ გარკვეულწილად დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან. შემდეგ კი იყო უკრაინა - რაც მოჰყვა იმას, რომ პუტინის შანტაჟს აყოლილმა უკრაინამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, ყველანი კარგად ვხედავთ.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, 2015 წელს გააფორმებს. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინს საქართველო უკვე მიზანში ჰყავს ამოღებული, გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება და რუსეთის პრეზიდენტი შანტაჟით თუ სხვა გზებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანასაც მოუსპოს. რა ბერკეტებს გამოიყენებს პუტინი საქართველოს ევროპულ გზაზე ბარიერების შექმნისთვის, ამის შესახებ აზრის გამოთქმა ექსპერტებს ვთხოვეთ.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე: - რუსეთმა შესაძლოა, საქართველოდან შესულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ხილ-ბოსტნეულს, ღვინოს - ემბარგო დაუწესოს, მაგრამ ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს - ჯერჯერობით, ეს პროდუქცია რუსეთში მცირე რაოდენობით შედის. საქართველო ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით რუსეთს ჩამოშორებულია, არც ენერგოსფეროში შეგვექმნება პრობლემა, არა მგონია, მოსკოვმა, პუტინმა დაიყოლიოს ოფიციალური ბაქო საქართველოს გაზი გაუძვიროს, რადგან აზერბაიჯანი ძალზე დამოკიდებულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გაზის ალტერნატიულმა საშუალებამ. ე.წ. შელფურმა გაზმა მსოფლიო ენერგოპოლიტიკის სურათი შეცვალა. მოსკოვი ზეწოლის ინსტრუმენტს კარგავს, ხვდება, რომ ეკონომიკური ზეწოლით ხეირი არ არის და შეიძლება ღია აგრესიაზე გადმოვიდეს საქართველოსა თუ უკრაინის მიმართ. კიევმა ზეწოლას ვერ გაუძლო არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფაქტორის გამო - როგორც ჩანს, რუსეთი ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფით, დაქუცმაცებით დაემუქრა, საქართველოც შეიძლება ასეთი პოლიტიკური მუქარის, შანტაჟის მსხვერპლი აღმოჩნდეს. ამიტომ აქცენტები სწორად უნდა დავსვათ - მთავარია, არა ის, ღვინოსა თუ მანდარინს ბაზარი არ გადაუკეტონ, არამედ, ბომბები არ დაგვაყარონ. ამისათვის, შესაძლოა, გარკვეული ფასის გადახდა მოგვიწიოს, მაგრამ განა თავისუფლებისთვის ნებისმიერი ფასის გადახდა არ ღირს? შეიძლება ქვეყნის დამოუკიდებლობას ფასი დავადოთ?
ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): - რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები საქართველოს ოკუპირებული ზონების სიახლოვეს - საოკუპაციო ხაზის, საზღვრის გადმოწევა, მავთულხლართების გაბმა, საქართველოს მოქალაქეების გატაცება - ანუ რუსეთი შეეცდება ძალის დემონსტრირებას. ასევე არ არის გამორიცხული კიბერ-შეტევის განხორციელება საქართველოს საინფორმაციო სივრცეზე, სამიზნედ შეიძლება იქცეს ქართული, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები... პირდაპირი სამხედრო აგრესია ნაკლებად მოსალოდნელია, რუსეთს დღეს სუვერენულ სახელმწიფოში შემოჭრის ბერკეტი არა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფოს დასუსტების მიზნით გარკვეული ტერორისტული და დივერსიული აქტების ორგანიზება შესაძლებელია, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების სიახლოვეს. შესაძლოა, მოსკოვი შიდაპოლიტიკურ პროცესებშიც უფრო აქტიურად ჩაერიოს, - მოსალოდნელია პრორუსული ძალების გააქტიურება, მოსკოვის მიერ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული დაფინანსება, რომლებიც დასავლური ფასეულობების, ცხოვრების წესის წინააღმდეგ გამოდიან, მოსკოვი შეეცდება პროცესში იმ წრეების ჩართვას, რომლებიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან. ამას დაემატება იმ პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, რომლებიც არცთუ მცირერიცხოვანნი არიან.
საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყნის ეკონომიკა უნდა განავითაროს, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები, რომელიც ასოცირებული შეთანხმების პარაფირებისას დაეკისრა და ამით დაუმტკიცოს ევროპას, რომ მას პოსტსაბჭოთა სივრცეში საიმედო მოკავშირე ჰყავს და იმსახურებს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთმა მეტი დახმარება გაუწიოს, მოსკოვის ზეწოლის გასანეიტრალებლად კონკრეტული ბერკეტები აამოქმედოს.
"ვერ გავუძელით"
ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტის მრჩევლის, იოვიტა ნელიუპშენის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის ლიტველ კოლეგას პირდაპირ უთხრა, რომ პუტინი მას აშანტაჟებდა. კერძოდ, იანუკოვიჩის თქმით, პუტინი დაიმუქრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთში პროდუქციის იმპორტს შეზღუდავდა, რაც ქვეყანას მილიარდობით ზარალს მოუტანდა. უკრაინამ შანტაჟს ვერ გაუძლო.
"აქედან არ წავალთ"
ვლადიმირ პუტინი: "ამიერკავკასიიდან რუსეთი წასვლას არასოდეს აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას. ამ რეგიონში რუსეთის პოზიციები გაძლიერდება ყველაფერ იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს".
"პუტინ გო ჰომე"!
სომხეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი გააპროტესტეს. ერევანში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. რომელზეც ე.წ. საბაჟო კავშირში სომხეთის შესაძლო გაწევრებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პუტინის ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ:: "სერჟიკ-გამყიდველი"! "სერჟიკ, წადი"! "წადი შენს პუტინთან"! "პუტინ გო ჰომე"! "სომხეთი პუტინის გარეშე"! "შტოპ, ღუსსია"!