ორთვიანი გაძვირების შემდეგ საწვავის ფასები დასტაბილურდა და შესაძლოა, ახლო მომავალში ცოტათი გაიაფდეს კიდეც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ რუსეთი ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნისთვის ემზადება. ამით შედარებით იაფი საწვავის შემოტანის შესაძლებლობა გაჩნდება.
გასულ კვირას რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მთავრობას წინადადებით მიმართა, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა დროებით შეაჩეროს. მინისტრთა კაბინეტი ამ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს.
„ენერგეტიკის სამინისტრო გვთავაზობს, ბენზინის ექსპორტის დაშვების შესაძლებლობა განვიხილოთ, ოღონდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ შემდგომში ისევ დეფიციტი არ გაჩნდეს”, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ნოვაკმა და დასძინა, რომ რუსეთის ბენზინის ბაზარი მიწოდებით გაჯერებულია, ამიტომ მთავრობა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
რუსეთში ბენზინის წარმოებამ კლება ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმების სერიის შემდეგ დაიწყო, თუმცა „როსსტატის“ მონაცემებით, 22-დან 28 აპრილამდე კვირაში ქვეყანაში ბენზინის წარმოება 4,5%-ით - 816,7 ათას ტონამდე, ხოლო დიზელის 3,7%-ით - 1,66 მლნ ტონამდე გაიზარდა. შარშანდელ 24-დან 30 აპრილამდე პერიოდში ბენზინის წარმოების მოცულობა უფრო დაბალი იყო. კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მაშინ 811,7 ათასი ტონა ბენზინი და 1,62 მილიონი ტონა დიზელი აწარმოეს.
საქართველოს საცალო ქსელში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერი გიორგი კაპანაძე. იგი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე „რეგულარის“ ტიპის ბენზინის დეფიციტია, რაც გაძვირების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, თუმცა აღნიშნავს, რომ შავი ზღვიდან საწვავის მოწოდების ფორმულა შესაძლოა, შეიცვალოს. შესაბამისად, ფასი დასტაბილურდება, უახლოეს მომავალში 5-7 თეთრის ფარგლებში გაიაფებას გამოიწვევს კიდეც.
„ამ ეტაპზე ფასები სტაბილურდება იმ ნიშნულზე როგორც არის, შეიძლება, გაიაფდეს კიდეც 5-7 თეთრის ფარგლებში. ამ მომენტისთვის არის არა ნედლი ნავთობის, არამედ საწვავის დეფიციტი, მაგალითად, „რეგულარის“ ტიპის ბენზინის, რომელიც ამ ეტაპზე ზღვიდან მხოლოდ ბულგარეთიდან შემოდის იმიტომ, რომ რუმინეთი დაკეტილია. რუსეთიდან ისედაც ვეღარ შემოგვქონდა, თუმცა იყო თურქმენეთის მიმართულება, სადაც უკვე გაუთავდათ მარაგი, რომელიც ქარხნებს ჩვენთვის ჰქონდათ გამიზნული. ამან გამოიწვია დღეს არსებული ფონი. მოთხოვნა „რეგულარის“ ბენზინზე მაღალია, მაგრამ თვითონ საწვავი დეფიციტურია.
ამ ეტაპზე წყდება რაღაც საკითხები, ზღვიდან მოწოდების ფორმულის ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაძლებელია, ამასობაში რუსეთიც გაიხსნას - არასანქცირებადი ქარხნებიდან ტვირთის მოწოდება დაიწყოს. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ უნდათ 1-ელ ნოემბრამდე გააუქმონ შეზღუდვები, მათ შორის, საქართველოს მიმართულებით. თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, ქართველი იმპორტიორები დაიწყებენ საწვავის შემოტანას რუსეთის არასანქცირებადი ქარხნებიდანაც“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ კაპანაძემ.
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი პირველი მარტიდან ექვსი თვის ვადით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც ხდება საჭირო. შეზღუდვა არ შეხებია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.
ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს რას მოიტანს ჩრდილოეთიდან საწვავის იმპორტის აღდგენა, თუმცა ის კი ზუსტად იცის, რომ მარტიდან ამოქმედებულ შეზღუდვას საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია.
„ნავთობისა და საწვავის საკითხი ომთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში სრულიად სხვაგვარად იყენებენ მარაგებს. ჩვენთან ნავთობის ბაზარი დივერსიციფირებულია. საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან არ შემოდის ბენზინი, ექსპორტი ხდება აზერბაიჯანიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (რუმინეთიდან და ბულგარეთიდან). ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ, აკრძალვის გადაწყვეტილებას ბაზარზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.