"2 დეკემბერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლთან ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერიტორია მალევე განაღმეს. ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანთა ჯგუფი ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის მიმართ ანგარიშსწორებას გეგმავდა. იყო თუ არა ეს მართლაც ანგარიშსწორების მცდელობა, თუ საქმე გვაქვს თვითონ "ნაციონალების" მხრიდან მოწმეების "გასაღების" მცდელობასთან? ყოფილი პროკურორი და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პირველი იყო, ვინც მედიაში ჯერ კიდევ სამი თვის წინ დააანონსა, რომ, თუკი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას არ დაიწყებდა, ადამიანები პირადად იძიებდნენ შურს მათზე, ვინც ღირსება შეულახა, აწამა და ცხოვრება დაუნგრია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ანგარიშსწორების მცდელობა თუ მოწმის "გასაღების" / ვინ დადო ნაღმი მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის სახლთან?
"მე დიდი ხნის წინ განვაცხადე, რომ ადამიანები პირადად აპირებდნენ კონკრეტულ პირებზე შურისძიებას და ამას პირად საუბრებში არც მალავდნენ. საბედნიეროდ, ფატალური შედეგით ამ დრომდე არ დასრულებულა პირადი ანგარიშსწორების ფაქტი. როდესაც სახელმწიფო არ არეგულირებს იმას, რომ დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ხოლო უდანაშაულო დადიოდეს გარეთ, თუკი ეს ბალანსი დარღვეულია, მაშინ ადამიანები საკუთარ თავზე იღებენ იმას, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ახლა სწორედ საქმე. თუკი არ იქნება სამართლიანობა მიღწეული, შემდგომში უკვე პროცესს უკურეაქციები ექნება ისეთი საშინელი მეთოდებით, როგორსაც დღეს ჰქონდა ადგილი. ლორთქიფანიძეს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ იმსახურებს ძალიან მკაცრ სასჯელსაც, მაგრამ ის, რომ მის მიმართ ასეთი ფორმებით მოხდეს ანგარიშსწორება, ყოვლად მიუღებელია", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
"ძალიან დიდია ალბათობა, რომ პირად ანგარიშსწორებასთან გვქონდეს საქმე. ამას გამოძიება დაადგენს მტკიცებულების ვდონეზე. თუმცა, ჩვენთან რომ ანგარიშსწორების ფაქტებმა იმრავლა და ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, ამაში, მგონი, ეჭვი არავის ეპარება. პირადი ანგარიშსწორების ფაქტები მატულობს და ეს პროცესი აუცილებლად მივა კრიზისულ ზღვრამდე. ამიტომ, თუ ახლავე არ იქნება ზომები მიღებული, სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაჭირდება იმისთვის, რომ ეს ტენდენციები შეაჩეროს. ამ ყველაფრის შესაჩერებლად უნდა აღდგეს სამართლიანობა და ეს მოვლენები თავისით ჩადგება კალაპოტში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან ნიკოლაძე.
"რაც შეეხება მოწმის მოშორების ვერსიას, ყველაზე ცნობილია ლაფანყურის საქმე, რაშიც უშუალოდ მონაწილეობდა ლორთქიფანიძე. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საქმე აქვს შესრულებული ან მონაწილე იყო, რომელი საქმეებიც საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოსულა და რომელიც ახლა დალექილია სამართალდამცავ ორგანოებში. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რაც პრესაში ან ტელევიზიით ყოფილა, ამ დროს კი ათასი საქმე დევს პროკურატურაში თავისი მტკიცებულებებით. ის, რომ საზოგადოებამ არ იცის კონკრეტული საქმეები, არ ნიშნავს, რომ პროკურატურაში არ იციან. გარდა ამისა ნაციონალებმა ყველაზე უკეთესად იციან, ვის რას აკეთებინებდნენ, მათ შორის ლორთქიფანიძეს. ახლა მთავარია, ამ საქმეების სააშკაროზე გამოტანის პოლიტიკური ნება იყოს", - დასძენს რესპონდენტი.