"რა ბედი ეწევა პრეზიდენტის რეზიდენციას? - ეს კითხვა იმ დღიდან გახდა აქტუალური, რაც სააკაშვილმა ჯერ ავლაბრის რეზიდენცია დატოვა, მოგვიანებით კი საქართველო. "ნაციონალური მოძრაობისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ეს შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად დარჩეს, მოქმედ ხელისუფლებას კი ძვირად ღირებული რეზიდენცია პრეზიდენტისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნია. ამასთან, ის ადგილია, სადაც ერთ დროს, მათივე თქმით, "გრაფი დრაკულა" ცხოვრობდა. ამ შენობაზე პრეტენზია გამოთქვა ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა, რადგან აქ მას ერთი სახლი ედგა, ცოტა მოშორებით კი - მეორე..." - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "ჩემზე თავდასხმის დამგეგმავი დღეს სპეცრაზმს ხელმძღვანელობს".
"ითქვა, რეზიდენცია უნდა გასხვისდესო. ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ქონება. გასხვისების შემთხვევაში ის ადგილი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველი მე ვარ. თანხას, რომელიც მაშინ იძულებით მომცეს იძულებით დათმობილ ქონებაში, სახელმწიფოს უკან დავუბრუნებ. ჯერ ერთი, ღირებულებაზე ბევრად ნაკლები გადამიხადეს. გარდა ამისა, სხვა მხრივაც ხომ დავზარალდი? ლამის მომკლეს. ეს ცალკე უნდა შეფასდეს და გათვალისწინებულიც იქნეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხაშურის მაშორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი და შეკითხვას - "პირველად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უნდა აღდგეს სამართლიანობა? ეს უხერხულობის განცდას არ გიქმნით?" - პასუხობს:
"ჩამორთმეულ ქონებას წინა ხელისუფლება ყიდდა, ჩემი კი სახელმწიფოს დარჩა. უხერხულად მაშინ ვიგრძნობდი თავს, თუ სხვისთვის მიყიდულ ქონებას ახლანდელ მფლობელს წაართმევდნენ და მე დამიბრუნებდნენ. ლამის შევეწირე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას. ერთადერთი ვარ, ვინც მაგათ გაუძალიანდა და დღესაც ცოცხალია. ერთადერთი ბიზნესმენი ვარ, რომელსაც თავს ესხმოდნენ, მაგრამ უკან არ დამიხევია და არსად გავქცეულვარ. არ ვარ ღირსი, დავიბრუნო ის, რაც მეკუთვნოდა და ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია? კარგად ვიცი, რომ ძალიან ძნელია წართმეული ქონების ყველასთვის დაბრუნება, მილიარდებზეა საუბარი. ამ ხალხის წინაშე რაღაც ვალდებულება უნდა აიღოს ქვეყანამ, მაგრამ დღეს ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, შეიძლება გადაეცეს ძველ მფლობელს, მაგრამ გაყიდულის გასტუმრებას რომ ვითხოვთ, ხომ უნდა ვიფიქროთ, შეძლებს სახელმწიფო ამხელა თანხის გადახდას?"
"ხელისუფლებაში მოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზიდენციის მშენებლობა ჩემს კომპანიას დაავალა. თანხის ნაწილი რომ დავხარჯე, შევატყვე, ფულის გადახდას არ აპირებდნენ და ამაზე კონფლიქტიც მომივიდა უგულავასთან. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი - ჩემი ქონების ხელში ჩაგდებაც მოინდომეს და კუთვნილი ფულიც აღარ მომცეს. სახლი დავლუქე და ვილნიუსში იმ იმედით გავემგზავრე, რომ შეუთანხმებლად შიგ ვერავინ შევიდოდა. ერთ დღეს ვიღაცამ დამირეკა და დამემუქრა, თუ დაბრუნდები, ტერორისტულ აქტს მოგიწყობთო. მესმოდა, როგორ კარნახობდა უგულავა იმ კაცს, რა უნდა ეთქვა ჩემთვის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩამოვედი და მუქარა აასრულეს. სასიკვდილოდ მცემეს, სპეცრაზმელებში განსაკუთრებული სისასტიკით ოთხი კაცი გამოირჩეოდა. ერთი მათგანი ის იყო, ვინც ტელეფონზე მესაუბრა. ცემის შემდეგ, გონება რომ დამეკარგა, საავადმყოფოში წამიყვანდნენ, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მაგიდაზე დამტოვებდნენ. ამიტომ თვითმფრინავი გამოვიძახე და საზღვარგარეთ გავფრინდი. ჩემზე თავდასხმის დამგეგმავი ვახტანგ ზუხბაია დღეს სპეცრაზმს ხელმძღვანელობს. თავის დროზე "ნაციონალებმა" გაათავისუფლეს, ახალმა ხელისუფლებამ კი ისევ სპეცრაზმის უფროსად დანიშნა. ამის თაობაზე ივანიშვილმა მითხრა, ამ საქმეს გამოვიძიებთ და ყველაფერი გაირკვევაო. ღარიბაშვილს, ალბათ, შევხვდები. ვიცი, რომ კვალი მიშამდე მივა", - მიიჩნევს ვალერი გელაშვილი.
"მიშა და გიგი ბანდიტები რომ არიან და ყველაფერს იმსახურებენ, ეს ცხადია, თუმცა მათ ქუჩურ გარჩევებს არ დავუწყებ. ყველას თავისი ისედაც მოეკითხება. ერთ ამბავს მოგიყვებით: მოგეხსენებათ, რეზიდენციის მშენებლობის დაწყებას საზოგადოების დიდი მღელვარება მოჰყვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ამხელა რეზიდენციაო. ყოველდღე მოდიოდნენ ჟურნალისტებიც. ერთხელ მიშა ისე გაცხარდა, საჯაროდ თქვა, ეს ჟურნალისტები დიდ ორმოში ერთად უნდა ჩამარხოო. კეზერაშვილმა კი გასაოცარი რამ გვკითხა: 10 ტონა ტროტილით დატვირთული კამაზი რომ შეასკდეს ავლაბრის რეზიდენციის კედელს, შიგ მყოფს რამე დაემართებაო?! ეს კაცი თავდაცვის მინისტრად გვყავდა და არ იცოდა, რომ 10 ტონა ტროტილი რეზიდენციას კი არა, მთელ ქალაქს ასწევდა ჰაერში. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რა უმეცარ და სასტიკ ადამიანებთან გვქონდა საქმე", - დასძენს ბიზნესმენი.