"ჩემი შვილის მკვლელობის საქმე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ექვს თვეს იდო მთავარ პროკურატურაში და მისი ზედამხედველი პროკურორი გახლდათ ქალბატონი მაია მწარიაშვილი. ამ ხნის განმავლობაში აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა და როცა მაია მწარიაშვილი უკვე თბილისის პროკურორი გახდა, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეც პროკურატურამ წაიღო. დანიშვნიდან ორ დღეში მაია მწარიაშვილს პირადად შევხვდი - მითხრა, თქვენი შვილის საქმეს სწავლობენო, მაგრამ სულ მალე ტყუილში გამოვიჭირე..." - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "გადაარჩინე სიცოცხლე" ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იური ვაზაგაშვილი: თბილისი პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ჩემი შვილის მკვლელი გიორგი დალაქიშვილი დანიშნეს!
"ყოფილი პოლიციელები - გიორგი ხიზანიშვილი და გრიგოლ კვინიკაძე, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემი შვილის მკვლელობაში, თამაზ თამაზაშვილისთვის იარაღის ჩადების საქმეზე დააპატიმრეს. შევხვდი მაია მწარიაშვილს და ვეკითხები, ხიზანიშვილი და კვინიკაძე რომ დაიჭირეთ თამაზაშვილის საქმეზე, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე არ დაკითხავთ-მეთქი? მწარიაშვილი მეუბნება, ხიზანიშვილი და კვინიკაძე თქვენი შვილის მკვლელობასთან რა შუაში არიანო? ე.ი. თბილისის პროკურორმა ისიც კი არ იცოდა, რომ ხიზანიშვილი და კვინიკაძე კორტებთან ჩასაფრების ოპერაციაში მონაწილეობდნენ და შემდეგ კვინიკაძე თვითონვე იძიებდა ამ საქმეს. აი, აქ მივხვდი, რომ მწარიაშვილი მატყუებდა და ჩემი შვილის საქმისთვის ცხრა თვის განმავლობაში არც კი გადაუხედავს. მარტო ჩემი შვილის საქმე არ არის გამონაკლისი, ყველა საქმე აქვთ თაროზე შემოდებული და დაზარალებულებს ატყუებენ, ვიძიებთო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იური ვაზაგაშვილი.
"სხვათა შორის, რეალური მთავარი პროკურორი იყო ლაშა ნაცვლიშვილი და არა არჩილ კბილაშვილი. კბილაშვილმა ნაცვლიშვილს ჩემი ტანდასწრებით დაავალა, ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე სამი გამომძიებელი დაამატეო. ექვსი თვის განმავლობაში ნაცვლიშვილმა ერთი გამომძიებელიც არ დაამატა... ძალიან კარგია, რომ კბილაშვილი, ნაცვლიშვილი და მწარიაშვილი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა მიაყოლონ მწარიაშვილის მოადგილე გიორგი მოსაშვილი, რომელიც დრემდე რჩება თბილისი პროკურატურაში და პირადად ეგ ბლოკავს ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას. როცა საქმე მთელის წლის განმავლობაში წინ უდევთ და სპეციალურად არ იძიებენ, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? კბილაშვილისთვის, ნაცვლიშვილისა და მწარიაშვილისთვის მარტო თანამდებობიდან გათავისუფლება არ კმარა, ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. თანამდებობიდან გადააყენეს და ახლა უსირცხვილოდ აცხადებენ, საზოგადოებრივ სექტორში გადავდივართო - ძალიან მაინტერესებს, კბილაშვილსა და ნაცვლიშვილს საზოგადოება რომ შეეკეთხება, მკვლელობები რატომ არ გამოიძიეთო, რა პასუხს გასცემენ?" - განაგრძობს რესპონდენტი.
"წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე 800 000 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა, რადგან ხალხმა ვერ დაინახა ის შედეგი, რისთვისაც იბრძოდა. ეს კი სწორედ ამ პროკურატურისა და შს სამინისტროს ბრალია. ველოდებით მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი, რას იზამენ ახალი პროკურორი, მისი ახალი მოადგილეები, რას იზამს შს ახალი მინისტრი. უამრავი უკმაყოფილო ადამიანი მოდის ჩემთან. ისინი მზად არიან პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართონ, მაგრამ ჯერჯერობით ყველას ვეუბნებით, ცოტა ხანს კიდევ დაველოდოთ... ორ-სამ კვირაში გამოჩნდება, აპირებს თუ არა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას. ჩვენც მოვითმენთ კიდევ ორ-სამ კვირას და თუ ისევ უმოქმედობას დავინახავთ, მერე უკვე თვითონ გადავალთ მოქმედებაზე. შეუძლებელია იმის ატანა, როგორც დაბოგინობენ მკვლელები და კიდევ აქეთ გვაყენებენ შეურაცხყოფას, სინანულის ნატამალიც არ გააჩნიათ", - ამბობს იური ვაზაგაშვილი.
"მადლობა გვითხრან, რომ უკვე ქუჩაში არ ვართ გამოსული და ქვების სროლა არ გვაქვს დაწყებული. ძველ ხელისუფლებასაც ეხება ეს და ახალსაც. ის კი არა, ამ რამდენიმე დღის წინათ ისეთი ამბავი გავიგე, ჭკუაზე აღარ ვარ - თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ჩემი შვილის მკვლელი გიორგი დალაქიშვილი დანიშნეს. დალაქიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა კორტების სპეცოპერაციაში და იგი იყო გიორგი ცააძის ჯგუფში - დალაქიშვილი მაშინ იყო კრიმინალური პოლიციიის დეპარტამენტის მე-6 განყოფილების ინსპექტორი. მანამდე ჩემი შვილის კიდევ ერთი მკვლელი - ხიზანიშვილი იყო თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი და ახლა მეორე მკვლელი - დალაქიშვილი დანიშნეს! რა გამოდის? ისევ მკვლელები აკონტროლებენ ქვეყანას? ისევ ძველი ხელისუფლებაა? რა ხდება ამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ან ამ პროკურატურაში", - აცხადებს იური ვაზაგაშვილი და შეკითხვას - "უკაცრავად, მაგრამ დალაქიშვილს "მკვლელს" რომ უწოდებთ, ეს გადაჭარბებული არ არის?" - პასუხობს:
"როგორ არის გადაჭარბებული, როცა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩემი შვილის ლიკვიდაციაში. გიორგი ცააძემ ჩემს შვილს საკონტროლო ტყვია დაახალა და ცააძის ჯგუფში იყო ეს დალაქიშვილიც. ზურას მანქანა ამათ დაცხრილეს და სხვათა შორის, ის დაცხრილული მანქანა, რომელიც ნივთმტკიცებაა, ისევ ამათ ჰყავთ და არ გვაძლევენ. ვერ გავიგე, ისევ მერაბიშვილის დროა?! შს საქმეთა ახალმა მინისტრმა იცის, რომ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად ზურა ვაზაგაშვილის მკვლელი დანიშნა? როგორ არ ეცოდინება, როცა დალაქიშვილი მისი მოადგილე იყო! ანდა რამდენჯერ გავაკეთე განცხადება, ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიების გამყალბებელი შაქრო ზაალიშვილი არ შეიძლება დღეს ახალაიას საქმის პროკურორი იყოს-მეთქი, მაგრამ არავინ შეისმინა და შედეგს ხომ ვხედავთ - ახალაია ოთხ ბრალდებაში გაამართლეს".
"ჯერ ერთი, ახალაიასა და მერაბიშვილს რომ ბრალდებები აქვთ წაყენებული, ასეთი ბრალდება ნებისმიერ გამვლელს შეიძლება წაუყენო. ვინ არ დამთვრალა და არ უჩხუბია? ახალაიამ და მერაბიშვილმა ქვეყანა დააქციეს და დღეს სამარცხვინო ბრალდებები აქვთ წაყენებული. ზაალიშვილი, ანკოსი, შულაია, ხარებავა, ბადრიაშვილი, ლაცუზბაია, მგელაძე - იმის ნაცვლად, რომ საბრალდებო სკამზე ისხდნენ, დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობენ. გირგვლიანის მკვლელობის დროს, რობაქიძის მკვლელობის დროს, ზურას მკვლელობის დროს თბილისის პროკურორი იყო ღვინიაშვილი და ყველა გამოძიება მის ხელში გაყალბდა. დღეს კი ეს გარეწარი პარლამენტში ზის და აქეთ გვასწავლის ჭკუას. როდემდე შეიძლება ამის მოთმენა?! ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის ატანას", - დასძენს იური ვაზაგაშვილი.