მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წელია საქართველოში ადგილობრივი ხორბლის გაყიდვა ჭირს და ფასიც დაბალი აქვს, რის გამოც ფერმერები იმუქრებოდნენ, რომ აღარ დათესავდნენ, წელს მაინც კარგ მოსავალს ელოდებიან. როგორ მოხერხდება მისი რეალიზაცია ეს მეორე საკითხია, მაგრამ ბაზარზე რომ მარცვლეულის დეფიციტი არ იქნება, ეს ფაქტია.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის და ფქვილის მარაგი სტაბილიურია და სექტორი ახალი მოსავლის მოლოდინშია.
„ამ ეტაპზე ფქვილის და ხორბლის მიმართულებით მსოფლიოში სტაბილურობაა და მარაგებიც სტაბილურადაა. საქართველოში ერთ თვეში ახალ მოსავალს ველოდებით. მუშაობს პროგრამა, რომელიც შემოტანილ ფქვილზე დამაბალანსებელ გადასახადს გულისხმობს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
რაც შეეხება მოსავლის რაოდენობის პროგნოზს, სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 150 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან.
„ფერმერები 150 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან, რაც მთლიანი მოხმარების 15-17% შეადგენს“, - აღნიშნა სილაგავამ.
ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მარაგზე აკეთებს აქცენტს „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარეც. მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის 3-თვიანი მარაგი არსებობს, ხოლო რაც შეეხება ფასს, ის ისეთია როგორც რეალურად უნდა იყოს.
„საქართველოში პური არ არის ძვირი, საქართველოში პურის ფასი კვების პროდუქტებში ყველაზე დაბალია და მიმაჩნია, რომ პურის ფასი რეალურად არის ის, რაც უნდა იყოს. ცვლილება არ მომხდარა თითქმის 4 წელია, ეს ფასი სტაბილურია. გეტყვით, რომ პურის ფასის ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და რუსეთთან იყო შედარებული, აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი პურზე საერთოდ მოხსნილია და რუსეთში დამატებითი ღირებულება 9%-ია. გარდა ამისა, ვერ შევედრებით ამ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ისინი ენერგომატარებლების მწარმოებლები არიან.
საერთოდ, პურის ფასზე გავლენას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახდენს ნედლეული, რომელიც დღესდღეობით მომარაგებულია და საქართველოშიც დაიწყეს მისი წარმოება და მოყვანა. პურის ფასზე, ასევე, მოქმედებს მუშახელის ანაზღაურება, დისტრიბუცია, მაღაზიის ფასნამატი, არ არის ასეთი მარტივი თემა. ქვეყანაში 3-თვიანი მარაგი არსებობს როგორც ხორბლის, ისე ფქვილის და მგონი, ცოტა მეტიც არის ეს მარაგი“, - განაცხადა დოლიძემ.
ამ მხრივ თითქოს სტაბილურობაა, მაგრამ ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია ძალიან ჭირს. ეს ბოლო წლების მუდმივი პრობლემაა. შარშანდელი მოსავალი ჯერ არ ამოწურულა, ახალი კი კარზეა მომდგარი და არცთუ მცირე მოსავალს ელოდებიან. ცნობილია, რომ იმპორტირებული მარცვლეული უფრო იაფი ღირს და ხარისხითაც უკეთესია. ამგვარ სიტუაციაში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაში ხედავს, რაც მისი შეფასებით, ფასის სტიმულირებას მოახდენს.
„ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მოითხოვს. ამ ეტაპზე ფასი კი 60 თეთრის ფარგლებში მერყეობს, საფურაჟე ხორბლის ფასი 55 თეთრამდეა. ამ დროს იყო დაპირება, რომ 70 თეთრს მიაღწევდა ფასი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ხორბალი გლობალურ ბაზრებზე იაფდება ან სულ მინიმუმ სტაბილურად დაბალი ფასი აქვს, ვფიქრობ, დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო, უნდა გაკონტროლდეს და დარეგულირდეს ვითარება, თუკი რეალობა ამას ითხოვს. რუსეთს მარცვლეული ვერ გააქვს მსოფლიო ბაზრებზე და იძულებულია, ნებისმიერ ფასად გაყიდოს საქართველოსა და ახლომდებარე ქვეყნებში. ეს კი ჩვენი ფერმერებისთვის დიდი რისკია. ამიტომ სწორად მიმაჩნია მუდმივი მონიტორინგი“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.