გასულ კვირაში გია კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, ამჯერად ამის მიზეზი თბილისის მერობის კანდიდატზე მისი შეხედულებები აღმოჩნდა.
ამასთან, გარკვეულ წრეებში საუბრობდნენ იმაზეც, რომ კორკოტაშვილი თბილისის მერობისთვის ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურის გააქტიურებას აპირებდა. ამ თემებზე გია კორკოტაშვილმა გაზეთ "ქრონიკასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.
- თქვენ, ალბათ, წაიკითხავდით ნარმანიას პასუხს, ჯიგარსა და ჯიგრიანობაზე...
- კი, ეტყობა, ბატონი კორკოტა არ იცნობს ჩემს ჯიგრიანობას, თუ ფიქრობენ, რომ მხოლოდ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარი და შეადარონ სხვის ჯიგარსო. ნარმანიას ჯიგარს მაშინ ავუწონი, როცა დავინახავ, რომ ის იქნება საუკეთესო მერი. პირველი მივულოცავ თბილისის მერად არჩევას, ამ ადამიანს მე მართლა არ ვუკეთებ იგნორს, რატომ ცდილობენ, რომ ნარმანიასთან ჩემი ურთიერთობა კონფრონტაციაში გადაიტანონ, არ ვიცი, ან რატომ უნდათ, გაავრცელონ დეზინფორმაცია, თითქოს მე მერობის პოსტზე "გრეჩიხა" დავასახელე. არ დამისახელებია, ბატონო, ლევან გაჩეჩილაძე. ლევანმა მთხოვა, ჟურნალისტებისთვის ასეთი განცხადება გამეკეთებინა. ვისარგებლებ დღეს "ქრონიკის" საშუალებით და ყველა ჟურნალისტს მივმართავ: ენაც მაქვს და კომუნიკაციაც შემიძლია, თუ ამ საკითხზე ფიქრს დავიწყებდი, თვითონ ვიტყოდიო, ასე რომ, ლევანს ამ საკითხზე საერთოდ არ უფიქრია.
- აბა, როგორ გაჩნდა ინფორმაცია, თქვენზე დაყრდნობით, რომ თბილისის მერად კორკოტაშვილი ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას ასახელებს?
- ინფორმაციის საზოგადოებამდე ასე მიტანა, ალბათ, კონკრეტულ დაჯგუფებას უნდოდა, რომ ლევანის თემა წამოეწიათ. მე არ ვიცი, ამ გათვლის უკან რა იდგა და ეს თემა ლევანის ახლობლისგან, ანუ ჩემგან წამოწიეს. ინტერპრეტაცია იყო არასწორად გაკეთებული. დამისვეს კითხვა, - შეიძლება ქალაქის მერად ყოფილიყო დასახელებული ლევან გაჩეჩილაძეო და აქედან მოხდა ამ საკითხის წამოწევა.
- ამ კითხვას დაგიბრუნებთ და ხელახლა გკითხავთ, - გაჩეჩილაძე რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს თბილისში პირწმინდად მოუგო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში თავზეხელაღებული იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, "გრეჩიხას", რომელსაც შეუძლია ხალხს აყოლიება, რეალურად მართლა არ უფიქრია თბილისის მერობაზე? თქვენი მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" ხომ განიხილავთ, თბილისის მერობის კანდიდატადნ ვინ შეარჩიოთ? რატომაც არა გაჩეჩილაძე?
- "სამოქალაქო სოლიდარობას", ალბათ, განსახილველი გვეყოლება კანდიდატურა, მაგრამ მას პირდაპირ ქალაქის მერობაზე კი არ წარვადგენთ, ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად კონსულტაციებს გავივლით. შეიძლება ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უფრო სუსტი იყოს, ვიდრე სხვის მიერ შემოთავაზებული. "სამოქალაქო სოლიდარობას" იდეაფიქსი კი არ აქვს, რომ აუცილებლად ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი იყოს მერობის პოსტზე. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, მას საერთო არა აქავს "სამოქალაქო სოლიდარობასთან". მე და ლევანს გვაქვს ძმაკაცობა, მას მართლა არანაირი შეხება არა აქვს ამ ორგანიზაციასთან.
- რატომ არის გაჩეჩილაძე გაჩუმებული, ნაწყენია ახალ ხელისუფლებაზე?
- ერთი რამ მინდა ლევანის მაგივრად ვთქვა, შეიძლება თვითონ ერიდება საკუთარ თავზე ლაპარაკი, მე ვიტყვი: არასთანადოდ შეფასდა ლევანის განვლილი წლები, ის თავდაუზოგავად ებრძოდა რეჟიმს, იყო თავგახეთქილი, დაუჭირეს შვილი, უცემეს ძმა, დღეს თითქოს ვითომაც აქ არაფერი ყოფილა, ისე შეფასდა მისი გავლილი გზა. ეს არ არის სწორი მიდგომა, ვისაც ხელეწიფება, ეს თემა ასე არ დატოვოს, მან უნდა იცოდეს, რომ, თუ ადამიანის თავგანწირვა "გაპუსტიაკებული" იქნება, მაშინ ყველაფერს ფასი დაეკარგება.
- ბიძინა ივანიშვილსა და "უცნობს" - გია გაჩეჩილაძეს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკაშვირებთ. უცნაურია, რატომ არ დაიყენა ივანიშვილმა ძმები გაჩეჩილაძეები სააკაშვილთან წინააღმდეგ ბრძოლაში და რატომ არ დაუძახა მათ ახალ ხელისუფლებაში? რა პასუხი აქვს ამ საკითხზე ლევან გაჩეჩილაძეს?
- ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. თავის დროზე ბიძინასაც ჰკითხეს და შემდეგ გიასაც, მაგრამ კონკრეტული პასუხი არც ერთს არ გაუცია. ასე რომ, მე არ ვიცი. ფაქტია, ერთ გუნდში გაჩეჩილაძეებსა და ივანიშვილს არ უთამაშიათ, ყოველ შემთხვევაში, რომ ითამაშო, უნდა მიგიწვიონ. არც ის ვიცი, ჰქონდათ თუ არა მათ ამ გუნდში მოწვევა.
- ამ ეტაპზე რითია დაკავებული ლევან გაჩეჩილაძე და რა სამომავლო გეგმები აქს, ხომ არ აპირებს რაიმე ფორმით პოლიტიკაში დაბრუნებას?
- რამდენადაც ვიცი, ის ფიქრობს ბიზნესის დაწყებას, არანაირი ფორმით არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.
- გაქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, როგორი უნდა იყოს ქალაქის მერი?
- ძალიან მომწონდა ნინა ჟვანია. იცით, რატომ? ყველას სიკეთისა და ყველას უბედურების გამზიარებელი იყო.
- ქალებზე რატომ აკეთებთ აქცენტს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენი ორგანიზაცია "სამოქალაქო" სოლიდარობა მერობის პოსტზე ქალის კანდიდატურას განიხილავს?
- ნინა ჟვანიასნაირი ქალბატონი არ მგონია, დღეს დაიარებოდეს.
- რას ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მერის პოსტზე შესთავაზა თავისი კანდიდატურა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ზურაბიშვილი არ იყო პოლიტიკურად მისი გუნდის წევრი...
- ქალბატონ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მართალია, მან თბილისი კარგად არ იცის, მაგრამ თბილისურ წრეებში მიღებულია. ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მაგრამ არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი როგორი მეურნეა. ქალბატონ სალომესაც, ნარმანიას მსგავსად, კითხვებს დავუსვამდი, ოღონდ თემა იქნებოდა სხვა, - ერკვევა თუ არა სამეურნეო საქმეებში?
მე ვფიქრობ, ნარმანიას კანდიდატურა ნაადრევად დასახელდა, იჩქარეს, მას ახლა პირანიასავით დაესევიან და შეჭამენ. ჯერ უნდა ედროვათ, სხვა პარტიების კანდიდატები გამოსულიყვნენ ასპარეზზე და შედარების გაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა, შესაბამისად, ამდენი პირანიაც არ დაესეოდა ნარმანიას.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლება "ნაციონალებმა" სერიოზული კონკურენცია გაუწიონ "ოცნების" კანდიდატურას?
- არა, ეს წარმოუდგენელია, მე ისიც გამიკვირდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი როგორ მოიპოვეს. ამას ვაბრალებ ერთადერთ რამეს, - ხალხი ბოლომდე არ იყო გამოსული არჩევნებზე, 45%-მა მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი 55%, ვინც სახლში იჯდა, იმათ ხელი აქვთ ჩაქნეული. მე მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ვუთხრა, ხელს ნურაფერზე ნუ ჩაიქნევთ, ცხოვრება ბრძოლაა. გეზარებათ ბრძოლა? გამოდით, თქვენი ხმა დააფიქსირეთ, მერე კი ნუღარ წუწუნებთ.
- საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი კითხვა, - გამოვედი, მივიღე მონაწილეობა, მერე მე რა? ვიბრძოლე, თავი გავწირე - მერე მე რა... ახალმა ხელისუფლებამ თანამდებობები ჩამოარიგა – მერე მე რა... ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა...
- ასეთ ადამიანებს მივმართავ, - არჩევნებში მონაწილეობას რომ არ იღებ, მერე შენ რა?!. მოძრაობაში იბადება ჭეშმარიტება, ჩემო კარგებო, მოძრაობის გარეშე ხავსი მოგეკიდებათ ერთ ადგილზე. სულელური რომ იყოს მოძრაობა, მაინც რაღაც ჭეშმარიტებამდე მიდიხარ.
- თქვენი აზრით, იყო თუ არა "სულელური მოძრაობა" ვილნიუსის სამიტზე "შალახო" და "ჩქარი ტაში", ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის აკომპანიმენტით?
- აი, გავშოლტავდი იმ ადამიანს, ვისი მიცემულიც არის ეს "შალახო". მანდ რამხელა მზაკვრობაც არის, ხომ კარგად იცით? ევროკავშირი "იუთუბიდან" ხომ არ მოიძიებდა, "შალახო" დაეკრათ სამიტზე. წარდგინება ამ მუსიკის გააკეთა, სავარაუდოდ, ელჩმა, ან ოფიციალურმა პირმა. აი, იმას, ვინც ეს გაააკეთა, თავ-ყბას დავუნგრევდი. ვინც ეს გააკეთა, გაგვაბანძა, თავზე გვიქნა მთელ საქართველოს, ამ იდეის ავტორმა. "ჩაკრულოსა" და "მრავალჟამიერის" ქვეყანა ვართ და "შალახოს" რომ უკრავ, სირცხვილია!.. ეს არის "კინტოების" ცეკვის მუსიკა, კინტოები კი დღევანდელი "ლგბტ"-ს წარმომადგენლები იყვნენ. კინტოების უსაყვარლესი სიმღერა იყო "პატარა ბიჭი დამეკარგა, ცისფერპერანგა"...
"სულიკოს" მაგივრად ეს სიმღერა რომ ჩაესვათ, შემდეგ ამას მოჰყოლოდა "შალახო", საქართველოს დელეგაციიდან რომელიმეს ცხვირსახოცი კბილებში რომ გაერჭო და იქ ცეკვა დაეწყო, აი, ეგღა აკლდა იმ სცენას. ეჭვი მაქვს, აქაც მიშას ხელი ურევია, ვილნიუსში საქართველოს ელჩი მიშას კადრია და ესეც ვერაგი მიშას ხელწერაა.
- რას ელოდებით ვილნიუსის სამიტიდან, ვართ ქართველები მენტალურად, სოციალურად მზად, ევროკაშვირში შესასვლელად? თქვენი აზრით, როგორ გვაზღვევინებს რუსეთი?
- ჩემო კარგო, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, დამთავრდება თუ არა სოჭის ოლიმპიადა, კიევი მონაგონი იქნება, შეიძლება ისეთი რამე მოუწყოს რუსეთმა საქართველოს. ისე არ წარმოვიდგინოთ, ევროკავშირში შევალთ და რუსებს ხელს დავუქნევთ, - კარგად იყავითო... ერთ სხეულში სამი სხეული ვერ დაეტევა, ევროკავშირი იმ დოზით გვჭირდება, რა დოზითაც ამერიკა და რუსეთი. გინახავთ სადმე, ევროკავშირი ჩარეულიყოს კონფლიქტური ვითარების მოგვარებაში?
გაპოხილი ჩექმით შემოგივა რუსი, კაი "ლაფატკასაც" დაგარტყამს და კარგად იყავი... ამიტომ დათვს ისეთი ენა სჭირდება, მაინცდამაინც არ გააბრაზო და არ გადაყლაპო. წყნარად უნდა ვიყოთ და ერთი რამით ნუ კმაყოფილდება საქართველო. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ლავირება უნდა მოვახდინოთ ყველასთან, მარტო ერთს არ უნდა მისცეს, რა... ისე არ მოვიქცეთ, რაც მიშამ გააკეთა, ბოლომდე დაუწვა ამერიკას, მაგრამ ბიძამისის სახით კუდები რუსეთთანაც ჰქონდა. ბოლოს როგორც დაამთავრა, კი ვნახეთ.
- მარგველაშვილის გაპრეზიდენტება გაგიხარდათ?
- კი, გიორგი ძალიან ლაღი და კომუნიკაბელური პიროვნებაა...
- ამბობენ, პრეზიდენტობის შემდეგ წარბის აწევა ისწავლაო...
- ეგ არაფერია, დააშვებინებენ...
- 30 ოქტომბერს, რუსეთის პოპულარული გასართობი შოუს "ვეჩერნი ურაგანის" წამყვანმა ივან ურგანტმა ინტერნეტამბები მიმოიხილა და თქვა, - აი, როგორ აღნიშნავენ მარგველაშვილის გამარჯვებას ქართველებიო. მართალია, სიმღერა "ჩუნგა-ჩანგა" უფრო ადრე განთავსდა "იუთუბიზე", მაგრამ ეს რუსებმა გაასაღეს, თითქოს ასე აღნიშნავდა საქართველო მარგველაშვილის გამარჯვებას...
- სხვათა შორის, ზაზა მამალაძეს ჰქონდა ივან ურგანტის ტელეფონის ნომერი, მას დავურეკე, მაინტერესებდა მისი შეხედულება. მან მითხრა: "თქვენი სიმღერა რომ მოვისმინე, შოკირებული დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ ქართველები ძალიან მომნატრებიხართო. ჩემი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით რესტორანში, გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს, როგორც ჩანს, რუსებმა ეს ნახეს და ასე აღმოჩნდა ეს კადრები გასართობ შოუში. რომელი პროფესიონალი მომღერლები ჩვენ ვართ,მაგრამ მოვახერხეთ, საკუთარი გულისთქმა გადმოგვეცა, საქართველოზე ჩვენზე მეტად შეყვარებული ხალხია, რუსებმა ეს სიმღერა სიყვარულით განათავსეს, ტელეწამყვანებში იგრძნობოდა საქართველოს ნოსტალგია, მაგრამ იცით, ქართველებისგან რა მეწყინა? სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ჩვენ ვართ რუსეთუმეები... თქვე კაიდედმამიშვილებო, ბოღმით ნუ სკდებით, ყველამ აკეთეთ თქვენი საქმე, მე ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვიმღერე, ურგანტმა თავის გადაცემაში ეს ვიდეო განათავსა, ღადაობით გააკეთა თუ მონატრებით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ თემამ გამოიწვია ის, რომ 500 ათასი მოწონებაა მოსული, ეს ნიშნავს, რომ 500 ათას კაცს მოეწონა, 500 ათასი კაცი მონატრებულია, რუსეთმა და საქართველომ მეგობრულად და კარგად იცხოვროს.
- როგორ გააცილეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ საიქიოში?
- ქართველები მიმტევებლები ვართ, მაგრამ ერთი რამეც არის, - მიხეილ სააკაშვილმა 10 წლის ცხოვრება ამომიჭრა ბიოგრაფიიდან, იმდენად მიყვარს თავისუფლება და ისეთი დიდი დოზით შემოვარდა, ამ ყველაფრის შემდეგ მივაფურთხე მიშას. მაგრამ ბოლომდე ჩავყვები მიშას ამბავს. მაგრად მაწყენინეს პროკურორებმა და მისმა მოადგილეებმა, არჩილ კბილაშვილს ვგულისხმობ, არაფერი გაუკეთებიათ. ახლაც, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება რომ წავიკითხე, ეს ძალიან უარყოფით მუხტს გამოიწვევს საზოგადოებაში. მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია, რომელსაც წართმეული ქონების საკითხი უნდა განეხილა, აღმოჩნდა, რომ აღარ იქმნება, ამ საკითხზე შიმშილობას აცხადებს ნახევარი საქართველო. შენს იმედზე რომ დავრჩები და ხმას არ ვიღებ, მომიბრუნდები და მეუბნები, რომ აღარაფრის იმედი აღარ უნდა მქონდეს, მინიმუმ სხვანაირად დაგიწყებ ყურებას, მაქსიმუმ რა იქნება, კაციშვილმა აღარ იცის.