მოსახლეობა ერთიანი ქვითრის სიმძიმეს ერთბაშად იგრძნობს

მოსახლეობა ერთიანი ქვითრის სიმძიმეს ერთბაშად იგრძნობს

[ეკა ბაქრაძე]

კომუნალურ გადასახადებს ერთიანი ქვითრით გადახდა მხოლოდ ერთი დღეა რაც დაიწყო და საკრებულოში უკვე 5 ათასამდე მოქალაქის განცხადება დევს, რომლებსაც წყლის დავალიანების გადახდა არ შეუძლიათ. ოპოზიცია მხოლოდ პროტესტს გამოხატავს და სასმართლოს გადაწყვეტილებას უშედეგოდ ელის.

7 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებს ერთიანი ადმინისტრირებით გადაიხდის. დედაქალაქის აბონენტები ახალ ქვითრებს დღეიდან მიიღებენ. წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანების მქონე აბონენტებს კი ელექტროენერგიის მიწოდება 15 თებერვლიდან შეუწყდებათ. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ განახორციელებენ. ამასთან, შესაძლებელი იქნება წყლის დავალიანების გადანაწილება.

კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დავალიანების მქონე აბონენტებს დავალიანების დაფარვა 36 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

„ერთიანი ადმინისტრირების სისტემის შემოღების მიუხედავად, კომპანია კვლავაც აგრძელებს დავალიანების გადახდის შეღავათიან აქციებს. ერთ-ერთია, მაგალითად, დავალიანების მთლიანი თანხის 36 თვეზე განაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება.  ამასთან, თუ აბონენტი 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60%-ს გადაიხდის, 40%-ს კომპანია ჩამოაწერს.

თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის კი, რომელსაც სოციალურად დაუცველის კატეგორია აქვს მინიჭებული, კომპანიას დავალიანების გასტუმრების ინდივიდუალური და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობები აქვს დაწესებული“, - აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსში“.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია კი კომუნალური ტარიფების ერთიან ადმინისტრირებას აპროტესტებს. როგორც დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, 13 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს. პროცედურის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, 9 თვის განმავლობაში საქმე სასურველ დროს განიხილოს. თუმცა ისინი მოითხოვენ, სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე დაჩქარებულად იმსჯელოს, რადგან ცხრა თვის მანძილზე გადაწყვეტილების მოლოდინში მოსახლეობის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.

საკრებულის დეპუტატის ზაზა გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, სინათლის ქალაქად წოდებულ თბილისს სიბნელეში დაბრუნების საფრთხე ემუქრება, რადგან მოსახლეობისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთი იქნება.

საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად გაბუნია უახლოეს ხანში მოქალაქეთა ათასობით საჩივრით ენერგოომბუდსმენსაც მიმართავს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მათ უკვე 5 ათასამდე მოქალაქის განცხადება აქვთ, რომლებსაც წყლის დავალიანების გადახდა არ შეუძლიათ.

საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით უხეშად ჩაერია ბაზარზე, რადგან წყლის მოსაკრებლის აკრეფა კერძო კომპანიის პრეროგატივაა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის მით უფრო მძიმე იქნება, როდესაც დასუფთავების მოსაკრებელი 100%-ზე მეტით, 2.50-მდე ლარამდე გაიზარდა.

ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში მისული პრეზიდენტისგან საქართველოში არსებული მაღალი ტარიფებისა და ერთიანი კომუნალური ქვითრის შემოღების აუცილებლობის განმარტებას მოითხოვენ.

„უახლოეს ხანში, როცა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მობრძანდება, ჩვენ საქართველოში არსებული ტარიფებითა და გადასახადებით დავინტერსდებით. სწორედ ეს იქნება ჩვენი შეკითხვა“, - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ.

ამასთან, ინგა გრიგოლია მიიჩნევს, რომ ხალხს სააკაშვილის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლის დასაწყებად მალე პოლიტიკოსები აღარ დასჭირდება.

„სააკაშვილის წინააღმდეგ პოლოტიკოსები საჭირო აღარ იქნება. ჩვენი მოსახლეობის 80% ერთიანი ქვითრით გადასახადებს ვერ გადაიხდის და ისინი პოლიტიკოსების გარეშე გამოვლენ ქუჩაში“, - აღნიშნა გრიგოლიამ.