საპროტესტო მსვლელობის „ტავუში სამშობლოსთვის“ ასობით მონაწილე, რომლებმაც შაბათს დატოვეს სასაზღვრო სოფელი კირანცი, ერევანში ჩავიდნენ და სომხეთის დედაქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს. აქციის ინიციატორი, მეუფე ბაგრატ გალსტანიანია, რომელიც ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი 2015 წლიდანაა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეაჩეროს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი და შეწყვიტოს ბაქოს მიმართ ცალმხრივი დათმობები.
„ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ მივმართეთ საპროტესტო აქციებს. ეს პრობლემა ეხება არა მარტო ტავუშის პატარა სოფლებს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას“, - განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს მეუფემ.
დედაქალაქში გამგზავრებამდე, საზღვრისპირა სოფლების აღშფოთებული მოსახლეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილზე ცდილობდა გაეპროტესტებინა ხელისუფლების ქმედება, თუმცა მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.
ხალხის უკმაყოფილების მიზეზი ორ ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმებაა. კერძოდ, მოსახლეობა აპროტესტებს ტავუშის რეგიონსა და აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ღაზახის რეგიონს შორის საზღვრის განსაზღვრას. დოკუმენტი ითვალისწინებს საზღვრის გასწვრივ მდებარე ოთხი სოფლის ერევანიდან ბაქოსთვის გადაცემას.
ამ შეთანხმებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია კირანცსა და სხვა მიმდებარე თემებში. ხალხს ეშინია, რომ მათ მოუწევთ სახლების დატოვება, თუ აზერბაიჯანი გააკონტროლებს მიწის ნაკვეთებს, რომლებიც, ფაქტობრივად, საზღვრიდან ათეულ მეტრშია.
გასულ კვირას სომხურმა სამართალდამცავმა უწყებებმა დაშალეს კირანსთან გამართული აქცია, რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს კიდეც. სწორედ მაშინ განაცხადა მეუფე ბაგრატმა საპროტესტო მსვლელობა „ტავუში სამშობლოსათვის“.
მარშის იდეა ოპოზიციასაც მოეწონა და დეკანოზს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ოპოზიციამ გასულ კვირას წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის აკრძალვას.
მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ეს წინადადება დიდი გაჭირვებით დაბლოკა.
სულიერი აღორძინება თუ პოპულიზმის ახალი ვერსია?
მეუფე ბაგრატის (გალსტანიანი) აქცია სპონტანურად დაიწყო, ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ოთხი სოფელი შედის ტავუშის ეპარქიაში, რომელსაც მეუფე ხელმძღვანელობს.
ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში, 2020 წლის წაგებული ომისა და ყარაბაღიდან სომხების გასახლების შემდეგ, ქვეყანაში ბევრია უკმაყოფილო მისი პოლიტიკით. მაგრამ ოპოზიციის გაერთიანების ყველა წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. უწმინდესი ბაგრატი, როგორც ეპისკოპოსებს სომხეთში ჩვეულებრივ უწოდებენ, შედარებით ახალგაზრდა (52 წლის) და ქარიზმატული საზოგადო მოღვაწეა. მას არ აფერხებს ბოლო წლების პოლიტიკური და კორუფციული სკანდალები. სასულიერო პირს ასევე არ შეიძლება ეწოდოს პრორუსული ფიგურა - ის სწავლობდა და მსახურობდა ბრიტანეთსა და კანადაში.
ეს ყველაფერი ფაშინიანის პარტიას ანერვიულებს და მასთან დაახლოებულმა მედიამ მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, ადანაშაულებენ მას რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობაში და მაფიასთან კავშირში.