იანუკოვიჩმა უკრაინელი ბიზნესმენების ზეწოლას ვერ გაუძლო?!

იანუკოვიჩმა უკრაინელი ბიზნესმენების ზეწოლას ვერ გაუძლო?!

უკრაინის გახლეჩის რა სახიფათო ბერკეტს ფლობს რუსეთი და ასრულდება თუ არა ყირიმის გამოყოფის ,,რუსული ოცნება’‘?

ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის პროცესი შეაჩერა, რასაც უკრაინელი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა - კიევის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო აქციები არ წყდება. ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის დედაქალაქში ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ჩავიდა და მომიტინგეები გაამხნევა. რა ხდება უკრაინაში? რა კავშირშია იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ ევროპელი ლიდერების დაჟინებული მოთხოვნა საპროტესტო აქციებთან? რამდენად რეალურია უკრაინის ხელისუფლების ,,ევრორემონტი’‘ და გამოიყენებს თუ არა რუსული გაზის გადაკეტვის ბერკეტს პუტინი უკრაინის წინააღმდეგ? ,,ვერსიას’‘ ექსპერტთა კლუბის დამფუძნებელი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება.   
- უკრაინა მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირისთვის. მას რუსეთის, განსაკუთრებით, კრემლის გულშიც, დიდი ადგილი უკავია. ევროკავშირთან ურთიერთობის გასამყარებლად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რუსეთ-უკრაინის საუკუნოვანი პარტნიორობის რღვევა იქნებოდა. პუტინის ოცნება კი, რომელსაც საბაჟო და ევრაზიული კავშირი ჰქვია, დიდი ალბათობით, დაიმსხვრეოდა. იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს - ზეწოლა რუსეთიდან, რომლის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის უკრაინაზე გავლენის შემცირება; ზეწოლა ევროპა-ამერიკიდან, იულია ტიმოშენკოს პატიმრობის დასრულების მოთხოვნით. ეს საკითხი გადაუჭრელია, მაგრამ კრემლში იანუკოვიჩი-პუტინის მალული შეხვედრის შემდეგ, ტიმოშენკოს გათავისუფლების პერსპექტივა ნაკლებდამაჯერებელია; და ზეწოლა, მსხვილი უკრაინელი ბიზნესმენებისგან. ევროკავშირი მზად იყო, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას თუ უკრაინა რუსულ ემბარგოს ვერ გადაურჩებოდა, გაეხსნა მისთვის ევროპის ბაზარი. ერთია პროცედურული  შეღავათი, მეორე - ხარისხის დაცვის აუცილებლობა, რასაც ევროპის ბაზარზე შესასვლელად სპეციალური მახასიათებლები სჭირდება. ამან კი უკრაინელ მწარმოებლებში შიში გააჩინა.    

- უკრაინული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება? 
- ხარისხით უკრაინული წარმოება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის. დასამალი არაა, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინაში, კორუფცია არსებობის წესია. დიდ ბიზნესს საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე განთავსების იმედი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ორგანიზაციული ხასიათის გარანტიები ბრიუსელიდან უკვე გააჩნდა.  

- რუსეთმა და უკრაინელმა ბიზნესმენებმა ვერ გათვალეს, რომ ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადასვლას საპროტესტო აქციები მოჰყვებოდა? 
- კორუმპირებული უკრაინული ბიზნესისთვის სამოთხე სწორედ რუსული ბაზარია. კრემლს გავლენა აქვს სახელმწიფოს მეთაურზეც და დიდ ბიზნესზეც. რასაკვირველია, უკრაინელი ბიზნესმენების პროტესტიც კრემლის მიერ იყო ინიცირებული. ეს უფრო თავისსამართლებელ არგუმენტად დასჭირდებოდა იანუკოვიჩს, რათა განეცხადებინა, ბიზნესმენებიც შეწუხებულები არიანო - თითქოს 2013 წლის 9 ნოემბრამდე, პუტინთან შეხვედრამდე არ იცოდა იმ საფრთხის შესახებ, რაზეც შემდგომ ალაპარაკდა. ევროკავშირთან მიმართებაში უკრაინა ისეთივე როლში აღმოჩნდა, როგორც 2008 წლის გაზაფხულზე საქართველო ნატო-სთან - ნატო-ს სამიტზე თქვეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის. იმის შემდეგ, ,,ორპირ’‘ ქარში, ლამის მთელი ქვეყანა ,,გაცივდა’‘, მაგრამ ნატო-ს კარს მაინც ვერ მივაგენით. უკრაინისთვისაც ღიაა ევროკავშირის კარი, მაგრამ პრობლემაა - შეეტევა ამ კარში უკრაინა თუ ვერა?  

- უკრაინისთვის ევროკავშირის კარი ყოველთვის ღია იყო, რადგან იქვეა ევროკავშირისა და ნატო- წევრი ქვეყანა პოლონეთი. დასავლეთ უკრაინული აქცენტი, პოლონურისგან დიდად არ განსხვავდება და მათ ერთმანეთის გაგება არ უჭირთ. ასეთ პირობებში, რუსეთის ზეწოლა უშედეგო არ არის? 
- უკრაინასთან შედარებით, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა დიდი ხანია ჩამოყალიბებულია, იანუკოვიჩი კი დიდ პოლიტიკაში გამოუცდელია. მან გაიზიარა ყველა ზეწოლა, მაგრამ დაავიწყდა, ვინ არის მისი ძალაუფლების ინიციატორი ქვეყანაში - საკუთარი ხალხი დაივიწყა. ვფიქრობ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანი იქნება, რომ იანუკოვიჩი ევროპისკენ შემოტრიალდეს. მისთვის უპირველესი ფასეულობა, უკრაინის მმართველობის უმაღლეს მწვერვალზე საკუთარი თავის ხილვაა და ამისთვის შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია. ფაქტია, იგი მზადაა, გააგრძელოს კომუნიკაცია. ევროკავშირშიც არიან მაღალი რანგის მოხელეები, რომლებსაც არ უნდათ დაჯერება, რომ 29 ნოემბერს ხელმოწერის პროცედურა არ შედგება. ადრე თუ გვიან, იანუკოვიჩს მოუწევს, საკუთარ ხალხს ანგარიში გაუწიოს, იმის მიუხედავად, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას. პროტესტის მეორე დღესვე, უკრაინელმა ტელეწამყვანმა შუსტერმა უამრავი ადამიანი გამოკითხა - უკრაინელი პროფესორების 87% და ახალგაზრდების 74% იანუკოვიჩის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა 68% ამართლებს იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, 32% წინააღმდეგია. დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის 67% ეწინააღმდეგება იანუკოვიჩს, 33% ამართლებს. ცენტრალური უკრაინა ევროპის მხარესაა, სამხრეთ უკრაინაშიც, კაზაკებიც კი შეუერთდნენ დემონსტრაციებს.  
- ქვეყნის პროევროპულობას საფრთხეს არ შეუქმნის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსები კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი, მხარს იანუკოვიჩს უჭერენ? 
- რუსეთისკენ შემოტრიალება არასოდეს იქნება უკრაინის ნება, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთს სხვა უფრო მტკივნეული ბერკეტებიც გააჩნია. მათ გამოყენებას კრემლი საქართველოს წინააღმდეგაც შეეცადა, ამავე მეთოდით შეაცვლევინა ორიენტაცია სომხეთს, იმედია, დროებით.  

- ეკონომიკურ ბერკეტებს გულისხმობთ თუ ეთნოკონფლიქტებს? 
- ვგულისხმობ ყირიმსა და მისი გადაცემის ისტორიას რუსეთიდან უკრაინისთვის. ასევე, დაფარულ განწყობას, რასაც უკრაინის გაყოფის რუსული ოცნება ჰქვია. ამის სურვილი რუსეთის მმართველ წრეებში მანამ იარსებებს, სანამ რუსულ იმპერიაზე ოცნება საბოლოოდ დაიმსხვრევა. ვფიქრობ, სერიოზული ბერკეტი - ყირიმი რუსეთს იმ შემთხვევისთვის აქვს შემონახული, თუკი უკრაინელი მოსახლეობა ნატო-ს წევრობას გადაწყვეტს. ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას უნარი სჭირდება. საქართველოს უამრვი სატკივარი აქვს, მაგრამ ყველაზე მძიმე ვითარებაში არ ვართ. ჩვენ უკვე ვიწვნიეთ რუსეთის მზაკვრობა - გვასწავლა, როგორ მოვიქცეთ ემბარგოს დროს, უკრაინას კი ასეთი ,,გამოცდილება’‘ არ აქვს.  

- როცა ევროკავშირი იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას მოითხოვდა, მან განაცხადა, მზად ვარ, ციხეში ვიჯდე, ოღონდ ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდესო. რა კავშირი აქვს ამ განცხადებას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და აქტუალურია რუსული გაზის თემა, როგორც პუტინის ბერკეტი უკრაინის წინააღმდეგ?
 - იულია ტიმოშენკოს ეს ნაბიჯი მძიმეწონიანი პოლიტიკოსის მიერ ვითარების სწორად შეფასების შედეგია. ნოემბრის დასაწყისში, ბრიუსელსა და ბერლინში, ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის დეპუტატებს გავესაუბრე. მაკვირვებდა, რომ ისინი ტყუპისცალებად მოიხსენიებდნენ ტიმოშენკოსა და მერაბიშვილს. ვფიქრობ, ამ განცხადებით, ტიმოშენკომ სიმამაცის გაკვეთილი ჩაუტარა მერაბიშვილს. დაველოდოთ, მიბაძავს თუ არა მას ქართველი ,,ტყუპისცალი’‘. რაც შეეხება რუსულ გაზს, რუსეთის მონოპოლისტური ფუნქცია ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგებაში თანდათან საეჭვო ხდება. უკრაინა ევროპის მკვებავ არტერიად რჩება - იმ ფონზე, როცა რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ანგელა მერკელიც კი მკაცრად აკრიტიკებს პუტინს სომხეთისა და უკრაინის ზეწოლის გამო, რუსეთის ეშმაკობა გაზის მიწოდების საკითხში, პრაქტიკულად, გამორიცხულია.  

- ოპოზიციონერები და მომიტინგეები აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ,,ევრორემონტი’‘ სჭირდება. უკრაინის ,,ევრორემონტი’‘ რეალურია? 
- ევრორემონტი ცნობიერებიდან იწყება. პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ საკუთარ თავს ჩაუტარებს ,,ევრორემონტს’‘. ,,ევრორემონტი’‘ რეგიონებსაც სჭირდება, მაგალითად, სამხრეთ კავკასიას არ აწყენდა, მაგრამ ეს ჩვენზე ადრე ევროპელებმა გაითავისეს -  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამებს ახორციელებდნენ, ახლა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაა აქტუალური. რა ძალა დასდგომია ფუფუნებაში მცხოვრებ ევროპას, შრომით მოძიებული თანხის ნაწილი სამხრეთ კავკასიაში უკეთესი ცხოვრების ასაწყობად დახარჯოს?! სამწუხაროდ, თავად (მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ) ვქმნით ხელოვნურ ბარიერებს გზაზე, რომელზეც გვეპატიჟებიან. ბარიერებში ვგულისხმობ კანონებს მიგრაციის, სურსათის უსაფრთხოებისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების შესახებ. ხელისუფლებას არ უნდოდა და არ იღებდა ამ კანონებს, რომელთა გარეშე ევროპაზე ოცნება ფუჭი იქნება.