"ვილნიუსის სამიტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. დღეს საქართველო ევროკავშირთან უფრო ინტენსიური და ახალი ფორმატით თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა - ეკონომიკური, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით. პარაფირება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის იხსნება ევროპული ბაზარი - მას შემდეგ, რაც შეთანხმების პარაფირებას დაამტკიცებს ევროკავშირის ყველა წევრი-სახელმწიფო. არა მგონია, ამას მაინცდამაინც დიდი დრო დასჭირდეს", - აცხადებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ფრთხილად უნდა ვიყოთ!" / "პარაფირება საქართველოს მიმართ კეთილად განაწყობს უცხოელ ინვესტორებს".
"რა თქმა უნდა, რასაც საქართველოში ვაწარმოებთ, მაშინვე ვერ მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე. თუმცა სერიოზული სტიმული მიეცემა ეკონომიკის განვითარებას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, გამრავალფეროვნებას, რომ შეესაბამებოდეს და პასუხობდეს ევროპულ სტანდარტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პარაფირება საქართველოს მიმართ კეთილად განაწყობს უცხოელ ინვესტორებს, მათ გაუჩნდებათ აქ ინვესტიციების დაბანდების სურვილი. უნდა ვიყოთ რეალისტები - არავინ არაფერს გვაჩუქებს, უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება გვეძლევა და ევროკავშირი გვპირდება თანამშრომლობას, როგორც თანასწორთან. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, პოლიტიკურ დიალოგს და ა.შ. ყველა ეს ელემენტი ნიშნავს ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის შემდგომ ეტაპს და პოლიტიკურად მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
"ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მჯერა, უვიზო რეჟიმი არ არის მრავალი წლის პერსპექტივა, უვიზო რეჟიმი უკვე შესთავაზეს მოლდავეთს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს საქართველოს ინტერესები შეილახა. საქართველოსა და მოლდავეთს შორის არის განსხვავება სავიზო და საემიგრაციო პოლიტიკის მხრივ - საქართველოს მეტის გაკეთება მოუწევს იმის დასადასტურებლად, რომ ევროპისთვის საიმედო პარტნიორია - პირველ რიგში, უნდა გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის კუთხით და საიმიგრაციო პოლიტიკის დარგში. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მთავარია, გავაანალიზოთ, იყო თუ არა ყველაფერი გათვლილი. ამ პროცესში გაჩნდება კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ამას დრო დასჭირდება და მოლდავეთმა ეს უკვე გააკეთა", - განმარტავს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
"რუსეთი საქართველოზე ზეწოლისთვის ყველა საშუალებას გამოიყენებს, ამას საქართველომ უნდა დაუპირისპიროს მტკიცე ნებისყოფა, ცივი გონება, მაგარი ნერვები და კეთილგონიერება საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებით და რეაქციებით. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველო წინ აღუდგეს ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ფხიზლად უნდა ვიყოთ! არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება - არც ბაზრის ხელმეორედ დაკეტვის და არც შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში სახელმწიფოები არ იღებენ. საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთად დგომისა და კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში, ასეთი სირთულეების დაძლევა შესაძლებელია. ამის რესურსი სახელმწიფო აპარატს ნამდვილად აქვს", - მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი.
"საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დახმარების იმედი და ამაზე კამათი არც შეიძლება. მთავარია, რომ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა კეთილგონიერების ფარგლებში იყოს დაგეგმილი და რეალიზებული. ასევე, მთავარია, რომ მხოლოდ სხვის იმედად არ ვიყოთ და გამოწვევებს ერთიანობა და სიმშვიდე დავუპირისპიროთ. რა თქმა უნდა, საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით სამხრეთ კავკასიაში ორთქლმავლის როლს ასრულებს და სწორედ ჩვენს ქვეყანაზეა დამოკიდებული, ექნებათ თუ არა ევროპისკენ წინსვლის შანსი ჩვენს უახლოეს მეზობლებს", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ საქართველოს სანქცია დაუწესა, რადგან რუს დეპუტატ ვასილ ლიხაჩოვს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა. არადა, ლიხაჩოვს დარღვეული ჰქონდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და წესით, ეს უნდა სცოდნოდათ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს"... - პასუხობს:
"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უსიამოვნოა, თუმცა ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიაჩნია, რომ შეზღუდვები არ უნდა ვრცელდებოდეს დეპუტატებზე. თუმცა საქართველომ თავისი კანონმდებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვას და პარალელურად, დაიწყოს დიალოგი საპარლამენტო ასამბლეასთან, რათა ზემოხსენებული პრობლემა მოგვარდეს".