საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში ჩატარდება. ამასთან, ცაგარეიშვილი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას კატეგორიულად აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, სამთავრობო კარუსელი არ დატრიალდება:
- საკადრო ცვლილებებზე მსჯელობა არასერიოზულია - არავინ არავის შეცვლას არ აპირებს. სტაბილურობა, რომელიც მთავრობაში შევინარჩუნეთ, გადამწყვეტია - მინისტრებს კონკრეტული დავალებები აქვთ. მოკლედ, ვიღაცები კარგს იზამენ, თუკი პოლიტიკურ ჭორაობას თავს დაანებებენ და სხვა საქმით დაკავდებიან. საერთოდ, შიშს ძალიან დიდი თვალები აქვს. ამიტომაც ამტკიცებს უმცირესობა, ბიუჯეტი გარღვეულიაო, მაგრამ ეს სიცრუეა. საშემოსავლო ნაწილში თანხები დაგვაკლდა, მაგრამ ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. ყველა ვალდებულება, რომელიც ბიუჯეტმა გასაცემი თანხების - პენსიები, დახმარებები, ხელფასები - თვალსაზრისით იტვირთა, გასტუმრებულია.
- ბატონო გია, თქვენი ოპონენტები მხოლოდ ბიუჯეტის შეუვსებლობაზე კი არა, იმაზეც წუხან, რომ ქვეყანაში ინვესტიციები აღარ შემოდის და ყველა დაგეგმილი მსხვილი პროექტი შეჩერდა...
- მართალია: მსხვილი პროექტები შევაჩერეთ და ეს შეგნებულად გავაკეთეთ.
- რატომ?
- მავნებლობის გამო კი არ გავაჩერეთ, არამედ, ყველგან ადეიშვილის, კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვების მსახვრალი ხელი ჩანდა. ეს აბსოლუტურად კორუფციული სქემა და გარიგება იყო - ტენდერები მოგებული გაკოტრებულ კომპანიებს ჰქონდათ. შემდეგ კი, ე.წ. ქვემო მოიჯარეებს ეძებდნენ და ფულის გათეთრების მთელი რიგი სქემები არსებობდა. მაგალითისთვის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ტენდერს მოვიყვან, რომელშიც ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო ჩართული. ამიტომ ამ გზის მშენებლობა შევაჩერეთ და თანხა ხაზინაში დარჩა. სწორედ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არდახარჯული დანაზოგით მივიღეთ 500 მლნ ლარზე მეტი, რომელიც მოხმარდება სოციალურ ვალდებულებებს! ის პროექტები, რომლებიც ჩაიშალა, მომავალი წლიდან განხორციელდება. აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულია შეთანხმება რუსთავი-თბილისის გზასთან დაკავშირებით. მთლიანად კონტრაქტი გადაისინჯა და გაჩნდა ძალიან კარგი ერთ-ერთი პუნქტი, კერძოდ, მეწარმეს, რომელიც დაიწყებს ამ პროექტის მშენებლობას, ექნება ვალდებულება, რომ მშენებლობაზე 40-50% საქართველოს მოქალაქეები დაასაქმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი დასაქმდება და ეს მაშინ, როცა რუსთავის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია. სხვა პროექტებიც, რა თქმა უნდა, განახლდება - გამჭვირვალე, კონკურენტუნარიან გარემოში, უზარმაზარი პროექტების მშნებელობაზე მონოპოლისტური ფასები აღარ იქნება.
სხვათა შორის, ზემოხსენებული დაზოგილი თანხები პენსიების, ხელფასების ზრდისკენ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული ოჯახებისკენ გადავისროლეთ. ყველაფერი ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება. ეკონომიკაში კი, დადებითი ტენდენციები მეოთხე კვარტლის დასაწყისიდან იქნება, რაზეც სავალუტო ფონდი, “იბიარდი” და სხვა მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეებიც საუბრობენ - მათ საექსპერტო კვლევებს ხშირად წყალი არ გაუვა. ისინი ამბობენ, რომ მომავალ წელს საქართველოს ექნება 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.
- ბატონო გია, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ბიუჯეტის სეკვესტრზე რას იტყვით?
- არავითარი ბიუჯეტის სეკვესტი არ გვემუქრება! სეკვესტრი მაშინაა, როცა დაცულ მუხლებს შემოსავალი აკლდება და როცა სახელმწიფო, მაგალითად, იტყვის, 2013 წლის პენსიას ვეღარ გავცემ, ფული არ მაქვსო. ამგვარი რამ მოსალოდნელი არაა! ასე რომ, თუ ჩვენ ეკონომიკის სტაგნაციას განვიცდით, ეს მსოფლიო ეკონომიკისთვისაცაა დამახასიათებელი, რომელიც კრიზისიდან ჯერ ვერ გამოსულა. ეკონომიკის ტემპის ვარდნას თვალი რომ გადაავლოთ, მატება მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს, რომელიც ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებელია. ყველა დანარჩენ ქვეყანას კი, ვარდნა ახასიათებს და მძიმე მდგომარეობაშია. ქართულ ეკონომიკაში ვარდნა 2012 წლის მეორე კვრტლიდან, ანუ საპარლამენტო არჩვენებამდე 5 თვით ადრე დაიწყო, რაც ბიუჯეტსა და შემოსავლებსაც ეტყობოდა. შემდეგ, არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ბიზნესის განვითარება, რა თქმა უნდა, შეაფერხა... დანის წვერზე გავიარეთ - კინაღამ სამოქალაქო ომში გადაგვჩეხა სააკაშვილმა... შემდეგ იყო საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც სააკაშვილის მიერ გაჩაღებული წარმოუდგენელი პიარ-კამპანია - „არ ჩამოხვიდეთ საქართველოში და არ ჩადოთ ინვესტიცია, რადგან ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები არიან!” - ახლდა. ამას ჩვენზე ამბობდა ადამიანი, რომელიც 1500-ლარიან ბოსელში ადამიანს 4-მილიონად ასახლებდა და ამ თანხით რაბათის ციხეს აშენებდა. პარალელურად, ხდებოდა ბიზნესების დატერორება და წართმევა, ფასადური მშენებლობები, ფულის „შეწერვა“, რასაც მონოპოლიებიც ემატებოდა. „კონკურენციის შესახებ კანონს“ მომავალ წელს მივიღებთ და გვინდა, რომ ამ ქვეყანაში მონოპოლიური რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს!
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნება” საწვავის გაიაფების პირობას დებდა. ბენზინი რატომ არ გაიაფდა?
- ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ სახელმწიფო სისტის ერთიანი სქემა მოვიფიქრეთ და საწვავი ოთხი კომპანიიდან 1.90 ლარად ვიყიდეთ და არა - ერთისგან. ეს აბსოლუტურად შეგნებულად გავაკეთეთ - ნავთობპროდუქტების იმპორტიორები წავახალისეთ. მათთან მუშაობას ვაგრძელებთ და არ გამოვრიცხავ, რომ ნავთობის ფასმა, მართლაც, დაიკლოს, ოღონდ ამას ბევრად უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ მხრივ ჩვენი გათვლები უფრო ოპტიმისტური იყო. ჩვენი დაპირება შეიძლება, გამოუცდელობასაც დავაბრალოთ, რადგან ხელისუფლებაში არასოდეს ვყოფილვართ. ხელისუფლებაში წრფელი გულითა და სუფთა ხელებით მოვედით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ ვაპირებთ ვინმეს ჯიბეში ხელების ფათურს, ბიზნესის ტერორს, ბიუჯეტის შეკერვას თეთრი ძაფით. თუ გაგვიჭირდება, ყველას ერთად გაგვიჭირდება, დალხენილი ცხოვრებაც ყველას შეეხება. ჩინოსნის ყოფა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისგან არ უნდა განსხვავდებოდეს!
- კარგ ცხოვრებამდე რეალობა ისაა, რომ არაერთი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს...
- ზამთარი ახლოვდება და გადავწყვიტეთ, რომ ახალი ინიციატივით მივმართოთ საქართველოს მთავრობას: იმ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში, რომელიც სათბობი შეშის გაცემას აწესრიგებს, მთავრობის პირველივე სხდომაზე ცვლილებები შევა. ვფიქრობთ, რომ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს 7კბმ შეშა უნდა დაურიგდეთ. გამგეობებიდან სიები უკვე გვაქვს და როგორც კი ეს ინიციატივა ძალაში შევა, ეროვნული სატყეო სააგენტო ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფას წინ არაფერი დაუდგეს. საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფასაც ვგეგმავთ. ამ მიმართულებით, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, რუსული აგრესიის შემდეგ, წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული და იქ მცხოვრები ადამიანები ბედის ანაბარად იყვნენ. ახლა, საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ, ტყის სავარგულები საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩა და ამიტომ, ამ ხალხს ალტერნატიული წყაროს შეთავაზება სჭირდება.
- რამდენ ოჯახზეა საუბარი?
- სამწუხაროდ, დაუცველთა ბაზაში ათიათასობით ოჯახია რეგისტრირებული.
სხვათა შორის, ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას ჰქონდა ადგილი, როცა ხალხის სათბობი შეშით უზრუნველყოფა გიჭირს და ამ დროს შემოგყავს უცხოელი ინვესტორი და უზარმაზარ სავარგულებს აძლევ. ეს ბენდუქიძის პროექტი გახლდათ, რომელმაც მოსახლეობა ძალიან დააზარალა.
- ბატონო გია, ამბობენ, რომ დაჭერების ახალი სერია დაიწყება, რაც მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება, რადგან მას იმუნიტეტი აღარ იცავს...
- ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, განაჩენი კი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავე მრავალ ქმედებაშია - ცხრა წელი აყალიბებდა არაადამიანურ რეჟიმს. რა ვერდიქტს გამოიტანს, ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ ჩვენ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების დევნას არ ვაპირებთ! თუ დანაშაული არ ჩაუდენია, სისხლის სამართლის დევნას ვერ დაექვემდებარება. ისე, იმუნიტეტი ადამიანს, რა რანგის თანამდებობაც უნდა ეჭიროს, იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს და თუ დანაშაული ჩაიდინა, პასუხიც უნდა აგოს.
- გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილს დასავლეთში მხარდამჭერები ჰყავს...
- მესმის, რომ სააკაშვილს დასავლეთში მეხოტბეები ჰყავს, რომლებიც მისგან დემოკრატიის სახეს ძერწავდნენ, მაგრამ ისინი ახლა დაზაფრულები არიან იმიტომ, რომ ყველაფერი საპნის ბუშტი აღმოჩნდა - სააკაშვილი თავის ხალხს გამალებით ებრძოდა, რისი გაგებაც დასავლეთში უჭირთ და, ალბათ, იმიტომ, რომ იქ მამაკაცებს ცოცხებით არ აუპატიურებენ, არც მიტინგებს არბევენ! მათ, ვინც ამას აკეთებდა, რა მოვუხერხოთ? ყბადაღებულ კოჰაბიტაციას შევწიროთ საზოგადოება და სამართლიანობის აღდგენა? - ამას არ ვიზამთ. ფრანგებს კოჰაბიტაცია რატომ მაშინ არ გაახსენდათ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტური მთავრობა რომ დასაჯეს? კოჰაბიტაცია რატომ ჩილეში არ გაახსენდათ, პინოჩეტს ღრმა სიბერემდე რომ დევნიდნენ? თუკი ესპანეთისთვის, იტალიისა და საფრანგეთისთვის დამნაშავეების დასჯა შეიძლებოდა, საქართველოსთვის ეს რატომ არ შეიძლება? ქართველმა ფაშისტმა და კრიმინალმა უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა იმ მიზნით, რომ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ეს დასაშვებია? ამიტომ, სხვის საქმეში არ ვერევით და მივესალმები, თუკი სხვებიც ასე მოიქცევიან!
ვიცი, რომ ადეიშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უნგრეთი მალავს, რაც ძალიან უხერხულია. უნგრეთიც, საქართველოს მსგავსად, “ინტერპოლის” წევრია. ამიტომ, უმჯობესია, გვასწავლოს, როგორია დემოკრატია და არა - დამნაშავეების მფარველობა. არ შეიძლება, კრიმინალები თავისუფლად დანავარდობდნენ, ასეთ ადამიანებს ვეძებთ და სადაც უნდა დაიმალონ, მაინც ჩამოვიყვანთ! მათ, ცხრა წლის განმავლობაში, უდანაშაულო ადამიანის გვამებზე იარეს და ამაში, სამწუხაროდ, დიდი წვლილი მიუძღვის ბევრ გავლენიან დასავლელ მფარველს. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ეს უნდა გაიგოს უნგრელმა, ფრანგმა და რუსმაც.