რომ არა დროული ჩარევა და ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდება, პანკისის ხეობაში სერიოზული კონფლიქტი იგეგმებოდა, რისთვისაც წინა ხელისუფლებას სწორედ ის “ბოევიკები” უნდა გამოეყენებინა, რომელთა შესახებაც ჯერ “უოლ სტრიტ ჯორნალი”, შემდეგ კი რუსული “ბი-ბი-სი” წერდა. გვინდა თუ არა, ეს ისეთი საქმეა, რომელშიც საქართველოს “ნაციონალი” ხელისუფლებისა და რუსეთის ინტერესები რატომღაც ერთმანეთს ემთხვეოდა: ერთი ცდილობდა, საქართველო ჩეჩენი “ბოევიკების” გადასაადგილებლად გამოეყენებინა და ამით პანკისის ხეობა “ალ-ქაიდასა” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სერიოზულ დასაყრდენად ექცია. მეორე კი, საერთაშორისო ასპერაზზე საქართველოს იმიჯის გასაფუჭებლად აქტიურად ზრუნავდა... რუსეთმა სირიაში მებრძოლ “ქართველ ჩეჩენთა” თემა ვილნიუსის სამიტის წინ კიდევ ერთხელ წამოსწია - რუსულმა “ბი-ბი-სი”-მ იმ ადამიანებზე, რომლებიც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა... “რამდენიმე წლის წინ, პანკისელი ახალგაზრდა ვაჰაბიტები ჩრდილოეთით, ჩეჩნეთში მიდიოდნენ, სადაც დოკუ უმაროვის “კავკასიის ემირატის” შენაერთების რიგებში იბრძოდნენ. 2011 წლის მარტიდან, როდესაც სირიაში ამბოხება დაიწყო, ჩეჩნების უმრავლესობა სამხრეთისაკენ გაემართა სუნიტი ამბოხებულების დასახმარებლად, რომლებიც შიიტი პრეზიდენტის, ასადის დასამხობად იბრძვიან”, - წერს რუსული “ბი-ბი-სი”. საიდუმლო არაა, რომ ქართულ ჯარში გაწვრთნილი და 2008 წლის ომის მონაწილე სერჟანტი თარხან ბათირაშვილი სირიაში ერთ-ერთი შენაერთის მეთაურია და იქ ომარ ალ-შიშანის, იგივე ომარ ალ-ჩეჩენის სახელით იცნობენ. სირიაში დიდ წარმატებას მიაღწია მეორე პანკისელმა ჩეჩენმა, ასლან მაჩალიკაშვილმაც. სწორედ მათზე სტატიის მოსამზადებლად ჩამოვიდა საქართველოში “უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტი ალან კულისონი. მაშინ კავკასიის საკითხების ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ამტკიცებდა, რომ კულისონი გიგა ბოკერიას მეგობარია: “მაქვს ეჭვი, რომ პანკისის ხეობის შესახებ გორდება ახალი საერთაშორისო სკანდალი, რომლის საფუძველიც გახდება კულისონის გამოძიება. პანკისის ხეობა გამოცხადდება “ალ-ქაიდას” მხარდამჭერების ბუდედ. საქართველოს გამოიყენებენ, როგორც სატრანზიტო მარშრუტს რადიკალური ისლამის მებრძოლებისათვის, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში. ამით რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ საქართველოზე მორალური და ფიზიკური ზეწოლა გააძლიეროს”. დღეს კი, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ ზემოხსენებული განცხადება გარკვეულ პრევენციულ ხასიათს ატარებდა: “ამიტომ “ბი-ბი-სი”-ს ცნობილი წერილი საქმეს მტრების სასარგებლოდ ვეღარ შემოაბრუნებს”.
ზაალ კასრელიშვილი: - იმის შესახებ, რომ ჩეჩნები სირიაში იბრძოდნენ, განცხადება ორი თვის წინ გავაკეთე და ის ვთქვი, რასაც ახლა შერბილებული ფორმით რუსული “ბი-ბი-სი” ამბობს. როგორც ჩანს, ალან კულისონი, რომელიც აქ იყო ჩამოსული და რომლის მიმართაც პრეტენზიები გამოვთქვი, აპირებდა, ვითარება უფრო გაემუქებინა და საქართველოს ეს ტერიტორია “ალ-ქაიდას” ბუდესთან გაეიგივებინა. თავის უაზრო მართლება არ დაგვიწყია და ვთქვით, დიახ, ჩეჩნები საქართველოდან სირიაში იბრძვიანო. დავასახელეთ იმ საველე მეთაურების სახელები და გვარებიც, რომლებიც იქ არიან. ასევე, ვთქვით, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ახლა ეს აღარ ხდება. მაშინ აპირებდნენ, რომ “გაეკეთებინათ” სკანდალი, მაგრამ ჩვენმა პრევენციამ ყველაფერ ამას ფასი დაუკარგა. ჩვენ მოვიქეცით სამართლიანად და ობიექტურად, როცა ის პროცესები გავაშუქეთ, რაც სირიაში მიმდინარეობდა.
- რა პროცესებს გულისხმობთ, ბატონო ზაალ?
- საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტი, სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, სხვა მუსლიმ ძმებთან ერთად იბრძვის. ამასთან, ახლანდელ ხელისუფლებას შეხება არ აქვს და სირიაში აღარც ქისტები მიდიან. ყველაფერ ამას ხელს წინა ხელისუფლება უწყობდა, ღმერთმა უწყის, რის სანაცვლოდ. ფაქტია, რომ საქართველო დიდ უბედურებაში ეხვეოდა - საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველო გამოჩნდებოდა “ბოევიკების” მომმზადებელ და გადამყვან ქვეყნად.
- ეს “ნაციონალებს” რაში აწყობდათ?
- მაგათ ტვინისას რას გაიგებ? ერთი მითხარით, ის რაღაში აწყობდათ, მოწმეები რომ გაანადგურეს?
- ლაფანყურის სპეცოპერაციის მოწმეებზე საუბრობთ?
- დიახ...
- რუსული “ბი-ბი-სი” წერს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა თავის დროზე დოკუ უმაროვთან იბრძოდა..
- ზოგიერთი ადრე, მართლაც, იყო დოკუ უმაროვთან, ზოგიც - არა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ყველას თავი პანკისის ხეობაში მოუყარა. ეს ადამიანები, მინიმუმ ექვსი-რვა თვე, საქართველოს ტერიტორიით სარგებლობდნენ. რომ არ გარკვეულიყო, თუU როგორ აპირებდა მათ გამოყენებას, სწორედ ამიტომაც ამოხოცა წინა ხელისუფლებამ ლაფანყურში მოწმეები.
- როგორც “ბი-ბი-სი” ამბობს, სირიაში ორასი ჩეჩენი იბრძვის... ისინიც ხომ მოწმეები არიან?
- ეს ტყუილია, ამდენი კაცი არ ყოფილა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი 2010-11 წლებში მოხდა და ამას, უშუალოდ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მაშინდელი სპეცსამსახურები ახორციელებდნენ.
- ჩეჩნები სირიაში საბრძოლველად რატომ აღარ მიდიან? ახალი ხელისუფლების პირობებში რა შეიცვალა?
- ეს პროცესი იმიტომ შეჩერდა, რომ ახალი ხელისუფლების ინტერესებში აღარ შედის საქართველოს ტერიტორიაზე “ბოევიკებმა” იმოძრაონ. წინა ხელისუფლების დროსაც ვერ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება, მას ნებართვა რომ არ მიეცა და არ დახმარებოდა. გარდა ამისა, საზღვარი ახლა უკეთესად კონტროლდება. ვერც ერთმა გარე ძალამ და მებრძოლმა ახალ ხელისუფლებაში თანამოაზრე ვერ იპოვა, რომელსაც გაურიგდებოდა და, მისი დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლიდა.
- სირიაში წვრთნაგავლილი ჩეჩნები ამ გამოცდილებას, თქვენი აზრით, რაში გამოიყენებენ?
- ეს არავინ იცის. კადაფის მებრძოლებს თავიანთი ემირები და შეიხები ჰყავთ და მათ სწორედ ისინი გადაამისამართებენ. ადრეც მითქვამს, რომ სირიაში ომის დამთავრების შემდეგ, ყველა, ვინც იქ საქართველოს გავლით ჩავიდა, შეეცდება უკანვე ამ გზით დაბრუნდეს. მადლობა ღმერთს, რომ პრევენცია მოხდა და საქართველოს გარეთ ჩვენს საწინააღმდეგოდ ასაგორებელ შავ პიარს ორი თვით დავასწარით და ობიექტური რეალობა დავდეთ. ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ ეს არ იყო ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესი. ამ ძალას კი “ნაცმოძრაობა” ჰქვია.
- უცხოელი ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ პანკისის ხეობიდან ჩეჩნების სირიაში წასვლა ამ ხეობაში არსებული არასტაბილური სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო მოხდა...
- ამას რუსული “ბი-ბი-სი” ამბობს, რომელიც ვფიქრობ, რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებს აჟღერებს, რათა ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთს დასავლეთთან საპრეტენზიო ჰქონდეს.
- “კავკასია თავისუფალი არაა, მაგრამ იძულებული ვართ, დავეხმაროთ ჩვენს თანამოძმეებს”, - ასეთია სირიაში წასულ მეომართა მოტივაცია. რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მათმა დაბრუნებამ კავკასიას და, პირველ რიგში, საქართველოს?
- კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც, საერო ცნობიერების კავკასიელების საკმარისი ძალაა, რომ კავკასიაში ახალი, პროვოცირებული კონფლიქტის კერები არ დავუშვათ. ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, ინფორმაციებს ვცვლით. კავკასიელები ერთობლივი ძალით მოვახერხებთ, რომ თავიდან ავიცილოთ პროვოცირებული კონფლიქტები. ასე რომ, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ საქართველო “ალ-ქაიდას” ინტერესებთან გააიგივოს, ჩვენი ტყუილად არ ეშინიათ - საკმარისი ძალა გვაქვს, რომ ვიღაც მამაძაღლებს წინ აღვუდგეთ და ახალი აფხაზეთი და ოსეთი აღარ “გავაკეთოთ”.
- პანკისის ხეობაში ამის საშიშროება არსებობს?
- ახლა აღარ, მაგრამ ძველი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არსებობდა. ლაფანყურში წინა ხელისუფლების მაიმუნობა ჩვენ რომ არ გვემხილებინა, სწორედ პანკისის ხეობის არევა უნდოდა!
- ისე, ლაფანყურის სპეცოპერაცია ახალმა ხელისუფლებამ რატომ არ გამოიძია?
- გამოძიება დასრულებულია. უბრალოდ, ჯერჯერობით ფაქტის კონსტატაცია არ ხდება. ეს ძალიან რთული თემაა, რადგან ამ საქმით, მინიმუმ, სამი ქვეყნის სპეცსამსახური იყო დაინტერესებული.