დავით ზურაბიშვილი: “ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა”

დავით ზურაბიშვილი: “ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა”

“მთავრობის ქმედებები არ არის ადეკვატური, არ იცის, რა ქნას. ძალიან სურს ეს პროტესტი, ასე ვთქვათ, როგორმე გაიწოვოს. თავიდან, 30 აპრილს, სცადეს ახალგაზრდები გაეყარათ რუსთაველიდან, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდების საპროტესტო განწყობა ძალიან სერიოზულია. მგონი, ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვითონვე სჯერა თავისი პროპაგანდის. ის, რომ ახალგაზრდები რომელიღაც ჯგუფის დატრენინგებული არიან, მართლა სჯერათ, ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად, და დანარჩენებიც ისე მოქმედებენ, თითქოს ეს სიმართლე იყოს. პრაქტიკულად, მთელ თაობას უპირისპირდებიან და როგორ შეიძლება გაიმარჯვონ?” - აცხადებს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა”.

“პროტესტი უნდა გაგრძელდეს, სანამ კანონი არ მიღებულა, და სანამ არის შანსი, რომ არ მიიღონ. უნდა გაგრძელდეს, ზუსტად ასეთი, როგორიც ახლაა - დეცენტრალიზებული. სანამ ეს კანონი არ არის მიღებული, შეიძლება ასეთ აქციას უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე მინუსი, როცა ერთი თავი არა აქვს. თუ ეს კანონი მიიღეს, მერე პირიქით იქნება, იმ სტადიას მივუახლოვდებით, როცა საჭირო გახდება ორგანიზაციულ ფორმებზე ფიქრი. თუმცა ყველაფერს მივყავართ იქით, რომ ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და წავიდეს. სცენარის განვითარების ორი ვერსიაა: ერთი, არჩევნებამდე ხელისუფლების გადატეხა ხერხემალში, მაგალითად, როგორც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა იმდენად დემორალიზებული იყო კომუნისტური რეჟიმი, რომ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა ეროვნულ მოძრაობას. სანამ ზვიად გამსახურდია არჩევნებში გაიმარჯვებდა, ფაქტობრივად, ის მანამდე იყო მმართველი, მანამდე ჰქონდა მოგებული, მერე ოფიციალურად, არჩევნებით გაფორმდა. მეორე ვარიანტია, როცა არჩევნებამდე ვერ გატეხ ხელისუფლებას, მაგრამ მოუგებ არჩევნებს. მაგრამ მერე აქაც მოდის ორი ვარიანტი: ხელისუფლება იძულებული ხდება სხვადასხვა გარემოების გამო აღიაროს შედეგები და წავიდეს, და მეორე ვარიანტი - მიდის აშკარა გაყალბებაზე, იღებს რევოლუციურ პროტესტს და საბოლოოდ მაინც მიდის”, - დავით ზურაბიშვილი.

“მე უფრო რეალისტური მგონია, თუ კანონი გაიწვიეს, ეს იქნება ხელისუფლების სასტიკი დემორალიზაცია და მას წაგებული აქვს არჩევნები. ამ შემთხვევაში წინასწარ დამარცხდება ხელისუფლება და ელექტორატი ფორმალობა იქნება. ეს ხელისუფლება, ძირითადად, იმაზე დგას, რომ უამრავ ადამიანს მიაჩნია ის ძალაუფლებისა და ფულის წყაროდ. თუ ვიქნები ამათთან, ცხოვრებაში ხეირს ვნახავო, ამას ფიქრობს გაჭირვებული კაცი, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ დათმო და კანონი უკან წაიღო, გამოდის, სუსტია, ეს კი ასეთი ტიპის ხელისუფლებისთვის, რომელიც აღარ დგას ხალხის ნდობაზე, დამანგრეველია, მხოლოდ იმიჯი აქვს, რომ ძლიერია. ამიტომ აუცილებლად წააგებს. მე რომ მკითხოთ, ყველა ვარიანტში წაგებული აქვს, მაგრამ კანონის უკან წაღებით არჩევნებამდე წინასწარ ექნება წაგებული. ამიტომ შეეცდებიან გადააგორონ ეს ტალღა და მიიღონ კანონი. ამის მერე მათი იმედი რა იქნება? ლოცვას გააძლიერებენ, რომ ახალგაზრდები დაიშალონ და ხელისუფლება დარჩეს კვლავ ოპოზიციასთან ერთი-ერთზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც ფინალი ერთი იქნება - წააგებენ. როგორც ამბობენ, “ზღაპრის ბოლო კეთილია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს არის ერთი ადამიანის სრულიად არაჯანსაღი, რეალობას აცდენილი წარმოდგენები და მისი გარემოცვა მზად არის მის არაჯანსაღ ხედვებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა, დაანგრიოს წლობით ნაშენები დასავლეთთან, ევროპასთან დამყარებული კავშირები. იმ დროს, როდესაც ჩვენთვის ევროკავშირის კარი ღიაა და პრინციპში ძალიან მცირე მონდომებაა საჭირო, რომ იმ კარში შევიდეთ, ამ დროს ხელისუფლებას რუსეთისკენ მივყავართ. არ ვიცი, ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს. ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებამდე პერიოდი. ამ კანონის გამო საპროტესტო გამოსვლების მუხტის შენარჩუნებაა საჭირო. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ იმოქმედოს. ეს ახალგაზრდები ივლიან, ივლიან, მაგრამ როდემდე? ოპოზიციის პრობლემაა, რომ არ არის ერთგვაროვანი. მას ასე გავყოფდი: ერთი “ნაცმოძრაობა” და მისგან გამომავალი პოლიტიკური ძალები, ვთქვათ, როგორიც არიან “ახლები” “სტრატეგია აღმაშენებელი”. ამ უკანასკნელს უფრო ნაკლები პრობლემა აქვს, სტაბილურად არის და 5%-იან ბარიერსაც გადალახავს არჩევნებში”, -მიიჩნევს პოლიტიკოსი.

“ძალიან სერიოზული პრობლემაა ის ფლანგი, რომელიც არ არის “ნაცმოძრაობიდან” გამოსული. ესენი არიან გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, “ლელო” და “გირჩი”. ვერ ხერხდება ძლიერი გაერთიანების ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, უპირველესად ეს არის გასაკეთებელი, რათა ხელისუფლების დამარცხებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. არც ერთი პარტიის რეიტინგი არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ნაცფლანგი იქნება თუ არანაცფლანგი, ერთმანეთში რა ანგარიშიც უნდა ჰქონდეთ, უნდა გააცნობიერონ, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა, აბსოლუტური კატასტროფაა. ეს ხელისუფლება თუ კიდევ დარჩა და წლის ბოლომდე არ შეიცვალა, ალბათ, პოლიტიკური ორღობე ვიქნებით ან შესაძლოა ყოველივე ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები დაიწყოს. ივანიშვილი იმდენად ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და იმდენად არაადეკვატურია მისი წარმოდგენები, იმდენად უპასუხისმგებლო და შუბლის ძარღვგაწყვეტილი გუნდი ჰყავს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.

“ხალხში სრულიად სხვა განწყობაა. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ახლანდელი აქცია 29 აპრილის ხელისუფლების აქციას. ყოველდღე თავისი სურვილით ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოდის ქუჩაში - ახალგაზრდებიც, შუახნის ხალხიც და მოხუცებიც, 29 აპრილის კი მთავრობამ ძალითაც კი ვერ მიიყვანა ამდენი. მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს ხალხი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი იქნა მობილიზებული, მაგრამ მაინც ვერ შეკრიბეს, თანაც იქ მყოფთა 80%-ს არც აინტერესებდა, იქ რას ლაპარაკობდნენ. ტაშის დამკვრელები და პარტაქტივი ანუ ის ხალხი, ვინც ყვიროდა, წინა ფლანგზე ჰყავდათ განლაგებული. როგორც კი მორჩა გამოსვლები, 5 წუთში დაცარიელდა იქაურობა. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება ხალხში არ არის პოპულარული, მაგრამ ამას საარჩევნო ხმებში კონვერტაცია სჭირდება, ოპოზიციის სანდოობაში გადაცვლა და ეს არ არის მარტივი ამოცანა. ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, საკოორდინაციო საბჭოსმაგვარის შექმნაა. ყველაზე სასურველი ეს პრეზიდენტთან იქნებოდა”, - თვლის რესპონდენტი.

“შესაძლოა ცალ-ცალკე “ლელოსაც” და გახარიას პარტიასაც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ უყურებს ივანიშვილი ამ ორ პარტიას, არა ვარ დარწმუნებული, რომ არ გაუყალბებს შედეგებს, რადგან როცა 5%-ის მიდამოებში ხარ, 6%-ის აღება არ კმარა, რომ 5% დაიწერო. მეტი უნდა აიღო - 10-12% მაინც, ესენი კი ამხელა პროცენტის ამღებები არ არიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს. ჩვენ საქმე გვაქვს არაადეკვატურ ლიდერთან, რომელსაც მისი უპასუხისმგებლო გუნდი მიჰყვება. არავინ იცის, რა იქნება თუნდაც კანონის მიღების შემდეგ, რა სანქციები წამოვა ევროპიდან, მივალთ კი არჩევნებამდე? თუ მივედით, მივიდეთ, მანამდე არ არის სასურველი დიდი მღელვარება. არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც არა ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება აღიარებს მარცხს. ისინი არც განიხილავენ დამარცხებას და ხელისუფლებიდან წასვლის თეორიულ შესაძლებლობასაც კი. ამიტომ, თუ დამარცხდნენ, როგორ მოიქცევიან, თვითონაც არ იციან”, - ამტკიცებს პოლიტიკოსი.

“ამიტომ ჯერ აუცილებელია რაღაც კონფიგურაციის ჩამოყალიბება, ისე, რომ საპროტესტო მუხტი არ განელდეს. შესაძლოა ერთი დიდი გაერთიანება სულაც არ იყოს კარგი. როგორც პრეზიდენტმა თქვა, შეიძლება იყოს რაღაც ტექნიკურ ხელისუფლებასავით, თუმცა როგორ მოხერხდება, არ ვიცი. სტრატეგიაც და ტაქტიკაც ისეთი უნდა დასახონ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ ანტისახელისუფლებო განწყობის მაქსიმალური კონვერტაცია საარჩევნო ხმებში. საზოგადოებას რა რეაქცია ექნება, ამისთვის არსებობს სოციოლოგიური კვლევები. მუშაობაა საჭირო, უნდა გაარკვიონ, რას და როგორ გააკეთებენ და მერე იმოქმედონ. კიდევ ერთი - ჩემი აზრით, პრეზიდენტმა რომ პოსტი დატოვოს და ჩაერთოს საარჩევნო მარათონში, არ იქნება სწორი. ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც, ასე თუ ისე, ევროპული კურსის ადეპტია. სალომე ავტორიტეტია, სანამ პრეზიდენტია. პრეზიდენტი რომ არ იყოს, რიგითი ოპოზიციონერი იქნება და ხელისუფლებასაც მიეცემა გაცილებით მეტი ბერკეტი. ამიტომ ჯობია იყოს პრეზიდენტი და დარჩეს არჩევნებისთვის”, -დასძენს დავით ზურაბიშვილი.

მერაბ.g ესევ ერთი იქიდან დაფინანსებულთაგანია და ასეთია ძალიან ბევრი, მათ შორის ისეთებიც რომელთაც ყოველდღე ვუყურებთ და თითქოს საქართველოზე ძალიან რომ შეტკივათ გული ... ძალიან ვხალისობ პარასკევობით ეს და მეორე ამაზე სულელი მ მეტრეველი ვითომ რაღაცეებზე რომ მსჯელობენ ...უმეტესეად იმ საკითხს არ იცნობენ ბოლომდე, რაზეც მსჯელობენ და ჯარისკაცის მამის რუსულივით "აანალიზებენ"
2 კვირის უკან