პუტინის სატანური მანერა, ანუ გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინისთვის

პუტინის სატანური მანერა, ანუ გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინისთვის

მე ვკითხულობ თქვენს აზრებს უკვე დიდი ხანია და არა მარტო თქვენს აზრებს...”; “მე ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მთელ მსოფლიოში, მე ვაგროვებ ემოციებს”, - ეს ფრაზები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პლანეტის ზესახელმწიფოს, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუბრისას წარმოსთქვა.

ძალიან საინტერესოა, როგორი ემოცია ექნება პუტინს 28 თუ არა, 29 ნოემბერს მაინც? და ძალიან სანტერესოა, როგორ ხასიათზე ვიქნებით ჩვენ, ქართველები? რა თქმა უნდა, ვილნიუსის სამიტი მაქვს მხედველობაში. ბოლოს და ბოლოს, თუ ნატო არა, ჯერ ვერაო, გვეუბნებიან, ევროკავშირში ასოცირებულ წევრობას ხომ გვთავაზობენ?! მთავრობა მზადაა, ოპოზიციაც და ხალხიც (ისე, ხალხი ყოველთვის ყველაფრისათვის მზადაა). მზადაა ვილნიუსიც (6 ქვეყანას გადასცა ოფიციალური მოწვევა და მხოლოდ ორნი - მოლდოვა და საქართველო შევრჩით მსურველები) და აბა, რაღა ჯანდაბა უნდა მოხდეს?! ან მეტეორი უნდა ჩამოვარდეს, ან...

პუტინი ზის, აზრებს კითხულობს და რასაც კითხულობს, როგორც ჩანს, აწყობს.

სხვათა შორის, ბოლო დროს, ჩემს თავს შევამჩნიე, რომ პუტინის ფენომენი როგორღაც მხიბლავს, უფრო სწორად, მნუსხავს. იმდენი ცუდი წამიკითხავს და დამიწერია მასზე, რომ  “ტოლსტოისა” და ანა კარენინასი არ იყოს, ამდენ კითხვა-წერაში, როგორც ჩანს, შემიყვარდა (ფუი ეშმაკს?!).

ლევ ნიკალაიჩი ტყუილად არ გავიხსენე: როდესაც მწერალი თავის, მართლაც, უკვდავ ქმნილებას, “ანა კარენინას” ქმნიდა, თავდაპირველად ანა უარყოფით გმირად, უზნეო, მოღალატე ქალად ჰქონდა მოაზრებული, მაგრამ წერის პროცესში შეყვარებია, თურმე, და ისე გამოძერწა თავისი გმირი, რომ დღემდე აღელვებს, ხიბლავს და ნუსხავს მკითხველს. ვფიქრობ, მეტისმეტი ბელეტრისტიკა გამოდის და ჯობია, მთავარ თემას - ვილნიუსის სამიტს დავუბრუნდე.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ვილნიუსის სამიტი

როგორც ცნობილია, 16 ოქტომბერს ვილნიუსში, საზეიმო ვითარებაში ექვსი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მისიებს ოფიციალურად გადაეცათ მოწვევა “აღმოსავლეთის პარტნიორების” სამიტზე, რომელიც ევროკავშირის ეგიდით, 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება.

სამიტზე დაგეგმილია ხელშეკრულების დადება ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე თავისუფალი ვაჭრობის სფეროში. საქართველოსათვის ასეთი ხელშეკრულება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირველი დიდი და სერიოზული ნაბიჯი პროდასავლური პოლიტიკის კუთხით. ევროკავშირის ასოცირებული წევრობა საქართველოს გზას უხსნის დასავლეთისაკენ და, რა თქმა უნდა, - ნატო-სკენ.

28 ოქტომბერს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა: “ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ მისწრაფების პოზიტიური მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს”.

მას შემდეგGგავიდა ერთი თვე და 6 კანდიდატიდან მხოლოდ 2 დარჩა - საქართველო და მოლდოვა. ბელარუსმა და სომხეთმა, თავისივე სურვილით(?!) იმ თავითვე უარი განაცხადეს. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ არც აზერბაიჯანს აინტერესებს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა. სამიტამდე ერთი კვირით ადრე კი, უკრაინის მთავრობამაც უარი თქვა და მთელი დასავლეთ უკრაინა აღსდგა მთავრობის წინააღმდეგ. ყველა ამ უარის უკან, მეტ-ნაკლები ზეწოლით, პუტინი დგას.

 რატომ თქვა უარი ოთხმა ქვეყანამ

ბელორუსი ტიპური ავტორიტარული სახელმწიფოა, “სოვეტების” ტიპური გადმონაშთი. ალექსანდრე ლუკაშენკო 1994 წლიდან მართავს ამ ქვეყანას და დღემდე შეუცვლელია(?!). იგი 19 წელია, პრეზიდენტობს ბელორუსში და ისე შეეზარდა ამ პოსტს, რომ არანაირი დასავლური ხიბლი მასზე არ მოქმედებს, მით უმეტეს, - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული რეფორმები და სხვა ამნაირი ამბები. ბატონი ლუკაშენკო ტიპური “მუჟიკია” (არაერთხელ უთქვამს თავის თავზე), ასე “მუჟიკურად” მართავს თავის ქვეყანას და დიდად არც ვინმე ეწინააღმდეგება.

მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, დემოკრატიის სიოც კი არ ქრის ბელორუსში. გარკვეული უთანხმოება პუტინთან, სამიტის თემასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობის საგანი იყო. ბატონ ლუკაშენკოს, როგორც “მუჟიკს” და როგორც პრეზიდენტს, თავისი მსუყე “კუში” სჭირდებოდა პუტინისეულ “ევრაზიულ საბაჟო კავშირიდან” და, როგორც ჩანს, ამის მყარი გარანტია მიიღო.

რაც შეეხება სომხეთს... მამა-მარჩენალმა პუტინმა კრემლში მიიწვია სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი (პატივი დასდო), პირისპირ ისაუბრეს (სავარაუდოდ, აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, “ევრაზიული საბაჟო კავშირის” წევრობაზე, დიდ ლგოტებზე), რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა. სომხეთი უარს რომ იტყოდა დასავლეთზე, ცხადზე-ცხადი იყო - რომ არა რუსეთი, სულ მცირე, ორი საუკუნის წინ, სომხეთი ისტორიის საკუთრება გახდებოდა.

აზერბაიჯანი კი, მიუხედავად პუტინის ზეწოლისა (ისიც მიწვეულ იქნა “უფროს ძმასთან”, კრემლში), ყოველთვის და ყველგან, შეძლებისდაგვარად, თავის თამაშს თამაშობს - კასპიის ზღვის ნიავი უკვალავს გზას. როგორც კულუარებიდან გახდა ცნობილი, ილხამმა “უფროს ძმას” სერიოზული საყვედური შეჰბედა, სომხეთს რატომ “აჯეჯილებ” ჩემს მიწებზეო... ერთი სიტყვით, კუთხეში მიაყენა, მაგრამ რეალურად, მნიშვნელოვანი ვერაფერი დაპირება მიიღო პუტინისაგან. რუსეთისათვის აზერბაიჯანი ის კუთხეა, სადაც თავის მართლება უწევს და ამის იქით საქმე ვერ მიდის.

თუმცა, აზერბაიჯანი მაინც უარს ამბობს ევროკავშირში ასოცირებულ წევრობაზე და რატომ? აზერბაიჯანშიც, მეტ-ნაკლებად, ბელორუსის სინდრომია: ქვეყანაში დინასტიური მმართველობაა - ალიევების დინასტია კომუნისტების დროიდანაა სათავეში და დემოკრატია და ამნაირი ამბები ტახტის მემკვიდრე ილხამს არ აწყობს.

მაგრამ, აზერბაიჯანი თავის სურვილებს (შესაბამისი დოზებით) ხან რუსეთს კარნახობს და ხანაც - დასავლეთს. ამჯერად, ევროკავშირს, ასოცირების ნაცვლად, პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას სთავაზობს. ამაზე ალიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილაო.

აი, უკრაინა კი სხვა ფენომენია. ბოლო კვირამდე უკრაინის მთავრობა ევროკავშირზე იყო ორიენტირებული და უცებ - უარი! დასავლეთ უკრაინა, ათიათასობით ადამიანი, აუჯანყდა მთავრობას და ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას ითხოვს. მომიტინგეები იანუკოვიჩის იმპიჩმენტითა და აჯანყებით იმუქრებიან. მსოფლიო მედიის ყურადღება კიევისაკენაა მიპყრობილი და გავლენიანი გამოცემები ღიად ადანაშაულებენ პუტინს ზეწოლაში.

ერთ-ერთი გერმანული გამოცემა წერს: “ევროკავშირთან დაახლოება არ იქნება მანამდე, სანამ რუსეთი ურთიერთობას არ დაალაგებს დასავლეთთან. პუტინის შემთხვევაში, ამის მოლოდინი ნურავის ექნება. სწორედ პუტინმა, სატანისებური მანერით შესთავაზა დასავლეთს სამმხრივი მოლაპარაკება უკრაინასთან დაკავშირებით. თითქოს ახლა 1939 წელი იყოს და ტერიტორიის გაყოფა ისე შეიძლებოდეს, როგორც ჰიტლერისა და სტალინის დროს”.

“ფაინეშელ თაიმსი”: “უკრაინელი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, სისხლისღვრა იქნება და ფართომასშტაბიან რევოლუციას მიიღებს. დასავლეთის პოლიტიკოსები რუსეთს იანუკოვიჩზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. უკრაინელი ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ იანუკოვიჩს სიკვდილ-სიცოცხლის ფასად სჭირდება ფინანსური დახმარება, რათა გაზარდოს თავის შანსები 2015 წლის არჩევნების დროს. პუტინი კი, თავის მხრივ აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას აშანტაჟებს. უკრაინელი ანალიტიკოსების ვერსიებით, იანუკოვიჩს უნდა შუბლით დააჯახოს ერთმანეთს ბრიუსელი და მოსკოვი, რათა მაქსიმალური დათმობა მიიღოს ორივე მხრიდან”.

ყოველივე ამის ფონზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა: “დემონსტრანტები ისე ვერ მოიქცევიან, როგორც 2004 წელს, როდესაც ყველას თვალწინ ხელისუფლება ტექნიკურად დაამხეს. იმაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დასავლეთია დამნაშავე. იმისთვის, რომ უკრაინამ ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე მოაწეროს ხელი, შესაბამისი კომპენსაცია არის საჭირო დასავლეთის მხრიდან, რათა უკრაინამ ის ხარჯები დაფაროს, რომელსაც რუსეთთან სავაჭრო ომში დაკარგავს. გვეუბნებოდნენ და გვპირდებოდნენ, ევროკავშირში 10-წლიანი ადაპტაციისათვის, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კიევისათვის 150 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილიო. ახლა კი, ბრიუსელი მხოლოდ მილიარდ ევროს გვთავაზობს”.

“ნიუ იორკ თაიმსი”: “2008 წელს, დასავლეთმა, რუსეთის ზეწოლის გამო, უკრაინა არ მიიღო ნატო-ში, ახლა კი, მეორეჯერაც გაუშვა შანსი ხელიდან. მართალია, ეს პუტინის გამო ხდება, მაგრამ დანაშაულის დიდი წილი იანუკოვიჩზეცაა - იანუკოვიჩმა თავი წარმოადგინა, როგორც აუტანლად არასანდო ადამიანმა, მისთვის მთავარია, ბრიუსელი და მოსკოვი ერთმანეთს შუბლით შეასკდნენ, რათა უფრო მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოს თავისი მმართველი ელიტისათვის და არა - ქვეყნის მოდერნიზაციისათვის”.

იანუკოვიჩმა კარგად იცის, რომ დასავლეთ უკრაინა მას არ ცნობს და 2015 წლის არჩევნებზე ხმას არ მისცემს ისევე, როგორც წინა არჩევნებისას. იანუკოვიჩი პუტინის ხელდასხმით გახდა უკრაინის პრეზიდენტი და, როგორც იტყვიან, მუჭში ჰყავს მომწყვდეული. აღმოსავლეთ უკრაინას, რუსულენოვან უკრაინელებს რუსეთი და “ევრაზიის საბაჟო კავშირი” უნდათ. იანუკოვიჩმა კარგად იცის, თუ ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდება უკრაინა, მაშინ იგი დაკარგავს აღმოსავლეთ უკრაინის ელექტორატს და საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. მისთვის დამარცხება კი იმას ნიშნავს, რომ პატრიოტი უკრაინელები გაასამართლებენ რიგ დანაშაულებებში, როგორც კორუფციის კუთხით, ასევე, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებისათვის.

ასე რომ, რა ეშველება უკრაინას, გაუგებარია: ან უკრაინა უნდა გადარჩეს, ან - იანუკოვიჩი.

მოლდოვაში საქმე სხვაგვარადაა და ამ თემის გაშლა შორს წაგვიყვანს. ქვეყანა მრავალეროვანია და პრორუსული ორიენტაციის ადამიანები სჭარბობენ ეთნიკურ მოლდოველებს. რუსული პრესა წერს: “მრავალეროვანი მოლდოველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას “ევრაზიის საბაჟო კავშირი” უნდა ბელორუსთან ერთად, მაგრამ ლიბერალური მთავრობა ხალხის სურვილს ყურადღებას არ აქცევს“ (“რია ნოვოსტი”).

მთავრობის საბოლოო ინტერესია რუმინეთთან შეერთება და არა - ბელორუსთან. ამიტომაც, პუტინს მოლდოვის ჩაჩექმვა ვერ გამოუვიდა.

საქართველო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყო და არის პროდასავლური ორიენტაციის და, როგორც ჩანს, ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება. დიდი შანსია, რომ 28-29 ნოემბერი ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობის თარიღი გახდეს საქართველოს ისტორიაში.  

 ეპილოგის ნაცვლად

რადგან ბელეტრისტული შესავლით დავიწყე, ამ ჟანრშივე დავამთავრებ:

ვლდიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინ!

თქვენ კითხულობთ აზრებს და აგროვებთ ემოციებს... მაშინ იცოდეთ, მალე ფაქტის წინაშე დადგებით - საქართველო გამთლიანდება და გაძლიერდება!

და როდესაც ეს მოხდება, შენ თვითონ ჩამოხვალ საქართველოში, დედაშენს და ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდი. გაპატიებს დედაშენი და გაპატიებს ქართველი ხალხი. ეს იქნება ყველაზე დიდი ემოცია, რომელიც შენ გაგამდიდრებს და ადამიანად გაქცევს. მანამდე კი, სულ ტყუილად ეძებ ემოციებს, ვერანაირი ემოცია შენ ვერ გაგამდიდრებს, რადგან სულით ღატაკი ხარ.