”ლაზიკა”, სახელწოდებით

”ლაზიკა”, სახელწოდებით "ანაკლიის პორტი"

საქართველოს ახლად დამტკიცებულმა მთავრობამ ერთ-ერთ პირველ სხდომაზე შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის მშენებლობის საკითხი განიხილა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის პროექტის მიზანშეწონილობის შესასწავლად ხუთი მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. ლაპარაკია იმ ტერიტორიის შესწავლაზე, სადაც წინა ხელისუფლება პორტთან ერთად ქალაქ ლაზიკის აშენებას აპირებდა.

ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულმა მთავრობის ერთ-ერთმა პირველმა სხდომამ გადაწყვიტა, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დახმარებით, ანაკლიაში ღრმა პორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა შეისწავლონ. ამ მიზნის მისაღწევად ”საპარტნიორო ფონდიდან”, რომელიც სახელმწიფო ქონებისა და აქტივების დიდ ნაწილს განკარგავს, 5 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

ანაკლიის პორტი ნაწილი იყო პროექტისა, რომელსაც ქალაქ ლაზიკას უწოდებდა ამ იდეის ავტორი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მის ამ წამოწყებას სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ ბოდვით იდეას უწოდებდა იმჟამად ოპოზიცია, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალა ”ქართული ოცნება”. დაჭაობებულ ტერიტორიაზე ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება, რომელიც უნდა გამხდარიყო რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი, არარეალურად მიაჩნდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. მაგალითად, ინფრასტრუქტურის მინისტრის ამჟამინდელი პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წელიწად-ნახევრის წინ, რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში სტუმრობისას, ლაზიკის პროექტს უამრავი მიზეზის გამო აკრიტიკებდა:

”კერძო ბიზნესი ლაზიკასთან დაკავშირებით შეიძლება ირონიულადაც განვიხილოთ, მაგრამ სასაცილო ნამდვილად არ არის”.

პროექტის მიზანშეუწონლობას ასაბუთებდნენ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც. მათ შორის იყო ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შავი ზღვის სანაპიროზე 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთგამტარობის მქონე პორტის პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა ”თანაინვესტირების ფონდის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ფონდი, პირველ რიგში, ანაკლიის პორტის მშენებლობას დააფინანსებს:

”უნდა აშენდეს ღრმაწყლიანი პორტი...”

ბიძინა ივანიშვილი ანაკლიისა და ლაზიკის პროექტებზე ისე საუბრობდა, თითქოს ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენდნენ. მისი განცხადებიდან რამდენიმე დღეში, იმხანად ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტები შეკრიბა და ანაკლიის ტერიტორიის სანახავად წაიყვანა. სააკაშვილი შეეცადა აეხსნა, რომ ანაკლიას და ლაზიკას ერთი და იგივე გეოგრაფიული მდებარეობა აქვს:

”ანაკლია იწყება...”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თანახმაა ახალმა მთავრობამ პროექტი ნებისმიერი სხვა სახელით განახორციელოს, თუ უნდათ ”ნიუ ჭორვილა” დაარქვანო, დასძინა სააკაშვილმა.

”პოლიტიკური ანალიზის ცენტრის” ხელმძღვანელის ვახტანგ ლეჟავას აზრით, პრობლემად რჩება დასახელება, რადგან როგორც არ უნდა იყოს, თუ ანაკლიის ღრმაწყლიან სანაპიროზე პორტის მშენებლობა დაიწყო, ახალ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ქალაქის მასშტაბების გადახედვა:

”აქ არის საუბარი იმაზე, ამ პორტთან დიდი ქალაქი უნდა იყოს თუ პატარა, დისკუსია მიმდინარეობს ამაზე...”

ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული კითხვები არსებობდა. ეს კითხვები, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, ძირითადად ინფორმაციის არასწორად გავრცელებამ გამოიწვია:

”ანაკლიასა და ლაზიკასთან დაკავშირებითაც არასწორად წარმოადგინეს ეს პროექტი...”

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის პოტენციალის შესასწავლად სახელმწიფო საპარტნიორო ფონდიდან 5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესი გამოხატა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და კაპიტალით დაფუძნებულმა კერძო საინვესტიციო ფონდმა. რაც შეეხება ლაზიკას, მის ტერიტორიაზე წელიწად-ნახევრის წინ სახელმწიფო სახსრებით მუნიციპალიტეტისა და იუსტიციის სახლის შენობა და მასთან მისასვლელი გზა აშენდა.