მაინც, რა ხდება დღეს საქართველოში?

მაინც, რა ხდება დღეს საქართველოში?

იმ ყბადაღებული ცხრა წელით რომ წაიღეთ ტვინი, ახლა რა ხდება და რას აპირებთ ის გვითხარითო, - ხშირად საყვედურობენ ხელისუფლებას და მის მომხრეებს, ჩემთვისაც არაერთხელ უსაყვედურიათ.

მართალია, ასეთი საყვედურები მთლად სამართლიანი არაა - ჯერ ერთი, ყველაფერი შედარებითია, ხოლო წარსულის გაცნობიერებისა და შეფასების გარეშე ვერც იმას გავიგებთ, წინ მივდივართ თუ უკან, მაგრამ არც მთლად უსამართლოა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სააკაშვილის ხელისუფლების, გნებავთ შეცდომებზე და გნებავთ დანაშაულებზე, ამით დღევანდელ პრობლემებს ვერ გადავჭრით. პრობლემები კი, ცხადია, არის. გასაკვირი და სასწაული ის იქნებოდა, რომ არ იყოს.

ინერციის ძალით

როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 2 ოქტომბერს მისივე თანაგუნდელებისთვისაც კი მოულოდნელად გამოაცხადა: არჩევნებში დავმარცხდით და ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადისო, ეჭვი მაქვს, არც თვითონ, არც მის სახტად დარჩენილ თანაგუნდელებს და არც არანაკლებ სახტად დარჩენილ ოპონენტებს არ გაუცნობიერებიათ, რომ მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი.

სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი განაცხადი იყო პრეტენზია ხელისუფლების ექსკლუზიურობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი და მისი გუნდი მუდამ ცდილობდა დაერწმუნებინა შინაურიც და გარეულიც, რომ მათ გარდა ამ ქვეყანის სათავეში არავინ არ შეიძლება იყოს. მართალია, შიგნით ეს განაცხადი ტოტალური კონტროლით და მოსახლეობის დატერორებით გახლდათ გამაგრებული, გარეთ კი საკუთარი თავის პრეზენტაციით, როგორც პრორუსულ-რეაქციულ ბნელთან მებრძოლი ერთადერთი პროდასავლურ-პროგრესული ნათელის, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ არამხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთელი ქართული საზოგადოება გაყოფილი იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად - ხელისუფლების მომხრებად და მოწინააღმდეგეებად. ყოველგვარი მცდელობა რაიმე სხვა პოზიცია მოძებნილიყო, გახლდათ პრინციპულად შეუძლებელი.

საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ინერციის ძალით კვლავ გაგრძელდა, ხოლო როგორც ცნობილი ლიტერატურული დეტექტივი, ნირო ვულფი ამბობს, ამქვეყნად არსებულ ძალებს შორის ყველაზე ძლიერი სწორედ ინერციის ძალაა. მართლაც, როგორც გამარჯვებულ, ისე დამარცხებულ მხარეს ფრიად გაუჭირდა ახალი რეალობის გაცნობიერება. “ოცნების” კოალიციაში კვლავ აქტუალური იყო

ნაცმოძრაობასთან დაპირისპირება და არსებული პრობლემების ამ დაპირისპირებით ახსნა. მეორეს მხრივ, ნაცმოძრაობაც ვერაფრით გამოვიდა იმ როლიდან, რომ მის გარდა ამ ქვეყანაში ყველა რეტროგრადი და რუსეთის აგენტია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტად რჩებოდა, ამგვარი ინერცია ქვეყნისთვის მხოლოდ საზიანო გახლდათ. როგორც ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება იყო შეუძლებელი ნაცმოძრაობის იდეურ-ორგანიზაციული განადგურების მცდელობით, ისე მმართველი კოალიციის პოზიციების მორყევა მათი რუსეთის მარიონეტებად და რეაქციონერებად შერაცხვით. პირიქით - ზექაოტურმა და ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებელმა შეტევებმა ყოფილი მმართველი ძალა, ერთი მხრივ, უფრო შეკრა და, მეორე მხრივ, უსამართლოდ ჩაგრულისა და ხელისუფლებასთან მორალური უპირატესობის განცდა გაუჩინა. ასევე, ნაცმოძრაობის მხრიდან მუდმივმა თავდასხმებმა და მორალისტურმა პათოსმა მოსახლეობაში რევანშის მიმართ შიში გააძლიერა და ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მაღალი რეიტინგი, პრაქტიკულად, დააკონსერვა.

ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდის ინერცია დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა და ჭეშმარიტების მომენტიც დადგა.

კოჰაბიტაციის  დასასრული

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა რამდენიმე ფაქტი, რამაც არსებითად შეცვალა ვითარება და ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ შეუძლებელი გახადა კვლავ ძველის ინერციით მოქმედება.

კერძოდ, დასრულდა კოჰაბიტაცია, ანუ ერთ სახელისუფლო შტოს შიგნით ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალის თანაარსებობა. მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ამიერიდან, “ოცნების” კოალიციის ხელშია გუბერნატორების დანიშვნაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც და ყველა ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლების, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის დამტკიცებაც. თქმა იმისა, რომ სააკაშვილი მხოლოდ ფორმალურად იყო 1 ოქტომბრის შემდეგ პრეზიდენტი და არაფერში უშლიდა ხელს კოალიციას, ელემენტარულად ტყუილი იქნება. ძალიანაც უშლიდა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრაქტიკულად, ყველა თავის გამოსვლაში მოიხსენიებს ამავე ქვეყნის მთავრობას მტრულ და რეაქციულ ძალად, ამ ქვეყანაში არც ინვესტორების აქტიურობას არ უნდა ველოდოთ და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯიც ვერ გამოიყურება ამ დროს მაინცდამაინც სახარბიელოდ. რაც მთავარია, რაც სააკაშვილი აღარაა თანამდებობაზე, ლაპარაკი ნაცმოძრაობის რევანშზე და ხელისუფლებაში მობრუნებაზე უკვე არანაირ შეთქმულების თეორიაშიც აღარ ჯდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა. ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების დათმობას და პრემიერის პოსტიდან წასვლა მას მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისთვის დაჭირდა, კრიტიკას ვერ უძლებს. ჯერ ერთი, პასუხისმგებლობას ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებს თავიდან, რადგან მთელი კოალიცია პირადად მის პროტეჟედ მოიაზრება, ისევე, როგორც ახალი პრემიერი ღარიბაშვილი. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, ნაცმოძრაობის ტრადიციული ბრალდებები მის წინააღმდეგ, რომ ის არის რუსეთის მარიონეტი და პირად ძალაუფლებაზე დახარბებული ოლიგარქი, უკვე მხოლოდ შეთქმულების თეორიის სფეროში თუ გადაინაცვლებს, რადგან ელემენტარული საღი აზრი ვისაც შერჩენია, ის ვერაფრით ახსნი იმას, თუ რატომ უნდა ჭირდებოდეს აბსოლუტურ ძალაუფლებას გამოკიდებულ ადამიანს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობიდან წასვლა.

დაბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომლის სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაში ეჭვი არავის შეუტანია, მკაფიოდ ცხადყო, რომ ერთი მხრივ, სახელისუფლო კოალიციას კვლავ ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, მეორე მხრივ, კი ისიც აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მომკვდარა და ლაპარაკმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე სრულიად დაკარგა აქტუალობა. ცხადი გახდა, რომ სხვა პოლიტიკური ძალები მიმდინარე პროცესზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ. ასევე ცხადი გახდა, რომ რადიკალური მოთხოვნები ნაცმოძრაობის პირისაგან მიწისა აღგვაზე, არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ზოგიერთებს ეჩვენებოდათ.

მოკლედ, ქვეყანაში დაიწყო სრულიად ახალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოსტკოჰაბიტაციური პერიოდი.

რა იქნება ხვალ?

პრობლემები და  პერსპექტივები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო ერთბაშად რამდენიმე უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას.

უპირველეს ყოვლისა, ესაა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რაც სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო განვლილ ერთ წელიწადში შეფერხდა.

სერიოზული პრობლემაა ასევე, მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული მართვიდან ევროპული ტიპის დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა. ეს არც ისე ადვილია და მხოლოდ სახელისუფლო წნეხის მოხსნა სასამართლოზე, მედიასა თუ ბიზნესზე საკმარისი არ არის. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თანაც, ძალიან ბევრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ჩვენ პირველად ვართ იმგვარ ვითარებაში, როცა ხელისუფლების სათავეში არაა დიდი პიროვნული ძალაუფლებით აღჭურვილი ქარიზმატული ლიდერი. საქართველოს ამგვარ რეალობაში არასდროს უცხოვრია და არავინ არ თქვას, რომ ეს სერიოზული გამოწვევა არ არის ქართული საზოგადოებისთვის.

და უკვე აბსოლუტურად ცხადია, რომ ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ვერ გადაფარავს ნაცმოძრაობის წარსულ დანაშაულობებზე აპელირებით. აქ ლაპარაკის ნაცვლად უკვე საქმეა საჭირო. ცხადია, სამართლიანობის აღდგენა წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებულ მოქალაქეებთან მიმართებაში, ისევე როგორც კონკრეტული დამნაშავეების გასამართლება და დასჯა, უაღრესად აქტუალურია და გასაკეთებელი ამ მხრივაც ბევრია, მაგრამ დაჭერებით და სასამართლო პროცესებით აშენებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულებმა კომპენსაცია მიიღონ და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ არანაკლებ (და შესაძლოა, უფრო მეტადაც) მნიშვნელოვანია, რომ სამართლის აღსრულება არ გადაიზარდოს რეპრესიებში. კაცმა რომ თქვას, ხელისუფლებისთვის ესეც სერიოზული გამოწვევაა.

არსებულ ვითარებაში ერთგვარ ნიშანსვეტადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს. ამას წინ უძღვის თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება, რასაც თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება რეალურად მოქმედი თვითმმართველობის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

არჩევნებამდე რაიმე მკვეთრ მოძრაობებს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ალბათ, არ უნდა ველოდოთ. ახლა არის მომენტი, როდესაც ძველის ინერცია პრატიკულად ნულდება, მაგრამ ახალი ძალთა ბალანსი და წინააღმდეგობის კერები ჯერ გამოკვეთილი არ არის. სავარაუდოდ, პოლემიკა და დისკუსია თანდათანობით გადაინაცვლებს კონკრეტული საკითხების ირგვლივ და არ წარიმართება მაინცა და მაინც ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირების სიბრტყეში. თავისუფლად შეიძლება კოალიციის შიგნითაც იყოს საწინააღმდეგო მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ კოალიციას დაშლა დაემუქრება. ამაში დაინტერესებული კოალიციის არც ერთი სუბიექტი არ არის და როცა არ არის ინტერესი, საფრთხეც არ არის.

დაპირისპირების მთავარ ხაზად კი, ჩემი აზრით, თანდათანობით გამოიყოფა იზოლაციონიზმი vs ევროინტეგრაცია და ეს იქნება უფრო კულტურულ-მენტალური ტიპის დაპირისპირება, ვიდრე წმინდა პოლიტიკური. გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც, რომელიც ყველანაირად შეეცდება, ხელი შეგვიშალოს ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში და ევროკავშირის წინააღმდეგ კულტურული იზოლაციონიზმის გაღვივებასაც შეუწყობს ხელს.

როგორ უპასუხებს ამ გამოწვევებს ქართული პოლიტიკური სპექტრი, იქნება ეს კოალიცია “ქართული ოცნება”, ნაცმოძრაობა, თუ არასაპარლამენტო პარტიები, ცალკე თემაა და მთლიანად მათი გადასაწყვეტია. ამჯერად, მხოლოდ ერთი რამაა ცხადი - ძველებურად გაგრძელება აზრს კარგავს. ჩვეული პოლიტიკური დისკურსები აღარ შეესაბამება ახალ რეალობას და ვინც არ მოიშლის თავისას, ძველ სქემებში ჩარჩება და განწირული იქნება მარგინალიზაციისთვის.

და ეს იქნება განწირულის სულისკვეთება, რომელიც სრულიად ამაოდ ჩაივლის...