რა სკანდალურ ჩვენებას მისცემს სასამართლოს დიმიტრი შაშკინი 26 მაისის საქმეზე

რა სკანდალურ ჩვენებას მისცემს სასამართლოს დიმიტრი შაშკინი 26 მაისის საქმეზე

ევროკავშირის ასოცირების დოკუმენტის პარაფირებას მიხეილ სააკაშვილის გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მიიჩნევს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში კი რუსეთისგან ე.წ. საზღვართან პროვოკაციების გაძლიერებას ელის. არის თუ არა მზად ქართული მხარე რუსეთის ზეწოლისთვის, რატომ გაათავისუფლა მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და რის თქმას აპირებს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით? "ვერსიას"საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრება.

- სააკავშილის გუნდს წლების განმავლობაში დაუღალავად რომ არ ემუშავა, ევროკავშირის ასოცირებაზე პარაფირება ვერ მოხერხდებოდა. ისტორია ყველა კითხვას უპასუხებს - საზოგადოებამ იცის, რომ რუსეთთან მიმართებაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვდგამდით. უკრაინის მაგალითზე გამოჩნდა, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთის იმპერიას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც დამოუკიდებლობის ღირსად არ მიიჩნევს. მისთვის დამოუკიდებელი საქართველო მიუღებელია - არ სურს, საქართველომ რუსეთის გავლენის გარეშე იარსებოს.

- ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა არ არსებობს?
- რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გაგზავნა გარდაუვალი იყო, რადგან დაახლოებით ორი წლის წინ, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო პალატაში შევუშვით. მაშინ მსოფლიომ მოითხოვა, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია დაბრუნებულიყო და რუსეთმა ეს ვალდებულება აიღო. დღეს ნათელია - რუსეთის მთავრობას ძველ ხელისუფლებასთან კი არ ჰქონდა პრობლემა, საქართველოზე თავდასხმა მისი პოლიტიკის ნაწილია, რასაც "ქართული ოცნების"მმართველობის პირობებშიც აგრძელებს.

- ვილნიუსის სამიტის შემდეგ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს?
- საბედნიეროდ, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტი არ აქვს. აგვისტოს ომის შემდეგ ბაზრის დივერსიფიცირება რომ არ მოგვეხდინა, უკრაინის მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ რუსეთს აქვს საქართველოს წინააღმდეგ ერთადერთი ძლიერი იარაღი, რაც ე.წ. საზღვარზე პროვოკაციების გაძლიერებას გულისხმობს.

- როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ქართული მხარე და თუ არსებობს ალბათობა, პროვოკაციები ომით დასრულდეს?
- მნიშვნელოვანია, ჩვენს გვერდით უკრაინა, როგორც პარტნიორი ქვეყანა იდგეს. თუ რუსეთმა უკრაინის დაჩოქება მოახერხა, საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლაც ბევრად მასშტაბურ ხასიათს მიირღებს. კერძოდ, ე.წ. საზღვართან ვითარება უკიდურესად დაიძაბება, დაიწყება ადამიანების გატაცება და არც ბანდფორმირებების ჩამოყალიბებას არ გამოვრიცხავ, რომლებსაც რუსეთი მაქსიმალურად წაახალისებს. რუსული პროვოკაციების წინააღმდეგ ერთადერთი ძლიერი იარაღი კი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებაა. თუ პროვოკაციებზე ხმას არ ამოვიღებთ, რუსეთი არ გაჩერდება სანამ საქართველოს ბოლომდე არ გაანადგურებს.

- ევროკავშირის ასოცირებაზე პარაფირება დასავლეთის მხრიდან მყარ მხარდაჭერას არ გულისხმობს?
- სამწუხაროდ, საერთაშორისო რადარიდან თანდათანობით ვქრებით. დასავლეთი საქართველოს მხარს ყოველთვის დაუჭერს, მაგრამ თანადგომის ხარისხსაც გააჩნია. მსოფლიო საზოგადოებას ისედაც ბევრი თავისტკივილი აქვს - ირანი, სირია, ლიბია... თუ ევროკავშირსა და ნატო-ს მუდმივად არ შევაწუხებთ, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს და რუსეთიც ჩვენს წინააღმდეგ გაძლიერდება.

- ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ საიდუმლო არქივი, მათ შორის, აგენტურული სია და ფარული ვიდეოჩანაწერები რუსეთის ფედერალურ სამსახურებს გადასცა. თუ ჰქონდა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე?
- მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი იყო და საიდუმლო დოკუმენტებთან წვდომა ექნებოდა, თუმცა ბოლოს, ლაფანყურის ოპერაციის დროს, 2012 წლის აგვისტოში ვნახე და მას შემდეგ არაფერი მსმენია - ტელეფონითაც არ მისაუბრია. 2012 წლის სექტემბერში კი, ჩემი მოთხოვნით, მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროდან სხვა უწყებაში გადავიდა, რადგან
კონკრეტულ კითხვებზე ვერ მიპასუხა.

- რა კითხვები გქონდათ მეგის ქარდავასთან და იგივე კითხვები ბაჩო ახალაიას მიმართაც ხომ არ გაგჩენიათ, რომელიც თქვენამდე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა?
- კითხვები სახელმწიფო საიდუმლოს შეეხებოდა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ, ბაჩო ახალაია კი ჩემი კოლეგა იყო - მასთან კითხვები ვერ მექნებოდა.

- ითქვა, რომ მეგის ქარდავა რუსულ სპეცსამსახურებთან საპარლამენტო არჩევნებამდეც თანამშრომლობდა...
- არა მგონია, მეგის ქარდავას რუსულ სპეცსამსაუხრებთან კავშირი ჰქონოდა და ვერც იმას ვიტყვი, ახლა რას აკეთეს. პირადად მასთან რუსეთის მიმართულებით კითხვები არ მქონია.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო მალევე დატოვეთ. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილის თხოვნით, ამერიკაში საიდუმლო მასალები გაიტანეთ. იქნებ გაამხილოთ - არქივი საქართველოში დარჩა თუ დიდი ხანია ქვეყნიდან გატანილია?
- 2012 წლის 5 ოქტომბერს აშშ-ში წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში წავედი, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება კი დაგეგმილ ვადაზე ათი დღით ადრე, 15 ოქტომბერს გავაკეთე. რაც შეეხება არქივის გატანის საკითხს, ეს პოლიტიკური ინსინუაციების ნაწილია, რაზეც კომენტარს არ გავაკეთებ. საიდუმლო არქივი საქართველოში დარჩა და ახალ ხელმძღვანელობას გადაეცა.

- იმ ფონზე, როცა საზოგადოების ნაწილი კოჰაბიტაციის დასრულებას პროგნოზირებს, ამ მასალებს თქვენი გუნდის წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებენ?
- ეს პროცესები მოსალოდნელი იყო... საქართველოში ვიმყოფები და მზად ვარ, ჩემი მისამართით არსებულ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. ყოფილი მაღალჩინოსნები, გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისთანავე არ ვართ ვალდებულები ვამტკიცოთ, რომ უდანაშაულოები ვართ. თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, სასამართლოზე ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებთ.

- სამხედრო ბინების არასწორად გადანაწილებაში გედავებოდნენ.
- სამხედრო ბინების მშენებლობა დავით კეზერაშვილმა დაიწყო. მაშინ 3000-მდე სერჟანტ-კაპრალს ბინები ესაჭიროებოდა, ამიტომ ჯამში, 12 კორპუსი უნდა აშენებულიყო. 2008 წლის ომის შემდეგ ერთი კორპუსი ექსპლუატაციაში სასწრაფოდ ჩაბარდა და ბინები ომში დაღუპულთა ოჯახებს გადავეცით, ოთხი კორპუსის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, შვიდ შენობას კი საფუძველი ჩაეყარა. 2012 წლის სექტემბერში 4 კორპუსის მშენებლობა დასრულდა, სამის ფუნდამენტი ჩასხმული იყო და 7 კორპუსის დამთავრებას ველოდებოდით; 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს კი, როცა მინისტრის თანამდებობაზე აღარ ვიყავი, თავდაცვის სამინისტროს პიარსამსახურმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გაავრცელა - თითქოს საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ბინები არასწორად გადავანაწილე. მაშინვე ვუპასუხე, რომ მინისტრი ბინების გადანაწილების პროცესში არ ერეოდა და ამ საქმეს გაერთიანებულ შტაბში არსებული კომისია ხელმძღვანელობდა.

- თავდაცვის მინისტრმა, პრემიერთან ერთად, ბინები სამხედრო პირებს გადასცა. თქვენს წინააღმდეგ კითხვები ამოწურულია თუ საქმის გამოძიება მიმდინარეობს?
- ამ განცხადების შემდგე, ჩემთვის კითხვები არავის დაუსვამს, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ეს პოსტსაარჩევნო პიარი იყო. ჩვენს მიერ აშენებული სამხედრო კორპუსები 14 თვის განმავლობაში არავის გახსენებია და თემის აქტუალიზება ისევ მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის აგვისტოში მოახდინა, როცა განაცხადა, რომ ყველა მშენებლობა შეჩერებული იყო, უკვე დასრულებულ კორპუსებში კი არავინ ცხოვრობდა. ფაქტია, თავდაცვის სამინისტრომ ჩვენს მიერ განაწილებული ბინები თავიდან გადასცა სამხედროების ოჯახებს, რამდენიმე ოფიცერმა კი მომწერა, რომ ისინი ახალ სიაში გაუგებარი მიზეზების გამო ვერ აღმოჩნდნენ. ასე რომ, თავდაცვის მინისტრმა პრემიერი მოატყუა.

- ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მოწმის სახით ხართ დაბარებული და 26 მაისთან დაკავშირებით, მის სასარგებლოდ ჩვენების მიცემას გეგმავთ.
- დიახ, ვანო მერაბიშვილისა და გენერალ ლორთქიფანიძის საუბარს მაშინ ვესწრებოდი, როცა მათ აქციის დაშლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს.

- მაშინ განათლების მინისტრი იყავით, ამ შეხვედრას რა სტატუსით ესწრებოდით ან ვისგან შემოვიდა ბრძანება აქციის დარბევის შესახებ?
- კაბინეტში მხოლოდ ვანო მერაბიშვილთან ერთად ვიყავი, იქ სხვა მინისტრები არ ყოფილან. სასამართლოზე მოწმის სტატუსით წავრდგები, სადაც ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდები. მაშინდელი საუბრის დეტალების მხოლოდ სასამართლოზე გავამხელ და იმასაც გავაჟღერებ, რატომ ვესწრებოდი ამ შეხვედრას.