ვილნიუსის სამიტი და „რუსეთის გაფართოებისა და ევროპის დამონების პეტრე პირველისეული გეგმის“ მოკლე შინაარსი

ვილნიუსის სამიტი და „რუსეთის გაფართოებისა და ევროპის დამონების პეტრე პირველისეული გეგმის“ მოკლე შინაარსი

მარკუს ოსტერრიდერი მიუნხენელი ისტორიკოსია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას იკვლევს, დიდხანს მუშაობდა მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში,  დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ  თავისუფალი დოცენტია, პუბლიცისტი. ოსტერრიდერი ავტორია  არაერთი მსხვილტანიანი მონოგრაფიის,  უამრავი სტატიისა ევროპის და საერთოდ ისტორიის სფეროში. მისი ბოლო  მსხვილი, ჯერ გამოუქვეყნებელი მონოგრაფიის ერთი ქვეთავი ეგრეთ წოდებულ „პეტრე დიდის ანდერძს“ ეძღვნება. ოსტერრიდერის აზრით:

„საქართველო ყოველთვის ორი დიდი იმპერიის გამყოფ ზოლზე იმყოფებოდა და შეკითხვაც უჩნდებოდა, რომელ მხარეს ვეკუთვნი მე - ერთს თუ მეორეს, თუ რაღაც თავისთავადი ვარ? ყოველთვის ძნელი იყო საქართველოსთვის, წონასწორობა შეენარჩუნებინა გავლენებს შორის და საკუთარი ინტერესებიც არ დავიწყებოდა“.

რაც შეეხება „ანდერძს“, „ამბივალენტურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.  ერთი მხრივ, ის ყალბია. უფრო სწორად, რას ნიშნავს ყალბი?! ამ  დოკუმენტებს  აქვს პოლიტიკური მიზანი, პროპაგანდისთვისაა შექმნილი. მეორე მხრივ, მეფის პერიოდის რუსეთის, საბჭოთა კავშირის და, ასევე, შეიძლება ითქვას, დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა ისე მოქმედებს, როგორც  ამ „ანდერძში“  წერია -  ის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა.  ასე რომ, უცნაურად ამბივალენტური ხასიათის ტექსტებთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, პროპაგანდისტული ფალსიფიკაციაა, მეორე მხრივ, პოლიტიკა  ამ დოკუმენტების მიხედვით წარიმართება“,  გვეუბნება მარკუს ოსტერრიდერი, რომელიც „ანდერძის“ წარმოშობის ერთ ვერსიას გვაცნობს:
 
„ენტონი კროსი, ბრიტანელი  ისტორიკოსი,  2001 წელს გამოცემულ წიგნში „პეტრე დიდი  - ბრიტანული თვალით დანახული“,   წერს,  რომ მან მიაკვლია პეტრე დიდის პერიოდის ცნობას, როცა ის ჰააგაში იყო: პეტრეს ინგლისელებმა მიაწოდეს საიდუმლო, შუასაუკუნეობრივი  დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, პეტრეს გაუჩნდა იდეა, რუსეთი გაფართოებულიყო არა  შვედეთის  მიმართულებით, არამედ სამხრეთის, ბოსფორისკენ,  არა ბალტიის ზღვის, არამედ ბალკანეთისა და შავი ზღვის მიმართულებით. ეს იდეა პეტრეს ინგლისელებმა მიაწოდეს ჰააგაში“.

თუ ჩვენს ხელთ არსებულ გერმანულ ვერსიას დაეჯერება, მერვე პუნქტში ამ ანდერძისა ცხადად წერია: რუსეთი წინ უნდა წავიდეს, თავისი ძალაუფლება ბალტიისა და შავ ზღვებზე გაავრცელოს. და შემდგომ, რუსეთმა თავისი საზღვრები რაც შეიძლება უნდა  გააფართოოს, ინდოეთისა და კონსტანტინოპოლისკენ. დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები  ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან. ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დე ფაქტო ხელმოწერილია. რას ესწრაფვის რუსეთი, როცა საქართველოს მსგავს ქვეყნებზე ზეწოლას ახორციელებს - იმას, რომ პეტრე დიდის ანდერძის  შესრულება შეყოვნდა და სურს უკან დაიბრუნოს ძველი გავლენის სფერო?  მიუნხენელი ისტორიკოსი ამბობს, რომ „პეტრე დიდის ანდერძი“ ჯოჯოხეთური ტექსტია, რომელიც თან ყალბია, ყველამ იცის,  და, ამასთან, ხშირად მოიხმობენ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის  დღესაც აქტუალურია:

„’ანდერძს’ მოიხმობდნენ ნაპოლეონის დროს, რუსეთის წინააღმდეგ მისი ლაშქრობის გასამართლებლად. ნაპოლეონის ომების შედეგი რუსეთის გაფართოება იყო. იგივე მოხდა ჰიტლერის დროს. ნაცისტებმა ასევე მოიხმეს „პეტრე დიდის ანდერძი“,  რათა ეჩვენებინათ, რომ საბჭოთა კავშირისგან დასავლური სამყაროს დაცვა იყო საჭირო.  შედეგი რუსეთის გაფართოება იყო. შემდეგ, ცივი ომის პერიოდში, 1947 წელს აჩვენეს ჰერი ტრუმენს,  რომელიც  თვლიდა, რომ სტალინმა იგივე გააკეთა, რაც „ანდერძში“ წერია. დღესაც ასევეა, ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს ჯონ ლიდონი, ამერიკელი ისტორიკოსი, რომელმაც 2004 წელს დაწერა წიგნი - „რუსეთის იმპერიის დიადი სტრატეგია“.  ჯონ ლიდონი, რომელიც  ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსეთისა და ევრაზიის  კვლევის დევისის ცენტრში მუშაობს, წერს, რომ პუტინი ახლა ასევე „მოიხმარს“ - უფრო სწორად, ისე ჩანს, თითქოს მოიხმარს -  ამ ანდერძს, რომელიც,  ყველამ იცის, რომ დოკუმენტურად არ არსებობს და დაიბეჭდა როგორც პროპაგანდის მასალა“.